სტეპან რუდნიცკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტეპან რუდნიცკი
მშობლიური სახელი უკრ. Рудницький Степан Львович
დაბადების თარიღი 3 დეკემბერი 1877
პშემისლი, გალიციისა და ლოდომერიის სამეფო, ავსტრია-უნგრეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 3 ნოემბერი 1937 (59 წლის)
უროჩიშჩე, სანდრამოხი, კარელია, რსფსრ
გარდაცვალების მიზეზი დახვრიტეს 1937 წელს
ეროვნება უკრაინელი
ქვეშევრდომობა ავსტრია-უნგრეთის დროშა ავსტრია-უნგრეთი
პოლონეთის დროშა პოლონეთი
ჩეხოსლოვაკიის დროშა ჩეხოსლოვაკია
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ალმა-მატერი ლვოვის უნივერსიტეტი
პროფესია გეოგრაფი, კარტოგრაფი, ეთნოგრაფი
წოდება პროფესორი

სტეპან რუდნიცკი (დ. 3 დეკემბერი,1877, პშემისლი, გალიციისა და ლოდომერიის სამეფო, ავსტრია-უნგრეთი — გ. 3 ნოემბერი, 1937, კარელია, რსფსრ) — უკრაინელი გეოგრაფი, კარტოგრაფი, პუბლიცისტი, უკრაინის სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1929 წ.).[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა საშუალო სკოლის მასწავლებლის ოჯახში. მისი ძმა გახლდათ მწერალი იულიან ოპლსკი. დაამთავრა ლვოვის უნივერსიტეტი, სწავლობდა ვენასა და ბერლინში. 1901 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფილოსოფიაში. მონაწილეობდა გეოგრაფიისა და გეოლოგიური ინსტიტუტის საველე ექსპედიციებში.

1899 წლიდან ასწავლიდა ლვოვის გიმნაზიებში, შემდეგ გადავიდა პედაგოგად ლვოვის უნივერსიტეტში, იყო პრივატ-დოცენტი, ხოლო 1908 წლიდან — გეოგრაფიის კათედრის პროფესორი.

სტეპან რუდნიცკი ითვლება უკრაინაში ფიზიკური გეოგრაფიის კვლევის ფუძემდებლად. მას ეკუთვნის სამეცნიერო ნაშრომები გეომორფოლოგიაზე, ისტორიულ სოციალურ-ეკონომიკურ გეოგრაფიაზე, კარტოგრაფიაზე, მხარეთმცოდნეობაზე, ზოგად გეოგრაფიაზე. რუდნიცკის პროგრამულმა ნაშრომებმა „უკრაინის მოკლე გეოგრაფია“ (1910-1914) და „უკრაინა: მიწა და ხალხი“ (1916) თავისებური როლი შეასრულა უკრაინის ეროვნული მოძრაობის განვითარებაში. რუდნიცკი ეკონომიკურ და ტერიტორიულ ინტერესებს უკრაინელების პოლიტიკურ მოთხოვნილებებზე დაყრდნობით განმარტავს და  მათ ცალკე რასის თვისებებს ანიჭებს. მისი კონცეფციიდან გამომდინარე, რუდნიცკი მიდის დასკვნამდე, რომ მხოლოდ ეროვნულ სახელმწიფოებს აქვთ მომავალი. ამრიგად, რუდნიცკის კვლევებში შესამჩნევია მე-20 საუკუნის დასაწყისის გერმანული გეოპოლიტიკური ტენდენციების ძლიერი გავლენა.

