სტაფილოს ნამცხვარი
სტაფილოს ნამცხვარი (ინგლ. Carrot cake, ფრანგ. Gâteau aux carottes) — ინგლისურ-ფრანგული წარმოშობის ნამცხვარი, რომელიც ძირითადად სტაფილოსა და კარაქისაგან მზადდება. სტაფილოს ნამცხვრის თანამედროვე ვარიაციებს რეცეპტში თეთრი კრემ-ყველი აქვს დამატებული. ასევე, ზოგჯერ სტაფილოსთან ერთად იყენებენ ანანასს, ქოქოსის ფანტელებსა და პეკანს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სტაფილოს ნამცხვრის გამოგონების საკითხი დღემდე სადავოა. პირველად მისი რეცეპტი 1591 წელს დაიბეჭდა ინგლისში გამოცემულ კულინარიულ წიგნში, სადაც მას „სტაფილოს პუდინგს“ (ინგლ. Pudding in Carrot) უწოდებდნენ. მართალია მასში სტაფილოსთან ერთად ხორციც გამოიყენებოდა, თუმცა მას ბევრი საერთო აქვს თანამედროვე სტაფილოს ნამცხვართან, მაგალითად: ნაღები, კვერცხი, ქიშმიში, შაქარი (ან ფინიკი), სანელებლები (მიხაკი და მაკე), გახეხილი სტაფილო და პურისებრი ბისკვიტი. ბევრი კრიტიკოსი მიიჩნევს, რომ სტაფილოს ნამცხვარი შუა საუკუნეების ევროპაში წარმოიშვა, როდესაც შაქარი მხოლოდ პრივილეგირებული კლასებისათვის იყო ხელმისაწვდომი და დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლებმა პუდინგში შაქრის შემცვლელად სტაფილო გამოიყენეს. მოგვიანებით, სწორედ სტაფილოს პუდინგი გახდა გოგრის ნამცხვრის შთაგონება, რასაც მოჰყვა ქლიავის პუდინგის შექმნაც.
1814 წელს გამოცემულ ფრანგულ წიგნში „კულინარიის ხელოვნება“ (ფრანგ. L'art du cuisinier), ანტუან ბოვილიერმა, რომელიც თავის დროზე თავად საფრანგეთის მეფე ლუი XVI-ის სამეფო სამზარეულოს მმართველი იყო, პირველად შექმნა სტაფილოს ნამცხვრის სრულყოფილი რეცეპტი და მას პირდაპირ ასე, სტაფილოს ნამცხვარი (ფრანგ. Gâteau aux carottes) დაარქვა. სულ მალე ეს რეცეპტი დიდად პოპულარული გახდა მთელს საფრანგეთში, სადაც სხვა მზარეულებმაც გადაწერეს რეცეპტი და გამოაქვეყნეს თავიანთ წიგნებში. 1824 წელს ბოვილიერმა თავისი წიგნი ინგლისურ ენაზეც გამოსცა, რომელშიც სტაფილოს ნამცხვრის რეცეპტი სიტყვასიტყვით თარგმნა ფრანგულიდან.
სტაფილოს ნამცხვრის კიდევ ერთი რეცეპტი შეიქმნა XIX საუკუნეში, თუმცა იგი შვეიცარიის ქალაქ კაიზეროგშტის საჯარო სკოლის დამლაგებელს უკავშირდება. შვეიცარიული ლეგენდის მიხედვით, სტაფილოს ნამცხვარი სწორედ ამ დამლაგებელმა გამოაცხო ერთ-ერთი ბავშვის დაბადების დღეზე, რის შემდეგაც იგი ჯერ ქალაქში, შემდეგ კი მთელს შვეიცარიაში გახდა პოპულარული.
რაც შეეხება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს, აქ სტაფილოს ნამცხვარმა პოპულარობა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დროს მოიპოვა, რადგან იგი მარტივი და იაფი მოსამზადებელია, მაშინ კი ქვეყანაში კრიზისი მძვინვარებდა.
რეცეპტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სტაფილოს ნამცხვრის მთავარი და ტრადიციული რეცეპტი მარტივია. მის მოსამზადებლად საჭიროა: კვერცხი, შაქარი, ფქვილი, გამაფხვიერებელი, დაჭრილი თხილი (შეიძლება ნუში ან ნიგოზიც), დაფქული დარიჩინი, ნაღები ან კრემ-ყველი, ვანილი, მცენარეული ზეთი, საკვები სოდა, სუფრის მარილი, კარაქი ან მარგარინი და რაც მთავარია — გახეხილი სტაფილო.
ბისკვიტის თავად მომზადებას, დიდ თასში კარგად ურევთ კვერცხს, ზეთს, შაქარსა და ვანილს. მეორე თასში ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, სოდა, საცხობი ფხვნილი, მარილი და დარიჩინი. ეს მასა ემატება კვერცხისას პირველ თასში და კარგად უნდა აითქვიფოს. ბოლოს ემატება გახეხილი სტაფილო და თხილი (სურვილის შემთხვევაში შეიძლება ნიგოზი ან ნუშიც). კარგად მორევის შემდეგ გადააქვთ ფორმაში, დგამენ გახურებულ ღუმელში და აცობენ 40-50 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ ნამცხვარი ჯერ ფორმაშივე უნდა გაცივდეს, დაახლოებით 10 წუთით და შემდეგ ათავსებენ ცხაურზე, რათა უკეთ გაგრილდეს.
რაც შეეხება მისი კრემის მომზადებას, ერთად ითქვიფება ოთახის ტემპერატურის კარაქი და ნაღების ყველი. ემატება შაქრის ფხვნილი, ვანილი და ითქვიფება ერთგვაროვანი კრემისებრი მასის მიღებამდე. შემდეგ კრემი უნდა გადანაწილდეს კარგად გაცივებულ ნამცხვარზე. ამის შემდეგ, უკვე სურვილისამებრ, გასაფორმებლად შეიძლება ზემოდან მოაყარონ ქიშმიში, თხილი, ნუში, ან ნიგოზი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- A. W. (1591). A Book of Cookrye: Very Necessary for All Such as Delight Therin. Edward Allde.
- "The History of Carrot Cake". www.carrotmuseum.co.uk. Retrieved 15 January 2018.
- "The art of French cookery". London : Printed for Longman, Hurst, Rees, Orme, Brown, and Green. 31 July 1824 – via Internet Archive.
- Antoine B. Beauvilliers, The Art of French Cookery … , 3rd ed. (London, England: Longman, 1827), page 227.
- (in French) Véronique Zbinden "Patrimoine culiraire suisse (9/14). Rueblitorte, gâteau végétal et fédéral", Le Temps, Thursday 31 July 2014, page 10.