The Beatles: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: mwl:The Beatles
Bot: repairing outdated link allmusic.com
ხაზი 28: ხაზი 28:
{{მთავარი|ქუორიმენი}}
{{მთავარი|ქუორიმენი}}


1957 წლის მარტში, ლივერპულში, ქუორი ბენკის სკოლაში ჯონ ლენონმა ჩამოაყალიბა სკიფლის შემსრულებელი ჯგუფი [[ქუორიმენი]].<ref>[http://www.allmusic.com/cg/amg.dll?p=amg&sql=11:995j8qmtbtn4 AMG ბიოგრაფია] </ref> ქუორიმენის ერთ-ერთ კონცერტზე (უოლტონ გარდენი, წმ. პეტრეს ეკლესია, 6 ივლისი, 1957) აღმოჩნდა [[პოლ მაკარტნი]], რომელიც შეუერთდა ჯგუფს. 1958 წლის 6 თებერვალს ერთ-ერთ კონცერტს ასევე დაესწრო ახალგაზრდა გიტარისტი [[ჯორჯ ჰარისონი]].<ref>რეი ო’ბრაიენი, ''არის ადგილები, რომლებიც მემახსოვრება: ტომი 1'', 2001</ref> მაკარტნიმ ჰარისონი გაიცნო სკოლის ავტობუსში. მაკარტნის თხოვნით, ჰარისონი შეუერთდა ქუორიმენს მთავარი გიტარისტის სახით 1958 წლის მარტში, ერთ-ერთი რეპეტიციის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ლენონს არ მოსწონდა ჰარისონის ასაკი - იგი ყველაზე უმცროსი იყო. მომავალი ბითლზის შემადგენლობა ნელ-ნელა ყალიბდებოდა და 1960 წლის იანვარში მასში მოვიდა ლენონის მეგობარი სამხატვრო სასწავლებლიდან, [[სტიუარტ სატკლიფი]], რომელიც ბას გიტარაზე უკრავდა. ლენონიც და მაკარტნიც უკრავდნენ რითმ გიტარაზე და ჯგუფმა რამდენიმე დრამერი შეცვალა.
1957 წლის მარტში, ლივერპულში, ქუორი ბენკის სკოლაში ჯონ ლენონმა ჩამოაყალიბა სკიფლის შემსრულებელი ჯგუფი [[ქუორიმენი]].<ref>[http://www.allmusic.com/artist/the-beatles-p3644 AMG ბიოგრაფია] </ref> ქუორიმენის ერთ-ერთ კონცერტზე (უოლტონ გარდენი, წმ. პეტრეს ეკლესია, 6 ივლისი, 1957) აღმოჩნდა [[პოლ მაკარტნი]], რომელიც შეუერთდა ჯგუფს. 1958 წლის 6 თებერვალს ერთ-ერთ კონცერტს ასევე დაესწრო ახალგაზრდა გიტარისტი [[ჯორჯ ჰარისონი]].<ref>რეი ო’ბრაიენი, ''არის ადგილები, რომლებიც მემახსოვრება: ტომი 1'', 2001</ref> მაკარტნიმ ჰარისონი გაიცნო სკოლის ავტობუსში. მაკარტნის თხოვნით, ჰარისონი შეუერთდა ქუორიმენს მთავარი გიტარისტის სახით 1958 წლის მარტში, ერთ-ერთი რეპეტიციის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ლენონს არ მოსწონდა ჰარისონის ასაკი - იგი ყველაზე უმცროსი იყო. მომავალი ბითლზის შემადგენლობა ნელ-ნელა ყალიბდებოდა და 1960 წლის იანვარში მასში მოვიდა ლენონის მეგობარი სამხატვრო სასწავლებლიდან, [[სტიუარტ სატკლიფი]], რომელიც ბას გიტარაზე უკრავდა. ლენონიც და მაკარტნიც უკრავდნენ რითმ გიტარაზე და ჯგუფმა რამდენიმე დრამერი შეცვალა.


ქუორიმენმა რამდენიმე სახელი გამოიცვალა - "Johnny and the Moondogs", "Long John and the Beatles", "the Silver Beetles" (ეს სახელი მათ ლარი პარნსმა შესთავაზა). შემდეგ, 1960 წლის აგვისტოში მათ 'The Beetles' დაირქვეს (ბადი ჰოლისა და ჯგუფის [[The Crickets]] საპატივცემულოდ). ლენონს სურდა ჯგუფის გადარქმევა 'The Beatals'-ად. შემდეგი სახელი იყო 'Silver Beats', [[The Silver Beetles]], and the 'Silver Beatles', ხოლო საბოლოო - უკვე The Beatles. ლარი პარნსთან ერთად მათ მცირე ტური მოაწყვეს და იქცნენ 'ბითლზად'.<ref>რეი კოულმენი (1984). ''ლენონი: საბოლოო ბიოგრაფია''. [[Pan Books]]. p212.</ref>
ქუორიმენმა რამდენიმე სახელი გამოიცვალა - "Johnny and the Moondogs", "Long John and the Beatles", "the Silver Beetles" (ეს სახელი მათ ლარი პარნსმა შესთავაზა). შემდეგ, 1960 წლის აგვისტოში მათ 'The Beetles' დაირქვეს (ბადი ჰოლისა და ჯგუფის [[The Crickets]] საპატივცემულოდ). ლენონს სურდა ჯგუფის გადარქმევა 'The Beatals'-ად. შემდეგი სახელი იყო 'Silver Beats', [[The Silver Beetles]], and the 'Silver Beatles', ხოლო საბოლოო - უკვე The Beatles. ლარი პარნსთან ერთად მათ მცირე ტური მოაწყვეს და იქცნენ 'ბითლზად'.<ref>რეი კოულმენი (1984). ''ლენონი: საბოლოო ბიოგრაფია''. [[Pan Books]]. p212.</ref>

20:39, 9 ნოემბერი 2010-ის ვერსია

ბითლზი

ბიოგრაფია
წარმოშობა ლივერპული, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი როკ-ენ-როლი, ფსიქოდელიური როკი, პოპი, მერსიბითი
აქტიური 1960 - 1970
ლეიბლ(ებ)ი Parlophone Records
Capitol Records
Apple Records
Vee-Jay Records
Polydor Records
Swan Records
Tollie Records
წევრები ჯონ ლენონი
პოლ მაკარტნი
რინგო სტარი
ჯორჯ ჰარისონი
ყოფილი წევრები სტიუარტ სატკლიფი
პიტ ბესტი
საიტი thebeatles.com
The Beatles ვიკისაწყობში

ბითლზი (ინგლ.: The Beatles) — 1960 წელს ჩამოყალიბებული პოპ- და როკენროლ-ჯგუფი ლივერპულიდან, ინგლისი; დღემდე მუსიკის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. მათმა ნოვატორულმა ტექნიკამ და გავლენამ კულტურაზე ჩამოაყალიბა 1960-იანების მიმდინარეობა, მათი გავლენა პოპ-კულტურაზე კი დღემდე იგრძნობა. ჯგუფი, რომელიც ძირითადად შედგებოდა ჯონ ლენონის (რითმული გიტარა, ვოკალი), პოლ მაკარტნის (ბას-გიტარა, ვოკალი), ჯორჯ ჰარისონისა (წამყვანი გიტარა, ვოკალი) და რინგო სტარისგან (დასარტყმელი ინსტრუმენტები, ვოკალი), 1960-იან წლების აშშ-ის მუსიკაში "ბრიტანული შემოსევის" პიონერი გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ მათი საწყისი მუსიკალური სტილი 1950-იანი წლების როკ-ენდ-როლსა და ადგილობრივ სკიფლს ეფუძნებოდა, ჯგუფის შემოქმედება დროთა განმავლობაში გასწვდა ისეთ ჟანრებს, როგორიცაა ტინ პენ ელი და ფსიქოდელიური როკი. მათი ჩაცმის სტილი და განცხადებები საზოგადოებისთვის მოდის მიმართულების განმსაზღვრელი იყო, ხოლო მათი მზარდი სოციალური აქტიურობა 1960-იანი წლების სოციალურ და კულტურულ რევოლუციებზეც ტოვებს კვალს. 1970 წელს ჯგუფის დაშლის შემდეგ, თითოეულმა წევრმა სოლო კარიერა გააგრძელა.

