სტეფანწმინდის განძი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სტეფანწმინდის განძიარქეოლოგიური ძეგლი, თარიღდება ძვ. წ. VI-V საუკუნეებით. აღმოჩნდა XIX საუკუნის 70-იან წლებში, საქართველოს სამხედრო გზის გაყვანასთან დაკავშირებული მიწის სამუშაოების დროს. გათხრები 1877 წელს ჩაატარა რუსეთის ბუნებისმეტყველთა საზოგადოებამ (ხელმძღვანელი მ. ფილომონოვი) ახლანდელი ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის მუზეუმის ეზოში. აღმოჩნდა ლითონის ოთხი ჭურჭელი 200-მდე ბრინჯაოს ნივთი.

განძის შემადგენლობაში იყო აქემენიდური ხელოვნების ნიმუშები: ვერცხლის ფიალა, ბრინჯაოს ჭურჭელი, ფიბულები, ირმის მცირე ქანდაკება, ადამიანის გამოსახულება, კვერთხისთავი, სარტყელი, ყობანური კულტურული რკინის სატევები, შუბი, ცხენის აღკაზმულობის ნაწილები და სხვა. აღმოჩენილი ნივთებიდან არამეულწარწერიანი თასი შემოტანილია, დანარჩენი ნივთები ადგილობრივ ხელოვნების მაღალმხატვრულ ნიმუშს წარმოადგენს. მათ პარალელები ეძებნებათ როგორც საქართველოში, ისე მეზობელ ქვეყნებში. კავშირურთიერთობა შეინიშნება ანტიკურ სამყაროსთან, აქემენიდურ ირანთან, სკვითებთან. რამდენიმე წლის შენდეგ განძის აღმოჩენის ადგილზე კვლავ ჩატარდა გათხრები, დიდი რაოდენობით გამოვლინდა ოქრო-ვერცხლის სამკაულები, რკინის იარაღი, სხვადასხვაგვარი მძივი. ყაზბეგის განძი კავკასიელი ძველი ტომების რელიგიურ კულტს უკავშირდება. ამ არქეოლოგიურ აღმოჩენას დიდი გამოძახილი ჰქონდა მთელ მსოფლიოში. განძის დიდი ნაწილი ინახება მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტის მუზეუმში, ნაწილი სანქტ-პეტერბურგის ერმიტაჟის, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმისა და საქართველოს ხელოვნების მუზეუმის საცავებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]