სტეფანე ახალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სტეფანე ახალი

სტეფანე ახალიმართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 28 ნოემბერი, ახალი სტილით - 11 დეკემბერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღირსმოწამე სტეფანე ახალი 715 წელს დაიბადა კონსტანტინოპოლში, კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში. მის მშობლებს ორი ასული ჰყავდათ და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს ძის მონიჭებას. როცა სათხოვარი შეუსრულდათ, მადლიერმა დედამ ახალშობილი სტეფანე ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში მიიყვანა აღსაზრდელად.

იმპერატორმა ლეონ ისავრიელმა (717-741) წმინდა ხატებისა და მათი თაყვანისმცემლების დევნა დაიწყო. მისი მხარდაჭერით იმპერიაში ხატმბრძოლთა მწვალებლობის მომხრეები აღზევდნენ. ამაქვეყნის ძლიერთაგან დევნილი მართლმადიდებლობა მხოლოდ დედაქალაქისგან მოშორებით, მონასტრებში, განკრძალულ სენაკებში და თავისი ახოვანი და ერთგული მიმდევრების გულებში იყო დაცული. მომძლავრებული უსჯულოებით სულდამძიმებულმა წმინდა სტეფანეს მართლმორწმუნე მშობლებმა დატოვეს კონსტანტინოპოლი და ბითვინიაში გადასახლდნენ, თექვსმეტი წლის ძე კი წმინდა ავქსენტის მთაზე განმარტოებით მოღვაწე ნეტარ იოანეს მიაბარეს მორჩილად. სტეფანემ მოიკვეთა საკუთარი ნება, თავის სულზე ზრუნვა მთლიანად მადლმოსილ მოძღვარს მიანდო და თხუთმეტი წლის მანძილზე გულმოდგინედ სწავლობდა მისგან ბერმონაზვნურ ცხოვრებას. წმიდანს აქვე აუწყეს, რომ მამა გარდაეცვალა, დედა და დები კი მონაზვნებად შედგნენ.

რამდენიმე ხნის შემდეგ სტეფანეს მოძღვარმა, ნეტარმა იოანემ სული უფალს შეჰვედრა. დამწუხრებულმა წმინდანმა მისი პატიოსანი ცხედარი კრძალვით მიაბარა მიწას, თავად კი მოძღვრის მღვიმეში განაგრძო მოღვაწეობა. მალე ღირს მამას მიაშურეს ბერებმა, რომელთაც სურდათ, მისი ხელმძღვანელობით ეღვაწათ. ასე დაარსდა მონასტერი, რომლის იღუმენიც წმიდა სტეფანე გახდა. ორმოცდაორ წელს მიღწეულმა სტეფანემ თავისი სავანე დატოვა და განკრძალულ ადგილას მცირე სენაკში დაეყუდა, მაგრამ მცირე ხანში აქაც შეიკრიბა საძმო.

საიმპერატორო ტახტზე ლეონ ისავრიელი კონსტანტინე კოპრონიმმა (741-775) - მართლმადიდებლობის კიდევ უფრო მძვინვარე მდევნელმა შეცვალა. უსჯულო თვითმპყრობელმა მოიწვია ხატმბრძოლთა კრება, რომელსაც სამასორმოცდათვრამეტი ეპისკოპოსი ესწრებოდა აღმოსავლეთის პროვინციებიდან. კოპრონიმის ძალისხმევით მწყემსმთავრის ტახტზე უკანონოდ აღსაყდრებული კონსტანტინოპოლის პატრიარქის, კონსტანტინეს გარდა ეკლესიის ყველა წინამძღვარმა უარი განაცხადა ამ კრების უკანონო საქმიანობაში მონაწილეობაზე, მაგრამ შემოკრებილნი თავს მაინც მსოფლიო კრებას უწოდებდნენ. ერეტიკოსთა ცრუკრებამ ხატები კერპებად გამოაცხადა და ხატთაყვანისმცემლობას ერესი უწოდა.

ამასობაში წმინდა სტეფანეს სავანისა და მისი იღუმენის შესახებ დედაქალაქშიც შეიტყვეს. იმპერატორი განსაკუთრებით გაააფთრა იმან, რომ სავანეში ხატთაყვანისმცემლობას დაუფარავად უჭერდნენ მხარს. მთავარეპისკოპოსი კონსტანტინე მიხვდა, რომ მის ხატმბრძოლურ მისწრაფებებს იღუმენ სტეფანეს სახით ძლიერი და შეურიგებელი მოწინააღმდეგე ჰყავდა.