შექმნის ისტორია

1957 წლის მარტში, ლივერპულში, ქუორი ბენკის სკოლაში ჯონ ლენონმა ჩამოაყალიბა სკიფლის შემსრულებელი ჯგუფი ქუორიმენი.[1] ქუორიმენის ერთ-ერთ კონცერტზე (უოლტონ გარდენი, წმ. პეტრეს ეკლესია, 6 ივლისი, 1957) აღმოჩნდა პოლ მაკარტნი, რომელიც შეუერთდა ჯგუფს. 1958 წლის 6 თებერვალს ერთ-ერთ კონცერტს ასევე დაესწრო ახალგაზრდა გიტარისტი ჯორჯ ჰარისონი.[2] მაკარტნიმ ჰარისონი გაიცნო სკოლის ავტობუსში. მაკარტნის თხოვნით, ჰარისონი შეუერთდა ქუორიმენს მთავარი გიტარისტის სახით 1958 წლის მარტში, ერთ-ერთი რეპეტიციის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ლენონს არ მოსწონდა ჰარისონის ასაკი - იგი ყველაზე უმცროსი იყო. მომავალი ბითლზის შემადგენლობა ნელ-ნელა ყალიბდებოდა და 1960 წლის იანვარში მასში მოვიდა ლენონის მეგობარი სამხატვრო სასწავლებლიდან, სტიუარტ სატკლიფი, რომელიც ბას გიტარაზე უკრავდა. ლენონიც და მაკარტნიც უკრავდნენ რითმ გიტარაზე და ჯგუფმა რამდენიმე დრამერი შეცვალა.

ქუორიმენმა რამდენიმე სახელი გამოიცვალა - "Johnny and the Moondogs", "Long John and the Beatles", "the Silver Beetles" (ეს სახელი მათ ლარი პარნსმა შესთავაზა). შემდეგ, 1960 წლის აგვისტოში მათ 'The Beetles' დაირქვეს (ბადი ჰოლისა და ჯგუფის The Crickets საპატივცემულოდ). ლენონს სურდა ჯგუფის გადარქმევა 'The Beatals'-ად. შემდეგი სახელი იყო 'Silver Beats', The Silver Beetles, and the 'Silver Beatles', ხოლო საბოლოო - უკვე The Beatles. ლარი პარნსთან ერთად მათ მცირე ტური მოაწყვეს და იქცნენ 'ბითლზად'.[3]

1960 წლის მაისში ჯგუფმა კვლავ მოაწყო მცირე ტური, მომღერალ ჯონი ჯენტლთან ერთად.[4] კოლექტივს ჯერ კიდევ არ ჰყავდა მუსიკოსი, რომელიც დაუკრავდა დასარტყამ ინსტრუმენტებზე. მათთან ხოლმე უკრავდა შედარებით უფროსი, ტომი მური. მან დატოვა ჯგუფი და დაუბრუნდა ბოთლების ქარხნის მძღოლის საქმიანობას. შემდეგი მის მაგივრად იყო ნორმან ჩეპმენი. მცირე ხნის განმავლობაში მან დაუკრა დასარტყამებზე, მაგრამ მცირე ხანში იგი სხვა სახელმწიფო სამსახურში იხმეს. მას წასვლას დაემთხვა ჯგუფის მიწვევა ჰამბურგის კლუბებში, როდესაც ბითლზმა არ იცოდა, როგორ მოეგვარებინა დასარტყამების პრობლემა.

მუსიკალური გავლენა

ჯონ ლენონმა ერთხელ თქვა: "ელვის პრესლის შთაგონებით დავიწყე ჩანაწერების შეძენა. მისი ადრინდელი სიმღერები ძალიან მომწონდა. ბილ ჰეილის პერიოდმა უკვე ჩაიარა. ჩემი დედა უსმენდა მას, მაგრამ მე მისი სიმღერები არ მაღელვებდა. სწორედ ელვისის გამო დავჯექი ბით მუსიკაზე".

1960–70: ბითლზი

ჰამბურგი

1960 წლის 12 აგვისტოს დაინიშნა ჯგუფის პირველი კონცერტი ჰამბურგში. საბოლოო კომპრომისის შედეგად ჯგუფში მოვიდა პიტ ბესტი. ბესტი ჯგუფთან The Blackjacks უკრავდა, კასბას ყავის კლუბში, რომლის მეპატრონეც პიტის დედა, მონა ბესტი, იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბესტი არც თუ კარგად უკრავდა, იმ დროისათვის იგი ყველაზე შესაფერისი კანდიდატურა აღმოჩნდა.

ბესტის დაქირავებიდან ოთხი დღის შემდეგ ჯგუფი ჰამბურგში გაემგზავრა. კონცერტები დაიწყო ინდრა კლუბით, 4 ოქტომბერს გადაინაცვლა კაიზერკელერში. ჯგუფი ყოველდღე ექვს ან შვიდ საათს უკრავდა. იმავე წლის 21 ნოემბერს ჯორჯ ჰარისონი დეპორტირებული იქნა, არასრულწლოვანების გამო. ერთი კვირის შემდეგ იგივე სანქცია მიიღეს მაკარტნისა და ბესტის წინააღმდეგ, რომლებმაც სასტუმროს ნომერში ცეცხლი გააჩაღეს. დეკემბერის შუა რიცხვებში ლენონიც დაბრუნდა ლივერპულში. ჰამბურგში დარჩა სატკლიფი, გერმანელ საცოლესთან, ასტრიდ კირხნერთან ერთად. ამასობაში ჯგუფმა ჩაატარა კონცერტი კასბას კლუბში (სატკლიფის მაგივრად უკრავდა ჩეს ნიუბი).

კლუბი "ინდრა", ჰამბურგი, ჩვენს დროს

1961 წლის აპრილში ბითლზი ჰამბურგში დაბრუნდა და კლუბში Top Ten დაუკრა. აქ მათ გაიცნეს ადგილობრივი მომღერალი ტონი შერიდანი, რომელმაც მათ დამხმარე ჯგუფად მუშაობა შესთავაზა. ამასთან, იგი გეგმავდა ალბომის ჩაწერას და მის გამოცემას ლეიბლზე Polydor Records.[5] ჯგუფმა ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან და სულ მალე გამოიცა შერიდანის/ბითლზის ერთობლივი სინგლი "My Bonnie (Mein Herz ist bei dir nur)". ფირფიტაზე ამ დუეტის სახელი იყო "Tony Sheridan and the Beat Brothers". ამ ჩანაწერის აღმოჩენის შემდეგ ჯგუფს შეხვდა ბრაიან ეპსტაინი — სწორედ მაშინ ბითლზის შესახებ პირველად დაწერეს ამერიკულ პრესაში.

დაახლოებით 1962 წლის დასაწყისში ჟურნალმა Cashbox ახსენა "My Bonnie", როგორც ახალი როკ-ენ-როლური გუნდის, Tony Sheridan and the Beat Brothers დებიუტი. სინგლის რამდენიმე ასლი გამოვიდა ლეიბლზე Decca (აშშ რადიოებისათვის)[6].

ჯგუფი ისევ ლივერპულში დაბრუნდა, თუმცა სატკლიფი კვლავ ჰამბურგში დარჩა, ასტრიდთან ერთად. ამ დროისათვის მაკარტნი ბას გიტარაზე გადაერთო. ასტრიდს ეკუთვნის ჯგუფის შავ-თეთრი ფოტოსურათები (თუმცა მას არ მოუფიქრებია ჯგუფის ვარცხნილობა, როგორც ბევრი დღემდე თვლის).

