გრიგოლ დადიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 51: ხაზი 51:
* [http://www.qim.ge/grigol%20dadiani.html გრიგოლ დადიანი, ოდიშის მთავარი 1788-1804 წწ.]
* [http://www.qim.ge/grigol%20dadiani.html გრიგოლ დადიანი, ოდიშის მთავარი 1788-1804 წწ.]
* [http://www.vostlit.info/Texts/Dokumenty/Kavkaz/XIX/1800-1820/Gramoty_Dadiani/1804.htm Высочайшая грамота князю Дадиану 4 июля 1804 года]
* [http://www.vostlit.info/Texts/Dokumenty/Kavkaz/XIX/1800-1820/Gramoty_Dadiani/1804.htm Высочайшая грамота князю Дадиану 4 июля 1804 года]

==სქოლიო==
{{სქოლიო}}

{{სამეგრელოს ერისთავები და მთავრები}}
{{სამეგრელოს ერისთავები და მთავრები}}
{{თარგი:დადიანები}}
{{თარგი:დადიანები}}

10:00, 13 მაისი 2021-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გრიგოლი.

გრიგოლ დადიანი (დ. 1770 — გ. 23 დეკემბერი, 1804) — ოდიშის მთავარი 1788–1804 წლებში, კაცია II დადიანის ძე. დედა – ანა პაატას ასული წულუკიძე.

მმართველობა

1788 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა სამთავროს ტახტი. იმერეთის მეფემ, დავით II-მ გადაწყვიტა ესარგებლა გრიგოლის სიჭაბუკით და სამეგრელოს სამთავროს დამორჩილებისა და ლეჩხუმის ხელში ჩაგდების მიზნით ოდიში დალაშქრა. ახალგაზრდა მთავარმა თავი ლეჩხუმს შეაფარა. სამეგრელოში კი ამ დროს მისი ძმა მანუჩარ II გაამთავრეს. ამ ფაქტმა ოდიშის ორ დაპირისპირებულ ბანაკად დაყოფა გამოიწვია. ერთნი მხარს უჭერდნენ მანუჩარ II-ს, ხოლო მეორენი – გრიგოლს. ამ უკანასკნელის მხარეს იყვნენ აგრეთვე ლეჩხუმის სარდალ-მოურავი ქაიხოსრო გელოვანი და სახლთუხუცესი გიორგი ჩიქოვანი. დადიანმა იმერთა მეფის დავითის საწინააღმდეგოდ, ერეკლე II-ს დახმარება სთხოვა და თან თავისთან მიიწვია ერეკლეს შვილიშვილი, მის კარზე მყოფი დავით არჩილის ძე, მომავალი იმერეთის მეფე სოლომონ II. დავით არჩილის ძის გამეფება იმერეთის სამეფო კართან ერეკლეს კარგა ხნის წინ ჰქონდა შეთანხმებული, მაგრამ დავით გიორგის ძე ტახტის დათმობას არ აპირებდა. ერეკლემ გამოიყენა დადიანისა და იმერთა მეფის კონფლიქტი და იმერეთში ჯარი გააგზავნა.

ამ ჯარის დახმარებით, სოლომონმა (დავით არჩილის ძე) და გრიგოლ დადიანმა 1789 წლის 11 ივლისს, მათხოჯთან გამართულ ბრძოლაში დაამრცხეს იმერეთის მეფე დავითი, რომელმაც ახალციხის საფაშოს შეაფარა თავი. იმერეთის ტახტი კი სოლომონ II-ის სახელით დავით არჩილის ძემ დაიკავა. გრიგოლ დადიანმაც დაიბრუნა ოდიშის ტახტი.

მიუხედავად გრიგოლ დადიანის დამსახურებისა სოლომონ II-ის წინაშე, მათ შორის ძალიან მალე ლეჩხუმის საკითხზე განხეთქილება ჩამოვარდა. ლეჩხუმის სამოურავო ამ დროს ცალკე ადმინისტრაციულ-პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა იმერეთის სამეფოში. მას განაგებდა სარდალ-მოურავი, რომლებიც უმთავრესად გელოვანთა საგვარეულოდან იყვნენ.

დადიანს ლეჩხუმი ოდიშის სამთავროს ნაწილად მიაჩნდა, სოლომონს კი, რომელიც მთელი დასავლეთ საქართველოს გაერთიანებას ცდილობდა, არ შეეძლო ოდიშის მთავრის ვიწრო ფეოდალური ინტერესების დაკმაყოფილება. მეფემ გრიგოლ დადიანს მისი ძმა მანუჩარი დაუპირისპირა, რომელსაც 1792 წელს გამთავრებაში დაეხმარა. გრიგოლმა დახმარებისათვის ჯერ ახალციხის ფაშას მიმართა, შემდეგ ერეკლე II-ს, რადგან გრიგოლის მეუღლე ნინო ბაგრატიონი ერეკლეს შვილიშვილი იყო. ერეკლემ იკისრა კიდეც შუამდგომლობა გრიგოლსა და სოლომონს შორის, მაგრამ იმერთის მეფე არ აპირებდა გრიგოლისთვის ტახტის დაბრუნებას. ამ ვითარებაში მანუჩარმა 7 წლის მანძილზე იმთავრა. ბოლოს, 1799 წელს, გრიგოლმა თავისი ბიძის გიორგი დადიანისა და ლეჩხუმის სარდალ-მოურავის ქაიხოსრო გელოვანის დახმარებით შეძლო სამეგრელოში გადასვლა. ისინი ნოღას ციხეში გამაგრდნენ, სოლომონმა და მანუჩარმა ალყა შემოარტყეს ნოღას ციხეს, მაგრამ ვერ აიღეს და იმერეთის მეფე იძულებული შეიქნა გარიგებოდა გრიგოლს. ამ უკანსკნელმა დადიანობა მიიღო, ხოლო მანუჩარმა – სალიპარტიანო. სოლომონისა და დადიანის ამ ბრძოლაში ქართლ-კახეთის მეფე გიორგი XII თავის სიძეს, გრიგოლ დადიანს, უმაგრებდა ზურგს და საქართველოს გამოხსნისათვის მებრძოლ სოლომონს ამით ნიადაგს აცლიდა.

ოდიშის სამთავროს ტახტის დაბრუნების მიუხედავად გრიგოლის ხელისუფლება სუსტი იყო, რადგანაც ლეჩხუმის სარდალ-მოურავი ქაიხოსრო გელოვანი, რომლის დახმარებითაც ხელახლა გამთავრდა, რეალურად უფრო დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა მთელს ოდიშში. ამ გარემოებას გრიგოლმა თავი იმით დააღწია, რომ იმავე წელს მოაკვლევინა ქაიხოსრო გელოვანი. არც იმერეთის მეფესა და გრიგოლს შორის იყო მშვიდობა, მათი ფარული მტრობა კვლავაც გრძელდებოდა.

იმერეთის მეფემ 1802 წელს კიდევ ერთხელ შეძლო გრიგოლისათვის სამთავროს ჩამორთმევა და ამჯერად მისი უმცროსი ძმა ტარიელი (1793-1794; 1802) გაამთავრა. გრიგოლმა დახმარება თურქული ორიენტაციის აფხაზ მთავარს ქელეშ-ბეგ შერვაშიძეს სთხოვა. ამ უკანასკნელმა მძევლად უფროსი შვილი ლევანი და ფული მოსთხოვა, მაგრამ გრიგოლი ამ გარიგებაზე ვერ წავიდა და გადამწყვეტ მომენტში დახმარებისთვის რუსეთს მიმართა. ამ ნაბიჯით გრიგოლ დადიანი იმერეთის მეფისაგან თავის დახსნას და სამთავროს „დამოუკიდებლობის“ გადარჩენას შეეცადა. სწორედ ამ დროს რუსეთის დიპლომატია კონსტანტინოპოლში ოსმალეთის დაყოლიებას ცდილობდა, ეცნო რუსეთის მფარველობა ოდიშსა და იმერეთზე. დადიანის დაჟინებული თხოვნა რუსეთისათვის სწორედ რომ დროული აღმოჩნდა.

