ირენე ანგელინა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 66: ხაზი 66:
[[კატეგორია:სიცილიის დედოფლები]]
[[კატეგორია:სიცილიის დედოფლები]]
[[კატეგორია:გერმანიის დედოფლები]]
[[კატეგორია:გერმანიის დედოფლები]]
[[კატეგორია:მშობიარობის დროს გარდაცვლილები]]

13:21, 12 აპრილი 2020-ის ვერსია

ირენე ანგელინა
სიცილიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 1193
მმართ. დასასრული: 1193
წინამორბედი: სიბილა ასერელი
მემკვიდრე: სიბილა ასერელი
ტოსკანის მარკიზა
მმართ. დასაწყისი: 1195
მმართ. დასასრული: 1197
წინამორბედი: უტა ფონ შაუენბურგი
მემკვიდრე: კონტესინა დე’ ბარდი
შვაბიის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 1197
მმართ. დასასრული: 1208
წინამორბედი: კონსტანცია უნგრელი
მემკვიდრე: კონსტანსია არაგონელი
გერმანიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 1198
მმართ. დასასრული: 1208
წინამორბედი: კონსტანცია სიცილიელი
მემკვიდრე: ბეატრიქს შვაბიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1181
დაბ. ადგილი: კონსტანტინოპოლი, ბიზანტიის იმპერია
გარდ. თარიღი: 27 აგვისტო, 1208, (26-27 წლის)
გარდ. ადგილი: გეპინგენი, საღვთო რომის იმპერია
დაკრძ. ადგილი: ლორხი, გერმანია
მეუღლე: როჯერ III, სიცილიის მეფე
ფილიპე, გერმანიის მეფე
შვილები: ბეატრიქსი, გერმანიის დედოფალი
მარია, ბრაბანტის ჰერცოგინია
კუნიგუნდა, ბოჰემიის დედოფალი
ელიზაბეთი, კასტილიის დედოფალი
დინასტია: ანგელოსები
მამა: ისააკ II, ბიზანტიის იმპერატორი
დედა: ირენე პალეოლოგინა
რელიგია: ჯერ მართლმადიდებლობა,
შემდეგ კათოლიციზმი

ირენე ანგელინა (ბერძ. Ειρήνη Αγγελίνα, იტალ. Irene Angela, გერმ. Irene Angelina; დ. 1181 — გ. 27 აგვისტო, 1208) — ანგელოსების დინასტიის წარმომადგენელი. ბიზანტიის იმპერატორ ისააკ II-ის ქალიშვილი. სიცილიის დედოფალი და ტოსკანის მარკიზა როგორც როჯერ III-ის მეუღლე. გერმანიის დედოფალი და შვაბიის ჰერცოგინია 1197-1208 წლებში როგორც ფილიპ შვაბიელის მეუღლე.

ბიოგრაფია

ირენე დაიბადა 1181 წელს კონსტანტინოპოლში. იგი იყო ბიზანტიის იმპერატორ ისააკ II-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ირენე პალეოლოგინას უფროსი ქალიშვილი. 1185 წელს მამამისმა დიდ წარმატებას მიაღწია ნორმანებისა და ბალკანელების წინააღმდეგ ბრძოლაში და დემეტრიცეს ბრძოლაში დაამარცხა სიცილიელები. 1193 წელს, ალიანსის შექმნის მიზნით, ისააკი და სიცილიის მეფე ტანკრედი შეთანხმდნენ, რომ ირენე ანგელინა დაქორწინდებოდა მის უფროს ვაჟ როჯერზე. მათი ქორწინება იმავე წელს შედგა, თუმცა თარიღი უცნობია. ვინაიდან როჯერი მამის თანამმართველი იყო, ირენე სიცილიის დედოფალი გახდა, მაგრამ ეს დიდ ხანს არ გაგრძელებულა, რადგან 1193 წლის 24 დეკემბერს როჯერი მოულოდნელად გარდაიცვალა. 1194 წლის 20 თებერვალს გარდაიცვალა მეფე ტანკრედიც, რის გამოც სიცილიის ტახტზე მისი მამიდა, კონსტანცია სიცილიელი ავიდა, რომელიც საღვთო რომის იმპერატორ ჰაინრიხ VI-ზე იყო დაქორწინებული. მას შემდეგ, რაც მათ სიცილიის სამეფოს დაპყრობა მოახდინეს, კონსტანციამ 1194 წლის 29 დეკემბერს დაატყვევა ახალგაზრდა ირენე და 1197 წლის 25 მაისს თავის მაზლზე, გერმანიის მეფე ფილიპ შვაბიელზე დააქორწინა. აღსანიშნავია, რომ მეორე ქორწინების შემდეგ მას სახელი შეუცვალეს და გერმანელებმა მარია დაარქვეს.