მესამე მოგზაურობა ჰამბურგში განხორციელდა 1962 წლის 13-31 აპრილს. ისინი უკრავდნენ კლუბში Star. ამას დაემთხვა სამწუხარო ამბავი — სატკლიფი ტვინში სისხლის ჩაქცევის შედეგად გარდაიცვალა.[7]

ჯგუფის მენეჯერი 1962 წლის იანვარში ეპსტაინი გახდა, რის შემდეგაც სულ მალე მათ ხელი მოაწერეს კონტრაქტს ბრიტანულ კომპანიასთან.

პირველი კონტრაქტი

მუსიკალური ნაწყვეტები:

კომპანიასთან Decca Records წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ეპსტაინი ოქსფორდის ქუჩაზე მდებარი მუსიკალურ მაღაზიაში HMV შევიდა, სადაც იგი Decca Records-ზე ჩაწერილი ფირების დისკებზე გადატანას აპირებდა. იქ ინჟინერმა ჯიმ ფოიმ მას გააცნო სიდ კოლმენი, კომპანიის EMI წარმომადგენელი. დემო ფირების მოსმენის შემდეგ კომენმა ეპსტაინს შესთავაზა ფირების ჯორჯ მარტინთან მიტანა. მისი თქმით, ეს უკანასკნელი "ხალისიან ჩანაწერებზე" მუშაობდა. ეპსტაინმა მიაკითხა ლეიბლს Parlophone, რომელიც EMI-ს ერთ-ერთი განშტოება იყო. მარტინთან შეხვედრის შედეგად ბითლზმა ერთწლიანი კონტრაქტი მიიღო. აგრეთვე, 1962 წლის 6 ივნისისათვის დაიგეგმა კოლექტივის პირველი ხმისჩამწერი სესია ები როუდის სტუდიაში (ეს არის EMI-ს კუთვნილი სტუდია, რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთ ლონდონში).[8] მარტინი არ იყო კმაყოფილი დემო ჩანაწერით, მაგრამ მას პიროვნულად ოთხეულის წევრები მოეწონა. იგი მიხვდა, რომ მათ მუსიკალური ნიჭი ჰქონდათ, თუმცა მოგვიანებით რამდენიმე ინტერვიუში განაცხადა, რომ მისთვის უფრო მნიშვნელოვანი მათი აზროვნება და იუმორი იყო.

მალე მარტინს პრობლემები გაუჩნდა პიტ ბესტთან. მან ეპსტაინს შესთავაზა პიტის შემცვლელი მუსიკოსის მოძიება. ბესტმა, გარდა ყველაფრისა, ავადმყოფობის გამო გააცდინა რამდენიმე მოსმენა (სხვადასხვა კლუბში). რადგანაც მასთან მუშაობდა სულ უფრო რთულდებოდა, 16 აგვისტოს ბესტს ოფიციალურად დაატოვებინეს ბითლზი. მის ნაცვლად რინგო სტარს, ჯგუფის Rory Storm and the Hurricanes მუსიკოსს სთხოვეს დროებით დახმარება. სტარი ადრეც უკრავდა მათთან, ჰამბურგის კლუბებში.

ლენონის, მაკარტნის, ჰარისონისა და სტარის პირველი ერთობლივი ჩაწერა მანამდე 1960 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში (ჰამბურგში) მოხდა.[9] მაგრამ სტარისთვის მეორე სესიის შემდეგ, რომელიც 1962 წლის 4 სექტემბერს შედგა, მარტინმა შემდეგი, 11 სექტემბრის ჩაწერისათვის ენდი უაიტი იქირავა.

კონტრაქტის მიხედვით ჯგუფის წევრებს გარანტირებული ჰქონდათ თითო პენი თითოეული გაყიდული სინგლიდან, რომლის თითო მეოთხედიც ჯგუფის თითოეულ წევრს შეხვდებოდა.[10]. მოგვიანებით, ამას დაემატა ბრიტანეთის ფარგლებს გარეთ გაყიდულ სინგლებიდან შემოსული ერთი პენი ნახევარი, რომელსაც, შესაბამისად, ოთხ ნაწილად იყოფდნენ. მარტინი თვლიდა, რომ ეს საშინელი კონტრაქტი იყო.

ჯგუფის პირველმა სესიამ მნიშვნელოვანი შედეგები არ მოიტანა, მასალის დიდი ნაწილი დაუსრულებელი იყო, თუმცა სწორედ ამ სესიაზე იქნა ჩაწერილი "Love Me Do", რომელიც მუსიკალურ ჰიტ-აღლუმებში 17-ე ადგილზე აღმოჩნდა.[11] 1962 წლის 26 ნოემბერს მათ ჩაწერეს მეორე სინგლი "Please Please Me", რომელმაც ჰიტ-აღლუმში მე-2 ადგილს მიაღწია, ხოლო გამოცემის NME ჩარტში — 1-ელ ადგილს. სამი თვის თავზე ჩაწერილ იქნა პირველი ალბომი Please Please Me. პირველი სატელევიზიო გამოჩენა შედგა გადაცემაში ადამიანები და ადგილები, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა მანჩესტერიდან. [12]ბითლზის პოპულარობასთან ერთად იზრდებოდა მოზარდი გოგონების ისტერია მათთან მიმართებაში, რომელსაც მოგვიანებით ბიტლომანია უწოდეს.

ჯგუფი მალე შეამჩნია რამდენიმე მუსიკალურმა კრიტიკოსმა. ტაიმსის კრიტიკოსმა უილიამ მენმა 1963 წლის 23 დეკემბრის რეცენზიაში ბითლზის სიმღერები "Till There Was You" და "I Want to Hold Your Hand" საკმაოდ დადებითად აღწერა.

შტატებში

მუსიკალური ნაწყვეტები:

ბრიტანეთში კოლექტივი უკვე ძალიან პოპულარული იყო, მაგრამ EMI-ს ამერიკულმა განყოფილებამ Capitol Records უარი თქვა სინგლების "Please Please Me" და "From Me to You" აშშ–ს ტერიტორიაზე გამოცემაზე. [13] სინგლები გამოვიდა ჩიკაგოში მდებარე Vee-Jay Records-ზე, მცირე ლეიბლზე. არტ რობერტსი, პოპულარული რადიოსადგურის "WLS" წამყვანი, რეგულარულად უშვებდა "Please Please Me"-ს თავის ეთერში. ეს იყო ბითლზის პირველი ჩანაწერი, რომელმაც გაიჟღერა აშშ რადიოეთერში. მოგვიანებით Vee-Jay Records-სა და ბითლზს შორის კონტრაქტი გაუქმებული იქნა, რადგანაც ოთხეულს არ გადაუხადეს ჰონორარი.

22 ნოემბერს გამოვიდა ჯგუფის მეორე ალბომი "With The Beatles". 14 სიმღერიდან უმრავლესობა მათი საკუთარი შექმნილი ნომრები იყო. 1965 წლისათვის გაიყიდა მისი 1 მილიონი ასლი.

ჯგუფი ედ სალივანის შოუში

1963 წლის აგვისტოში ფილადელფიურმა ლეიბლმა Swan Records გამოსცა "She Loves You", რომელიც თავდაპირველად რადიოეთერში წარუმატებელი იყო. დიკ კლარკის შოუში American Bandstand მოზარდებმა დასცინეს ბითლზს მათი ვარცხნილობის გამო. 1963 წლის ნოემბერში ბრაიან ეპშტეინის თხოვნით, ედ სალივანმა დაიწყო კოლექტივის წარდგენა საკუთარ გადაცემაში - იმ წელს ბითლზი სამჯერ იყო ედის სტუმარი. ამან ოთხეულს მოუტანა გარანტირებული კონტრაქტი კომპანიასთან Capitol Records, რომელმაც შემდეგი წლის იანვრის შუა რიცხვებში გამოსცა შემდეგი სინგლი "I Want to Hold Your Hand".[14] 1963 წლის 10 დეკემბერს ეთერში გავიდა 5 წუთიანი ისტორია, რომელიც გადაღებული იქნა ინგლისში. მასში საუბარი იყო ბრიტანეთში ბითლომანიის ფენომენზე. გადაცემის შემდეგ მოზარდმა გოგონამ მარშა ალბერტმა (რომელიც მერილენდში ცხოვრობდა) მისწერა კეროლ ჯეიმსს, რადიოსადგურის WWDC (ვაშინგტონი) წამყვანს, რომ მას ხშირად გაეშვა ბითლზის სიმღერები. კეროლ ჯეიმსი, რომელმაც ასევე ნახა ეს სიუჟეტი, დაინტერესდა ბითლზით, მოიპოვა სინგლის "I Want to Hold Your Hand" პრომო ასლი და, 17 დეკემბრის რადიოდებიუტის შემდეგ, სიმღერა შემჩნეული იქნა უამრავი მსმენელის მიერ. Capitol Records-ის პრეზიდენტმა ალან ლივინგსტონმა, რომელიც გაოგნებული იყო ამ წარმატებით, გადაწყვიტა დროზე ადრე გამოეშვა სინგლი, იმავე წლის 26 დეკემბერს. [15]

ნიუ იორკის რამდენიმე რადიოსადგურმა დაიწყო სიმღერის საკუთარ ეთერში გაშვება გამოსვლის დღეს. დადებითი რეაქცია სინგლთან დაკავშირებით მოედო ვაშინგტონსა და ნიუ იორკს. 10 დღეში გაიყიდა სინგლის ერთი მილიონი ასლი და, 1964 წლის 16 იანვარს, ჟურნალმა Cashbox ჩანაწერს მიანიჭა რიგით პირველი სინგლის სტატუსი. ჯეკ პაარის შოუს ავტორებმა იცოდნენ, რომ თებერვალში ბითლზი გამოვა ედ სალივანის შოუში. მათ წინასწარ შეიძინეს ბრიტანული ტელევიზიის BBC მიერ გადაღებული "She Loves You" და გაუშვეს იგი საკუთარ ეთერში 1964 წლის 3 იანვარს - ასე რომ პაარმა დაასწრო სალივანს ბითლზის წარდგენა საკაბელო ტელევიზიის ეთერში.

ოკეანის გაღმა

ბითლზის ჩასვლა აშშ-ში . ფოტო გადაღებულია კენედის სახელობის აეროპორტში , 1964 წლის 7 თებერვალს .

წლის 7 თებერვალს ჯგუფის ათასობით მოყვარულმა თავი მოიყარა ჰიზროუს აეროპორტში, ბითლზის აშშ-ში გასაცილებლად. იქვე იმყოფებოდნენ ფოტოგრაფები, ჟურნალისტები (მათ შორის იყვნენ მორინ კლივი და ფილ სპექტორი), რომლებიც ასევე აშშ-ში მიფრინავდნენ. ჯონ კენედის სახელობის აეროპორტში ჯგუფის წევრებს 3 ათასამდე თაყვანისმცემელი დახვდათ. პრესკონფერენციის შემდეგ ბითლზის წევრები ნიუ-იორკში გაემგზავრნენ. გზად მაკარტნიმ რადიოში მოისმინა ინფორმაცია, რომ ბითლზი ნიუ-იორკში ჩავიდა და სასტუმრო პლაზასკენ მიემართება. სასტუმროსთან მათ კვლავ ურიცხვი თაყვანისმცემელი და ჟურნალისტები დახვდნენ. ჰარისონს მეორე დღეს სიცხე ჰქონდა და იგი პირველ დიდ ტელეჩაწერაზე ნილ ასპინალმა შეცვალა .

1964 წლის წარმატების შემდეგ, კომპანიებმა Vee-Jay Records და Swan Records გაიხსენეს ჯგუფი და ახალი სახით გამოსცეს მისი ყველა წინა ჩანაწერი - მათი ნაწილი საუკეთესო ათეულებში მეორედ მოხვდა.

ბუკინგემის სასახლე, სადაც ჯგუფმა მიიღო მედლები დედოფლისგან

1964 წელს ჯგუფმა საკონცერტო ტურით ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ავსტრალიაში იმოგზაურა. ავსტრალიაში, სადაც ჯგუფს 300.000–მდე თაყვანისმცემელი შეეგება, ისინი რინგოს გარეშე ჩავიდნენ. რინგო, რომელიც იმ დროს ავად იყო, დროებით შეცვალა ჯიმი ნიკოლმა. 1964 წლის 21 ივნისს რინგო კვლავ შეუერთდა ჯგუფს.[16]

1965 წლის ივნისში ელისაბედ II-მ ბუკინგემის სასახლეში დააჯილდოვა ბითლზის წევრები ბრიტანული იმპერიის ორდენებით. ბევრმა ორდენოსანმა შეურაცხყოფად მიიჩნია ჩვეულებრივი მუსიკოსებისათვის ამ ორდენების გადაცემა და ორდენი დედოფალს დაუბრუნა. მოგვიანებით ვიეტნამის ომის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად იგივე გაიმეორა ლენონმაც.

1965 წლის 15 აგვისტოს შის სტადიონზე გაიმართა ჯგუფის დიდი კონცერტი, რომელსაც დაესწრო 55.600–მდე მაყურებელი. დეკემბერში გამოიცა ჯგუფის მეექვსე ალბომი Rubber Soul, რომელიც იქცა დიდ გარღვევად მუსიკალურ სამყაროში.

უკურეაქცია და კამათი

ფაილი:Beatleslastconcert.jpg
ბითლზი კონცერტის შემდეგ

1966 წელს ჯგუფი ჩავიდა ფილიპინებში, სადაც მათ მიერ იგნორირებული იქნა ფილიპინების პირველი ლედი, იმელდა მარკოსი. მან უარი მიიღო, ჯგუფის მიერ პრეზიდენტის სასახლეში საუზმეზე დასწრებაზე. ბრაიან ეპსტაინის აზრით ეს არ ჯდებოდა მისი კოლექტივის იმიჯში. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მარკოსს არ ავიწყდებოდა ჯგუფისგან უარის მიღება. მას შემდეგ, რაც ინფორმაცია ასეთ მტკიცე უარზე გაჟღერდა რადიოეთერითა და ტელევიზიით, პოლიციამ შეაკავა ბითლზი. ამიტომაც ჯგუფმა საკუთარი ძალებით მიაღწია აეროპორტში. აეროპორტში მათი როუდ-მენეჯერი მელ ევანსი სასტიკად ცემეს, ხოლო ბითლზის წევრებს ბევრჯერ ჰკრეს ხელი.

მუსიკალური ნაწყვეტები

ფილიპინებიდან დაბრუნების შემდეგ მათ კიდევ ერთი დიდი უსიამოვნება შეემთხვათ. ბრიტანელ ჟურნალისტთან, მორინ კლივთან საუბრისას [17] ლენონმა გამოხატა საკუთარი პოზიცია ქრისტიანობის კრიზისთან დაკავშირებით, რომელიც ჟღერდა ასე: "ჩვენ უფრო პოპულარულები ვართ, ვიდრე იესო".[18] ეს განცხადება რეაქციის გარეშე არ დარჩენილა. ბირმინგემის (ალაბამა) ერთ-ერთმა რადიოსადგურმა ხუმრობით განაცხადა, რომ ამის მერე შეიძლება ბითლზის ჩანაწერების დაწვა. მაგრამ ბევრმა ეს სერიოზულად აღიქვა და სულ მალე აშშ–სა და აფრიკაში ბრბოებმა დაიწყეს ბითლზის ჩანაწერების დაწვა, პროტესტის ნიშნად. ჯორჯ ჰარისონმა განაცხადა: "ალბათ, მათ თავად ყიდულობენ, სანამ დაწვავენ". ამერიკული პრესის მხრიდან ზეწოლის შედეგად ლენონმა, 1966 წლის 11 აგვისტოს ოფიციალურად მოიხადა ბოდიში საკუთარი განცხადებისათვის, ჯგუფის გამოსვლის წინ, რომელიც მათი უკანასკნელი ტურის ერთ-ერთ კონცერტად იქცა.

