სსრკ-ჩინეთის სასაზღვრო კონფლიქტი
| სსრკ-ჩინეთის სასაზღვრო კონფლიქტი | |||
|---|---|---|---|
| ცივი ომი და სსრკ-ჩინეთის განხეთქილება ნაწილი | |||
|
არგუნისა და ამურის მდინარეების სადავო ნაწილები | |||
| თარიღი | 2 მარტი, 1969 – 11 სექტემბერი, 1969 | ||
| მდებარეობა | სსრკ-ის და ჩინეთის საზღვარი | ||
| შედეგი | სსრკ-ის გამარჯვება[1][2] | ||
| მხარეები | |||
| |||
| მეთაურები | |||
| |||
| ძალები | |||
| |||
| დანაკარგები | |||
| |||
სსრკ-ჩინეთის სასაზღვრო კონფლიქტი, ასევე ცნობილი როგორც ჩინეთ-საბჭოთა კრიზისი — შვიდთვიანი გამოუცხადებელი სამხედრო კონფლიქტი საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს შორის 1969 წელს, ჩინეთ-საბჭოთა კავშირის განხეთქილების შემდეგ. ყველაზე სერიოზული სასაზღვრო შეტაკება, რომელმაც მსოფლიოს ორი უდიდესი სოციალისტური სახელმწიფო ომის პირას მიიყვანა, მოხდა დამანსკის (ჭენპაო) კუნძულთან ახლოს, მდინარე უსურის (ვუსული) მახლობლად, მანჭურიაში. შეტაკებები ასევე მოხდა სინძიანგში.
1964 წელს ჩინელებმა კვლავ დააყენეს მე-19 საუკუნეში დემარკირებული ჩინეთ-საბჭოთა საზღვრის საკითხი, რომელიც თავდაპირველად რუსეთის იმპერიამ ცინგის დინასტიას თავს მოახვია უთანასწორო ხელშეკრულებების გზით. მოლაპარაკებები ჩაიშალა მზარდი დაძაბულობის ფონზე და ორივე მხარემ დაიწყო საზღვრის გასწვრივ სამხედრო წარმომადგენლობის მკვეთრი გაზრდა. ჩინეთ-საბჭოთა ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა კავშირის შეჭრის შემდეგ. სასაზღვრო დაპირისპირებები გამწვავდა 1969 წლის მარტში, როდესაც ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის ჯგუფმა მანჭურიაში, კუნძულ ჭენპაოზე, საბჭოთა მესაზღვრეებთან ბრძოლა გამართა, რასაც ორივე მხრიდან მნიშვნელოვანი მსხვერპლი მოჰყვა. შემდგომი შეტაკებები მოხდა აგვისტოში სინძიანგში, ტიელიეკეტის რაიონში, რამაც სრულმასშტაბიანი ბირთვული ომის საფრთხე წარმოშვა. კრიზისის დეესკალაცია მოხდა სექტემბერში, მას შემდეგ რაც საბჭოთა პრემიერი ალექსეი კოსიგინი ჩინეთის პრემიერ ჭოუ ენლაის შეხვდა. გაიცა ბრძანება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და მხარეები დაუბრუნდნენ ომამდელ მდგომარეობას.
საბჭოთა საფრთხის დასაბალანსებლად ჩინეთის მთავრობამ შეერთებულ შტატებთან დაახლოება სცადა. ამას მოჰყვა ჰენრი კისინჯერის საიდუმლო ვიზიტი ჩინეთში 1971 წელს, რამაც, თავის მხრივ, გზა გაუკაფა პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის ოფიციალურ ვიზიტს ჩინეთში 1972 წელს. კონფლიქტის შემდეგ ჩინეთ-საბჭოთა ურთიერთობები კვლავ დაძაბული რჩებოდა სასაზღვრო მოლაპარაკებების განახლების მიუხედავად, რომლებიც უშედეგოდ გრძელდებოდა ერთი დეკადის განმავლობაში. სერიოზული მოლაპარაკებები არ გამართულა 1991 წლამდე, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლამდე ცოტა ხნით ადრე მიღწეულ იქნა შეთანხმება. საზღვრის საკითხები საბოლოოდ მოგვარდა ჩინეთსა და რუსეთს შორის 2003 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულებისა და 2008 წლის დამატებითი შეთანხმების საფუძველზე.
წინაპირობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დავები ჩინეთსა და რუსეთს შორის სასაზღვრო საკითხებზე მეთვრამეტე საუკუნიდან იწყება.[10](p150)
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სინძიანის პროვინციაში შენგ შიცას მმართველობისას (1933–1944), ჩინეთის გომინდანმა, საბჭოთა ეთნიკური პოლიტიკის კვალდაკვალ, პირველად აღიარა უიღური ხალხის ეთნიკური კატეგორია.[11] „ეროვნული“ ხალხის ეს ეთნოგენეზი, რომელიც ტერიტორიულ ავტონომიაზე აცხადებდა პრეტენზიას, დიდწილად ხელს აძლევდა საბჭოთა კავშირს. ამ უკანასკნელმა ფერგანასა და სემირეჩიეში (საბჭოთა ცენტრალურ აზიაში) კონფერენციები მოაწყო, რათა „რევოლუცია“ გამოეწვია ალტიშაჰრსა და ჯუნგარიაში.[11][12]
საბჭოთა კავშირიც და თეთრი მოძრაობაც ფარულად დაუკავშირდნენ ილის ეროვნულ არმიას, რათა სამი ოლქის რევოლუციის დროს გომინდანის წინააღმდეგ ებრძოლათ. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად მუსლიმი უიღური ამბოხებულები მონაწილეობდნენ ხანელი ჩინელების წინააღმდეგ მოწყობილ პოგრომებში, არეულობამ საბოლოოდ სინძიანგში გომინდანის მმართველობის ჩინეთის კომუნისტური პარტიით ჩანაცვლება გამოიწვია.[12]
1949 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ და საბჭოთა კავშირმა შექმნეს ალიანსი და ორივე ქვეყანამ აღიარა არსებული მდგომარეობა საზღვრის გასწვრივ.[10](p150) 1951 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სასაზღვრო მდინარეებზე ნავიგაციის შესახებ.[10](p150)

მას შემდეგ, რაც 1960-იან წლებში ჩინეთ-საბჭოთა განხეთქილება გამწვავდა, სასაზღვრო დაძაბულობამაც იჩინა თავი.[10](p150) მზარდი დაპირისპირების ფონზე, საბჭოთა კავშირმა და ჩინეთმა სასაზღვრო მოლაპარაკებები დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირმა 1945 წელს იაპონიის მარიონეტული სახელმწიფოს, მანჭუ-კუოს მთელი ტერიტორია ჩინელ კომუნისტებს გადასცა, რამაც მათ გადამწყვეტი დახმარება გაუწია ჩინეთის სამოქალაქო ომის დროს, ჩინელები ახლა ირიბად ითხოვდნენ ტერიტორიულ დათმობებს. მათი არგუმენტით, მე-19 საუკუნის ხელშეკრულებები, რომლებმაც მეჩხერად დასახლებული გარე მანჭურია ცინგის დინასტიისგან რუსეთის იმპერიის მფლობელობაში გადაიტანა, იყო „უთანასწორო ხელშეკრულებები“ და ჩინეთის კუთვნილი ტერიტორიების ანექსიას წარმოადგენდა. მოსკოვი ამ ინტერპრეტაციას არ ეთანხმებოდა, თუმცა 1964 წლისთვის მხარეებმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას საზღვრის აღმოსავლეთ მონაკვეთზე, მათ შორის კუნძულ ჭენპაოზე, რომელიც ჩინეთისთვის უნდა გადაეცათ.[13]თარგი:Unreliable source?
1964 წლის ივლისში, ჩინეთის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე მაო ძედუნი იაპონიის სოციალისტური პარტიის დელეგაციასთან შეხვედრისას აცხადებდა, რომ რუსეთმა ცალმხრივად მიითვისა ვრცელი ტერიტორიები ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში კამჩატკამდე. მან აღნიშნა, რომ ჩინეთსა და რუსეთს ეს საკითხი ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტიათ. ამ კომენტარებმა საჯაროდ გაჟონა. განრისხებულმა საბჭოთა პრემიერმა ნიკიტა ხრუშჩოვმა უარი თქვა სასაზღვრო შეთანხმების დამტკიცებაზე.[13]თარგი:Unreliable source?
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დასავლეთში სასაზღვრო დავა ეხებოდა საბჭოთა კავშირის მიერ კონტროლირებად 52,000 კვ.კმ მიწას პამირში, რომელიც სინძიანგისა და ტაჯიკეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საზღვარზე მდებარეობდა. 1892 წელს რუსეთის იმპერია და ცინგის დინასტია შეთანხმდნენ, რომ საზღვარი სარიყოლის ქედზე გაივლიდა, თუმცა საზღვრის ზუსტი მდებარეობა მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში სადავო რჩებოდა. 1960-იან წლებში ჩინელებმა დაიწყეს მოთხოვნა, რომ საბჭოთა კავშირს მოეხდინა რეგიონის ევაკუაცია.
