სტეფან სარქისიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტეფან სარქისიანი
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი Ստեփան Սարգսյան
სრული სახელი სტეფან სარქისიანი
დაბ. თარიღი 15 სექტემბერი, 1962(1962-09-15) (61 წლის)
დაბ. ადგილი შამუტი, რუსეთი
სიმაღლე 164 სმ სმ
წონა 62 კგ კგ
სპორტი
ქვეყანა სომხეთი და სსრკ
სპორტი ჭიდაობა
სახეობა თავისუფალი
კლუბი სპარტაკ ვანაძორი
გუნდი იაკობ გენძიანა
ჯილდოები სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

სტეფან სარქისიანი (სომხ. Ստէփան Սարգսյան; დ. 15 სექტემბერი, 1962, შამუტი, რუსეთი) — კარიერადასრულებული საბჭოთა სომეხი თავისუფალი სტილით მოჭიდავე. არის ოლიმპიური ვერცხლის მედალოსანი და ევროპის ჩემპიონი. 1988 წელს მიენიჭა საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტეფან სარქისიანი დაიბადა 1962 წლის 15 სექტემბერს, საბჭოთა სომხეთის სოფელ შამუტში. 1976 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად ვანაძორში გადავიდა; აქ მან დაიწყო თავისუფალი სტილით ჭიდაობა პედაგოგის, იაკობ გენძიანას ხელმძღვანელობით. 1981 წელს მოიგო ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი.

სსრკ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნულ გუნდს სარქისიანი 1984 წელს შეუერთდა. იმავე წელს მან ჭიდაობის მსოფლიო თასის (გუნდურ შეჯიბრში) ოქროს მედალი მოიპოვა: ფინალში მან დაამარცხა ამერიკელი ლეროი სმიტი. 1988 წელს საქრისიანს ძალიან წარმატებული კარიერა ჰქონდა: იგი პირველად სწორედ ამ დროს გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. მოგვიანებით სარქისიანმა მოიპოვა ოქროს მედალი 1988 წლის ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატში. როგორც ევროპის ჩემპიონმა, სარქისიანმა მონაწილეობა მიიღო სეულში 1988 წელს გამართულ ამავე წლის ზაფხულის ოლიმპიადაში. მან ფინალამდე ყველა მოწინააღმდეგე მარტივად დაამარცხა, ხოლო ბოლო ეტაპზე იგი ჯონ სმიტს, ლეროის უმცროს ძმას დაუპირისპირდა. სარქისიანმა მოწინააღმდეგის დამარცხება ვერ შეძლო და ამგვარად, ვერცხლის მედალი მიენიჭა.

შემდეგ წელს სარქისიანმა მოჭიდავეთა მსოფლიო თასზე მოიგო თავისი მეორე ოქროს მედალი; ფინალში მისთვის ნაცნობი მოწინააღმდეგე, ჯონ სმიტი დაამარცხა. მომდევნო წელს იგი 1989 წლის ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობდა, თუმცა სმიტთან ტურნირის ადრეულ ეტაპზე წაგების გამო მან მე-6 ადგილი დაიკავა. 1990 წელს, სიეტლში გამართულ გუდვილის თამაშებში მოიგო ვერცხლის მედალი. საბჭოთა ნაკრები სტეფან სარქისიანმა 1990 წელს დატოვა; 1991 წელს დაასრულა მოჭიდავის კარიერა. მოგვიანებით ის მუშაობდა სპორტის ოფიციალურ წარმომადგენლად ამჟამად უკვე დამოუკიდებელ სომხეთში.

თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირი, რომელიც ეძღვნება სტეფან სარქისიანს, ტარდება 1996 წლიდან, სომხეთის ქალაქ ვანაძორში, სარქისიანის მშობლიურ ქალაქში. ტურნირში ასპარეზობენ სომხეთიდან, საქართველოდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და ირანიდან მიწვეული მოჭიდავეები.[1][2] სარქისიანი იყო სომხეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი 1998-2002 წლებში, ხოლო 2002 წელს გახდა საპატიო პრეზიდენტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Armenian wrestlers win Stepan Sargsyan international tournament. PanARMENIAN.Net. ციტირების თარიღი: 13 October 2012.
  2. Stepan Sargsyan wrestling tournament completed in Armenia. PanARMENIAN.Net. ციტირების თარიღი: 13 October 2012.