აშშ-ში კომპანიამ Capitol სულ მალე გამოსცა მათი კრებული Yesterday and Today და სინგლი Paperback Writer. ალბომის ყდაზე ჯგუფის წევრებს ეცვათ მეყასბის ფორმები და ეკავათ ხორცის ნაჭრები. იმ პერიოდში გავრცელდა ჭორი, თითქოს კოლექტივმა ასეთი ფოტოსურათი შეარჩია იმის გამო, რომ Capitol სწორედ ასე აქუცმაცემდა მათ დისკებს.[19] ალბომის სხვა ასლებს ახალი ყდა ჰქონდათ. წლების შემდეგ ერთ-ერთმა კომენტატორმა განაცხადა, რომ ბითლზი ალბათ დაინტერესებული იყო გერმანული ექსპრესიონიზმით.

ელვის პრესლი ამავე პერიოდში გამოვიდა ბითლზის ანტისაომარი განცხადებებისა და ნარკოტიკების პროპაგანდის წინააღმდეგ და პირადად მოსთხოვა რიჩარდ ნიქსონს, რომ მას სამუდამოდ აეკრძალა ბითლზის წევრებისათვის აშშ-ში ჩასვლა. მუსიკალური კრიტიკოსის პიტერ გურალნიკის თქმით, ყველაფერი ასე იყო: "ელვისი თვლიდა, რომ ბითლზი იყო ანტი-ამერიკანიზმის განსახიერება. ისინი ჩამოვიდნენ ამ ქვეყანაში, გააკეთეს ფული, მერე დაბრუნდნენ ინგლისში და ანტი-ამერიკულად წააქეზეს ხალხი."[20]პიტერი ამატებს: "პრესლიმ აღნიშნა, რომ იგი იმ აზრის არის, რომ ბითლზი ბევრი ახალგაზრდული პრობლემის საბაბია - იმის, რომ ეს ახალგაზრდები დაუვარცხნელები დადიან და მაცდუნებელ მუსიკას უკრავენ 1960-იანების დასაწყისიდან". მიუხედავად ელვისის განცხადებებისა, ლენონი მასზე მაინც დადებითად ფიქრობდა: "ელვისამდე არაფერი იყო."[21]

ელვისის განცხადებისგან განსხვავებით ბობ დილანმა თქვა: "ამერიკამ ბითლზს ძეგლი უნდა დაუდგას. მათ ამ ქვეყანას კვლავ დაუბრუნეს სიამაყე."

სტუდიური წლები

ფაილი:Beatles-AllYouNeedIsLove.jpg
All You Need Is Love
მუსიკალური ნაწყვეტები

1966 წლის აპრილში დაიწყო ჯგუფის ყველაზე ამბიციური ალბომის, Revolver ჩაწერა. ხმისჩამწერი სესიების პერიოდში ჯგუფი იყენებდა ფირთან მუშაობის სხვადასხვა საშუალებებს, მუსიკალურად კი შეადგინა ბალადების, რიტმ ენ ბლუზის, სოულისა და სხვა ჟანრების პრეტენზიული კრებული.

მათი უკანასკნელი კონცერტი გაიმართა კენდლსტიკ პარკში (სან ფრანცისკო) 1966 წლის 29 აგვისტოს. ტონი ბეროუმ, მაკარტნის თხოვნით ჩაიწერა ეს კონცერტი, მაგრამ ფირი დასრულდა 30 წუთის შემდეგ. კონცერტი 35 წუთს გაგრძელდა. მოგვიანებით ჩანაწერი ბუტლეგის სახით გავრცელდა.[22]

აქედან მოყოლებული, ბითლზი სტუდიურ მუშაობაზე აკეთებდა აქცენტს. ალბომის Revolver გამოცემიდან შვიდი თვეც არ იყო გასული და მუსიკოსები კვლავ დაბრუნდნენ ები როუდის სტუდიაზე. 24 ნოემბერს დაიწყო შემდეგი დისკის ჩაწერა, რომელიც 129 დღე გაგრძელდა. 1967 წლის 1 ივნისს გამოიცა ჯგუფის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი, ალბომი Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band.

იმავე წლის 25 ივნისს ბითლზი იქცა პირველ ჯგუფად, რომლიც კონცერტიც მსოფლიო მასშტაბით გადაიცემოდა ტელეეთერში, დაახლოებით 400 მილიონი ადამიანისათვის. კოლექტივი მოხვდა გადაცემაში ჩვენი სამყარო და შეასრულა "All You Need Is Love" - სიმღერა, რომელიც მოგვიანებით ნამდვილ ჰიმნად იქცა.

ბევრი პრობლემა გაჩნდა მას შემდეგ, რაც ეპსტაინი ნარკოტიკების ზედმეტი მიღების შედეგად გარდაიცვალა, 1967 წლის 27 აგვისტოს, 32 წლის ასაკში. წლის ბოლოს ბრიტანეთის პრესაში გამოქვეყნდა ერთ-ერთი ნეგატიური კრიტიკული სტატია, რომელიც ეხებოდა მათ სიურეალისტურ ფილმს ჯადოსნური იდუმალი მოგზაურობა. მისი დაწერის საბაბი ასევე ის იყო, რომ ფილმი ფერადი იყო, იმ პერიოდში კი ბრიტანეთის მოსახლეობის უმრავლესობას შავ-თეთრი ტელევიზორები ჰქონდა. ბრიტანეთში ამავე დროს გამოიცა ალბომი Magical Mystery Tour, რომელშიც შეტანილი იყო სიმღერები ფილმიდან. აშშ-ში გამოვიდა მისი უფრო ვრცელი ვარიანტი, რომლის მეორე ფირფიტაზეც შეტანილი იყო სტუდიური სესიების დროს ჩაწერილი სხვა სიმღერებიც. მოგვიანებით ეს ვარიანტი ბრიტანეთშიც გამოვიდა.

ამ პერიოდში ჯგუფი დაინტერესდა მაჰარიში მაჰეშ იოგის ლექციებით და 1968 წლის ნაწილი გაატარა ინდოეთში, მისი ლექციების მოსმენაში. დაბრუნებისას ლენონი და მაკარტნი ჩავიდნენ ნიუ იორკში და ჩამოაყალიბეს კომპანია ეპლ კორპსი. 1968 წლის შუა თვეებში ჯგუფი დაბრუნდა სტუდიაში და ჩაწერა უცნაური დისკი The Beatles, იგივე თეთრი ალბომი. ამ სესიების პერიოდში ჯგუფის გზები პრაქტიკულად გაიყო და რინგო სტარმა დროებით დატოვა კოლექტივი. მაკარტნიმ თავად ჩაწერა დასარტყამი პარტიები სიმღერებში "Martha My Dear", "Wild Honey Pie", "Dear Prudence" და "Back in the USSR". ამასთან, დაძაბულობა წარმოშვა სტუდიაში ლენონის შეყვარებულის, იოკო ონოს გამოჩენამაც, რომელიც მასთან გამუდმებით იმყოფებოდა. მეორე მხრივ, მაკარტნის დომინირება ამ ჩაწერების დროს აშკარა იყო და ლენონის უკმაყოფილებას იწვევდა, მიუხედავად იმისა, რომ ალბომში მისი საკუთარი კომპოზიციებიც მოხვდა.

ეპსტაინის გარდაცვალების შემდეგ მაკარტნი ჯგუფის მენეჯერად ხედავდა ლი ისტმენს, მისი მეგობარი გოგონას, ლინდა ისტმენის მამას, ჯგუფის დანარჩენი წევრები კი - ნიუ იორკელ მენეჯერს ალენ კლაინს. წარსულში შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იყო, მაგრამ ამჯერად ლენონი, ჰარისონი და სტარი თვლიდნენ, რომ ისტმენის გამოჩენა გადაწონიდა ყველაფერს მაკარტნის მხარეს. მაგრამ 1971 წელს აღმოჩნდა, რომ კლაინი, ჯგუფის მენეჯერი, იპარავდა ბითლზის ფულს და საერთო ჯამში მიითვისა 5 მილიონი ფუნტი. წლების შემდეგ, დოკუმენტურ ფილმში Anthology მაკარტნიმ გამოხატა საკუთარი პოზიცია ამ საკითხზე: "ვიხსენებ და არ მესმის, რატომ თვლიდნენ, რომ ლი ისტმენი ჩემს მხარეზე და მათ წინააღმდეგ იქნებოდა".