1802 წლის 5 ოქრომბერს გრიგოლ დადიანი დაუკავშირდა რუსეთის ხელისუფლებას და მზაობა გამოხატა შესულიყო რუსეთის იმპერიის მფარველობის ქვეშ[1]. გრიგოლ დადიანი იმავე წლის 20 დეკემბრის წერილში თხოვნით მიმართავს რუსეთს ან შეიყვანონ რუსეთის იმერიის მფარველობის ქვეშ, ან მისცენ უფლება ეძებოს საფარველი ოსმალეთის იმპერიაში[2]. რუსეთის ხელისუფლებამ ვითარება სათანადოდ შეაფასა და დადიანის თხოვნა იმერეთის მეფის დასასუსტებლად გამოიყენა. ნიშნად დადიანისადმი კეთილგანწყობისა, რუსეთის იმპერატორმა მას წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი (Орден Святого Александра Невского) გამოუგზავნა. კონსტანტინოპოლიდან ჯერ კიდევ არ იყო მიღებული ოდიშის სამთავროს რუსეთის მფარველობაში მიღების თაობაზე, რომ იმპერატორის დავალებით, პავლე ციციანოვი მოქმედებას შეუდგა: 1803 ივლისში მან სამფარველო ხელშეკრულების ტექსტი შეიმუშავა და დადიანს ერთგულების ფიციც ჩამოართვა. იმავე წლის 2 ოქტომბერს დადიანმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას. დოკუმენტი ძალაში შევიდა დეკემბერში, როდესაც ოსმალეთმა ოდიში რუსეთს ოფიციალურად „დაუთმო“. მფარველობითი ხელშეკრულება, ალექსანდრე I-მა 1804 წლის ივლისში დაამტკიცა. ოდიშის სამთავრო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა შეზღუდული ავტონომიის უფლებით.

ხელშეკრულების თანახმად, დადიანი რუსეთისმიერ საქართველოში დანიშნულ მთავარსარდლის მორჩილი ხდებოდა; დადიანს რჩებოდა შეზღუდული თვითმმართველობის უფლება; რუს მოხელეებს შეეძლოთ სამთავროს საშინაო საქმეებში ჩარევა; სამეგრელოში რუსული სამხედრო შენაერთი უნდა ჩამდგარიყო, რომლის დაბინავებასა და მომარაგებაზე დადიანს უნდა ეზრუნა; ასეთ პირობებში უნარჩუნდებოდა გრიგოლ დადიანს „მთავრობა“, რითაც მთავარი დიდად კმაყოფილი დარჩენილა, რადგან მისი აზრით, მთავარი „მტრის“, სოლომონ II-ის შემოტევას გადაურჩა. უკვე 1804 წელს სამეგრელოში რუსული პოლკი ჩადგა, ზღვიდან კი ყულევის ნავსადგურში რუსებმა გემებით ახალი სამხედრო ძალა შემოიყვანეს. ყულევის სამხედრო ნაწილი უკვე სოლივით იყო შემოჭრილი ოსმალთა გარნიზონებით შავი ზღვის ნაპირზე. ეს იყო რუსეთის უომრად მიღწეული დიდი გამარჯვება კავკასიაში ბატონობისათვის, რაშიც „ლომის წვლილი“ გრიგოლ დადიანს ეკუთვნოდა. იმერეთის დაპყრობა უკვე დროის საქმე იყო.

იმერეთის მეფისთვის ეს დიდი დარტყმა იყო. სოლომონი მიხვდა, რომ სამეგრელოს დაკარგვით იმერეთის დაკარგვის საფრთხე ახლოვდებოდა.

1804 წელს გრიგოლ დადიანი გარდაიცვალა. იგი მოწამლეს მისმა მოწინააღმდეგე თავადებმა. დაკრძალულია მარტვილის საკათედრო ტაძარში.

გრიგოლის მემკვირდე, 12 წლის ლევანი ამ დროისთვის შერვაშიძის მძევლობაში იმყოფებოდა. ციციანოვის ჩარევის შემდეგ ლევანი ოდიშს დააბრუნეს და, რუსეთის დახმარებით, იმავე, 1804 წელს გაამთავრეს.

ოჯახი

დაქორწინებული იყო ნინო ბატონიშვილზე (დ. 15 აპრილი, 1772 — გ. 5 ოქტომბერი, 1847, პეტერბურგი) — საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი XII–ს ასულზე. ქმრის სიკვდილის შემდეგ, შვილის, ლევანის სრულწლოვანებამდე გამოცხადდა რეგენტად. შემდეგ გაიწვიეს პეტერბურგში, სადაც იმყოფებოდა საიმპერატორო კარზე, გარდაცვალებამდე. ჰქონდა სტატს–დამის სტატუსი და იყო წმინდა ეკატერინეს ორდენის (орден святой Екатерины малого креста) კავალერი. დაკრძალულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში.

გრიგოლ დადიანს და ნინო ბაგრატიონს ჰყავდათ 6 შვილი:

  • ქეთევან დადიანი (1792–1832 წ–ის შემდეგ); პირველი ქორწინება – სამურზაყანოს მმართველ მანუჩარ სოლომონის ძე შერვაშიძეზე (?–1813); მეორე ქორწინება – აფხაზეთის მთავრის, ქელეშ–ბეგ შერვაშიძის ვაჟზე, როსტომ–ბეგზე (1823)
  • ლევან V (1793—1846); სამეგრელოს მთავარი (1804—1846)
  • მარიამ დადიანი (1794—?); პირველი ქორწინება – თავად გიორგი დავითის ძე ერისთავზე (გურიის); მეორე ქორწინება – როსტომ ბერის ძე გელოვანზე
  • ელენე დადიანი (1795—?); პირველი ქორწინება – დავით გიორგის ძე გურიელზე; მეორე ქორწინება – თავად გიორგი ლევანის ძე მიქელაძეზე
  • ეკატერინე დადიანი (1797—?); ქორწინება – ბეგლარ ზაალის ძე ჯამბაკურ–ორბელიანზე
  • გრიგოლ (გიორგი) დადიანი (1798—1851 წ–ის შემდეგ); თავადი, გენერალ–მაიორი. ქორწინება – გრაფინია ელიზავეტა პავლოვნა ფონ დერ პალენზე, შვილები არ ჰყოლიათ.

ლიტერატურა

  • დადიანი ნ., ქართველთ ცხოვრება, ს. ბურჯანაძის გამოც., თბ., 1962
  • დავით ბატონიშვილი, ახალი ისტორია, ბაგრატ ბატონიშვილი, ახალი მოთხრობა, თ. ლომოურის გამოცემა, თბ., 1941
  • Акты кавказскои археологичевскои комиссии, Т. I (საბ. №760 ) и Т. II (საბ. №968, 342, 919, 461–462)
  • თ. ჟორდანია, ქრონიკები III, თბ., 1967
  • დუმბაძე მ., დასავლეთ საქართველო XIX საუკუნის პირველ ნახევარში, თბ., 1957;
  • აბესალომ ტუღუში, სამეგრელოს სამთავროს ისტორია, ზუგდიდი, 1999
  • რეხვიაშვილი, მ., იმერეთის სამეფო 1462-1810, თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1989.
  • ნონა ჟველია, ოდიშის სამთავროს შიდაქართული და საგარეო ურთიერთობების ისტორიიდან, ქუთ., 1995
  • ს. მაკალათია, სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ., 2006

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო