სროლა ელ-პასოში (2019)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სროლა ელ-პასოში, 2019)

სროლა ელ-პასოში — მასობრივი სროლა აშშ-ის ტეხასის შტატის ქალაქ ელ-პასოს Walmart-ის სავაჭრო ცენტრში 2019 წლის 3 აგვისტოს დილას. თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით დაიღუპა 22 ადამიანი, 24 დაიჭრა.[1] ფედერალური საგამოძიებო ბიურო მოწყობილი სასაკლაოს საქმეს შიდა ტერორიზმად და სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულად აფასებს.[2][3]

მომხდარიდან მალევე დაკავებულ იქნა 21 წლის პატრიკ ვუდ კრუსიუსი. მას ბრალად წაეყენა მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში[4], რომლისთვისაც ერთ-ერთი შესაძლო სასჯელი სასიკვდილო განაჩენია გათვალისწინებული. პოლიციის ცნობით, მსროლელმა თავდასხმიდან რამდენიმე წუთით ადრე ქსელში გამოაქვეყნა 2 300 სიტყვიანი მანიფესტი, რომელშიც თავდასხმის მიზეზად თეთრი რასის და კულტურის დაცვის აუცილებლობას ასახელებს; მანიფესტში სუძულვილია გამოთქმული ლათინო-ამერიკელი ხალხის მიმართ, რომლებიც შეერთებულ შტატებში ემიგრირდებიან.[5] სავარაუდოდ მსროლელის შთაგონების წყარო იმავე წელს ახალ ზელანდიაში მომხდარი მასობრივი მკვლელობა გახდა.

თავდასხმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოვლენები განვითარდა ჰიპერმარკეტ Walmart-ში, სავაჭრო ცენტრ Cielo Vista Mall-ის ახლოს, ქალაქ ელ-პასოს აღმოსავლეთით. მარტოხელა მსროლელი შევიდა მაღაზიაში, რა დროსაც ხელში ეკავა ნახევრად-ავტომატური იარაღი, სავარაუდოდ WASR-10,[6] აკ-47-ის სამოქალაქო ვერსია. მაღაზიაში შესვლისთანავე, დილის 10:40 საათზე თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა.[7]

ზოგიერთი თვითმხილველის გახსენებით, მსროლელმა ცეცხლი მომხმარებლების მიმართ მანქანების სადგომზე გახსნა, მანამ, სანამ შენობაში შევიდოდა. როდესაც მაღაზიის მენეჯერმა მსროლელი დაინახა, თანამშრომლებს „კოდი ყავისფერის“ შესახებ აცნობა, რაც შეიარღებული მსროლელის შეღწევის შესახებ განგაშს ნიშნავს.[8][9] ბევრმა თვითმხილველმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სანამ გაიაზრებდნენ მომხდარს და გაიგებდნენ რა ხდებოდა სინამდვილეში, სროლის ხმა ჭერის კონსტრუქციის ან ფეიერვერკის ხმა იყო. მომხდარის დროს, ბევრი თანამშრომელი და მომხმარებელი მსროლელისგან გადასარჩენად მეზობელი სავაჭრო ცენტრის მაღაზიებს შეაფარა თავი; ზოგი მაგიდების ქვეშ,[10] ზოგიც შენობის უკან მდგომი სატარანსპორტო კონტეინერებში დაიმალა.[11]

საგანგებო სიტუაციები 9-1-1-ის დისპეტჩერებთან პირველი შეტყობინების შესვლიდან ადგილზე პირველი ძალები ექვს წუთში მივიდნენ.[12] მობილიზებულ სამსახურებს შორის იყო ელ-პასოში FBI-ის სავალე სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმი, ალკოჰოლის, თამბაქოს, ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთერებების ბიუროს დალასის საველე ქვედანაყოფი და ტეხასის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები და სასაზღვრო პატრულის ტაქტიკური შენაერთი.[3] მოვლენების სცენაზე ერთ-ერთი პირველები მივიდნენ ასევე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისგან თავისუფალი პოლიციის თანამშრომლები. ელ-პასოს პოლიციის ხელმძღვანელის თქმით, მოვლენების ეპიცენტრში პოლიციის არც ერთ ოფიცერს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების აუცილებლობა არ ჰქონია და არცერთი გასროლა პოლიციის მხრიდან არ ყოფილა.

