შინაარსზე გადასვლა

სპირიდონ ჭელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სპირიდონ მერაბის ძე ჭელიძე (დ. 5 აპრილი, 1872, ბაჯი, — გ. 19??) — ქართველი გამომცემელი, მთარგმნელი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე.

სპირიდონ ჭელიძე დაიბადა 1872 წელს რაჭის სოფელ ბაჯში ღარიბი გლეხის ოჯახში. 1885 წელს სოფლის პირველდაწყებითი სკოლა დაამთავრა და მამის სამჭედლოში დაიწყო მუშაობა. ცოტა ხანში თბილისში გადავიდა და 5 წელი ხელზე მოსამსახურედ მსახურობდა. შემდეგაც იოსებ იმედაშვილთან ერთად წიგნთსავაჭრო გახსნა და იქვე პროგრესული წიგნების გამომცემლობას მიჰყო ხელი.

სპირიდონ ჭელიძემ 1987 წელს ბათუმში, „ნურიეს ბაზართან“ (დღევანდელი აჭარის ხელოვნების მუზეუმის მიმდებარედ) ბუკინისტური მაღაზია „მეგობარი“ გახსნა, რომელიც ლიტერატურული და საზოგადო შეკრების ადგილად იქცა. მაღაზიის ხშირი სტუმრები იყვნენ დავით კლდიაშვილი, გრიგოლ ვოლსკი, კარლო ჩხეიძე, ალექსანდრე წულუკიძე და სხვ. მაღაზიაში ფუნქციონირებდა ჟურნალ-გაზეთების გამავრცელებელი სააგენტო. თავად სპირიდონ ჭელიძეს დაჰქონდა ლიტერატურა და პრესა სოფლებსა და ქალაქებში, ხშირად უფასოდაც ავრცელებდა.

1904 წელს მისი მეცადინეობით ბათუმში დაისტამბა ნიკოლოზ ბარათაშვილის ნაწარმოებების მეექვსე გამოცემა, რომელიც მოიცავს პოეტის 36 ლექს. კრებულს თან ერთვის სპირიდონ ჭელიძის წერილი „ნ. ბარათაშვილი და მისი პოეზია“. მისი წინასიტყვაობით გამოიცა ნიკოლოზ ბარათაშვილის „ბედი ქართლისა“ 1911 წელს, რომელიც დაიბეჭდა ნ. ხვინგიას სტამბაში.

ბათუმის მოწინავე ინტელიგენციისა და მესამე დასელების დახმარებით, სპირიდონ ჭელიძემ პროგრესულ-დემოკრატიული და სოციალისტური შინაარსის წიგნების გამომცემლობა „ქართველი მკითხველი“ დააარსა, რომლის გამგედაც თავად იყო არჩეული. მან შავი ზღვისპირეთში, ოდესიდან ბათუმამდე, რკინიგზის სადგურებში აგენტები დაიქირავა და მათი დახმარებით ხალხში ქართულ წიგნებს ავრცელებდა.

ბათუმში მდებარე მის სავაჭრო საწყობში ხშირად იკრიბებოდნენ ბათუმის მოწინავე მუშები, რომლებიც დისკუსიას მართავდნენ სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე. ეს ჟანდარმერიას შეუმჩნეველი არ დარჩენია, რის გამოც მისი ბინა ხშირად იჩხრიკებოდა. 1905 წელს მთავრობის წინააღმდეგ მოწყობილი გამოსვლების გამო დააპატიმრეს და ბათუმის გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით ბათუმის გუბერნიიდან სამუდამოდ გადაასახლეს. ბათუმიდან დევნილმა კვლავ დაიწყო წიგნების გავრცელება საქართველოს დაბა-ქალაქებსა და რკინიგზის სადგურებზე.

1907 წელს, თბილისში, ბათუმში გაუქმებული ნებართვის გამოყენებით ახალი წიგნთსავაჭრო „ახალი ცხოვრება“ დააარსა.

1908 წელს კვლავ დააპატიმრეს და 6 თვის ციხეში ტყვეობის შემდეგ, ვიატკის გუბერნიაში გადაასახლეს, მაგრამ 1910 წელს ალექსანდრე ჭელიძის სახელით ისევ ბათუმში დაბრუნდა.

