სტეფანე მაკაროვი
სტეფანე ოსიპის ძე მაკაროვი [რუს. Степан Осипович Макаров; დ. 27 დეკემბერი, 1848 (8 იანვარი, 1849), ნიკოლაევი — გ. 31 მარტი (13 აპრილი), 1904, პორტ-არტურის ახლოს] — რუსი ზღვაოსანი, ოკეანოგრაფი, პოლარული მკვლევარი, გემთმშენებელი, ვიცე-ადმირალი (1896).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1865 წელს დაამთავრა საზღვაო სასწავლებელი ამურის ნიკოლაევსკში იკვლევდა გემების ჩაუძირაობის პრობლემებს. 1876 წელს წამოაყენა წინადადება გემი „დიდი მთავარი კონსტანტინე“ მოეწყოთ მტრის გემების სადგომ რაიონში ნაღმიანი კატარღების გადასატანად, რითაც საფუძველი დაუდო ნაღმოსანი გემებისა და სატორპედო კატარღების შექმნას (რუსეთ ოსმალეთის 1877-1878 წლების ომის დროს ეს იდეა ბევრ ოპერაციაში განახორციელა). მაკაროვმა პირველმა გამოიყენა თვითმავალი ნაღმტორპედო (უაიტჰედისა). 1886-1889 წლებში, როცა კორვეტ „ვიტიაზს“ მეთაურობდა, შემოუარა დედამიწას. სისტემატურად ატარებდა ოკეანოგრაფულ სამუშაოებს დაწვრილებით სწავლობდა წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილს. შედეგები განაზოგადა შრომაში «„ვიტიაზი“ და წყნარი ოკეანე» (ტ. 1-2. 1894). 90-იან წლებში გამოიგონა ჯავშანგამტარი ბუნიკი საარტილერიო ჭურვისათვის. 1894 წლის ბოლოს დაინიშნა ხმელთაშუა ზღვის ესკადრის სარდლად. 1894-1896 წლებში მეორედ იმოგზაურა დედამიწის გარშემო. 1896 წელს ბალტიის ფლოტში ესკადრას მეთაურობდა, წამოაყენა არქტიკის გამოსაკვლევად ძლიერი ყინულმჭრელის შექმნის იდეა და ხელმძღვანელობდა ყინულმჭრელ „ერმაკის“ მშენებლობას. 1897 წელს გამოაქვეყნა კაპიტალური შრომა „მსჯელობა საზღვაო ტაქტიკის საკათხებზე“. 1899 წლის მარტში „ერმაკით“ ნიუკასლიდან ფინეთის ყურის ყინულების გავლით ჩავიდა ჯერ კრონშტადტში, შემდეგ — რეველში. იმავე წლის ივნის-აგვისტოში „ერმაკით“ მოაწყო 2 საცდელი რეისი არქტიკაში, მიაღწია შპიცბერგენის ჩრდილოეთით ჩ. გ. 81° 21′-მდე. 1901 წელს ცურავდა ბარენცის ზღვაში; ორჯერ მივიდა ფრანც-იოსების მიწასთან და ახალი მიწის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროსთან. 1899 წლიდან კრონშტადტის პორტის მთავარი მეთაური იყო. შრომაში „უიალქნებოდ“ (1903) დაამუშავა მშვიდობიანობის დროს ფლოტის პირადი შუმადგენლობის სწავლებისა და აღზრდის მეთოდები. რუსეთ-იაპონიის ომის (1904-1905) დაწყების შემდეგ 1 (14) თებერვალს დაინიშნა წყნარი ოკეანის ესკადრის სარდლად, 24 თებერვალს (8 მარტს) ჩავიდა პორტ-არტურში და მისი დაცვის დროს წარმატებით ხელმძღვანელობდა ხომალდების მოქმედებას. დაოღუპა ჯავშნოსან „პეტროპავლოვსკზე“, რომელიც ნაღმზე აფეთქდა. მასთან ერთად „პეტროპავლოვსკზე“ დაიღუპა გამოჩენილი რუსი მხატვარი და ბატალისტი ვასილ ვერეშჩაგინი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 370.