სროლის შემდეგ, ეჭვმიტანილი პატრიკ ვუდ კრუსიუსი მანქანით ახლომდებარე გზაჯვარედინამდე მივიდა, სადაც განაცხადა, რომ იყო მსროლელი და ჩაბარდა ტეხასის რეინჯერებსა[13] და ელ-პასოს მოტო-პოლიციის ოფიცრებს.[14]

მსხვერპლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სროლის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა და 24 დაიჭრა. ერთი დაშავებული მომხდარიდან მომდევნო დღეს გარდაიცვალა, ხოლო ერთი — ორი დღის შემდეგ. მოკლულებს შორის იყვნენ ცამეტი ამერიკელი, რვა მექსიკელი და ერთი გერმანელი. 22 მოკლულის სახელები, ასაკი და მოქალაქეობა ელ-პასოს პოლიციის დეპარტამენტმა 5 აგვისტოს გაასაჯაროვა. გარდაცვლილებიდან ჩვიდმეტი 56 და მეტი წლის იყვნენ, ორი იყო 40 წელს გადაცილებლი, ორი — 20 წელს გადაცილებული, ხოლო ერთი 15 წლის.

ცამეტი დაშავებული გადაყვანილ იქნა ელ-პასოს საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრში, თერთმეტი გადაიყვანეს დელ-სოლის სამედიცინო ცენტრში. ორი ბავშვი, 2 და 9 წლისები, გადაყვანილ იქნენ ელ-პასოს ბავშვთა ჰოსპიტალში. დელ-სოლში გადაყვანილი პაციენეტები 35-დან 82 წლამდე იყვნენ.

ეჭვმიტანილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პატრიკ ვუდ კრუსიუსი დაკავებულ იქნა სროლის ფაქტიდან მალევე და ბრალად დაედო მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში. ცნობილია, რომ 21 წლის ახალგაზრდა ბოლო დროს ოჯახთან ერთად ტეხასის შტატის ქალაქ ალენში ცხოვრობდა, რომელიც 1 050 კილომეტრითაა დაშორებული ელ-პასოდან. 207 წელს მან დაამთავრა პლანოს საშუალო სკოლა ტეხასში, და ჩაირიცხა კოლინის კოლეჯში, სადაც 2017-დან 2019 წლის გაზაფხულამდე სწავლობდა.

პოლიციის განცხადებით, იარაღი, რომლითაც სასაკლაო მოეწყო, ეჭვმიტანილის მიერ შეძენილია კანონიერად, თუმცა შენაძენის შესახებ დეტალები წარმოდგენილი არ ყოფილა. ABC News-თან საუბარში ორმა ძალოვანმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილმა წინასწარი დაკავების იზოლატორში „გამომძიებლებს უთხრა, რომ სსურდა ესროლა იმდენი მექსიკელისთვის, რამდენიც შესაძლებელი იყო“.

მანიფესტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიციის განცხადებით ისინი საფუძვლიანად დარწმუნებულნი არიან, რომ ანტი-ისპანიკური, მიგრანტ-საწინააღმდეგო მანიფესტი, რომელიც სროლიდან 27 წუთით ადრე გამოქვეყნდა პოპულარული ინტერნეტ-ფორუმის 8chan-ის /pol/ განყოფილებაში სათაურით „უხერხული ჭეშმარიტება“ (The Inconvenient Truth), კავშირშია ეჭვმიტანილთან. 8chan-ის მოდერატორებმა მალევე ამოღეს თავდაპირველი პოსტი, თუმცა, მომხმარებლები აგრძელებდნენ ბმულების გაზიარებასა და გავრცელებას. მანიფესტში მხარდაჭერილია კრაისტჩერჩის მეჩეთებში მოწყობილი სასაკლაო მიმართ და გამოთქმულია წუხილი „ისპანიკური შემოსევის“, სამხედრო იმპერიალიზმის, ავტომატიზაციის, დიდი კორპორაციების და გარემოს მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით.

გავრცელებული მანიფესტი ახალისებს თეთრ ნაციონალიზმს და ულტრამემარჯვენე კონსპირაცის თეორიას „დიდი ჩანაცვლების“ შესახებ. The New York Times-ის შეფასებით, მანიფესტი შეიცავს რასობრივი ექსტრიმიზმის მაგალითებს და მოყავს ამონარიდი: „ისპანიკელები ხელში ჩაიგდებენ ჩემი საყვარელი ტეხასის ადგილობრივ და შტატის ხელისუფლებას, შეცვლიან პოლიტიკას იმგვარად, რომ უკეთ მოერგოს მათ საჭიროებებს“ (Hispanics will take control of the local and state government of my beloved Texas, changing policy to better suit their needs). მასში განცხადებულია, რომ ისპანიკელები და მათ მიერ თეთრებთან შეწყვილებები რასის სისუფთავის დაკარგვას გამოიწვევენ. მასში კრიტიკულადაა შეფასებული ევროპაში იარაღის კონტროლის მკაცრი კანონები, რაც არგუმენტირებულია იმით, რომ ასეთი მკაცრი კანონები შეუძლებელს გახდის იმიგრანტების მოგერიებას.