სპირიდონ ჭელიძე მთარგმნელობით და ჟურნალისტურ საქმიანობასაც ეწეოდა. მან თარგმნა ვიქტორ ჰიუგოს „მხიარული ცხოვრება“ (1911), ევიკ იუნგერის მოთხრობა „ცხოვრება ბრძოლაა“ (1906), ვ. ლიბკნეხტის "რა უნდათ სოციალ-დემოკრატებს", ვ. ზორინის "მუშათა კლასი და ინტელიგენცია".

იმ ხანად ბათუმში გამოდიოდა შავრაზმელთა რუსული გაზეთი "Черноморский Вестник" ქართველთა ეროვნული მოძრაობისა ჩასახშობად. მის საპირწონედ სპირიდონ ჭელიძემ 1911 წელს გამოსცა “ბათუმის მოამბე“, რომელიც იყო პირველი ქართული გაზეთი აჭარაში. მოგვიანებით, 1911 წლიდან გამოსცა, სოციალ-დემოკრატიული „ბათუმის გაზეთი“, სადაც თანამშრომლობდნენ: კარლო ჩხეიძე, აკაკი ჩხენკელი, ფილიპე მახარაძე, პავლე საყვარელიძე, გრიგოლ სოღორაშვილი, ისიდორე კვიცარიძე და სხვები. გაზეთი მალე გავრცელდა დასავლეთ საქართველოში. ქართველმა მუსლიმანებმა ამ გაზეთით შეისწავლეს წერა-კითხვა, ზოგმა თვითონ დაიწყო ამ გაზეთში წერა ეროვნულ, პოლიტიკურ, ეკონომიურ და რელიგიურ საკითხებზე, რასაც იმ ხანად საქართველოსთვის დიდი ეროვნულ-პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. თავად სპირიდონ ჭელიძე ხშირად წერდა ქართველ მუსლიმანთა შესახებ, ფსევდონიმით „ს. ჭ“ აქვეყნებდა საკუთარ ლექსებს.

გაზეთმა დიდი თანაგრძნობა მოიპოვა მშრომელთა შორისაც, ხოლო როცა მთავრობამ შეიტყო, რომ "ალექსანდრე ჭელიძე“ იგივე 1906 წელს გადასახლებული სპირიდონ ჭელიძე იყო, გაზეთის გამოცემა შეაჩერა. გამომცემელი პასუხისგებაში მისცეს არალეგალური ლიტერატურის გავრცელებისათვის და 1912 წელს ერთი წლის ციხე მიუსაჯეს. 1914 წლის ივლისამდე გაზეთი მაინც გამოდიოდა, მაგრამ მსოფლიო ომის დაწყებისთანავე გაზეთი დახურეს და სპირიდონი როსტოვში გადაასახლეს.

1917 წლის რევოლუციის შემდეგ სპირიდონი სამშობლოში დაბრუნდა. მშობლიურ სოფელში სათემო აღმასკომში სარაიონო დელეგატად მუშაობდა, შემდეგ სამაზრო აღმასკომისა და იმავე დროს საადგილმამულო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.

სპირიდონი ამიერკავკასიისა და საქართველოს დამოუკიდებლობათა გამოცხადების ხანაში სამაზრო დაწესებულებებში მუშაობდა, როგორც ერობის ხმოსანი და საადგილმამულო განყოფილების ინსტრუქტორი. მან ჩაატარა მიწის რეფორმა რაჭის მაზრაში, იმავე დროს იყო სოციალ-დემოკრატთა რაჭის სამაზრო კომიტეტის თავმჯდომარე.

გასაბჭოების შემდეგ, 1925 წელს წიგნების მაღაზიები დააარსა ონში, ამბროლაურსა და ჭრებალოში. 1926 წლიდან 1931 წლამდე (სავარაუდოდ სიკვდილამდე) ჭრებალოში წიგნთსავაჭროს მმართველად მუშაობდა.

სპირიდონ ჭელიძის გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]