რუდნიცკის განსაკუთრებული დამსახურება იმასი მდგომარეობს, რომ მან უკრაინის გეოგრაფიაში საფუძველი დაუდო კარტოგრაფიული მიმართულების განვითარებას. გეოგრაფიული რუკების შემუშავება უკრაინულ ენაზე დაიწყო ლვოვში, შემდგომში განაგრძო ემიგრაციაში ყოფნისას, მოგვიანებით კი — საბჭოთა უკრაინაში. მისი წყალობით უკრაინა პირველად იყო წარმოდგენილი კარტოგრაფიულ შრომებში, როგორც განუყოფელი სივრცითი ერთეული. სტეპან რუდნიცკი თვლიდა, რომ საკუთარი სახელმწიფოს არარსებობა ერს დაუცველს ხდის სოციალურ-ეკონომიკური, ეროვნულ-პოლიტიკური და ინტელექტუალური პრობლემების გადაწყვეტისას. სათანადო დემოკრატიული, ეროვნული სახელმწიფოს გარეშე იქმნება ზოგიერთი ხალხის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ჩაგვრის  პირობები სხვების მიერ.[2]

1918-1919 წლებში რუდნიცკი გახლდათ დასავლეთ უკრაინის ეროვნული რესპუბლიკის მთავრობის ექსპერტი-მრჩეველი ეკონომიკისა და პოლიტიკური გეოგრაფიის საკითხებში. მოამზადა მოხსენებები გეოპოლიტიკის შესახებ პარიზის სამშვიდობო კონფერენციისთვის.

1919 წელს, პოლონეთის ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ, მეცნიერი ლვოვიდან ვენაში წავიდა ემიგრაციაში, სადაც მუშაობდა ეკონომიკური გეოგრაფიის პროფესორად სავაჭრო აკადემიაში. 1921-1926 წლებში გახლდათ გეოგრაფიის პროფესორი, პრაღაში მ. დრაგომანოვის სახელობის უმაღლესი პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოსოფიური ფაკულტეტის დეკანი.

1926 წელს გადავიდა სსრკ-ში. 1927 წლიდან იყო ხარკოვის გეოდეზიური ინსტიტუტის ტოპოლოგიისა და კარტოგრაფიის განყოფილების გამგე. ორგანიზება გაუწია და ხელმძღვანელობდა უკრაინის გეოგრაფიისა და კარტოგრაფიის კვლევით ინსტიტუტს ხარკოვში. მან გამოაქვეყნა ბუნების ისტორიის ბიულეტენი, ხელმძღვანელობდა არაერთ ექსპედიციას დონბასში, ადგილობრივი ისტორიის კომისიას, ფ.ვოვკას სახელობის ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმს.

დააპატიმრეს 1933 წელს. 1933 წლის 23 სექტემბერს უკრაინის სსრ სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს კოლეგიის სასამართლო ტროიკამ  მიუსაჯა 5 წლით გადასახლება  შრომით-გამოსასწორებელ ბანაკში. მან სასჯელი მოიხადა სვირლაგში, თეთრი ზღვის არხის ობიექტზე, სოლოვკზე.

1937 წლის 9 ოქტომბერს ლენინგრადის ოლქის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სპეციალურმა ტროიკამ მეცნიერს გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი. სტეპან რუდნიცკი  დახვრიტეს კარელიის ასსრ-ში (სანდარმოხი) 1937 წლის 3 ნოემბერს.[3]

1965 წელს მოხდა მისი რეაბილიტაცია.[4][5]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Шаблій О. Академік Степан Рудницький — фундатор української географії. Львів-Мюнхен, 1993.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Шаблій О., Щербак Л. Рудницький Степан Львович / Тернопільський енциклопедичний словник : у 4 т. / редкол.: Г. Яворський та ін. — Тернопіль : Видавничо-поліграфічний комбінат «Збруч», 2008. — Т. 3 : П — Я. — С. 207—208. — ISBN 978-966-528-279-2. (უკრ.)
  2. Ігор Шаров. Вчені України: 100 видатних імен. — К.: АртЕк, 2006. ISBN 966-505-054-0  (უკრ.)
  3. The Ukraine and the Ukrainians
  4. Eintrag zu Rudnytsky, Stepan in der Encyclopedia of Ukraine; abgerufen am 1. Mai 2016 (ინგლ.)
  5. Geograf.com.ua abgerufen am 1. Mai 2016; (უკრ.)