მანიფესტში კრიტიკულადაა შეფასებული აშშ-ის რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების მოღვაწეობა, და ნათქვამია, რომ მათი პოლიტიკოსები ან კმაყოფილები არიან, ან თქვითონაც მონაწილეობენ „შეუმოწმებელი კორპორაციების მიერ შეერთებული შტატების ხელში ჩაგდებაში“. თუმცა, მანიფესტში ისიც აღნიშნულია, რომ „რესპუბლიკელებთან ერთად მასობრივი იმიგრაციის მკვეთრი შემცირება შესაძლებელია“. იგი აფრთხილებს, რომ „ტეხასში ისპანიკური მოსახლეობის სიჭარბე გადაგვაქცევს დემოკრატების ციხე-სიმაგრედ“. მისი თქმით, აშშ-ის დემოკრატიული პარტიის მცდელობა გაზარდოს ქვეყანაში ისპანიკური მოსახლეობის რიცხვი პირდაპირ ემსახურება დემოკრატიული პარტიის შეერთებულ შტატებზე დომინანტობის განმტკიცებას. დოკუმენტის თქმით, თავდასხმა ისპანიკური წარმოშობის ხალხისთვის სტიმული უნდა გახდეს „დაბრუნდნენ საკუთარ სამშობლოში“, შესაბამისად დაიშალოს ამომრჩეველთა ისპანიკური ბლოკი შეერთებულ შტატებში.

პოლიტიკოსებმა და ელ-პასოს პოლიციის უფროსმა გრეგ ალენმა მანიფესტის შესახებ საინფორმაციო საშუალებებთან პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. პოლიციას არ დაუდასტურებია დოკუმენტის ავთენტურობა, თუმცაკი, მანიფესტი გამოქვეყნდა 8chan-ზე მანამდე, სანამ პირველი შეტყობინებები გავრცელდა თავდასხმის შესახებ; ეჭვმიტანილის სახელი მოხსენიებული იყო ცალკე დოკუმენტში 8chan-ზე. ინტერნეტ-ფორუმ 8chan-ის მესაკუთრის შეფასებით, მსროლელის სავარაუდო მანიფესტი პირველად 8chan-ზე არ გამოქვეყნებულა, არამედ გამოქვეყნდა სადღაც სხვაგან და არც ეჭვმიტანილი არ იყო 8chan-ის ფორუმის მონაწილე. მესაკუთრე ვარაუდობს, რომ მანიფესტი პირველად Instagram-ზე გავრცელდა. Facebook-ის განცხადებაში, რომელსაც ეკუთვნის სოციალური ქსელი Instagram, აღნიშნულია, რომ აჭვმიტანილის ანგარიში Instagram-ზე ერთ წელზე მეტია არ არის აქტიური.

სამართლებრივი რეაქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

4 აგვისტოს დაკავების შესახებ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეჭვმიტანილმა უარი თქვა მირანდას უფლების გამოყენებაზე და აღირებითი ჩვენება მისცა გამომძიებლებს, მასზედ, რომ მან თავს დაესხა მექსიკელებს. იმავე თარიღით დადგინდა, რომ კრუსიუსის წარმომადგენლად სან-ანტონიოს სისხლის სამართლის ადვოკატი დაინიშნა.

საქმის გამოძიებაში მონაწილეობენ სხვადასხვა დაქვემდებარებაში მყოფი მრავალი უწყება. ფედერალური საგამოძიებო ბიუროს წარმომადგენლება რამდენიმე ორდერი გასცეს დალასის ოლქში და დაკითხეს კრუსიუსის ნაცნობები დალასსა და სან-ანტონიოში. შეერთებული შტატების პროკურორმა ტეხასის დასავლეთ ოლქში დააანონსა, რომ მისი უწყება კრუსიუსს ბრალს დასდებს სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ სისხლის სამართლებრივ დანაშაულში, საშინაო ტერორიზმსა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაში, მაშინ როდესაც ფედერალური პროკურორები სიკვდილით დასჯის მოთხოვნას წამოაყენებენ.