დაშლა: Let It Be

ფაილი:Rooftop concert.jpg
ბითლზის კონცერტი სახურავზე
სევილ როუ 2007 წელს

ჯგუფის უკანასკნელი ცოცხალი გამოსვლა შედგა ფილმის Let It Be ჩაწერის დასრულებისას, როდესაც პარალელური სტუდიური ჩაწერების შემდეგ ოთხეული, 1969 წლის 30 იანვარს გამოვიდა ლონდონში, ეპლ კორპსის სახურავზე, სევილ როუზე. ამ გამოსვლის ნაწილი მოხვდა ფილმში. აღსანიშნავია, რომ იმპროვიზირებული კონცერტის დროს შეიკრიბა პოლიციის თანამშრომელთა ნაწილი, რომელმაც მათ მხოლოდ კონცერტის შეწყვეტა მოსთხოვა. მოგვიანებით, ფილმში Anthology ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, რომ ნაწყენები იყვნენ და სურდათ, რომ პოლიციას ისინი აეყვანა და წაეყვანა განყოფილებაში, რაც ფილმის საუკეთესო დასასრული იქნებოდა.

უკანასკნელი სტუდიური ალბომი, Abbey Road ჩაწერილი იქნა დისკის Let It Be შემდეგ, თუმცა გამოვიდა უფრო ადრე. სიმღერა "I Want You (She's So Heavy)" იყო უკანასკნელი, რომელიც ბითლზის წევრებმა ოთხეულის სახით ჩაწერეს (1969 წლის 20 აგვისტოს). 20 სექტემბერს ლენონმა განაცხადა, რომ მიდის ჯგუფიდან, მაგრამ პრესისათვის ეს განცხადება არ გაკეთებულა. უკანასკნელი ახალი სიმღერა იყო ჰარისონის "I Me Mine" (ჩაწერილი იქნა 1970 წლის 3 იანვარს), რომელიც შევიდა ალბომში Let It Be. სიმღერა ჩაწერილი იქნა ლენონის გარეშე, რომელიც იმ პერიოდში დანიაში იმყოფებოდა.

1970 წლის მარტში სესიის Get Back ფირები გადაეცა ამერიკელ პროდიუსერ ფილ სპექტორს, რომელიც მუშაობდა ლენონის სოლო სინლზე "Instant Karma!". სპექტორს უნდა შეედგინა ბითლზის შემდეგი ალბომი, მაგრამ მაკარტნი უკმაყოფილო იყო თუნდაც მისი სიმღერის "The Long and Winding Road" შეცვლილი ვარიანტით, ასე რომ ეს ვერსია არ შეიტანეს ალბომის საბოლოოდ ვარიანტში. 1970 წლის 10 აპრილს პოლმა ოფიციალურად განაცხადა ჯგუფის დაშლის შესახებ - ეს იყო მისი სოლო ალბომის McCartney გამოსვლიდან ერთი კვირის შემდეგ. 8 მაისს სპექტორის მიერ შესრულებული სამუშაო გამოიცა ალბომის Let It Be სახით, მოგვიანებით კი გამოვიდა ფილმის დასრულებული ვერსია. ოფიციალურად ოთხივე წევრის პარტნიორული შეთანხმება დაიშალა 1975 წელს.[23]

1970–დღემდე: დაშლის შემდეგ

ფაილი:Beatles Get Back.jpg
ბითლზის სინგლების Don't Let Me Down და Get Back-ის გარეკანი
მუსიკალური ნაწყვეტები:

ჯგუფის ოფიციალური დაშლის დაშლის შემდეგ მისმა ოთხივე წევრმა გამოსცა სოლო ალბომები - ეს იყო ლენონის John Lennon/Plastic Ono Band, მაკარტნის McCartney, სტარის Sentimental Journey და ჰარისონის All Things Must Pass. შემდგომში, სხვადასხვა ალბომის ჩაწერაში მონაწილეობდა ბითლზის რომელიმე ყოფილი წევრი. რინგოს Ringo იყო ერთადერთი, რომელზეც უკრავდა ოთხივე წევრი (ოღონდ სხვადასხვა სიმღერაში). ჰარისონმა ამავე დროს დიდი ინტერესი მიიქცია თავისი საქველმოქმედო აქციით კონცერტი ბანგლადეშისათვის (ნიუ იორკი), 1971 წლის აგვისტოში, რომელშიც მონაწილეობდა სიტარის ოსტატი რავი შანკარი. 1974 წელს ლენონმა და მაკარტნიმ იმპროვიზაციით ჩაწერეს ჩანაწერი, რომელიც მოგვიანებით გამოვიდა ბუტლეგის სახით, სახელწოდებით A Toot and a Snore in '74. მას შემდეგი ისინი არასოდეს შეხვედრილან სტუდიაში.

1975 წელს, ჯგუფის კომპანიასთან EMI-Capitol კონტრაქტის ამოწურვამდე, Capitol-ის ამერიკულმა წარმომადგენლობამ გამოსცა ბითლზის რამდენიმე ჩანაწერი: Rock 'n' Roll Music (კოლექტივის ენერგიული სიმღერების კრებული), The Beatles at the Hollywood Bowl (ჰოლივუდ ბოულში ჩატარებული კონცერტის ჩანაწერი), Love Songs (ჯგუფის ბალადების კრებული), Rarities (იშვიათი სიმღერების კრებული), და Reel Music (ფილმებში შეტანილი სიმღერების კრებული). ამავე დროს ბუტლეგის სახით გამოჩნდა Live! at the Star-Club in Hamburg, Germany; 1962 - ჰამბურგის პერიოდის ჩანაწერი, რომელიც საკმაოდ უხარისხო იყო. აღნიშნული კრებულებიდან მხოლოდ The Beatles at the Hollywood Bowl გამოვიდა ოთხივე წევრის თანხმობით. ორიგინალური ბრიტანული გამოცემების აშშ-ში გამოსვლისთანავე, 1966 წელს ყველა ალბომი, რომელიც აშშ-ში გამოიცა ჯგუფის დაშლის შემდეგ, ამოვარდა Capitol-ის კატალოგიდან.

1980 წელს ჯონ ლენონი მოკლული იქნა ნიუ იორკში, მარკ დევიდ ჩეპმენის მიერ. 1981 წელს ჯორჯმა გამოსცა ნოსტალგიური სიმღერა "All Those Years Ago", რომელშიც იგი იხსენებდა ცხოვრებას ბიტლზთან ერთად. იგი ჩაწერილი იქნა ლენონის მკვლელობამდე ერთი თვით ადრე. სტუდიურ სესიებში ასევე მონაწილეობდა რინგო სტარიც. ტექსტში თავდაპირველად ლენონზე საუბარი არ იყო, მაგრამ ტრაგიკული მოვლენის შემდეგ ჰარისონმა ოდნავ შეცვალა იგი. მოგვიანებით ამ სიმღერას საკუთარი ვოკალები პოლმა და მისმა მეუღლემ, ლინდამ დაამატეს. ბიბისის დღესდღეობით გააჩნია ბითლზის ჩანაწერების დიდი კოლექცია, რომელსაც უშუალოდ შეადგენს 1963-1968 წლებში გაკეთებული ფირები. მასალის ერთმა ნაწილმა გაიჟღერა 1988 წელს, ბითლზისადმი მიძღვნილ რადიოგადაცემაში ბიბის ბითლზის დაკარგული ფირები. 1989 წელს ბითლზის სესიების ნაწილი შეტანილი იქნა რადიო გადაცემების ციკლში The Lost Lennon Tapes. მოგვიანებით, 1994 წელს ბიბისის ჩანაწერების ნაწილი მოხვდა ოფიციალურ გამოცემაში 'Live at the BBC.

