ოლეგ ჭედია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჭედია.
ოლეგ ჭედია
დაბ. თარიღი 27 აპრილი, 1923(1923-04-27)
დაბ. ადგილი სარატოვი
გარდ. თარიღი 3 აგვისტო, 1998(1998-08-03) (75 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
საქმიანობა გეოლოგი
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი

ოლეგ კონსტანტინეს ძე ჭედია (დ. 27 აპრილი, 1923 — გ. 3 აგვისტო, 1998) — საბჭოთა გეოლოგი. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1966), პროფესორი (1969). ყირგიზეთის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1993). ყირგიზეთის გეოლოგიის ინსტიტუტის ნეოტექტონიკის ლაბორატორიის გამგე (1964–75), სეისმოლოგიის ლაბორატორიის სამეცნიერო ხელმძღვანელი (1975–89), ლაბორატორიის მთავარი მეცნიერ-მუშაკი (1989). 1952–64 წლებში ტაჯიკეთის უნივერსიტეტის დოცენტი. მოღვაწეობდა ზოგად და რეგიონულ გეოლოგიაში, გეომორფოლოგიაში, ნეოტექტონიკასა და პალეოგეოგრაფიაში.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლეგ ჭედიამ დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტი 1948 წელს და ასპირანტურა (1951) იქვე. მისი განათლებისა და მეცნიერული მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე გადამწყვეტი როლი იქონია დიმიტრი ნალივკინის, სერგეი შულცის, დიმიტრი მუშკეტოვისა და ალექსანდრე მარკოვსკის ლექციებმა. 1941 წელს მოქმედ არმიაში გაიწვიეს. შესწავლილი აქვს თურქესტანის ქედის მყინვარები, დიდი ხნის განმავლობაში იკვლევდა პამირის მთათა სისტემისა და განსაკუთრებით, დარვაზის ქედის თანამედროვე გამყინვარებასა და შარიაჟულ ტექტონიკას.[2]

1950-იანი წლებიდან მოყოლებული მისი კვლევის მთავარი მიმართულება იყო ნეოტექტონიკა, გეომორფოლოგია, მკვიდრი ქანების გეოლოგია და მეოთხეული გეოლოგია. განსაკუთრებით დიდი წვლილი შეიტანა პამირის გეომორფოლოგიისა და ნეოტექტონიკის საფუძვლების შემუშავებაში. 1951 წელს წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. დაახლოებით 50 წელი მუშაობდა შუა აზიის მთიან რეგიონებში: პამირსა და ტიან-შანში. შეისწავლა პამირის რელიეფი, დაადგინა უახლესი ტექტონიკური მოძრაობის ინტენსიფიკაციის ეპოქები, მდინარეული ტერასები და მათი დეფორმაციები.[2]

მონაწილეობდა ყირგიზეთის სსრ ატლასის (1987) შედგენაში.[3] ოლეგ ჭედია 160-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 10 მონოგრაფიის ავტორია. ტაჯიკეთის უნივერსიტეტში 12 წლის განმავლობაში კითხულობდა ლექციების კურსს ზოგადი გეოლოგიის, გეომორფოლოგიის, გეოტექტონიკის, მეოთხეული დანალექების გეოლოგიის, სტრუქტურული გეოლოგიისა და გეოკარტირების საკითხებზე. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 17 საკანდიდატო დისერტაცია და 19 სადოქტორო დისერტაცია. დაჯილდოებულია სამამულო ომის ორდენითა და მედლებით.[2]

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Чедия О. К. Юг Средней Азии в новейшую эпоху горообразования, ч. 1. Фрунзе, 1971;
  • Чедия О. К. Юг Средней Азии в новейшую эпоху горообразования, ч. 2. Фрунзе, 1972;
  • Чедия О. К. Морфоструктуры и новейший тектогенез Тянь-Шаня. Фрунзе, Илим, 1986.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Геоморфология, 2014 №01. М.: Наука. — 128 с.
  2. 2.0 2.1 2.2 Корженков А.М., Никонов А.А., Белоусов Т.П., Несмеянов С.А., Фортуна А.Б. Олег Константинович Чедия
  3. Известия национальной академии наук Кыргызской Республики. Бишкек. 2004. №4.