დაახლოებით 1900 წლიდან, მას შემდეგ რაც პეკინის ტრაქტატმა (1860) გარე მანჭურია (პრიმორიეს მხარე) რუსეთს მიაკუთვნა, ჩინეთ-საბჭოთა საზღვრის აღმოსავლეთი ნაწილი ძირითადად სამი მდინარით იყო დემარკირებული: მდინარე არგუნით — მონღოლეთთან სამმხრივი შესაყარიდან ჩინეთის ჩრდილოეთ წერტილამდე, რომელიც სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მიედინება; შემდეგ მდინარე ამურით — ხაბაროვსკამდე, ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, სადაც მას უერთდება სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ მიმდინარე მდინარე უსური:
„სახელმწიფოებს შორის მდინარეზე საზღვრის დემარკაციის თანამედროვე მეთოდი (რომელიც ბოლო 200 წლის განმავლობაში გამოიყენება) გულისხმობს საზღვრის დადგენას მდინარის მედიანურ ხაზზე ან იმ ადგილას, რომელიც ყველაზე მეტად არის ხელსაყრელი ნავიგაციისთვის, რაც ცნობილია როგორც „ტალვეგის“ პრინციპი.[14]“ |
არც 1858 და არც 1860 წლის ხელშეკრულებებში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ საზღვარი სხვაგან გადის და არა ტალვეგზე.
ჩინეთი პრეტენზიას აცხადებდა კუნძულებზე, რადგან საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სანაოსნო გზების გამოყენებით დემარკაციის შემთხვევაში, ისინი მდინარის ჩინურ მხარეს ხვდებოდნენ. საბჭოთა კავშირი კი პრეტენზიას აცხადებდა და ფაქტობრივად აკონტროლებდა კიდეც მდინარეების გასწვრივ მდებარე თითქმის ყველა კუნძულს.
რუსეთი, ხოლო შემდგომ საბჭოთა კავშირი, ითვისებდა ყველა კუნძულს ორივე მდინარეში, მათ შორის იმათაც, რომლებიც ტალვეგის პრინციპით ჩინეთს ეკუთვნოდა. 1991 წლის ხელშეკრულებით, რუსეთმა მეტწილად აღიარა, რომ ეს კუნძულები ჩინური იყო, თუმცა დიდი უსურიის კუნძული, ამურისა და უსურის შესართავთან, რუსული ქალაქის, ხაბაროვსკის ნაწილი გახდა და ჩინეთი დათანხმდა, რომ კუნძულის დაახლოებით ორი მესამედი რუსეთის მფლობელობაში დარჩენილიყო.
ჩინეთისა და საბჭოთა მთავრობების ხედვები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საბჭოთა კავშირი ბირთვულ იარაღს ჩინეთზე დიდი ხნით ადრე ფლობდა, ამიტომ ჩინელებმა ასიმეტრიული შეკავების სტრატეგია აირჩიეს. ეს სტრატეგია გულისხმობდა ფართომასშტაბიანი კონვენციური „სახალხო ომით“ პასუხს საბჭოთა კავშირის შესაძლო ბირთვულ დარტყმაზე. ჩინეთის რიცხობრივი უპირატესობა იყო მისი სტრატეგიის საფუძველი საბჭოთა ბირთვული თავდასხმის შესაკავებლად. 1949 წლიდან ჩინური სტრატეგია, მაოს ფორმულირებით, ხაზს უსვამდა „ადამიანის უპირატესობას იარაღზე“. მიუხედავად იმისა, რომ იარაღი ომის მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო, მაო ამტკიცებდა, რომ ის „არ არის გადამწყვეტი ფაქტორი; გადამწყვეტი ხალხია და არა ნივთები. ძალთა შეჯიბრი არ არის მხოლოდ სამხედრო და ეკონომიკური ძალაუფლების შეჯიბრი, არამედ ადამიანური ძალისა და მორალის შეჯიბრიც“. მაოსთვის ისეთი „არამატერიალური“ ფაქტორები, როგორიცაა „კრეატიულობა, მოქნილობა და მაღალი საბრძოლო სული“, ასევე იყო „ომის კრიტიკული განმსაზღვრელი ფაქტორები“.[7]
საბჭოთა მხარე არ იყო დარწმუნებული, რომ ასეთ კონფლიქტში გაიმარჯვებდა. ჩინეთის მასშტაბურ შემოჭრას შეეძლო საფრთხე შეექმნა სტრატეგიული ცენტრებისთვის ბლაგოვეშჩენსკში, ვლადივოსტოკსა და ხაბაროვსკში, ისევე როგორც ტრანსციმბირის მაგისტრალის გადამწყვეტი კვანძებისთვის. არკადი შევჩენკოს, აშშ-ში გაქცეული მაღალი რანგის საბჭოთა მოხელეს თქმით, „პოლიტბიურო შეძრწუნებული იყო იმის შიშით, რომ ჩინელები შესაძლოა მასობრივად შეჭრილიყვნენ საბჭოთა ტერიტორიაზე“. მილიონობით ჩინელის შემოსევის კოშმარული ხილვა საბჭოთა ლიდერებს თითქმის პანიკაში აგდებდა: „შეიარაღებაში ჩვენი აშკარა უპირატესობის მიუხედავად, სსრკ-სთვის ადვილი არ იქნებოდა ასეთი მასშტაბის იერიშთან გამკლავება“. ჩინეთის „უზარმაზარი მოსახლეობა და პარტიზანული ომის დიდი ცოდნა და გამოცდილება“ თითქმის გარანტიას იძლეოდა, რომ საბჭოთა თავდასხმა ჩინეთის ბირთვულ პროგრამაზე ორივე სახელმწიფოს „უსასრულო ომში ჩაფლობით“ დასრულდებოდა.[7]
შიში ჩინეთის ცოცხალი ძალისა და მისი „სახალხო ომის“ სტრატეგიის მიმართ იმდენად ღრმა იყო, რომ მოსკოვში ზოგიერთი ბიუროკრატი ამტკიცებდა, რომ მასობრივი კონვენციური შემოტევისგან თავდაცვის ერთადერთი გზა ბირთვული იარაღის გამოყენება იყო. ზოგიერთი ჩინეთ-საბჭოთა საზღვრის გასწვრივ ბირთვული ნაღმების განლაგებასაც კი უჭერდა მხარს. ბირთვული დარტყმის საპასუხოდ გახანგრძლივებული კონვენციური კონფლიქტის დაწყების მუქარით, პეკინმა გამოიყენა ასიმეტრიული შეკავების სტრატეგია, რომლის მიზანი იყო მოსკოვის დარწმუნება იმაში, რომ თავდასხმის ფასი მის სარგებელს გადააჭარბებდა.
ჩინეთმა თავისი სტრატეგიული დასაბუთება იპოვა. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების უმეტესობას არ ეშინოდა ჩინეთის ბირთვული შურისძიების და მიაჩნდათ, რომ ჩინეთის არსენალი ზედმეტად მცირე, პრიმიტიული და დაუცველი იყო იმისთვის, რომ პირველ დარტყმას გადარჩენოდა, ჩინეთის მასიური კონვენციური არმია დიდ შეშფოთებას იწვევდა.
ნიკოლაი ოგარკოვი, მაღალი რანგის საბჭოთა სამხედრო ოფიცერი, მიიჩნევდა, რომ მასშტაბური ბირთვული თავდასხმა „გარდაუვლად ნიშნავდა მსოფლიო ომს“. ოგარკოვის არგუმენტით, ჩინეთის ბირთვულ ობიექტებზე შეზღუდული დარტყმაც კი სახიფათო იყო, რადგან რამდენიმე ბირთვული იარაღი „ვერ გაანადგურებდა“ ჩინეთისხელა ქვეყანას, რომელიც პასუხად „დაუნდობლად იბრძოლებდა“.[7]
აღმოსავლეთი საზღვარი: ხეილუნგძიანგი (1969)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საბჭოთა სასაზღვრო სამსახურმა რეგიონში ჩინეთის სამხედრო აქტივობის გაძლიერების შესახებ ცნობების მიწოდება 1960-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. თავდაპირველად დაძაბულობა ნელა იზრდებოდა, თუმცა „კულტურულმა რევოლუციამ“ ეს პროცესი მნიშვნელოვნად დააჩქარა. 1964 წლის შემდეგ ჯარების რაოდენობა ჩინეთ-საბჭოთა საზღვრის ორივე მხარეს დრამატულად გაიზარდა. სამხედრო თვალსაზრისით, 1961 წელს საბჭოთა კავშირს საზღვარზე 225,000 ჯარისკაცი და 200 თვითმფრინავი ჰყავდა. 1968 წლისთვის მათი რაოდენობა 375,000 ჯარისკაცამდე, 1,200 თვითმფრინავამდე და 120 საშუალო მანძილის რაკეტამდე გაიზარდა. ჩინეთს საზღვარზე 1.5 მილიონი ჯარისკაცი ჰყავდა დისლოცირებული და უკვე გამოცდილი ჰქონდა თავისი პირველი ბირთვული იარაღი (ტესტი 596, 1964 წლის ოქტომბერში, ლოპ-ნურის აუზზე). ორივე მხარის პოლიტიკური რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდებოდა.
