სტივენ ჩბოსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტივენ ჩბოსკი

ჩბოსკი 2006 წელს
დაბადების სახელი სტივენ ჩბოსკი
დაბადების თარიღი 25 იანვარი, 1970
პიტსბურგი, პენსილვანია, ამერიკის შეერთებული შტატები
საქმიანობა მწერალი, სცენარისტი, რეჟისორი

სტივენ ჩბოსკი (ინგლ. Stephen Chbosky; დ. 25 იანვარი, 1970, პიტსბურგი, პენსილვანია, ამერიკის შეერთებული შტატები) — ამერიკელი მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია 1999 წელს გამოსული რომანი, ნიუ-იორკ ტაიმზის ბესტსელერი, „მარტოსულობის უპირატესობანი“. ჩბოსკიმ რომანის ადაპტაცია 2012 წელს გადაიღო. ფილმში მთავარ როლებს ლოგან ლერმანი, ემა უოტსონი და ეზრა მილერი თამაშობენ. 2005 წელს დაწერა სცენარი ფილმისთვის „ქირა“ (რეჟ. კრის კოლუმბუსი).

2017 წელს გადაიღო ფილმი, სახელწოდებით „საოცრება“. ფილმში ჯულია რობერტსი, ოუენ უილსონი და ჯეიკობ ტრემბლი მონაწილეობენ.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტივენ ჩბოსკი პიტსბურგში, პენსილვანიაში (ამერიკის შეერთებული შტატები) დაიბადა. იგი პიტსბურგის გარეუბანში იზრდებოდა. ჩბოსკი ლეა მეიერისა და ფრედ ჩბოსკის შვილია; ჰყავს ერთი და - ლუსი. მასზე დიდი გავლენა მოახდინა ფრენსის სკოტ ფიცჯერალდისა და ტენესი უილიამსის ნაწარმოებებმა, ასევე ჯერომ სელინჯერის ცნობილმა რომანმა, სახელწოდებით „თამაში ჭვავის ყანაში“.[1]

1992 წელს დაასრულა სწავლა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში, სადაც სცენარის წერის პროგრამაში იყო ჩართული. [2]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩბოსკის სარეჟისორო დებიუტი 1995 წელს შედგა, ფილმით - „არარსებული სამყაროს ოთხი კუთხე“. იგი ფილმის სცენარისტია და მასში ერთ-ერთ როლს თამაშობს. ფილმი სანდენსის კინოფესტივალზე მიიღეს. 1990-იანების დასასრულს ჩბოსკიმ რამდენიმე სცენარი დაწერა, მათ შორის, „ოდრი ჰეპბერნის ყელი“.

ჩბოსკის პირველი რომანი, სახელწოდებით, „მარტოსულობის უპირატესობანი“, 1999 წელს MTV Books-ის მიერ გამოქვეყნდა. იგი მალევე MTV Books-ის ბესტსელერი გახდა. 2013 წლის მაისში გაყიდულმა ეგზემპლარებმა ორ მილიონზე მეტს მიაღწიეს. წიგნი 31 ენაზეა თარგმნილი.

2006 წლის სექტემბერში გამოვიდა ტელესერიალი „იერიქონი“. ჩბოსკი მისი თანარეჟისორი, აღმასრულებელი პროდუსერი და სცენარისტია.

2012 წელს გამოვიდა ჩბოსკის რომანის მიხედვით გადაღებული ადაპტაცია, სახელწოდებით „მარტოსულობის უპირატესობანი“. მისი გადაღებები 2011 წელს დაიწყო. ფილმში ლოგან ლერმანი, ემა უოტსონი და ეზრა მილერი მონაწილეობენ. 2013 წელს ჩბოსკი ამერიკის სცენარისტთა გილდიის ჯილდოზე იყო ნომინირებული საუკეთესო ადაპტირებული სცენარისათვის.

2017 წელს ჩბოსკიმ ივან სპილიტოპულოსის ორიგინალური სცენარის მიხედვით დაწერა ადაპტირებული სცენარი ფილმისთვის „ურჩხული და მზეთუნახავი“. ფილმის რეჟისორი ბილ კონდონია და მასში მთავარ როლს ემა უოტსონი ასრულებს.

2017 წელს გამოვიდა ჩბოსკის შემდეგი ფილმი, სახელწოდებით „საოცრება“. მისი სცენარისტები, ჩბოსკისთან ერთად, ჯეკ ტორნი და სტივ კონრადი არიან. ფილმი 2012 წლის იმავე სახელწოდების მქონე რომანს ეფუძნება (ავტ. რ.ჯ. პალაციო). მასში მთავარ როლებს ჯულია რობერტსი, ოუენ უილსონი და ჯეიკობ ტრემბლი ასრულებენ. [3] იგი 2017 წლის 17 ნოემბერს გამოვიდა.

2018 წელს Universal Pictures-მა განაცხადა, რომ ჩბოსკი მოლაპარაკებებს აწარმოებდა სტივენ ლევენსონის წიგნის მიხედვით დადგმული სპექტაკლის, სახელწოდებით „ძვირფასო ევან ჰანსენ“, კინოადაპტაციის გადასაღებად[4]. 2020 წლის 11 ივნისს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ფილმს ჩბოსკი გადაიღებს. მასში კეიტლინ დევერი, ამენდლა სტენბერგი, ნიკ დოდენი, კოლტონ რაიანი, ემი ადამსი, დენი პინო და ჯულიანა მური ითამაშებენ.[5]

2019 წელს, ჩბოსკის მეორე რომანი, „წარმოსახვითი მეგობარი“, ნიუ-იორკ ტაიმზის ბესტსელერების სიაში მოხვდა.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც რეჟისორი

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1995 „არარსებული სამყაროს ოთხი კუთხე“ The Four Corners of Nowhere რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, პროდიუსერი
2012 „მარტოსულობის უპირატესობანი“ The Perks of Being a Wallflower რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი
2017 „საოცრება“ Wonder რეჟისორი, სცენარისტი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]