შინაარსზე გადასვლა

სპონსიანე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სპონსიანეს აურეუსი ტრანსილვანიიდან

სპონსიანე (ლათ. Sponsianus) — ახ. წ. III საუკუნის რომაელი მხედართმთავარი, რომელმაც თავი დაკიის იმპერატორად გამოაცხადა. მის შესახებ ცნობილი გახდა 1713 წელს აღმოჩენილი მონეტის წყალობით, თუმცა 2022 წლამდე მონეტას — ყალბად, ხოლო სპონსიანეს გამოგონილ პერსონაჟად თვლიდნენ.

ოქროს მონეტა აღმოაჩინეს 1713 წელს ტრანსილვანიაში, იყო მცირე განძის ნაწილი. XIX საუკუნის შუა ხანებამდე მას ნამდვილ რომაულ მონეტად თვლიდნენ, თუმცა შემდეგ იმდროინდელმა ექსპერტებმა უხეში დამზადების გამო ის ცრუ ოსტატის ნახელავად მიიჩნიეს. 1863 წელს საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკის ექსპერტმა, ნუმიზმატმა ანრი კოენმა საკუთარი კატალოგისთვის შეისწავლა მონეტა და მივიდა დასკვნამდე, რომ ის ცუდად შესრულებული თანამედროვე ნაყალბევი იყო. სხვა სპეციალისტები მას დაეთანხმნენ. ამ დროიდან სპონსიანე აღარ იხსენიებოდა სამეცნიერო კატალოგებში.[1]

XXI საუკუნეში მონეტის შესწავლით დაკავდა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორი პოლ პირსონი. მან მონეტის ფოტოს ნახვისას ყურადღება გაამახვილა ნაკაწრებზე, რაც, მისი აზრით, შესაძლოა მის მიმოქცევაში ყოფნას მიუთითებდეს. პირსონი დაუკავშირდა გლაზგოს ჰანტერის მუზეუმს, სადაც მონეტა ინახებოდა ტრანსილვანიის განძის სამ სხვა მონეტასთან ერთად, და დაამტკიცა, რომ მასზე არსებული ნაკაწრები და სხვა დაზიანებები შეესაბამება იმ ზემოქმედებას (ნჯღრევას), რასაც ქისაში განიცდის მონეტა. ჰანტერის მუზეუმის მონეტების მცველი, იასპერ ერიქსონის თანახმად, ქიმიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ მონეტები მიწაში ასეულობით წლის წინ ჩაიფლო.[1]

მკვლევართა აზრით, სპონსიანე იყო მხედართმთავარი, რომელიც იძულებული გახდა თავი გამოეცხადებინა რომის იმპერიის ყველაზე განცალკევებული და რთულად დასაცავი პროვინციის, დაკიის (ახლანდ. რუმინეთი) იმპერატორად. არქეოლოგიურმა კვლევებმა დაადასტურა, რომ დაკია იმპერიის დანარჩენ ნაწილს დაახლ. ახ. წ. 260 წელს მოწყდა. მძვინვარებდა ჭირის პანდემია, მიდიოდა სამოქალაქო ომი, იმპერია იშლებოდა. იასპერ ერიქსონის თანახმად, მტრებით გარშემორტყმულმა და რომისგან მოწყვეტილმა სპონსიანემ ქაოსისა და სამოქალაქო ომის პერიოდში, სავარაუდოდ, თავის თავზე აიღო მეთაურობა და დაკიის სამხედრო და სამოქალაქო მოსახლეობის დაცვა წესრიგის აღდგენამდე და პროვინციის ევაკუაციამდე (271–275 წლებს შორის). საკუთარი მონეტები პროვინციაში ფუნქციონირებადი ეკონომიკის შესაქმნელად უნდა მოეჭრა.[1]

მონეტებისა და სპონსიანეს ნამდვილობის დამტკიცების შემდეგ, ბრიტანელმა მკვლევრებმა მიმართეს რუმინეთის ქალაქ სიბიუს ბრუკენთალის მუზეუმს, სადაც სპონსიანეს კიდევ ერთი მონეტა ინახება. ის ჰაბსბურგების მონარქიის დროს ტრანსილვანიის გუბერნატორის, ბარონ სამუელ ფონ ბრუკენთალის მემკვიდრეობის ნაწილს წარმოადგენს. სიკვდილამდე ბარონმა შეისწავლა მონეტა და, გადმოცემის თანახმად, მინაწერი დატოვა — „ნამდვილია“.[1]

  • Pearson, Paul N.; Botticelli, Michela; Ericsson, Jesper; Olender, Jacek; Spruženiece, Liene (23 ნოემბერი, 2022). „Authenticating coins of the ‘Roman emperor’ Sponsian“. PLOS ONE. 17 (11): e0274285. doi:10.1371/journal.pone.0274285. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Гош, Паллаб (2022-11-24). „Спонсиан I, оказывается, существовал. Древнеримская монета открыла для историков правителя, которого считали вымышленным“. BBC News Русская служба (რუსული). ციტირების თარიღი: 24 ნოემბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)