თვითმპყრობლის ბრძანებით წმინდა სტეფანე ჯერ საპყრობილეში ჩააგდეს, შემდეგ კი მარმარილოს ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე გადაასახლეს. ღირსი მამა დასახლდა გამოქვაბულში, სადაც მალე მისი მოწაფეებიც შეიკრიბნენ. რამდენიმე ხანში ნეტარმა დატოვა თავისი საძმო და მესვეტეობის ღვაწლი იტვირთა. ხმა წმინდა სტეფანესა და მისი ლოცვებით აღსრულებული სასწაულების შესახებ მთელს იმპერიაში გავრცელდა, რაც ხალხში მართლმადიდებლური სარწმუნოების სულს განამტკიცებდა.

იმპერატორმა განკარგულება გასცა, სტეფანე კუნძულ ფაროსის საპყრობილეში გადაეყვანათ, შემდეგ კი სამსჯავროზე წარედგინათ. წმინდანმა გაბედულად უარყო ერეტიკოსი მსაჯულების ამაო ბრძნობა, ხატთაყვანისცემის დოგმატური არსი განმარტა და ხატმბრძოლებს დაუმტკიცა, რომ წმინდა ხატების შეურაცხყოფა თავად მაცხოვრისა და ღვთისმშობლის გმობა იყო. მან მსაჯულებს უჩვენა მონეტა იმპერატორის გამოსახულებით და ჰკითხა, რას უზამდნენ ადამიანს, რომელიც მას ფეხქვეშ გათელავდა. წმინდანს უპასუხეს, რომ ასეთ ადამიანს უეჭველად სიკვდილით დასჯიდნენ მეფის გამოსახულების შეურაცხყოფისთვის. მაშინ ნეტარმა სტეფანემ თქვა, კიდევ უფრო დიდი სასჯელი მოელის მას, ვინც ზეცათა მეუფისა და მის წმინდათა ხატებს შეურაცხყოფსო, მონეტა კი მიწაზე დააგდო.

უსჯულო იმპერატორმა ბრძანა, წმინდანი საპყრობილეში დაებრუნებინათ, სადაც უკვე ხატების თაყვანისცემისთვის მსჯავრდადებული სამასორმოცდაორი ბერი იყო გამომწყვდეული. წმინდანმა თვრამეტი თვე დაჰყო სატუსაღოში. იგი ნუგეშს სცემდა თანაპრყობილებს, მათთან ერთად ლოცულობდა და ხშირად გალობდა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ტროპარს.

როცა უღმრთო თვითმპყრობელმა შეიტყო, რომ ნეტარმა მამამ ციხეშიც შექმნა მონასტერი, თავისი ორი უსაყვარლესი მსახური - ტყუპი ძმები გაგზავნა მის მოსაკლავად. საკანში შესულმა ძმებმა უფლის სათნომყოფლის არაამქვეყნიური ნათლით გაბრწყინებული სახე რომ იხილეს, ფეხებში ჩაუვარდნენ მას და ცოდვათა მიტევება და ლოცვებში მოხსენიება სთხოვეს. უკან დაბრუნებულებმა, მეფეს მოახსენეს, ბრძანება შევასრულეთო, მაგრამ იმპერატორმა შეიტყო სიმართლე და კიდევ ერთ სიცრუეს მიმართა - თავის მეომრებს გამოუცხადა, სტეფანეს ჩემი ტახტიდან ჩამოგდება სურსო და წმინდანის მოსაკლავად გაგზავნა ისინი. ნეტარი აღმსარებელი თვითონ გამოეგება მეომრებს, რომლებიც გააფთრებით ეკვეთნენ მას და უმოწყალო გვემითა და შეურაცხყოფით წაათრიეს ქალაქის მოედანზე. ერთ-ერთმა ჯალათმა ძელი თავში ჩაარტყა მარტვილს და მოკლა. გონდაკარგული უსჯულოები მაინც არ დაცხრნენ: ისევ ქუჩა-ქუჩა დაათრევდნენ უფლის რჩეულის უსულო ცხედარს, ქვებს ესროდნენ და შეურაცხყოფდნენ. ერთმა მართლმორწმუნემ ფილაქანზე დათხეული წმინდანის ტვინი სუფთა ნაჭერში მოაგროვა და სასოებით შეინახა. ნეტარის ცხედარი იმპერატორის ბრძანებით ერთი ნასაყდრალის ბალავარში გათხრილ ორმოში ჩააგდეს, სხვა მართლმორწმუნეთა ცხედრებს შორის. ეს მოხდა 768 წლის 28 ნოემბერს. მეორე დილით ავქსენტის მთას ცეცხლოვანი ღრუბელი დაადგა, შემდეგ კი დედაქალაქში უკუნი ჩამოწვა, ქარიშხალი ამოვარდა, სეტყვამ დაუშვა და მრავალი უღმრთო დაიღუპა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.