შინაარსზე გადასვლა

სტარომესტსკის მოედანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოედნის ხედი

სტარომესტსკის მოედანი (ჩეხ. Staroměstské náměstí) — პრაღის უძველესი მოედანი, რომელიც მდებარეობს ქალაქის ისტორიულ ცენტრში. მისი ფართობი დაახლოებით 9 ათასი კვადრატული მეტრია. მოედანი გარშემორტყმულია საქალაქო სახლებით, რომელთა ფასადები გაფორმებულია რენესანსის, ბაროკოს, როკოკოსა და გოტიკური არქიტექტურული სტილით. მდებარეობს ვაცლავის მოედანსა და კარლის ხიდს შორის.

ეს ადგილი XII საუკუნიდან არის ცნობილი. იმ დროს მოედანი იყო დიდი ბაზარი, რომელიც ევროპული სავაჭრო გზების გზაჯვარედინზე იდგა. XIII საუკუნეში მოედანს ძველი ბაზარი ეწოდა, ხოლო XIV საუკუნიდან ძველი ქალაქის ბაზარი. XVIII საუკუნეში მოედანმა რამდენიმე სახელი გამოიცვალა – ძველი ქალაქის პლაცი, დიდი ძველი ქალაქის მოედანი, დიდი მოედანი. 1895 წელს კი მოედანმა დღევანდელი ოფიციალური სახელწოდება მიიღო.

მოედანზე იმართებოდა სამეფო კორონაციის პროცესიები, რომლებიც პრაღის ციხისკენ მიემართებოდა. საზეიმო მოვლენების გარდა, მოედანზე ტრაგედიებიც მომხდარა. 1422 წელს აქ მოხდა შეტაკებები, რაც გამოიწვია პრაღის ღარიბთა წინამძღოლის, იან ჟელივსკის სიკვდილით დასჯამ. 1437 წელს აქ სიკვდილით დასაჯეს ბოლო ჰუსიტი ჰეტმანი იან როგაჩი თავის თანამოაზრეებთან ერთად. 1621 წლის 21 ივნისს ძველი ქალაქის მოედანზე სიკვდილით დასაჯეს ჰაბსბურგების დინასტიის წინააღმდეგ აჯანყებული 27 მონაწილე. მათ პატივსაცემად, მთავარი რატუშის ტროტუარზე, განთავსდა 27 ჯვარი, რომლებზეც გამოსახულია ხმლისა და ეკლიანი გვირგვინის სიმბოლოები.

XIV საუკუნეში მოედანზე აშენდა ქალაქის რატუშა, ხოლო 1410 წელს რატუშაზე დამონტაჟდა ასტრონომიული საათი. 1365 წლიდან მოედნის გვერდით დაიწყო ტინის ტაძრის მშენებლობა. 1591 წელს მოედნის ჩრდილოეთ ნაწილში აიგო კროცინოვა-კაშნის შადრევანი, ხოლო 1650 წელს, პრაღის შვედებისგან გათავისუფლების აღსანიშნავად, აქ დაიდგა მარიანის სვეტი, რომელიც იდგა 1918 წლამდე და აღადგინეს 2020 წელს. მოედნის შუაგულში, ქვაფენილზე, არის შუადღის ნიშნული, ადგილი, სადაც მარიანის სვეტის ჩრდილი ეცემა მზიან დღეს შუადღისას. ამ წერტილიდან ხდებოდა პრაღის დროის ათვლა წარსულში. XIX საუკუნის ბოლოს მოედანი გაფართოვდა დანგრეული ნაგებობების ხარჯზე. 1915 წელს დაიდგა ჩეხეთის ეროვნული გმირის, იან ჰუსის ძეგლი. XX საუკუნის 60-იან წლებში მოედანი საფეხმავლო ზონად გადაკეთდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: