მარსელ პრუსტი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: rue:Марцел Пруст
r2.7.1) (ბოტის დამატება: kaa:Marcel Proust
ხაზი 96: ხაზი 96:
[[it:Marcel Proust]]
[[it:Marcel Proust]]
[[ja:マルセル・プルースト]]
[[ja:マルセル・プルースト]]
[[kaa:Marcel Proust]]
[[ko:마르셀 프루스트]]
[[ko:마르셀 프루스트]]
[[ku:Marcel Proust]]
[[ku:Marcel Proust]]

04:01, 30 მაისი 2011-ის ვერსია

ფაილი:Proustt.jpg
მარსელ პრუსტი

მარსელ პრუსტი (ფრ. Marcel Proust; 10 ივლისი, 1871 - 18 ნოემბერი, 1922), ფრანგი მწერალი, მოდერნიზმის მამამთავარი, დეკადენტური რომანის ფუძემდებელი. ავტორი მონუმენტალური რომანისა ”დაკარგული დროის ძიებაში” (7 წიგნი, 16 ტომად).

ბიოგრაფია

მარსელ პრუსტი დაიბადა შეძლებულ ოჯახში 1871 წლის 10 ივლისს დასახლება ოტეიში, იმდროინდელი პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში. მისი დაბადება დაემთხვა ფრანკო-პრუსიის ომის დასასრულს და მესამე რესპუბლიკის შექმნას, რამაც დიდი ზეგავლენა იქონია მწერლის ცხოვრებაზე. არისტოკრატიის ზეგავლენის შესუსტება და საშუალო კლასის მომძლავრება, რომელიც დამახასიათებელი იყო ამდროინდელი საფრანგეთის ისტორიისათვის, შემდგომში პრუსტის შემოქმედებაში აისახა.

მწერლის მამა, ადრიენ პრუსტი, მის თანამედროვეთა შორის პატივცემული და აღიარებული ექიმი იყო, ეპიდემილოგიისა და ჰიგიენის სპეციალიზაციით. მას ეკუთვნის ოცამდე წიგნი ქოლერისა და იმჟამად ევროპასა და აზიაში გაბატონებული სხვა გადამდები დაავადებების შესახებ. მარსელ პრუსტის დედა, ჟანა კლემანს ვაილი, მდიდარი ებრაული ოჯახიდან იყო. მისმა განათლებამ და ლიტერატურულმა გემოვნებამ გამოძახილი ჰპოვა მისი შვილის შემოქმედებაში. მწერლის ბიოგრაფებისათვის ისიც კია ცნობილი, რომ ჟანა თავის შვილს, რომელიც არც-თუ კარგად ფლობდა ინგლისურს, ჯონ რესკინის ლექსების პწკარედულ თარგმანებს უსრულებდა, შემდეგ კი პრუსტი ამ პწკარედებით, ერთი კრიტიკოსის სიტყვებით, ”რესკინის ლექსებს უზადო ფრანგულით წერდა”.

მარსელს მთელი ცხოვრების განმავლობაში ძლიერ ახლო ურთიერთობა ჰქონდა დედასთან, რომელიც მისთვის ხშირად შთაგონების წყარო იყო. ყველაზე მკაფიოდ ეს აისახა მისი რომანის, ”დაკარგული დროის ძიებაში” პირველ და მეორე ტომებში, სადაც მისი პერსონაჟის ბავშვობაა აღწერილია. თავად მარსელის სიტყვებით, კითხვაზე, თუ რა არის მისთვის ბედნიერება, მან უპასუხა - ”განუყოფელი და მარადიული ცხოვრება დედის გვერდით”.[1]

ცხრა წლის ასაკში მარსელ პრუსტი ასთმით დაავადდა. ავადმყოფობის გამო მომავალი მწერალი იძულებული იყო ზაფხულის არდადეგები ილიეში გაეტარებინა. მისი დიდი ბიძის სახლი ილიეში შემდგომში მის შემოქმედებაში კომბრედ იქცა, სადაც მიმდინარეობს მისი რომანის, ”დაკარგული დროის ძიებაში”-ს უმთავრესი პერიპეტიები. მწერლის გარდაცვალებიდან ასი წლის იუბილეზე, ილიეს სახელი გადაერქვა და იგი ილიე-კომბრედ იწოდება.