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდასხმის შემდეგ, ტეხასის ტრანსპორტის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ინტრუქცია სისხლის დონაციის შესახებ. პოლიციამ მაკარტურის საშუალო სკოლაში ფსიქოლოგიური დახმარების და ადამიანების მოძიების ცენტრი გახსნა.

რამდენიმე დამკრძალავმა სახლმა ელ-პასოსა და სიუდად-ხუარესში გაავრცელა განცხადება, იმის შესახებ, რომ მათ სოლიდარობის ნიშნად უფასოდ გაუწევენ დამკრძალავ მომსახურებას გარდაცვლილთა ოჯახებს. საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია Rotary International-მა სიუდად-ხუარესში ღამის თევის ღონისძიება მოაწყო. სოლიდარობის ნიშნად, ისინი შეიკრიბნენ პარკში, აანთეს სანთლები და მობილური ტელეფონის ეკრანის სინათლე მიმართეს ელ-პასოს მიმართულებით.

ორი დღის შემდეგ Walmart-ის თანამშრომელმა მთელ ორგანიზაციაში მემორანდუმი გაავრცელა, რომელიც თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდა, რათა სავაჭრო ქსელმა იარაღის გაყიდვა შეწყვიტოს. საპასუხო განცხადებით Walmart-ში ხაზი გაუსვეს, რომ არანაირი ცვლილება სავაჭრო ქსელში იარაღის რეალიზაციის წესების მიმართულებით არ მოხდება. ზოგიერთი ცნობით, სავაჭრო ქსელმა მოწოდებებით გამოსული თანამშრომლის მიმართ დისციპლინური ზომები მიიღო და ქსელის ელ. ფოსტის გამოყენება აუკრძალა. Walmart-მა მუშაკებს გაუგზავნა ინსტრუქცია, რათა ძალადობისა და აგრესიული მოქმედებების შემცველი ნიშნები და ვიზუალური მასალები ამორებულ იქნას ქსელიდან. ასევე, კომპანიამ მასობრივი სროლის მსხვერპლთა დასახმარებლად 400 000 აშშ დოლარის გამოყოფის პირობა დადო.

ერთ-ერთი მსხვერპლის მეუღლემ, ანტონიო ბასკომ მეუღლის დაკრძალვა, რომელიც 2019 წლის 16 აგვისტოს გაიმართა, ყველასთვის ღიად გამოაცხადა. დაკრძალვაზე ათასობით ადამიანი მივიდა როგორც ელ-პასოდან, ასევე აშშ-ის ყველა კუთხიდან. მსოფლიოს ყველა ნაწილიდან გაიგზავნა ყვავილები.

გამოხმაურებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკის შეერთებული შტატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშშ-ის პრეიდენტმა დონალდ ტრამპმა იმავე დღეს დაგმო თავდასხმა და მომხდარს სილაჩრის გამოვლინება უწოდა. მან პირობა გასცა, რომ მისი ადმინისტრაციისგან სრული მხარდაჭერა იქნება. მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში, ტრამპმა განაცხადა, რომ ელ-პასოსა და ოჰაიოს ქალაქ დეიტონში მოხდარი სროლების გამო აშშ-ის ყველა დროშა, როგორც შინ ასევე საზღვარგარეთ, 8 აგვისტოს მზის ჩასვლამდე ნახევარბუნზე დაიწევა. 5 გვისტოთი დათარიღებულ თეთრი სახლის გავრცელებულ განცხადებაში ტრამპმა თქვა: „ერთხმად, ჩვენმა ერმა უნდა დაგმოს რასიზმი, შეუწყნარებლობა და თეთრების ბატონობის მიდგომა. ეს ავბედითი იდეოლოგიები უნდა დავამარცხოთ. სიძულვილის ადგილი ამერიკაში არ არის.“. 7 აგვისტოს ტრამპმა თქვა, რომ იგი „შეშფოთებულია ნებისმიერი სიძულვილის გამავრცელებელი ჯგუფის აღმასვლით, იქნება ეს თეთრთა ბატონობა თუ სხვა სახის ბატონობა, თუ ანტიფა“.

თავდასხმიდან ორ დღეში Twitter-ში გავრცელდა ჰეშტეგი #WhiteSupremacistInChief, რომლითაც კრიტიკოსები მიუთითებდნენ მსროლელის გავრცელებული მანიფესტის იდეების მსგავსებას ტრამპის წარსულ განცხადებებთან, მათ შორის უკანონო მიგრანტების ქვეყანაში შემოსვლის „შემოსევად“ მოხსენიება და მოწოდება რომ „გავაგზავნოთ უკან“.