ჩინეთ-საბჭოთა დაძაბულობის ესკალაციის საკვანძო მომენტი გახდა ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა კავშირის შეჭრა 1968 წლის 20–21 აგვისტოს და „ბრეჟნევის დოქტრინის“ გამოცხადება, რომლის მიხედვითაც საბჭოთა კავშირს ჰქონდა უფლება დაემხო ნებისმიერი კომუნისტური მთავრობა, რომელიც კრემლის მიერ განსაზღვრულ კურსს გადაუხვევდა. მაომ ბრეჟნევის დოქტრინა დაინახა, როგორც იდეოლოგიური გამართლება ჩინეთში საბჭოთა შეჭრისა და მისი მმართველობის დამხობისთვის. მან წამოიწყო მასშტაბური პროპაგანდისტული კამპანია ჩეხოსლოვაკიაში შეჭრის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე თავად დაგმო „პრაღის გაზაფხული“, როგორც „რევიზიონიზმი“.[15] 1968 წლის 21 აგვისტოს რუმინეთის ლიდერმა, ნიკოლაე ჩაუშესკუმ, ბუქარესტში, რევოლუციის მოედანზე, წარმოთქვა სიტყვა, რომელშიც ჩეხოსლოვაკიაში შეჭრა დაგმო. ეს გამოსვლა რუმინეთშიც და მის ფარგლებს გარეთაც აღიქმებოდა, როგორც საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის ფაქტობრივი დეკლარაცია. რუმინეთმა დაიწყო საბჭოთა გავლენის სფეროდან ჩინეთის გავლენის სფეროსკენ გადანაცვლება.
1968 წლის 23 აგვისტოს პეკინში, რუმინეთის საელჩოში გამართულ ბანკეტზე სიტყვით გამოსვლისას, ჭოუ ენლაიმ საბჭოთა კავშირი „ფაშისტურ პოლიტიკაში, დიდსახელმწიფოებრივ შოვინიზმში, ნაციონალურ ეგოიზმსა და სოციალურ იმპერიალიზმში“ დაადანაშაულა. მან ჩეხოსლოვაკიაში შეჭრა ვიეტნამის ომში ამერიკელების ქმედებებს შეადარა და უფრო მკვეთრად — ადოლფ ჰიტლერის პოლიტიკას ჩეხოსლოვაკიის მიმართ 1938–1939 წლებში. ჭოუმ სიტყვა დაასრულა ნახევრად შეფარული მოწოდებით ჩეხოსლოვაკიის ხალხისადმი, რათა მათ წითელი არმიის წინააღმდეგ პარტიზანული ომი დაეწყოთ.[15]
ჩინელი ისტორიკოსი ლი ტანხუეი წერდა: „უკვე 1968 წელს ჩინეთმა დაიწყო მზადება საზღვარზე მცირე ომის გასაჩაღებლად“. მან აღნიშნა, რომ 1969 წლის მარტამდე ჩინეთის ჯარებმა ორჯერ სცადეს საზღვარზე შეტაკების პროვოცირება, „მაგრამ საბჭოთა მხარემ, სისუსტის შეგრძნების გამო, არ მიიღო ჩინეთის გამოწვევა და უკან დაიხია“. კიდევ ერთი ჩინელი ისტორიკოსი, იან კუეისუნგი, წერდა: „1968 წელს უკვე სერიოზული სამზადისი მიმდინარეობდა, მაგრამ რუსები არ გამოჩნდნენ, ამიტომ დაგეგმილი ჩასაფრება წარუმატებელი აღმოჩნდა“.[16]
ბრძოლა ჭენპაოს (დამანსკის) კუნძულისთვის
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1969 წლის 2 მარტს, ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის ქვედანაყოფებმა ჭენპაოს კუნძულზე საბჭოთა მესაზღვრეებს ჩასაფრება მოუწყვეს. ჩინური წყაროების მიხედვით, საბჭოთა მხარემ დაკარგა 58 ადამიანი (დაღუპულები და დაჭრილები), ხოლო ჩინეთის დანაკარგი 29 დაღუპულს შეადგენდა.[17] საბჭოთა წყაროების თანახმად, კუნძულსა და გაყინულ მდინარეზე სულ მცირე 248 ჩინელი ჯარისკაცი დაიღუპა,[18] ხოლო საბჭოთა მესაზღვრეებს შორის დანაკარგი იყო 32 დაღუპული და 14 დაჭრილი.[19]
მას შემდეგ ორივე მხარე კონფლიქტის დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებს. თუმცა, სამეცნიერო წრეებში ჩამოყალიბდა კონსენსუსი, რომ სასაზღვრო კრიზისი იყო ჩინური მხარის მიერ წინასწარ დაგეგმილი აგრესიული აქტი. ამერიკელი მეცნიერი ლაილ ჯ. გოლდსტეინი აღნიშნავს, რომ „გლასნოსტის“ ეპოქის შემდეგ გამოქვეყნებული რუსული დოკუმენტები არასახარბიელო სურათს ხატავს შორეულ აღმოსავლეთში წითელი არმიის სარდლობის შესახებ (მაღალი რანგის გენერლებისთვის საბრძოლო მოქმედებების დაწყება მოულოდნელი აღმოჩნდა, ხოლო ქვედანაყოფების ჩართვა ბრძოლაში ქაოტურად ხდებოდა), თუმცა ყველა დოკუმენტი ჩინელებს აგრესორებად მოიხსენიებს.[20] ჩინელი ისტორიკოსების უმეტესობა ეთანხმება იმას, რომ 1969 წლის 2 მარტს ჩინურმა ძალებმა დაგეგმეს და განახორციელეს ჩასაფრება, რაც საბჭოთა მხარისთვის სრული მოულოდნელობა იყო.[16] კითხვა, თუ რატომ გადაწყვიტა ჩინეთის ხელმძღვანელობამ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ასეთი შეტევითი ზომების მიღება, კვლავ სადავო რჩება.[21]
რობინსონი, რომელიც თავის ანალიზს ძირითადად საბჭოთა წყაროებზე აფუძნებდა (იმ დროს ჩინური ფაქტობრივი ანგარიშების ნაკლებობის გამო),[22] წერს, რომ 2 მარტს, დაახლოებით 11:00 საათზე, ჩინურმა ძალებმა კუნძულზე მოულოდნელი თავდასხმა მოუწყვეს საბჭოთა სასაზღვრო პატრულს და მძიმე დანაკარგი მიაყენეს მათ. მალევე ახლომდებარე საგუშაგოდან საბჭოთა დამხმარე ძალები მივიდნენ, რომლებმაც, სავარაუდოდ, ჩინელებს ცეცხლით უპასუხეს, გარკვეული დროით ალყაში მოაქციეს ისინი და შემდეგ აიძულეს, საკუთარ ნაპირზე დაეხიათ. მთელი ბრძოლა დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. ორივე მხარე გამარჯვებას იჩემებდა, თუმცა ბრძოლის დასრულების შემდეგ კუნძულზე მუდმივად არცერთი მხარე არ დარჩენილა, თუმცა საბჭოთა სამხედროები პერიოდულად გადადიოდნენ კუნძულზე.[23]