მიუხედავად ავადმყოფობისა პრუსტი საფრანგეთის ჯარში მსახურობდა 1889-1890 წლებში. შემდგომში ჯარში მიღებულ შთაბეჭდილებებს მწერალი აღწერს ”გერმანტების მხარე”-ში.

მარსელ პრუსტი ჰომოსექსუალისტი იყო. ამაზე მოწმობს დიდი რაოდენობით კორესპონდენცია, რომელიც დარჩა მისი და მისი მეგობრის, პიანისტი რეინალდო ჰანის მიმოწერისას. საუკუნის დასაწყისში, კერძოდ 1900 წლიდან 1905 წლამდე მარსელმა მისი გარემომცველი საახლობლო წრიდან მრავალი ადამიანი დაკარგა. 1903 წელს გარდაიცვალა მამამისი, 1905 წლის სექტემბერში კი - დედა. მშობლების სიკვდილის შემდგომ მას დიდი მემკვიდრეობა ერგო, რამაც საშუალება მისცა პრუსტს მთელი თავისი დრო ხელოვნებისათვის დაეთმო.

სიცოცხლის უკანასკნელი წლებში მარსელის საკუთარი ოთახიდან არ გამოდიოდა. დღისით ეძინა, ღამით კი წერდა რომანს, რომელიც საბოლოოდ მწერალთან გაიგივდა.

მარსელ პრუსტი გარდაიცვალა 1922 წლის 18 ნოემბერს პარიზში. დაკრძალულია პარიზის პერ ლაშეზის სასაფლაოზე.

შემოქმედება

მარსელმა ლიტერატურული ნიჭი ბავშვობიდანვე გამოავლინა ლიცეუმში სწავლის დროს. მადამ არმანის სალონში მარსელი გაეცნო ანატოლ ფრანსს, რომლის წყალობითაც მან შეძლო 1896 წელს მისი პირველი წიგნის, ლექსებისა და მოთხრობების კრებულის ”განცხრომა და დღეები” გამოქვეყნება. შემდგომი რამდენიმე წლის განმავლობაში პრუსტი ფრანგულ ენაზე თარგმნიდა ჯონ რესკინის სტატიებსა და თხზულებებს. 1907 წლის თებერვალში პრუსტმა გაზეთ ”ფიგარო”-ში გამოაქვეყნა სტატია, სადაც ის შეეცადა გაეანალიზებინა ორი ცნება, მეხსიერება და დანაშაულის გრძნობა, რომლებმაც შემდგომში მის შემოქმედებაში საკვანძო მნიშვნელობა შეიძინეს. 1909 წლის ზაფხულში მან ესეს ”სენტ-ბევის წინააღმდეგ” წერა წამოიწყო. ეს ესე საბოლოო ჯამში მრავალტომიან ნაწარმოებში გადაიზარდა. მას პრუსტი სიცოცხლის ბოლო დღეებამდე წერდა. 1913 წელს ამ მრავალტომიანმა რომანმა მიიღო ახალი სახელწოდება: ”დაკარგული დროის ძიებაში”, რომლის პირველი ნაწილი - ”სვანის გზა” - გამოქვეყნდა 1913 წელს. მეორე ნაწილმა კი 1919 წელს ძმები გონკურების სახელობის პრემია დაიმსახურა. მის გარდაცვალებამდე, კერძოდ 1922 წლამდე, მარსელ პრუსტმა ამ ციკლის ხუთი ნაწილის გამოქვეყნება მოახერხა. დანარჩენი ნაწილები მისი სიკვდილის შემდგომ, მისი ძმის რიბერისა და მისი მეგობრების, ჟაკ რივიერისა და ჟან პოლიანის მიერ იქნა გამოქვეყნებული.

პრუსტის შემოქმედებითი მეთოდი, რომელიც ძირითადად იმპრესიონისტულია, დაუპირისპირდა XIX ს. რეალიზმის ეპოქაში დამკვიდრებული რომანის პრინციპებს. საზოგადოებრივ მოვლენათა ობიექტურად გაანალიზების მცდელობა მან შეცვალა მოვლენათა ინტუიციური წვდომის შედეგად მოპოვებული სუბიექტური მონაცემებით. პორტრეტის ხატვისას იგი ზოგადადამიანური საწყისიდან გამოდის, და არ ცნობს ადამიანის პიროვნების სოციალური განსაზღვრულობის ფაქტს. პრუსტი ბერგსონის ფილოსოფიურ მოძღვრებასა და ფროიდის ფსიქოანალიზს ეყრდნობა. მის ნაწარმოებებში თხრობა მიმდინარეობს სპონტანურ მოგონებათა, ასოციაციათა ქვეცნობიერ მინიშნებათა კვალდაკვალ. მოვლენათა გადმოცემისას დაცული არ არის დროული თანამიმდევრობა, ამიტომ ძირეულადაა შეცვლილი რომანის სტრუქტურისა და სიუჟეტის ტრადიციული ქარგა. მწერალი ცდილობს მოუძებნოს ახსნა ადამიანის ფსიქოლოგიის და ინტელექტის კანონებს, ინტუიციის მექანიკას.

პრუსტის სამწერლო კონცეფცია გარე სამყაროს არ უტოვებს ობიექტური რეალობის სახეს, იგი წარმოდგენილია მხოლოდ გმირის ცნობიერებაში, მეხსიერებაში არეკლილი და გარდატეხილი ფორმით. ამ კონცეფციის მიხედვით, ადამიანის წარმოდგენა საკუთარ თავზე, სამყაროზე, საზოგადოებაზე პირობითია; ყოველგვარი ცოდნა სუბიექტურია, ადამიანს არ ძალუძს გასცდეს საკუთარი "მე"–ს ფარგლებს და თავისივე მსგავსთა ცხოვრების ჭეშმარიტი არსი შეიცნოს; მათი არსებობა გააზრებულია, როგორც "დაკარგული დრო". ამ რწმენას მწერალი პესიმიზმამდე, იმის აღიარებამდე მიჰყავს, რომ მხოლოდ ხელოვნება ათავისუფლებს ადამიანს ყოველგვარი პირობითობისგან და იგი მარადისობას შეერწყმება. პრუსტს ადამიანის ქვეცნობიერ გრძნობათა ფიქსირებისა და ჰიპერბოლიზაციის საოცარი უნარი აქვს. ლირიკული წიაღსვლები, ფერის, ხმის, ღიმილის, შთაბეჭდილებათა გადმოცემის ფილიგრანული ოსტატობა, განცდათა, აღქმათა, გრძნობათა უნატიფეს ენობრივ ქსოვილში განსხეულება ამ ნაწარმოებს დიდ მხატვრულ ღირსებას სძენს.

მარსელ პრუსტს ერთი ნაწარმოების ავტორს უწოდებენ (თუმცა იგი ასევე ავტორია რომანისა "ჟან სანტეი", გამოქვეყნდა 1952 წელს; მოთხრობებისა და ესეების კრებულებისა "სტილიზაცია და ნარევი", 1919 და სხვა), რადგან ამ ერთმა თხზულებამ დიდი გავლენა მოახდინა XX საუკუნის ფრანგული და საერთოდ ევროპული რომანის შედმგომ განვითარებაზე, მრავალი მიმბაძველი თუ მიმდევარი გაუჩინა მას.

ბიბლიოგრაფია

  • 1896 განცხრომა და დღეები
  • 1913-1927 დაკარგული დროის ძიებაში
    • 1913 სვანის მხარეს
    • 1918 შეღერებული ქალიშვილების ჩრდილში
    • 1920 გერმანტების მხარე
    • 1922 სოდომი და გომორი
    • 1923 ტყვე ქალი
    • 1925 გაუჩინარებული ალბერტინი
    • 1927 დაბრუნებული დრო
  • 1954 სენტ-ბევის წინააღმდეგ
  • 1919 სტილიზაცია და ნარევი
  • 1952 ჟან სანტეი (დაუსრულებელი)

ცნობილი გამოთქმები

  • ”ყოველ სოციალურ კლასს საკუთარი პათოლოგია აქვს.”

სქოლიო

  1. ანდრე მორუა. "მარსელ პრუსტის ძიებაში", გამომც. "Лимбус Пресс", სანკტ–პეტერბურგი, 2000 წ. (რუსულ ენაზე)