საინფორმაციო საშუალებებმა ყურადღება მიაქციეს 2019 წლის მაისში მომხდარ ფაქტს, რომლის დროსაც ტრამპის კამპანიის მონაწილემ უკანონო მიგრანტების მიმართულებით საზღვარზე სროლისკენ მოუწოდა, რაზეც ტრამპმა ხუმრობით უპასუხა. თუმცა კი, თავად თავდამსხმელი თავის მანიფესტში წერს, რომ მას საკუთარი მოსაზრებები ტრამპის 2016 წლის არჩევნებამდე ჩამოუყალიბდა, შესაბამისად, მისი თავდასხმის გამო ტრამპის დადანაშაულება არასწორი იქნებოდა. ყოფილმა პრეზიდენტმა ობამამ ნებაყოფლობითი დუმილი ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ დაარღვია და გაავრცელა განცხადება: „ჩვენ გააზრებულად უნდა ვუარყოთ ის ენა, რომელიც ჩვენი რომელიმე მეთაურის პირიდან გამოდის, რომლიც კვებავს შიშის ან სიძულვილის ამინდს, ან ნორმად აქცევს რასისტულ განცხადებებს“. ბარაკ ობამას აღნიშნული განცხადება ფართოდ აღქმულ იქნა ტრამპის რიტორიკის კრიტიკად. ტრამპის განცხადებამ, იმის თაობაზე, რომ ვიდეო-თამაშებს წვლილი მიუძღვით მსგავს მასობრივ სროლებში, რაც თანხმობაშია სხვა პოლიტიკოსების, მაგალითად აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის მეთაურის კევინ მაკკარტის და ტეხასის ვიცე-გუბერნატორის დენ პატრიკის აზრთან, გაკიცხვა გამოიწვია ვიდეო-თამაშების ინდუსტრიის მხრიდან. მათი თქმით, წარსულმა კვლევებმა არავითარი ბმა სროლებსა და ვიდეო-თამაშებს შორის არ არსებობს, და მთავრობას ბრალი დასდეს მათ განტევების ვაცად გამოყენებაში.

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის წევრმა ვერონიკა ესკობარმა, რომელიც ელ-პასოს წარმომადგენელია კონგრესში, მომხდარი სროლიდან მალევე ჩაატარა ქალაქის მერიის თათბირი, რომლის შემდგომ ვერნოკა ესკობარმა განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა ეპიდემიურ სიძულვილს საშინაო ტერორიზმთან ერთად, რასაც შედეგად მოყვა დეჰუმანიზაცია. ტეხასის შტატის სენატორმა, ტედ კრუზმა წერილობითი მიმართვა გაავრცელა, რომელშიც დაგმო „წარმოუთქმელი სიბოროტე“. ელ-პასოს მკვიდრმა ბეტო ო'რურკმა, რომელიც ქალაქის წარმომადგენელი იყო კონგრესში 2013-დან 2019 წლამდე, განაცხადა, რომ ის იყო „წარმოუდგენლად დამწუხრებული“, თუმცა „ელ-პასოს საზოგადოება ერთიად დგომას გააგრძელებს. ყველამ გადაწყვიტა, რომ ეს აღარ გაგრძელდება ამ ქვეყანაში“. ტეხასის გუბერნატორმა გრეგ ებოტმა თავდასხმას „ძალადობის ამაზრზენი და უაზრო აქტი“ უწოდა. ტეხასის სენატორმა ჯონ კორნიმ განაცხადა, რომ იარაღის გამოყენებით ძალადობა ვერ შეწყდება კანონონმორჩილი მოქალაქეებისზე ყურადღების გამახვილებით. ტეხასის იცე-გუბერნატორმა დენ პატრიკმა მიიჩნია, რომ ვიდეოთამაშებს ნაწილობრივ წვლილი მიუძღვით მომხდარში.

