კნუდ VI

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კნუდ VI
დანიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 12 მაისი, 1182
მმართ. დასასრული: 12 ნოემბერი, 1202
წინამორბედი: ვალდემარ I
მემკვიდრე: ვალდემარ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1163
გარდ. თარიღი: 12 ნოემბერი, 1202, (38-39 წლის)
მეუღლე: გერტრუდა ბავარიელი
დინასტია: ესტრიდსენები
მამა: ვალდემარ I, დანიის მეფე
დედა: სოფია მინსკელი
რელიგია: კათოლიციზმი

კნუდ VI ვალდემარსონი (დან. Knud 6. Valdemarsøn; დ. 1163 — გ. 12 ნოემბერი, 1202) — ესტრიდსენების დინასტიის წარმომადგენელი. დანიის მეფე ვალდემარ I-ის ვაჟი. დანიის მეფე 1182-1202 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კნუდი დაიბადა 1163 წელს. იგი იყო დანიის მეფე ვალდემარ I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ სოფია მინსკელის უფროსი ვაჟი. მას სახელი პაპის (მამის მამა), კნუდ ლავარდის პატივსაცემად დაარქვეს.

1176 წელს კნუდმა ცოლად შეირთო საღვთო რომის იმპერატორ ჰაინრიხ ლომისა და მისი პირველი ცოლის, ამ დროისათვის უკვე განსვენებული დედოფალ კლემენცია ფონ ცერინგენის ერთადერთი საერთო ასული — გერტრუდა ბავარიელი, რომელიც 1197 წელს ისე გარდაიცვალა, რომ ქმართან შვილები არ ჰყოლია. მიუხედავად უნაყოფობისა, მათ ბედნიერი ქორწინება ჰქონდათ, რის გამოც კნუდი მეორედ აღარ დაქორწინებულა. კნუდის უფროსი და, პრინცესა სოფია ცოლად ვაიმარ-ორლამიუნდის პრინც ზიგფრიდ III-ს გაჰყვა, რომელიც ქორწინების შემდეგ დანიის სამეფო კარზე დასახლდა.

1182 წლამდე, კნუდი ჰალანდის პრინცის წოდებას ატარებდა, რის შემდეგაც მამამისი, მეფე ვალდემარ I გარდაიცვალა და იგი სრულიად დანიის მეფე გახდა. მას ტახტზე ბევრი მოცილე ჰყავდა. 1185 წელს დაამარცხა პომერანიის ჰერცოგი ბოგისლავ I, რომელიც 1187 წელს მისი ვასალი გახდა. 1189 წლიდან ომი გამოუცხადა შლეზვიგის საჰერცოგოს, რომელიც დანიას არ ემორჩილებოდა. მან მხოლოდ 1193 წელს აიღო მეამბოხე შლეზვიგი და დაიჭირა მისი მთავარეპისკოპოსი. 1200-1201 წლებში იგი ომებს აწარმოებდა ჩრდილო გერმანულ-სლავურ ხალხებთან, რომელშიც დიდ წარმატებას მიაღწია. ამის გამო, მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „გარდამტეხ მეფე“-ს.

1196 წელს, ესტონეთის ისტორიაში პირველად, კნუდმა დაიწყო მისი ჩრდილოეთ სანაპიროების კოლონიზაცია და აქ ქრისტიანობის გავრცელება. მისმა შემდეგ დანიელებმა აითვისეს და მიისაკუთრეს მთელი ჩრდილოეთ ესტონეთი, რომლის მთავარი ქალაქი, ტალინიც უკვე კნუდის ძმის მმართველობისას აიღეს.

1200 წლის 28 დეკემბერს კნუდმა სისხლის სამართლის სისტემაში რეფორმები გაატარა, რის შემდეგაც ძირეულად შეიცვალა დანიის კანონმდებლობა.

1202 წლის 12 ნოემბერს, კნუდ VI გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს ქალაქ ბენტის კათედრალში. მის შემდეგ ტახტზე მისი უმცროსი ძმა, მეფე ვალდემარ II ავიდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "Valdemar (Knudsen), 1158-1236, Biskop af Slesvig". Dansk biografisk Lexikon. Retrieved 1 August 2018.
  • "Adolf III. (Graf von Holstein und Stormarn)". Allgemeine Deutsche Biographie. Retrieved 1 August 2018.
  • "Gertrud, 1154-1197, Knud VI's Dronning". Dansk biografisk Lexikon. Retrieved 1 August 2018.
  • Knut Are Tvedt. "Valdemar 2 Sejr". Store norske leksikon. Retrieved 1 August 2018.