1988 წელს ბითლზი იყო პირველი ჯგუფი, რომელიც მოხვდა როკ ენ როლის დიდების დარბაზში. დარბაზში შეყვანის ცერემონიაზე გამოჩნდნენ ჰარისონი, სტარი, იოკო ონო და მისი ორი შვილი. მაკარტნი ამ ღონისძიებაზე არ მივიდა. დარბაზში მოგვიანებით, როგორც სოლო შემსრულებლები მოხვდნენ: ლენონი (1994), მაკარტნი (1999) და ჰარისონი (2004).

1994 წლის თებერვალში ჯგუფის დარჩენილმა სამმა წევრმა თავი მოიყარა სტუდიაში, გადახედა ლენონის დემო ჩანაწერებს და ერთობლივად გადაამუშავა "Free as a Bird", ლენონის ვოკალით. იგი გამოიცა როგორც სინგლზე, ასევე სერიის The Beatles Anthology ფარგლებში - კლიპისა და ალბომის ერთ-ერთი სიმღერის სახით. მსგავსი ექსპერიმენტის კიდევ ერთი შედეგი იყო "Real Love" (1996). დისკის Anthology სხვადასხვა ნაწილი გამოიცა 1995-1996 წლებში - თითო მათგანი შეიცავდა ორ დისკს იშვიათი მასალით. ალბომის ყდების გაფორმებაზე იზრუნა კლაუს ფოორმანმა, ჯგუფის დიდი ხნის ნაცნობმა და დისკის Revolver ყდის ავტორმა. ალბომის 450.000 ასლი გაიყიდა გამოსვლის პირველივე დღეს. 2000 წელს გამოვიდა კრებული 1, რომელზეც მოხვდა ბითლზის ყველა #1 ჰიტი, 1962-1970 წლების პერიოდიდან. პირველივე კვირაში გაიყიდა მისი 3.6 მილიონი ასლი (ანუ დაახლოებით 3 ასლი ერთ წამში), შემდეგი სამი კვირის განმავლობაში კი - 12 მილიონი ასლი მსოფლიო მასშტაბით. დისკი მოხვდა პირველ ადგილზე აშშ-სა და 33 სხვა ქვეყანაში და მთლიანობაში, 2005 წლისათვის გაიყიდა 25 მილიონი ასლის ოდენობით (იგი იქცა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი დისკების სიის დაახლოებით მეცხრე მონაწილე).

1990-იანების დასაწყისში ჰარისონს აღმოუჩინეს ფილტვის კიბო. მუსიკოსი გარდაიცვალა 2001 წლის 29 ნოემბერს.

2006 წელს ჯორჯ მარტინმა და მისმა შვილმა ჯაილს მარტინმა, სპეციალურად პროექტისათვის Love რომელიც მიზნად ისახავდა ბითლზის სიმღერებზე აგებული შოუს არსებობას (იგი ცნობილმა დასმა Cirque du Soleil დადგა), გადაამუშავეს ოთხეულის ორიგინალური ფირები და შეადგინეს ახალი კრებული, რომელიც Love-ის სახით გამოვიდა.

2007 წელს ცნობილი გახდა, თითქოს რინგო და მაკარტნი, ჯგუფის გარდაცვლილი წევრების შვილებთან ერთად აპირებენ ლენონის კიდევ ერთი დემოს, "Now and Then" სრულყოფას, მაგრამ დღემდე მისი ბედი უცნობია.

2007 წელის ბოლოს ჯგუფის დარჩენილ წევრებსა და ლენონის/ჰარისონის ქვრივებს სთხოვეს ისრაელში ჩასვლა და ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის 60ე წლისთავის აღნიშვნაზე დასწრება. ეს მოხდა ზუსტად 43 წლის შემდეგ, რაც ბითლზის წევრებს სამუდამო აეკრძალა იქ გამოჩენა.

2008 წლის 21 მარტს რინგო სტარის ადვოკატებმა სასამართლოში იჩივლეს მის მიერ ჯგუფთან ჩაწერილი 1962 წლის პირველი ჩანაწერების არალეგალური გავრცელების გამო.

2008 წლის ნოემბერში პოლ მაკარტნისგან ცნობილი გახდა, რომ მას გააჩნია 14 წუთიანი ჩანაწერი, რომელიც ბითლზმა ჯერ კიდევ 1967 წელს მოამზადა, სახელწოდებით "Carnival of Light". მას სურდა ამ კომპოზიციის დასრულება, მაგრამ იგი დღემდე გამოუცემელი რჩება.

2009 წლის 9 სექტემბერს ასევე გამოიცა ვიდეოთამაშების ცნობილი სერიის Rock Band მორიგი ვერსია, რომელიც მიეძღვნა ბითლზის შემოქმედებას, The Beatles: Rock Band.

იმავე დღეს გამოვიდა ჯგუფის ყველა სტუდიური ალბომის (Please Please Me-დან Abbey Road-ამდე) ახალი რემასტერინგები, სასაჩუქრო ყუთისა და ცალკეული დისკების სახით. იმავე დღეს გამოიცა იგივე დისკების მონო-ვერსიებიც, თუმცა მათ შორის არ არის ალბომები, რომლებიც თავის დროზე არც გამოსულა მონო-ვერსიების სახით.

ქრონოლოგია

ჯგუფთან დაკავშირებული მოვლენების ქრონოლოგია იხილეთ სტატიაში ბითლზის ქრონოლოგია.

მუსიკალური ევოლუცია

ჯგუფი ყოველთვის ცდილობდა საკუთარი თავის სრულყოფას და ახალი მუსიკალური მეთოდების ძიებას. წლების განმავლობაში ეს კარგად აისახა ალბომებში Rubber Soul (1965), Revolver (1966), Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band (1967) და Abbey Road (1969).

ჯგუფი თავად იყო სხვა მუსიკოსების გავლენის ქვეშ. მაგალითია ბობ დილანი, რომლის მსგავსი მოტივებიც იგრძნობა სიმღერებში "You've Got to Hide Your Love Away" და "Norwegian Wood (This Bird Has Flown)". იმ დროის მუსიკოსებიდან ასევე აღსანიშნავია ჯგუფი The Byrds და ბიჩ ბოიზი. ჯორჯ მარტინის თქმით, ამ უკანასკნელის ალბომის Pet Sounds გარეშე Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band არ იარსებებდა.

სხვადასხვა ხმოვანი ეფექტის, ფირთან ჩატარებული ხრიკების, ორმაგი ვოკალური ჰარმონიებისა თუ სხვადასხვა სიჩქარეზე დატრიალებული ფირების გარდა, ბითლზის ინსტრუმენტებიც საკმაოდ უჩვეულოდ ჟღერდა. ასევე გამოიყენებოდა ორკესტრები და როკ მუსიკისათვის არატრადიციული ინსტრუმენტები, როგორიც იყო სიტარა. აღსანიშნავია მელოტრონის გამოყენება სიმღერებში "Strawberry Fields Forever" და "Baby You're a Rich Man"

"Yesterday" იყო როკ მუსიკის ისტორიაში პირველი სიმღერა, რომელშიც გამოყენებული იქნა ორკესტრი. იმ დროის არტ როკის ფორმები ასევე ყალიბდებოდა ბითლზის მიერ - ორკესტრით გაჯერებული ისეთი სიმღერებით, როგორიც იყო "Eleanor Rigby" (1966), "Here, There and Everywhere" (1966) და "She's Leaving Home" (1967). მაკარტნი შთაგონებული იყო ბახის "ბრანდერბურგის კონცერტის" მოსმენით და სიმღერაში "Penny Lane" გამოიყენა პიკოლო. 60-იანების ბოლოს ოთხეული მოძრაობდა ფსიქოდელიური როკის ელემენტების გამოყენების განხრით - ეს კარგად ჩანს სიმღერებში "Rain" და "Tomorrow Never Knows", ხოლო "Lucy in the Sky with Diamonds", "Strawberry Fields Forever" და "I Am the Walrus" ამის ყველაზე ნათელი მაგალითია.