დემოკრატიული პარტიის წევრებმა, რომელთა შორის არის 2020 წლის საპრეზიდენტო კანდიდატი, მომხდარი თავდასხმის შემდეგ გააკრიტიკეს ტრამპის ანტი-იმიგრანტული დღის წესრიგი; მათ შორის იყვნენ ო'რურკი, კორი ბუკერი და ჯო ბაიდენი. 2020 წლის სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებმა, მათ შორის ბუკერმა, პიტ ბუტიჯიჯმა, ბერნი სანდერსმა, ელიზაბეტ უორენმა და ენდრიუ ანგმა, მოუწოდეს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისკენ იარაღით ძალადობის შესაჩერებლად. თავდასხმამ საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები და მასმედიის წარმომადგენლები აალაპარაკა შეერთებულ შტატებში იარაღის ფლობის კანონზე, ამასთან მათი ნაწილი ხელისუფლების წარმომადგნელებს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიუღებლობაში ადანაშაულებდა, რაც მათი აზრით, შეაჩერებდა მასობრივ სროლებს. იმავე საღამოს, არასამთავრობო ორგანზაციამ „დედები ითხოვენ ქმედებას“, ჩაატარა მარში და აქცია თეთრი სახლის წინ იარაღზე გამკაცრებული კონტროლის დაწესების და საიერიშო იარაღის აკრძალვის მოთხოვნით.

ამერიკული საიმიგრაციო რეფორმის ფედერაციის (FAIR) პრეზიდენტმა, დენ სტაინმა, ტვიტერის საკუთარ მიკრობლოგით ძალადობის მგმობი განცხადება გაავრცელა, თუმცა არ შეეხო მკვლელის მანიფესტს. საიმიგრაციო რეფორმის ფედერაციას ბრალი დასდო გაზეთ ვაშინგტონ-პოსტის ჟურნალისტმა დევიდ ნაკამურამ, რომლის თანახმად, ორგანიზაცია ხშირად ანტი-იმიგრანტულ არგუმენტებს ავრცელებს იმის მსგავსად, რაც მოყვანილი იყო თავდამსხმელის მანიფესტში, რაც, მისი აზრით, მიუთითებს FAIR-ის და მსგავსი ჯგუფების მოღვაწეობის შედეგებზე. თავისმხრივ ფედერაციის პრეზიდენტმა დენ სტაინმა და იმიგრაციის შემსწავლელი ცენტრის უფროსმა მარკ ქრიქორიანმა, რომელიც სტაინის მსგავსად საიმიგრაციო შეზღუდვების დაწესებას ემხრობა, უარყვეს რამე საერთო კავშირის არსებობა კრუზიუსის იდეოლოგიასა და მათ მოსაზრებას შორის.

პოპულარულ იმიჯბორდზე 8chan-ზე ზოგიერთმა მომხმარებელმა თავდამსხმელის შესახებ შენიშნა, რომ ის „ჩვენი ბიჭია. სავარაუდოდ მსროლელის კუთვნილი მანიფესტი, რომელიც საიტზე იქნა ატვირთული, წაიშალა, თუმცა ზოგმა მომხმარებელმა ის ხელმეორედ გამოაქვეყნა. საიტის მომხმარებლების ნაწილი ამტკიცებდა, რომ სროლელმა არასაკმარისად მოინდომა, ხოლო ზოგი წერდა, რომ ყველაფერი იყო წინასწარ დაგეგმილი სიყალბე. შემთხვევიდან მალევე, 8chan-ს უსაფრთხოების მხარდაჭერა შეუწყვიტა Cloudflare-მა, რაც კომპანიის მხრიდან აიხსნა იმით, რომ „8chan-ი არაერთგზის თავი წარმოიჩინა როგორც სიძულვილის ორმო“. მალევე, საიტს სერვერული მომსახურება გაუთიშა პროვაიდერმა Voxility, რის შემდეგაც 8chan გაითშა და დარკნეტში გახდა ხელმისაწვდომი.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, პირველ ლედისთან ერთად, ელ-პასო და დეიტონი 7 აგვისტოს მოინახულა, სადაც ისინი შეხვდნენ ამ ქალაქების მერებს. ელ-პასოში, თავდასხმის ადგილას აქტივისტებმა მოაწყვეს აქცია და პრეზიდენტი ტრამპი დაადანაშაულეს სიძულვილის გაღვივებაში საკუთარი განცხადებებითა და პოლიტიკით; მათი მტკიცებით ეს დაედო საფუძვლად მასობრივ სროლას. პრეზიდენტის სტუმრობამდე 2 დღით ადრე, კონგრესმენმა ვერონიკა ესკობარმა განაცხადა, რომ ტრამპს არ მიესალმებიან ქალაქში და შეხვედრაზე უარი თქვა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ზოგ ფოტოზე პრეზიდენტი აღბეჭდილია მომღიმარი სახითა და აღმართული ცერა თითით „ჩინებულიას“ ნიშნით, რაც ტრამპის მოწინააღმდეგეებმა მიუღებელ ქცევად მიიჩნიეს. ამასთან ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ვიდეობში ჩანს, რომ აღნიშნული ფოტოები გადაღებულია ჟურნალისტებისთვის პოზირების დროს, და მასთან ერთად იმყოფებიან თავდასხმის შედეგად დაზარალებული მექსიკელი მოქალაქეები. თავად ტრამპის განცხადებით, სტუმრობის დღე იყო შესანიშნავი და უამრავი სიყვარული და პატივისცემა მიიღო როგორც პრეზიდენტმა.

მექსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მექსიკის პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს-ორადორმა სამძიმარი გამოუცხადა მსხვერპლთა ოჯახებს, როგორც ამერიკელებს, ასევე მექსიკელებს. ამასთან, ობრადორმა გააკრიტიკა შეერთებული შტეტების იარაღის შეუზღუდავი ფლობის კანონი. მექსიკის საგარეო საქმეთა სამდივნომ დაადასტურა თავდასხმის შედეგად მექსიკის რვა მოქალაქის მკვლელობა და შვიდის დაჭრა. მექსიკის გარდაცვლილი მოქალაქეები იყვნენ სიუდად-ხუარესის და ტორეონის მკვიდრები.

მექსიკის ჩიუაუას შტატის გუბერნატორმა ხავიერ კორალ ურადომ ტეხასის გუბერნატორს გრეგ ებოტს და ელ-პასოს მერს დი მარგოს დახმარება შესთავაზა და განაცხადა რომ ჩიუაუას მტავრობა მზად არის ნებისმიერი მოცულობით დახმარებაზე თუ იქნება მსგავსი თხოვნა აშშ-ის მთავრობის მხრიდან. თავდასხმის შედეგად დაზარელებულლ მექსიკის მოქალაქეებსა და შტატის მკვიდრებს ჩიუაუას მთავრობამ მოუწოდა მიემართათ მსხვეპლთა საქმეების მექსიკის აღმასრულებელ კომიტეტში,ხოლო დახმარების საჭიროების მქონე მექსიკის მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი გახსნა. მექსიკის საკონსულო ელ-პასოში დაზარალებულ მექსიკელებს საკონსულო დახმარებას უწევდა,ასევე საავადმყოფოებში მოთავსებულ მექსიკელ დაზარელებულებთან წარმომადგენლები მიავლინა. მექსიკის საგარეო საქმეთა სამდივნომ დაადასტურა, რომ კონსული მაურისიო იბარა მონსე დე ლეონი კოორდინაციაშია ელ-პასოსა და სიუდად-ხუარესის ოფიციალურ პირებთან.

4 აგვისტოს,მექსიკის საგარეო საქმეთა მდივანმა, მარსელო ებრარდმა განაცხადა, რომ მექსიკის გენერალური პროკურატურის მხარდაჭერის შემთხვევაში, მექსიკა საქმეს აღძრავს მექსიკის მოქლაქეების წინაარმდეგ ტერორისტულ აქტში ეჭვმიტანილი პირის მიმართ, და შესაძლოა შეერთებულ შტატებს ექსტრადირების მოთხოვნით მიმართავს მექსიკური მართლმსაჯულებისთვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ ეჭვმიტანილს ბრალად დაედება ტერორიზმი, ეს იქნება ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც მექსიკა ამ სახის ბრალდებას გამოიტანს შეერთებულ შტატებში განხორციელებული კრიმინალური აქტის გამო. დამატებით, ეს მექსიკას საქმის მასალებთან წვდომას გაუხსნის. ებრარდმა ასევე განაცხადა, რომ მექსიკის მთავრობას მჭიდრო ურთიერთობები ექნება საქმის მსვლელობის განმავლობაში თავდასხმის მსხვერპლთა ოჯახებთან, და რომ ისინი ბრალს წაუყენებენ ნებისმიერ ფირამასა თუ კერძო პირს, ვინც ეწვმიტანილს იარაღი მიყიდა. მექსიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ფილიპე კალდერონმა სამძიმარი Twitter-ში გაავრცელა და ტრამპის საწინააღმდეგო განცხადაება გააკეთა. მისი თქმით,მიუხედავად იმისა, დამტკიცდება თუ არა, რომ თავდასხმა იყო სიძულვილის ნიადაგზა ჩადენილი კრიმინალი, ტრამპმა უნდა შეაჩეროს საკუთარი „სიძულვილის ენა“ და „სტიგმატიზაცია“

საერთაშორისო საზოგადოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა მკაცრად დაგმო „შაბათს ლათინოსების წინაღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აქტი ტეხასის ქალაქ ელ-პასოში“ და ყველას მოუწოდა სიძულვილის, რასიზმის და ქსენოფობიის საფუძველზე ძალადობის წინაარმდეგ ერთად მუშაობისკენ. გაერომ გამოაქვეყნა სამოქმედო გეგმა „სიძულვილის გამაღვივებელი დისკურსებთან ბრძოლის“ შესახებ.

ინციდენტის შესახებ ისაუბრა რომის პაპმა ფრანცისკემ, 4 აგვისტოს წმ. პეტრეს მოედანზე სიტყვით გამოსვლისას, რომელშიც მან დაგმო დაუცველ ადამინებზე თავდასხმა და თქვა რომ იგი სულიერად გვერდში უდგას „გასისხლიანებულ ტეხასში, კალიფორნიასა და ოჰაიოში“ განხორციელებული თავდასხმების მსხვერპლთან, დაჭრილებთან, და მათ ოჯახებთან ვისაც ეს შეეხო“. კალიფორნიაში Gilroy Garlic Festival-ზე სროლა ელ-პასოში თავდასხმამდე ერთი კვირით ადრე მოხდა, ხოლო ოჰაიოს ქალაქ დეიტონში 24 საათის შემდეგ მოხდა სროლა.

ურუგვაიმ და ვენესუელამ სამოგზაურო გაფრთხილება გამოსცეს შეერთებული შტატების ზოგიერთ ქალაქში ვიზიტისგან თავის შეკავების რჩევით, მათ შორის მოხვდნენ ბალტიმორი, დეტროიტი, კლივლენდი, მემფისი, ოკლედი და ალბუკერკე, „ძალადობის ფაქტების გავცელების“ და „ზრდადი ძალადობის გამო, ძირითადად სიძულვილის საფუძველზე, მათ შორის, რასიზმი და დისკრიმინაცია“. ორივე ქვეყანამ გააფრთხილა საკუთარი მოქალაქეები რომ თავი აარიდონ თავშეყრის ადგილებს, მათ შორის სავაჭრო ცენტრებს, ფესტივალებს და „ნებისმიერ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს“. მსგავსი გაფრთხილება გამოსცა იაპონიამ, რომელშიც საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ყურადღება გაამახვილონ სროლის შესაძლებლობაზე „შეერთებულ შტეტებში ყველგან“ და მოიხსენიება როგორც „შეიარაღებული საზოგადოება“. პრეზიდენტმა ტრამპმა სარკისებრივი პასუხით დაემუქრა იმ ქვეყენებს, რომლებიც შეერთებული შტეტებში გამგზავრების შესახებ გაფრთხილებას ავრცელებენ იარაღის გამოყენებით ძალადობის გამო.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Lin, Nina. "22 Dead, 24 Injured in El Paso Shooting: Texas Officials" დაარქივებული 2019-12-29 საიტზე Wayback Machine. . WRC-TV/NBC News.
  2. "Texas Walmart shooting: El Paso attack 'domestic terrorism'". BBC News.
  3. 3.0 3.1 Romero, Simon; Fernandez, Manny; Padilla, Mariel. "Day at a Shopping Center in Texas Turns Deadly". The New York Times. ISSN 0362-4331.
  4. Li, David K."El Paso shooting being treated as domestic terrorism; police say suspect is cooperating". NBC News.
  5. Tim Arango, Nicholas Bogel-Burroughs, Katie Benner. "Minutes Before El Paso Killing, Hate-Filled Manifesto Appears Online". The New York Times.
  6. Branham, Dana. "El Paso massacre suspect wrote an anti-immigrant 'manifesto' before the attack, authorities say". Dallas News.
  7. "El Paso shooting: what we know". The Guardian.
  8. Ryan, Nate. "El Paso Walmart manager relives mass shooting terror at his store". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-09. ციტირების თარიღი: 2020-01-17.. KVIA.
  9. "Witness to El Paso mass shooting describes moments during attack". KVII.
  10. "Alleged shooter cased El Paso Walmart before rampage that killed 22: Officials". ABC News.
  11. Stump, Scott. "Hero Walmart employee snuck dozens out of store during El Paso shooting". TODAY.com.
  12. Law, Tara; Bates, Josiah. "El Paso Shooting Suspect Told Police He Was Targeting 'Mexicans.' Here's What to Know About the Case". Time.
  13. State of Texas. "Warrant of Arrest". The Washington Post.
  14. Todd, Brian; Maxouris, Christina; Vera, Amir. "The El Paso shooting suspect showed no remorse or regret, police say". CNN.