მას შემდეგ, რაც იმპერატორი ჰაინრიხი გარდაიცვალა, მიულუზში 1198 წლის 8 მარტს ფილიპე გერმანიის მეფედ ეკურთხა. დედოფალ ირენეს მამა, ისააკ II, რომელიც 1195 წელს გადადგა ტახტიდან, ფილიპე საღვთო რომის იმპერიის ტახტისათვის ბრძოლისკენ მოუწოდებდა, რომელიც ბრაუნშვაიგის ჰერცოგ ოტო IV-მ მიისაკუთრა. ირენეს ძმა, ამ დროისათვის უკვე იმპერატორი ალექსი III, რომელიც მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის მზადებისას დიდ დროს ატარებდა ფილიპეს კარზე, მას დახმარებას ჰპირდებოდა ტახტისათვის ბრძოლაში. იგი მართლაც აპირებდა მასთან დამხმარე ჯარების გაგზავნას, მაგრამ ჯვაროსნებმა 1204 წელს იერუსალიმის ნაცვლად კონსტანტინოპოლი აიღეს და მიწასთან გაასწორეს, რის გამოც ბიზანტიელებს გერმანიის საშინაო საქმეებში ჩარევის ძალა აღარ შესწევდათ. ყოველივე ამან, ფილიპე აიძულა, რომ ოტო IV იმპერატორად ეღიარებინა. 1208 წლის 21 ივნისს ფილიპ შვაბიელი ბავარიის ჰერცოგმა მოკლა, რის გამოც ირენე მეორედ დაქვრივდა.

მეორედ დაქვრივებული და ორსულად მყოფი დედოფალი ირენე იმპერატორ ოტო IV-ის შიშით ჰოენშტაუფენის ციხესიმაგრეში შეიკეტა. ამ ამბიდან ორ თვეში, 1208 წლის 27 აგვისტოს ირენე ანგელინა მშობიარობას გადაჰყვა. იგი დაკრძალეს ლორხის სააბატოში, გერმანიაში.

შვილები

ირენეს შვილები მხოლოდ მეორე ქმართან, ფილიპ შვაბიელთან ჰყავდა:

  1. რეინალდი (?-?), გარდაიცვალა ჩვილი;
  2. ფრიდრიხი (?-?), გარდაიცვალა ჩვილი;
  3. ბეატრიქსი (1198-1212), ცოლად გაჰყვა საღვთო რომის იმპერატორსა და გერმანიის მეფე ოტო IV-ს, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
  4. მარია (1201-1235), ცოლად გაჰყვა ბრაბანტის ჰერცოგ ანრი II-ს, რომელთანაც შეეძინა ექვსი შვილი;
  5. კუნიგუნდა (1202-1248), ცოლად გაჰყვა ბოჰემიის მეფე ვენცელ I-ს, რომელთანაც ხუთი შვილი შეეძინა, მათ შორის მომავალი მეფე ოტოკარ II;
  6. ელიზაბეთი (1205-1235), ცოლად გაჰყვა კასტილიისა და ლეონის მეფე ფერდინანდ III-ს, რომელთანაც შეეძინა ათი შვილი, მათ შორის მომავალი მეფე ალფონსო X;
  7. ბეატრიქსი (1208), გარდაიცვალა ჩვილი;

ლიტერატურა

  • O city of Byzantium: annals of Niketas Choniates tr. Harry J. Magoulias (Detroit: Wayne State University Press, 1984).
  • Bruno W. Häuptli: IRENE (Angelou) von Byzanz, in: Biographisch-Bibliographisches Kirchenlexikon (BBKL), vol. 28, Bautz, Nordhausen 2007, ISBN 978-3-88309-413-7, pp. 858–862.
  • Alio, Jacqueline (2018). Queens of Sicily 1061-1266. Trinacria (New York).
  • Ciggaar, Krijna Nelly (1996). Western Travellers to Constantinople: The West and Byzantium, 962-1204. Brill.