რობინსონი აღნიშნავს, რომ გაურკვეველია, ვინ დაიწყო 1969 წლის 15 მარტის ბრძოლა. ორივე მხარე ამტკიცებდა, რომ მოწინააღმდეგე დაესხა თავს მათ დილის პატრულს. ბრძოლა დაახლოებით 09:45 ან 10:00 საათზე ჩინეთის ნაპირიდან არტილერიის ცეცხლით დაიწყო. თავდაპირველად რიცხობრივად აღმატებულმა ჩინურმა ძალებმა აიძულეს საბჭოთა სამხედროები, ან მთლიანად დაეტოვებინათ კუნძული, ან მის აღმოსავლეთ კიდეზე დაეხიათ. ამას მოჰყვა რუსული ტანკებისა და მექანიზებული ქვეითების კონტრშეტევა, რომელსაც მხარს უჭერდა ინტენსიური საარტილერიო ცეცხლის სამი ტალღა 13:00 საათზე, რამაც, როგორც ჩანს, გაარღვია ჩინელების პოზიციები კუნძულზე და მათ საკუთარი ნაპირისკენ დაიხიეს. ბრძოლა 19:00 საათზე დასრულდა. საბჭოთა კავშირს ჩინელების უკანდახევის შემდეგ კუნძულზე დიდი გარნიზონი არ განუთავსებია, თუმცა ინტენსიურ პატრულირებას აგრძელებდნენ.[24]
არსებობს მოვლენების ალტერნატიული ინტერპრეტაციაც. „კულტურულმა რევოლუციამ“ გაზარდა დაძაბულობა ჩინეთსა და საბჭოეთს შორის, რაც სასაზღვრო პატრულებს შორის შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. 1968 წლის 27 დეკემბერს რამდენიმე საბჭოთა ჯავშანმანქანა გადავიდა ჭენპაოს კუნძულზე და საბჭოთა ჯარისკაცები ხელკეტებით სცემდნენ ჩინელებს. 1969 წლის 23 იანვარს კუნძულზე კიდევ ერთი ძალადობრივი კონფლიქტი მოხდა, რის შედეგადაც, გავრცელებული ინფორმაციით, 28 ჩინელი ჯარისკაცი დაიჭრა. 1969 წლის 6-დან 25 თებერვლამდე კიდევ ხუთი მსგავსი ინციდენტი მოხდა, ხოლო სროლა 1969 წლის მარტში დაიწყო. მოვლენების ჩინური ვერსიით, 1969 წლის 2 მარტს, 08:40 საათზე, ჩინეთის სასაზღვრო პატრულის 30 თანამშრომელი, ორ ჯგუფად გაყოფილი, მიუახლოვდა კუნძულს, სადაც მათ დაახლოებით 70 საბჭოთა ჯარისკაცი დახვდათ სატვირთო ავტომობილითა და ორი ჯავშანმანქანით, რომლებიც ჩინელების ალყაში მოქცევას ცდილობდნენ. ჩინელები ამტკიცებენ, რომ საბჭოთა მხარემ ცეცხლი 09:17 საათზე გახსნა.[25] საბჭოთა კავშირმა უპასუხა ტანკებით, ჯავშანტრანსპორტიორებითა და საარტილერიო დაბომბვით. სამი დღის განმავლობაში ჩინეთის არმიამ წარმატებით შეაჩერა საბჭოთა შეღწევა და საბოლოოდ ჟენბაოს კუნძულიდან ყველა საბჭოთა ჯარისკაცი განდევნა. შეტაკებისას ჩინეთმა გამოიყენა ორი გაძლიერებული ქვეითი ოცეული საარტილერიო მხარდაჭერით. ჩინური წყაროების მიხედვით, საბჭოთა კავშირმა გამოიყვანა დაახლოებით 60 ჯარისკაცი და ექვსი BTR-60 ტიპის ამფიბიური ჯავშანტრანსპორტიორი, ხოლო მეორე შეტევისას — დაახლოებით 100 ჯარისკაცი, 10 ტანკი, 14 ჯავშანტრანსპორტიორი და არტილერია.[17] ჩინეთის არმია ამ დაპირისპირებისთვის ორი-სამი თვე ემზადებოდა.
ქვედანაყოფებიდან ჩინელებმა შეარჩიეს საბრძოლო გამოცდილების მქონე 900 ჯარისკაცი, რომლებსაც არმიის შტაბის წევრები მეთაურობდნენ. მათ გაიარეს სპეციალური მომზადება, მიიღეს აღჭურვილობა და წინასწარ, საიდუმლოდ დაიკავეს პოზიციები ჭენპაოს კუნძულზე.[6] ჩინელმა გენერალმა ჩენ სილიენმა განაცხადა, რომ ჩინეთმა ბრძოლის ველზე აშკარა გამარჯვება მოიპოვა.[26]
15 მარტს საბჭოთა მხარის საწყისი შეტევები მოგერიებულ იქნა მძიმე დანაკარგებით. საბჭოთა სასაზღვრო ჯარებმა ბრძოლა შეწყვიტეს, რის შემდეგაც შეტევაზე გადავიდა 135-ე მოტომსროლელი დივიზიის ბატალიონი ვიცე-პოლკოვნიკ სმირნოვის მეთაურობით. ბატალიონი მოხვდა ჩინელების მძიმე ტყვიამფრქვევის ცეცხლქვეშ, განიცადა დიდი დანაკარგი და კუნძულიდან დაიხია. 15 მარტის ბოლოს საბჭოთა გენერალმა ოლეგ ლოსიკმა გასცა ბრძანება იმ დროისთვის საიდუმლო „გრადის“ (BM-21 Grad) ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენების შესახებ. ცხრა საათიანი საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში საბჭოთა კავშირმა ჩინეთის მიმართულებით 10,000 საარტილერიო ჭურვი ისროლა და 36 საჰაერო რეისი განახორციელა.[7]
საბჭოთა ოფიციალურ პირებს მიაჩნდათ, რომ ამ დარტყმამ გამანადგურებელი შედეგი გამოიღო ჩინეთის ჯარებისა და აღჭურვილობისთვის, რისი გადამოწმებაც ჩინური წყაროებით ვერ ხერხდება. ჩინურმა ჯარებმა კუნძულზე პოზიციები დატოვეს, ხოლო საბჭოთა სამხედროებმა მდინარე უსურის რუსულ ნაპირზე დაიხიეს.[24] ვლადიმერ გოროდინსკი ამტკიცებს, რომ ჩინეთის ძირითად დაჯგუფებას კუნძულის მახლობლად „გრადის“ გამოყენების შედეგად მნიშვნელოვანი დანაკარგი არ განუცდია სარაკეტო ძალების შტაბის მიერ გათვლილი შეცდომის გამო. ის ამტკიცებს, რომ 21:00 საათის შემდეგ ჩინელებმა მძიმე ნაღმტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს არა მხოლოდ კუნძულს, არამედ საბჭოთა ტერიტორიასაც, რის გამოც მაიორი ვ. ნესოვი (135-ე დივიზიის მეთაური) იძულებული გახდა, გაეცა უკანდახევის ბრძანება 4-5 კილომეტრით ქვეყნის სიღრმეში დანაკარგების თავიდან ასაცილებლად. ნევილ მაქსველი აღნიშნავს, რომ აკადემიური ნაშრომების უმეტესობა ჭენპაოს ინციდენტის შესახებ კვლავ ამტკიცებს, რომ ეს იყო ჩინეთის მხრიდან პროვოცირებული აგრესიული აქტი და სსრკ უდავო გამარჯვებული დარჩა.[27]
16 მარტს საბჭოთა სამხედროები კუნძულზე დაღუპულების გამოსაყვანად შევიდნენ, ჩინელებს კი ცეცხლი არ გაუხსნიათ. 17 მარტს საბჭოთა მხარე შეეცადა კუნძულიდან დაზიანებული T-62 ტიპის ტანკის გამოყვანას, მაგრამ ჩინურმა არტილერიამ მათ უკან დაახევინა.[17] 21 მარტს საბჭოთა კავშირმა გაგზავნა მესანგრეთა ჯგუფი ტანკის ასაფეთქებლად, თუმცა ჩინელებმა ცეცხლი გახსნეს და ეს მცდელობაც ჩაშალეს.[17] ჩინეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მყვინთავების დახმარებით, ჩინეთის არმიამ T-62 ნაპირზე გამოიყვანა. მოგვიანებით ტანკი ჩინეთის სახალხო რევოლუციის სამხედრო მუზეუმს გადაეცა.
დამანსკის კუნძულზე შეტაკებების წინა და შემდგომ პერიოდში დაფიქსირდა საბჭოთა ჯაშუშური თანამგზავრების გაშვების მკვეთრი ზრდა, სავარაუდოდ ჩინეთის ძალებზე დაკვირვების მიზნით. 1969 წლის 25 თებერვლიდან 23 აპრილამდე ორბიტაზე 10 თანამგზავრი იქნა გაყვანილი (ექვსი პლესეცკის კოსმოდრომიდან და ოთხი ბაიკონურიდან), მაშინ როცა წინა ორ თვეში მხოლოდ ორი იყო გაშვებული.[28]
ბრძოლის შემდეგ ურთიერთობების კიდევ უფრო გაუარესების გამო, ლინ პიაომ გამოსცა №1 ბრძანება „საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერების შესახებ, რათა თავიდან იქნას აცილებული მტრის მოულოდნელი დარტყმა“.[29] მიღებულ ზომებს შორის იყო ჩინეთის სამი უმნიშვნელოვანესი საიდუმლო ბირთვული ქარხნის გადატანა საზღვრისპირა ზონიდან ქვეყნის შიდა რეგიონებში („მესამე ფრონტის“ ტერიტორიებზე).[29]
1991 წლამდე კუნძული სადავოდ რჩებოდა. ჩინური წყაროების მიხედვით, ჩინელებმა 1969 წლის აგვისტოს შემდეგ კუნძულზე ყაზარმები ააშენეს და მუდმივად იმყოფებოდნენ იქ. რიაბუშკინი კი ამტკიცებს, რომ საბჭოთა მესაზღვრეები აგრძელებდნენ ჩინელების ყველა მცდელობის აღკვეთას კუნძულზე გადასასვლელად 10 სექტემბრამდე, სანამ მათ ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება არ მიიღეს კოსიგინ-ჭოუს მოლაპარაკებების მოსამზადებლად, რომელიც 11 სექტემბერს გაიმართა.[30]

საბჭოთა კავშირის გმირები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დამანსკის კონფლიქტის დროს გამოჩენილი სიმამაცისა და მამაცობისთვის ხუთ საბჭოთა ჯარისკაცს მიენიჭა უმაღლესი ჯილდო — საბჭოთა კავშირის გმირი. პოლკოვნიკი დემოკრატ ლეონოვი 15 მარტს ოთხი T-62 ტანკისგან შემდგარ ჯგუფს ხელმძღვანელობდა კონტრშეტევისას; იგი ჩინელმა სნაიპერმა მოკლა იმ დროს, როდესაც განადგურებულ მანქანას ტოვებდა.
უფროსმა ლეიტენანტმა ვიტალი ბუბენინმა უხელმძღვანელა 23 ჯარისკაცისგან შემდგარ დამხმარე მისიას ახლომდებარე სასაზღვრო საგუშაგოდან და მოაწყო რეიდი BTR-60-ით ჩინელების ზურგში, რასაც, გავრცელებული ინფორმაციით, 248 თავდამსხმელის სიცოცხლე ემსხვერპლა. უმცროსმა სერჟანტმა იური ბაბანსკიმ მეთაურობა საკუთარ თავზე აიღო 2 მარტის ბრძოლაში, როდესაც მტერს ათმაგი უპირატესობა ჰქონდა და უფროსი ლეიტენანტი ივან სტრელნიკოვი დაიღუპა. მოგვიანებით ბაბანსკი ხელმძღვანელობდა სამძებრო-სამაშველო ჯგუფებს, რომლებმაც სტრელნიკოვისა და ლეონოვის ცხედრები გამოიტანეს. უმცროსი სერჟანტი ვლადიმერ ორეხოვი მონაწილეობდა 15 მარტის ბრძოლაში. როგორც მეტყვიამფრქვევე, იგი კუნძულზე გამაგრებული ჩინური ძალების წინააღმდეგ პირველ შემტევ ხაზში იმყოფებოდა. მან გაანადგურა მტრის ტყვიამფრქვევის ბუდე და ორჯერ დაიჭრა, თუმცა ბრძოლას ჭრილობებისგან გარდაცვალებამდე აგრძელებდა. ლენინის, წითელი დროშის, წითელი ვარსკვლავისა და დიდების ორდენები გადაეცა 54 ჯარისკაცსა და ოფიცერს, ხოლო მედლები „მამაცობისთვის“ და „საბრძოლო დამსახურებისთვის“ — 94 მესაზღვრესა და სამხედრო მოსამსახურეს.
ჩინეთის გმირები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1969 წლის მარტში საბჭოთა არმიასთან ჭენპაოს კუნძულზე შეტაკებების დროს, ჩინურმა ტანკსაწინააღმდეგო (RPG) ჯგუფმა — ხუა იუძიემ და მისმა თანაშემწემ, იუ ხაიჩანგმა — გაანადგურეს ოთხი საბჭოთა ჯავშანტრანსპორტიორი და ათზე მეტი მოწინააღმდეგე მოკლეს. ხუამ და იუმ ცენტრალური სამხედრო კომისიისგან მიიღეს „საბრძოლო გმირის“ წოდება, ხოლო მათი გმირობა საფოსტო მარკაზე იქნა უკვდავყოფილი.[31]
დიპლომატია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1969 წლის 17 მარტს ბრეჟნევმა ბუდაპეშტში მოიწვია ვარშავის პაქტის საგანგებო შეხვედრა ჩინეთის დაგმობის მიზნით. რუმინეთის ლიდერმა ჩაუშესკუმ, საბჭოთა კავშირის მხრიდან მნიშვნელოვანი ზეწოლის მიუხედავად, უარი თქვა ჩინეთის დამგმობ განცხადებაზე ხელის მოწერაზე. ჩაუშესკუს დაჟინებულობის გამო განცხადება საერთოდ არ გამოქვეყნებულა, რაც ფართოდ აღიქმებოდა საბჭოთა კავშირის დიპლომატიურ მარცხად. მომდევნო დღეს მოსკოვში 66 კომუნისტური პარტიის დელეგაციამ განიხილა მზადება მსოფლიო სამიტისთვის, რომელიც 1969 წლის 5 ივნისს მოსკოვში უნდა გამართულიყო. საბჭოთა წინადადება ჩინეთის დაგმობის შესახებ ჩაიშალა, რადგან რუმინეთის, იტალიის, ესპანეთის, შვეიცარიისა და ავსტრიის კომუნისტური პარტიების დელეგაციებმა მხარი დაუჭირეს ჩინეთის პოზიციას, რომლის მიხედვითაც სწორედ საბჭოთა კავშირი დაესხა თავს ჩინეთს და არა პირიქით.[32]
21 მარტს საბჭოთა პრემიერი ალექსეი კოსიგინი შეეცადა მაოსთან ტელეფონით დაკავშირებას ცეცხლის შეწყვეტის განსახილველად. ჩინელმა ოპერატორმა, რომელმაც კოსიგინის ზარს უპასუხა, მას „რევიზიონისტი ელემენტი“ უწოდა და ტელეფონი გაუთიშა. ჭოუ ენლაი, რომელსაც სურდა კოსიგინის შეთავაზების მიღება, შოკირებული იყო მაოს დაუფიქრებლობით: „ორი ქვეყანა ომშია, შიკრიკს თავს არავინ სჭრის“. პეკინში საბჭოთა საელჩოს დიპლომატებმა 22 მარტის დიდი ნაწილი ამაოდ გაატარეს მაოს პირადი ტელეფონის ნომრის მოპოვების მცდელობაში.[32] 22 მარტს მაომ შეხვედრა გამართა ოთხ მარშალთან, რომლებიც საბჭოთა კავშირთან მოსაზღვრე რეგიონებში ჩინურ ჯარებს მეთაურობდნენ, რათა დაეწყოთ მზადება შესაძლო სრულმასშტაბიანი ომისთვის. ჭოუ არაერთხელ მოუწოდებდა მაოს ცეცხლის შეწყვეტის განხილვისკენ, თუმცა დაეთანხმა მის გადაწყვეტილებას, არ ეპასუხა კოსიგინის ზარებისთვის. ჭოუს დასამშვიდებლად მაომ უთხრა: „დაუყოვნებლივ მოემზადეთ დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის“.[33]
1-დან 24 აპრილამდე გაიმართა ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-9 ეროვნული კონგრესი, სადაც მაომ ოფიციალურად გამოაცხადა 1966 წლის მაისში დაწყებული „კულტურული რევოლუციის“ დასრულება. მიუხედავად ამისა, კონგრესმა წამყვან პოზიციებზე აირჩია მაოს გავლენიანი მეუღლის, ძიანგ ცინგისა და თავდაცვის მინისტრის, ლინ პიაოს ულტრამემარცხენე ფრაქციების მიმდევრები. ორივე მათგანი საბჭოთა კავშირის მიმართ ხისტ კურსს უჭერდა მხარს.[33]
ამასობაში მაომ გასცა ბრძანება საზღვრის გასწვრივ „ღრმა თავდაცვის“ მოსამზადებლად, რადგან გაჩნდა რეალური შიში, რომ სასაზღვრო კრიზისი სრულმასშტაბიან ომში გადაიზრდებოდა. 1 მაისს, კულტურული რევოლუციით შელახული ჩინეთის იმიჯის გამოსასწორებლად, მაომ პეკინში პირველი მაისის დღესასწაულზე მიიწვია დიპლომატები მესამე სამყაროს რამდენიმე ქვეყნიდან.[33] შეკრებილ დიპლომატებთან მაომ ოფიციალური ბოდიში მოიხადა 1967 წელს „წითელგვარდიელების“ (ხუნვეიპინების) მიერ დიპლომატებზე თავდასხმებისა და საელჩოების დარბევის გამო. მაომ განაცხადა, რომ თითქოს არ იცოდა, რომ კულტურული რევოლუციის დროს ისინი ჩინეთში მცხოვრებ უცხოელებს სცემდნენ და ზოგჯერ კლავდნენ კიდეც. ასევე, მაომ გამოაცხადა, რომ კულტურული რევოლუციის დაწყების შემდეგ პირველად გააგზავნიდა ელჩებს საზღვარგარეთ ჩინეთის წარსადგენად (ელჩების უმეტესობა კულტურული რევოლუციის დროს უკან გაიწვიეს და სიკვდილით დასაჯეს). მაო მიხვდა, რომ ჩინეთის იზოლაცია პრობლემად იქცა, რადგან ქვეყანა საბჭოთა კავშირთან ომის ზღვარზე იდგა.[34]
5 მაისს კოსიგინი გაემგზავრა ინდოეთში, რომელიც მკვეთრად ანტიჩინურად იყო განწყობილი, რათა პრემიერ-მინისტრ ინდირა განდისთან განეხილა ჩინეთის წინააღმდეგ საბჭოთა-ინდური ალიანსის შესაძლებლობა. 14-დან 19 მაისამდე ნიკოლაი პოდგორნი ეწვია ჩრდილოეთ კორეას, რათა შეეცვალა კიმ ირ სენის ორიენტაცია ჩინეთის საწინააღმდეგოდ. კიმმა უარი თქვა ჩინეთისგან დისტანცირებაზე და მაოს მხარდასაჭერად ჩრდილოეთ კორეამ არ გააგზავნა დელეგაცია ივნისში მოსკოვში გამართულ კომუნისტური პარტიების მსოფლიო კონფერენციაზე.[34]
17 ივნისს აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, მაიკ მენსფილდმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობების ნორმალიზების მომხრე იყო, თეთრ სახლთან კონსულტაციით დაწერა წერილი, სადაც მაოს ჩინეთში ვიზიტსა და შეხვედრას სთხოვდა ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.[35] წერილი კამბოჯის მეფე ნოროდომ სიანუკს გაეგზავნა მაოსთვის გადასაცემად და 1969 წლის 26 ივლისს პეკინში ჩავიდა. ჩინეთის პასუხი მკაცრი იყო: ჭოუ ენლაიმ სიტყვით გამოსვლისას აშშ დაადანაშაულა ვიეტნამში „აგრესიასა“ და ტაივანის „ოკუპაციაში“. 1 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი ეწვია პაკისტანს, ჩინეთის ახლო მოკავშირეს, რათა გენერალ იაჰია ხანისთვის ეთხოვა მაოსთვის შეტყობინების გადაცემა ჩინეთთან ურთიერთობების ნორმალიზების სურვილის შესახებ, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირთან არსებული კრიზისის ფონზე.[36]
2-3 აგვისტოს ნიქსონი ეწვია რუმინეთს, რათა შეხვედროდა ჩაუშესკუს და მისთვისაც იგივე თხოვნით მიემართა.[36] ჩაუშესკუ დათანხმდა და 7 სექტემბერს რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა, იონ გეორგე მაურერმა, რომელიც ჰანოიში ხო ში მინის დაკრძალვას ესწრებოდა, ჭოუ ენლაის გადასცა, რომ ნიქსონს ჩინეთთან დაახლოება სურდა.[37]
დასავლეთ საზღვარი: სინძიანგი (1969)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წინაპირობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საბჭოთა ისტორიოგრაფია, კერძოდ კი „უიღურული კვლევები“, სულ უფრო მეტად პოლიტიზირებული ხდებოდა 1960-იანი და 1970-იანი წლების ჩინეთ-საბჭოთა განხეთქილების შესაბამისად. ერთ-ერთი საბჭოთა თურქოლოგი, თურსუნ რახმინოვი, რომელიც საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიისთვის მუშაობდა, ამტკიცებდა, რომ თანამედროვე უიღურებმა დააარსეს ძველი ტოღუზ-ოღუზის სახელმწიფო (744–840), ყარა-ხანიდების სახაკანო (840–1212) და ა.შ. წინარე-მოდერნული სახელმწიფოების ომები ჩინური დინასტიების წინააღმდეგ წარმოდგენილი იყო, როგორც უიღური ეთნიკური ჯგუფის ბრძოლა ეროვნული განთავისუფლებისთვის. საბჭოთა ისტორიოგრაფია ამ საკითხებში თანმიმდევრული არ იყო; მაგალითად, როდესაც ჩინეთ-საბჭოთა ურთიერთობები უფრო თბილი იყო, „სამი ოლქის რევოლუცია“ საბჭოთა ისტორიკოსების მიერ აღიწერებოდა, როგორც ჩინეთის სამოქალაქო ომის დროს გომინდანისადმი ოპოზიციის ნაწილი და არა როგორც ანტიჩინური ბრძოლა ეროვნული განთავისუფლებისთვის. საბჭოთა კავშირი ასევე ახალისებდა უიღურების მიგრაციას თავის ტერიტორიაზე, ყაზახეთის სსრ-ში, 4,380 კმ სიგრძის საზღვრის გასწვრივ. 1962 წლის მაისში, სინძიანის პროვინციიდან 60,000 უიღური გადავიდა საბჭოთა კავშირში, რათა თავი დაეღწიათ „დიდი ნახტომის“ შედეგად გამოწვეული შიმშილისა და ეკონომიკური ქაოსისთვის.[38]
სინძიანის შეტაკებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]10 ივნისს 50 საბჭოთა ჯარისკაცი თავს დაესხა ჩინეთის ძალებს სინძიანგში.[10](p151) 13 აგვისტოს დაახლოებით 300-მა საბჭოთა ჯარისკაცმა, ტანკებისა და ორი ვერტმფრენის მხარდაჭერით, შეუტია და დაამარცხა ჩინეთის ძალები ტიელიეკეტიში.[10](p151) გაზრდილმა დაძაბულობამ წარმოშვა ჩინეთსა და საბჭოთა კავშირს შორის სრულმასშტაბიანი ბირთვული ომის საფრთხე.[39] როგორც თებერვალში, ამ შეტაკებებმაც გამოიწვია სადაზვერვო თანამგზავრების გაშვების ახალი ტალღა, რაც განსაკუთრებით დაჩქარდა 10 ივნისის ბრძოლის შემდეგ (ოთხი თანამგზავრი გაეშვა 13 აგვისტოს თავდასხმიდან სამი კვირის განმავლობაში).[28]
ხო ში მინის დაკრძალვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გადამწყვეტი მოვლენა, რომელმაც შეაჩერა კრიზისის სრულმასშტაბიან ომში გადაზრდა, იყო ხო ში მინის გარდაცვალება 1969 წლის 2 სექტემბერს. მის დაკრძალვას ესწრებოდნენ როგორც ჭოუ ენლაი, ისე კოსიგინი, თუმცა სხვადასხვა დროს. ჭოუ ჰანოიდან სასწრაფოდ გაფრინდა, რათა კოსიგინთან ერთ ოთახში ყოფნა აეცილებინა. ჩრდილოეთ ვიეტნამის მთავარი მხარდამჭერების ერთმანეთთან ომის შესაძლებლობამ შეაშფოთა ჩრდილოეთ ვიეტნამელები. დაკრძალვის დროს საბჭოთა და ჩინურ მხარეებს შორის შეტყობინებების გაცვლა ჩრდილოეთ ვიეტნამელების მეშვეობით მოხდა. ამავდროულად, ნიქსონის შეტყობინებამ მაურერის მეშვეობით ჩინეთამდე მიაღწია და პეკინში გადაწყდა „ამერიკელების მადა გაეღვიძებინათ“ ჩინეთის სიძლიერის დემონსტრირებით.[40]
ჭოუ ამტკიცებდა, რომ საბჭოეთთან ომი შეასუსტებდა ჩინეთის პოზიციებს შეერთებულ შტატებთან მიმართებაში. ჩინელები უფრო მეტად იყვნენ დაინტერესებულნი შეერთებულ შტატებთან დაახლოების (რაპროშმანის) შესაძლებლობით თაივანის საკითხის მოსაგვარებლად, ვიდრე აშშ-ის მოკავშირედ გამოყენებით საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც კოსიგინი ხოს დაკრძალვას დაესწრო, თვითმფრინავს, რომელსაც ის მოსკოვში გადაჰყავდა, უარი ეთქვა ჩინეთის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე, რის გამოც იგი იძულებული გახდა საწვავის შესავსებად კალკუტაში დაშვებულიყო. ინდოეთში კოსიგინმა ინდოეთის მთავრობის მეშვეობით მიიღო შეტყობინება, რომ ჩინელები მზად იყვნენ მშვიდობის განსახილველად, რის გამოც იგი მოსკოვის ნაცვლად პეკინში გაფრინდა.[40]
შეფასება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ომისპირა მდგომარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1960-იანი წლების დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა „მოსინჯა“ საბჭოთა ინტერესი ჩინეთის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედების შესახებ; საბჭოთა კავშირი მაშინ მხოლოდ ჩინეთის მიერ 1963 წლის ბირთვული გამოცდების ნაწილობრივი აკრძალვის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დარწმუნებით შემოიფარგლა. ახლა კი საბჭოთა კავშირმა დაიწყო ზონდირება, თუ როგორი იქნებოდა აშშ-ის რეაქცია, თუ მოსკოვი თავს დაესხმოდა ამ ობიექტებს. იყო თუ არა ეს ჩინეთის დაშინების მცდელობა თუ რეალური საბჭოთა გეგმა, უცნობია,[41] თუმცა საბჭოთა კავშირმა მიმართა სხვა უცხოურ მთავრობებს და კომუნისტური პარტიების ლიდერებს, რათა მათ ჩინეთისთვის ბირთვული საფრთხის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინათ. 1969 წლის აგვისტოში CIA-მ აღწერა კონფლიქტი, როგორც „ფეთქებადი პოტენციალის“ მქონე.[42] სააგენტო აცხადებდა, რომ „მათ შორის ომის პოტენციალი აშკარად არსებობს“ და ჩინეთი „სსრკ-ს თავის ყველაზე უშუალო მტერად აღიქვამს“.[43] ალენ უაიტინგი ვარაუდობდა, რომ საბჭოთა კავშირი შესაძლოა იძულებული გამხდარიყო ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოეყენებინა ჩინური მასიური ქვეითი შეტევების („ადამიანური ტალღების“) წინააღმდეგ.
ჩინელებს არ სჯეროდათ საბჭოთა ბირთვული თავდასხმის ალბათობის 27 აგვისტომდე, სანამ CIA-ს დირექტორმა რიჩარდ ჰელმსმა არ გამოაცხადა, რომ საბჭოთა კავშირმა უცხოურ მთავრობებს ჰკითხა მათი რეაქციის შესახებ ჩინეთზე პრევენციული თავდასხმის შემთხვევაში. ჩინეთისთვის ეს ნიშნავდა, რომ აშშ სერიოზულად აღიქვამდა ამ საფრთხეს. შეერთებულმა შტატებმა გადადგა ნაბიჯები თავისი ბირთვული ბომბდამშენების მზადყოფნისთვის.[44](p253)
ამ ნაბიჯებმა გააკვირვა მაო და აიძულა ჩინეთის ლიდერები პეკინის ევაკუაცია მოეხდინათ. ჩინეთი შეეცადა დაძაბულობის შემცირებას და საბჭოთა მხარესთან კონტაქტზე ხო ში მინის დაკრძალვის დროს გავიდა. 1969 წლის 11 სექტემბერს კოსიგინი პეკინის აეროპორტში შეხვდა ჭოუ ენლაის. მხარეები შეთანხმდნენ ელჩების დაბრუნებაზე და სასაზღვრო მოლაპარაკებების დაწყებაზე. 1969 წლის 23 და 29 სექტემბერს ჩინეთმა ჩაატარა ორი გამოუცხადებელი ბირთვული გამოცდა (მეორე იყო 3 მეგატონიანი თერმობირთვული მოწყობილობა), რათა დაედასტურებინა თავისი ბირთვული შესაძლებლობები.
თავდასხმის შესაძლო მიზეზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დასავლელი ისტორიკოსები თვლიან, რომ ჭენპაოს კუნძულისა და სინძიანგის შეტაკებები ძირითადად გამოწვეული იყო მაოს სურვილით, გამოეყენებინა ლოკალური სამხედრო უპირატესობა შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის 1969 წელს.[45] იან კუისონგი ასკვნის, რომ შეტაკებები მაო ძედუნის შიდა მობილიზაციის სტრატეგიის შედეგი იყო, რაც დაკავშირებული იყო მის წუხილთან „კულტურული რევოლუციის“ განვითარების გამო.[46]
რუსი ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ კონფლიქტი მომდინარეობდა ჩინეთის სურვილიდან, დაეკავებინა წამყვანი როლი მსოფლიოში და განემტკიცებინა კავშირები აშშ-სთან. 2004 წლის რუსული დოკუმენტური ფილმის მიხედვით, მაო ცდილობდა თავისი ქვეყანა მსოფლიო პერიფერიიდან პოლიტიკის ცენტრში გადაეყვანა. სხვა ანალიტიკოსები თვლიან, რომ ჭენპაოზე თავდასხმით ჩინეთს სურდა საბჭოთა კავშირის შეკავება და იმის ჩვენება, რომ ჩინეთის „დაჩაგვრა“ შეუძლებელი იყო.[7]
შედეგი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანალიტიკოსების უმეტესობა ამ კონფლიქტს საბჭოთა კავშირის გამარჯვებად აფასებს, რადგან დავა ეხებოდა არა საბოლოო საზღვარს, არამედ იმას, გაიმართებოდა თუ არა საერთოდ მოლაპარაკებები. შედეგი მოსკოვისთვის სასარგებლო აღმოჩნდა, რადგან ჩინეთი უხალისოდ დათანხმდა სასაზღვრო მოლაპარაკებებს. კონფლიქტი დასრულდა 1969 წლის 20 ოქტომბერს, როდესაც ჩინეთი მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმდა.[1]
შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დამანსკის ინციდენტმა აჩვენა აშშ-ს, რომ ჩინეთი მზად იყო სერიოზული დიალოგისთვის. კონფლიქტის შემდეგ აშშ-მა გამოხატა ინტერესი კავშირების გამტკიცებისადმი, რაც გამოიხატა 1971 წელს ჰენრი კისინჯერის საიდუმლო ვიზიტით ჩინეთში. ამან გზა გაუკაფა ნიქსონის ვიზიტს 1972 წელს.[47]
ჩინეთ-საბჭოთა ურთიერთობები კონფლიქტის შემდეგ კვლავ მტრული რჩებოდა. ქვეყნის შიგნით ომის საფრთხემ გამოიწვია ჩინეთის სრული მილიტარიზაცია. ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-9 კონგრესმა თავდაცვის მინისტრი ლინ პიაო მაოს ოფიციალურ მემკვიდრედ დაამტკიცა. 1969 წლის მოვლენების შემდეგ საბჭოთა კავშირმა კიდევ უფრო გაზარდა თავისი ძალები ჩინეთის საზღვართან და მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკაში.
მთლიანობაში, ჩინეთ-საბჭოთა დაპირისპირებამ, რომელმაც პიკს 1969 წელს მიაღწია, გზა გაუხსნა საერთაშორისო პოლიტიკური სისტემის ღრმა ტრანსფორმაციას.
სასაზღვრო მოლაპარაკებები: 1990–2000-იანი წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საზღვრის დემარკაციის შესახებ სერიოზული მოლაპარაკებები მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის წინ, 1991 წელს დაიწყო. 1991 წლის 16 მაისს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა ძიანგ წემინმა და საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა მიხეილ გორბაჩოვმა, ძიანგის მოსკოვში ვიზიტისას, ხელი მოაწერეს ჩინეთ-საბჭოთა სასაზღვრო შეთანხმებას. კერძოდ, ორივე მხარე შეთანხმდა, რომ კუნძული ჩინეთს ეკუთვნოდა (აღსანიშნავია, რომ შეთანხმების მომენტში კუნძულზე კონტროლს ორივე მხარე იჩემებდა). 1995 წლის 17 ოქტომბერს მიღწეულ იქნა შეთანხმება საზღვრის ბოლო 54 კილომეტრიან მონაკვეთზე, თუმცა ამურისა და არგუნის მდინარეებზე მდებარე სამი კუნძულის საკითხი სამომავლოდ გადაიდო.
2001 წლის 16 ივლისს რუსეთმა და ჩინეთმა ხელი მოაწერეს კეთილმეზობლობის, მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას. ამ დოკუმენტის მე-9 მუხლი წააგავს ნატოს (NATO) მე-5 მუხლს: ის ავალდებულებს ორივე მხარეს, რომ საფრთხის შემთხვევაში „დაუყოვნებლივ დაამყარონ კონტაქტი და გამართონ კონსულტაციები ამგვარი საფრთხის აღმოსაფხვრელად“.[48]
2003 წლის 14 ოქტომბერს ხელმოწერილი სასაზღვრო შეთანხმებით საბოლოო დავა გადაიჭრა. ჩინეთს გადაეცა კონტროლი ტარაბაროვის კუნძულზე (კუნძული ინლუნგი), კუნძულ ჭენპაოზე და დიდი უსურიის კუნძულის (კუნძული ხეისიაძი) დაახლოებით 50%-ზე ხაბაროვსკის მახლობლად. ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ეროვნული კონგრესის მუდმივმოქმედმა კომიტეტმა შეთანხმების რატიფიცირება 2005 წლის 27 აპრილს მოახდინა, ხოლო რუსეთის დუმამ — 20 მაისს. 2 ივნისს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლი ჭაოსინგმა და მისმა რუსმა კოლეგამ, სერგეი ლავროვმა, სარატიფიკაციო დოკუმენტები გაცვალეს.[49]
2008 წლის 21 ივლისს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იანგ ძიეჩიმ და სერგეი ლავროვმა პეკინში ხელი მოაწერეს დამატებით შეთანხმებას ჩინეთ-რუსეთის საზღვრის ხაზის შესახებ, რითაც დასრულდა საზღვრის აღმოსავლეთი მონაკვეთის დემარკაცია. ხელი მოეწერა დამატებით პროტოკოლს თანდართული რუკით. ამ შეთანხმებით ჩინეთმა საბოლოოდ მიიღო საკუთრება კუნძულებზე: ინლუნგი (ტარაბაროვი) და ხეისიაძის (დიდი უსურიის) კუნძულის ნახევარი.[50]
XXI საუკუნეში, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ვერსია ამ კონფლიქტის შესახებ, რომელიც პარტიის ბევრ ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული, 1969 წლის მარტის მოვლენებს აღწერს, როგორც საბჭოთა აგრესიას ჩინეთის წინააღმდეგ.[51]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Olgin, Vladimir. On the Soviet-Chinese Border: Questions and Answers. Novosti Press Agency Publishing House, 1978.
- Ryabushkin and Orenstein, The Sino-Soviet Border War of 1969 Volume 2: Confrontation at Lake Zhalanashkol August 1969, Helion & Co., 2021.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Damansky Island Incident Part 1 (English Subtitles) YouTube
- Map showing some of the disputed areas
- Sino-Soviet Border Conflict, 1969
- How Comrade Mao was perceived in the Soviet Union
- The Sino-Soviet Border Conflict: Deterrence, Escalation, and the Threat of Nuclear War in 1969 დაარქივებული 2017-01-10 საიტზე Wayback Machine.
- New Documents on the Sino-Soviet Ussuri Border Clashes of 1969
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Bescorner, Bryce Allen. The Spread of Nuclear Technology: The Difficulty of Arms Control and the Consequences of Nuclear Proliferation. University of Kentucky, გვ. 38–39.
- ↑ Kenneth G. Weiss (1982). POWER GROWS OUT OF THE BARREL OF A GUNBOAT: THE U.S. IN SINO-SOVIET CRISES. CNA, გვ. 37.
- 1 2 Ryabushkin, D. A. (2004). Мифы Даманского. АСТ, გვ. 151, 263–264. ISBN 978-5-9578-0925-8.
- ↑ Kuisong, pp. 25, 26, 29
- ↑ Kuisong, p. 25
- 1 2 Kuisong, pp. 28–29
- 1 2 3 4 5 6 Gerson, Michael S.. (November 2010) The Sino-Soviet Border Conflict: Deterrence, Escalation, and the Threat of Nuclear War in 1969.
- ↑ Baylis, John (1987). Contemporary Strategy: Theories and concepts. Lynne Rienner Pub, გვ. 89. ISBN 978-0-8419-0929-8.
- ↑ McCauley, M. (2017). The Cold War 1949-2016, Seminar Studies. Taylor & Francis, გვ. 108. ISBN 978-1-351-81819-3.
- 1 2 3 4 5 6 Li, Xiaobing (2018). The Cold War in East Asia. Abingdon, Oxon: Routledge. ISBN 978-1-138-65179-1.
- 1 2 Millward, James (2007). Eurasian Crossroads: A History of Xinjiang. Columbia University Press, გვ. 208. ISBN 978-1-85065-818-4.
- 1 2 Forbes, Andrew (1986). Warlords and Muslims in Chinese Central Asia: A Political History of Republican Sinkiang 1911–1949. CUP Archive, გვ. 175, 178, 188. ISBN 0521255147.
- 1 2 Wang, Zhen 王楨. Huángpái dàfàngsòng 皇牌大放送, "Duóbǎo bīngyuán——ZhōngSū Zhēnbǎo dǎo chōngtú 45 zhōunián jì" 奪寶冰原——中蘇珍寶島衝突45周年記 [Fighting for the treasure on icefield—Sino-Soviet Zhenbao Island conflict 45th anniversary]. Aired 5 April 2014 on Phoenix Television. https://www.youtube.com/watch?v=NtzIuc5FIMk დაარქივებული 15 February 2020 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Shah, Sikander Ahmed (February 2012). „River Boundary Delimitation and the Resolution of the Sir Creek Dispute Between Pakistan and India“ (PDF). Vermont Law Review. 34 (357): 364. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 22 December 2012. ციტირების თარიღი: 18 February 2015.
- 1 2 Rea 1975, p. 22.
- 1 2 Goldstein 2003, p. 59.
- 1 2 3 4 "Zhēnbǎo dǎo zìwèi fǎnjí zhàn de qინგkuàng jièshào" 珍宝岛自卫反击战的情况介绍, Zhànbèi jiàoyù cáiliào 战备教育材料, p. 3–5, 7–9.
- ↑ Kuzmina, N.. (15 March 2010) ru:Как Виталий Бубенин спас Советский Союз от большого позора ru. SakhaNews. ციტირების თარიღი: 10 March 2018
- ↑ ru:Некоторые малоизвестные эпизоды пограничного конфликта на о. Даманском ru. ციტირების თარიღი: 10 March 2018
- ↑ Goldstein 2003, p. 58.
- ↑ Goldstein, p. 988, 990–995.
- ↑ Robinson, p.p. 1187–1188
- ↑ Robinson, pp. 1187–1189
- 1 2 Robinson, p.p. 1189-1190
- ↑ Yang Kuisong (August 2000). „The Sino-Soviet Border Clash of 1969: From Zhenbao Island to Sino-American Rapprochment“. Cold War History. 1 (1): 21–52. doi:10.1080/713999906. S2CID 155018048.
- ↑ Kuisong, p.29
- ↑ Maxwell, Neville (2007-06-01). „How the Sino-Russian boundary conflict was finally settled“. Critical Asian Studies. 39 (2): 249. doi:10.1080/14672710701340079. ISSN 1467-2715. S2CID 142784982.
- 1 2 Philip J. Klass (6 April 1970). „USSR Accelerates Recon Satellite Pace“. Aviation Week. McGraw-Hill: 72-78.
- 1 2 Zhang, Hui (2025). The Untold Story of China's Nuclear Weapon Development and Testing: A Technical History, Belfer Center Studies in International Security. Cambridge, Massachusetts: The MIT Press. ISBN 978-0-262-05182-8.
- ↑ Ryabushkin, D. S. (2004). ru:Мифы Даманского. Moscow: AST, გვ. 264.
- ↑ Lai, Benjamin (20 November 2012). The Chinese People's Liberation Army since 1949: Ground Forces. Bloomsbury, გვ. 12.
- 1 2 Lüthi 2012, p. 384.
- 1 2 3 Lüthi 2012, p. 385.
- 1 2 Lüthi 2012, p. 386.
- ↑ Lüthi 2012, p. 388-389.
- 1 2 Lüthi 2012, p. 389.
- ↑ Lüthi 2012, p. 390.
- ↑ Bellér-Hann, Ildikó (2007). Situating the Uyghurs Between China and Central Asia. Ashgate Publishing, გვ. 38–41. ISBN 9780754670414.
- ↑ Kuisong
- 1 2 Lüthi 2012, p. 391.
- ↑ The Sino-Soviet Border Conflict, 1969. George Washington University (2001-06-12). ციტირების თარიღი: 2023-07-19
- ↑ The President's Daily Brief გვ. 3–4. Central Intelligence Agency (14 August 1969). ციტირების თარიღი: 29 August 2016
- ↑ The President's Daily Brief. Central Intelligence Agency (13 August 1969). ციტირების თარიღი: 29 August 2016
- ↑ Wang, Frances Yaping (2024). The Art of State Persuasion: China's Strategic Use of Media in Interstate Disputes. Oxford University Press. ISBN 9780197757512.
- ↑ Goldstein, p. 997.
- ↑ Kuisong, p. 22.
- ↑ Davydov, Grigori. (20 March 2001) Henry Kissinger plays ping-pong. Tabletennis.hobby.ru. ციტირების თარიღი: 29 September 2012
- ↑ Treaty of Good-Neighborliness and Friendly Cooperation Between the People's Republic of China and the Russian Federation. ციტირების თარიღი: 19 April 2022
- ↑ China, Russia solve all border disputes. Xinhua (2 June 2005). ციტირების თარიღი: 23 July 2008
- ↑ China, Russia complete border survey, determination. Xinhua (21 July 2008). ციტირების თარიღი: 23 July 2008
- ↑ Astashin, Nikita. ru:Новейшая фальсификация Китаем истории конфликта на острове Даманский и бездействие МИД России (PDF download).