მიღწევები

მიუხედავად არც თუ ხანგრძლივი კარიერისა, ბითლზმა დაამყარა რამდენიმე რეკორდი, რომელთაგანაც ზოგიერთი დღემდე არ არის გაუმჯობესებული. იხილეთ ინფორმაცია ამ მიღწევების შესახებ:

ალბომები

  • ბითლზი არის ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მუსიკალური ჯგუფი, რომელსაც, კომპანიის EMI ინფორმაციით, გაყიდული აქვს ერთ ბილიონზე მეტი დისკი და კასეტა
  • მულტიპლატინის სტატუსის მქონე ალბომების გაყიდვების ყველაზე დიდი რიცხვი ბითლზს გააჩნია (13-ჯერ პლატინა მხოლოდ აშშ-ში).
  • მთლიანობაში ბითლზს აქვს დამყარებული რეკორდი ე.წ. ალმასის სტატუსის მქონე ალბომების რიცხვის მხრივ (თითო ალბომის 10 მილიონი გაყიდული ასლი): Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band, The Beatles, Abbey Road, The Beatles: 1962-1966, The Beatles: 1967-1970, და The Beatles 1.
  • ბითლზს აქვს უფრო მეტი #1 ალბომი, ვიდრე რომელიმე სხვა კოლექტივს (19 აშშ-ში და 15 - ბრიტანეთში)
  • ალბომების ჩარტებში მათ ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში ეკავათ პირველი ადგილი (174 ბრიტანეთში და 132 შტატებში)
  • ჯგუფის ალბომის The Beatles Anthology პირველი ნაწილი ითვლება ყველა დროის ყველა სწრაფად გაყიდვად ორმაგ ალბომად - 1995 წლის 21-28 ნოემბერს იგი გაიყიდა 855.473 ასლის ოდენობით.
  • ყველა დროის ყველაზე სწრაფად გაყიდულ კომპაქტ დისკად ითვლება ჯგუფის ალბომი 1. ოთხი კვირის განმავლობაში გაიყიდა მისი 13 მილიონი ასლი.

სინგლები

  • ჯგუფს აქვს უფრო მეტი #1 სინგლი, ვიდრე რომელიმე სხვა კოლექტივს (23 ავსტრალიაში, 23 ნიდერლანდებში, 22 კანადაში, 21 ნორვეგიაში, 20 აშშ-ში და 18 შვედეთში). საინტერესოა, რომ ბითლზს შეეძლო უფრო მეტი #1 ნომრის დამატება საკუთარ ისტორიაში - სინამდვილეში ზოგიერთი სინგლი ორმაგი სინგლის სახით გამოდიოდა. ასეთია მაგალითად Penny Lane" და "Strawberry Fields Forever".
  • თუკი ვიმსჯელებთ ჩარტში ყოფნით, ლენონი და მაკარტნი წარმოადგენენ სიმღერების ყველა დროის ყველაზე წარმატებულ ავტორებს. აშშ-ში ამ მხრივ მაკარტნის აქვს 32 სიმღერა, ხოლო ლენონს - 26. აქედან 23 სიმღერა მათ ერთად დაწერეს. ბრიტანეთში ლენონს აქვს 29 ნომერი 1 ჰიტი, ხოლო მაკარტნის - 28 (აქედან 25 მათ ერთად დაწერეს).
  • 1964 წლის 4 აპრილიდან ერთი კვირის განმავლობაში ბითლზს ბილბორდის 100-ეულში ეკავა 12 ადგილი სხვადასხვა სინგლით. მათ შორის იყო ხუთი პირველი ადგილი, რაც არც ერთ მუსიკოსს მანამდე არ ჰქონია. ეს სიმღერები იყო "Can't Buy Me Love" (Capitol Records), "Twist and Shout" (Tollie Records), "She Loves You" (Swan Records), "I Want to Hold Your Hand" (Capitol), და "Please Please Me" (Vee-Jay). დანარჩენი შვიდი სინგლი იყო: "I Saw Her Standing There" (Capitol), "You Can't Do That" (Capitol), "All My Loving" (Capitol Records), "Roll Over Beethoven" (Capitol of Canada), "From Me To You" (Vee-Jay), "Do You Want To Know A Secret" (Vee-Jay) და "Thank You Girl" (Vee-Jay).
  • შემდეგი კვირა, 11 აპრილიდან მოყოლებული აღინიშნა იმით, რომ ბითლზს ჰქონდა დაკავებული იგივე ჩარტის 14 პოზიცია. მანამდე ყველაზე დიდი რაოდენობა ჩარტში მყოფი სინგლების მხრივ ჰქონდა ელვის პრესლის (19 დეკემბერი, 1956)
  • ბითლზი ერთადერთი ჯგუფია, რომლის ყოველი სინგლიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბილბორდის პირველ ადგილზე ხვდებოდა. მაგალითად, სინგლს "Can't Buy Me Love" მოჰყვა "She Loves You", შემდეგ "I Want to Hold Your Hand." სამივე ჩარტის პირველ პოზიციაზე იმყოფებოდა.
  • ჯგუფის სიმღერა "Yesterday" ალბათ ყველაზე ხშირად სრულდებოდა სხვადასხვა მუსიკოსის მიერ. ცნობილია, რომ არსებობს მისი 3000-ზე მეტი ვერსია. მას დღეს ასევე უჭირავს რეკორდი რადიოსადგურების ეთერში დატრიალების მხრივ.
  • ჯგუფს ასევე აქვს ყველა დროის ყველაზე სწრაფად გაყიდვადი სინგლი "I Want to Hold Your Hand". იგი გაიყიდა 250.000 ასლის ოდენობით სულ სამი დღის განმავლობაში და ორი მილიონის - ორ კვირაში (აშშ).
  • ასევე აღსანიშნავია ერთ სინგლზე წინასწარი შეკვეთების რაოდენობა. აშშ-ში ამ მხრივ ლიდერობს 2.1 მილიონი შეკვეთილი ასლი სინგლისა "Can't Buy Me Love" (აშშ მაღაზიებში გამოჩენისას იგი გაიყიდა 940.255 ასლის ოდენობით).
  • მთლიანობაში, ჯგუფი ბრიტანეთის ყველა დროის 100 გაყიდვადი სინგლის ჩარტებში გამოჩნდა ხუთჯერ. ეს რეკორდი დღემდე არც ერთ ჯგუფს არ აქვს მოხსნილი.

კონცერტები

  • შის სტადიონის კონცერტით (1965) ბითლზმა დაამყარა ახალი რეკორდი კონცერტზე დასწრების მხრივ. მთლიანობაში კონცერტს ესწრებოდა 55.600 ადამიანი და იმ დროისათვის ეს მართლაც დიდ რაოდენობას წარმოადგენდა. არც ერთ კონცერტზე მანამდე ამდენი მაყურებელი არ მისულა.
  • აშშ-ში ბითლზმა ყველა რეკორდი ჩამოიტოვა ედ სალივანის შოუზე გამოჩენით - მათი პირველი გამოჩენისას ამ გადაცემას უყურებდა დაახლოებით 70 მილიონი ადამიანი. ასევე გავრცელდა ჭორი, თითქოს დანაშაულების პროცენტმა მსოფლიოში ამ დღეს იკლო.
  • 1966 წლის 30 ივნისს ბითლზი იქცა პირველ თანამედროვე მუსიკალურ ჯგუფად, რომელმაც დაუკრა ტოკიოში. სამი დღის განმავლობაში მათ დაუკრეს ხუთჯერ და ყოველ კონცერტს დაესწრო დაახლოებით 10.000 ადამიანი.

დისკოგრაფია

წელი ალბომი ტიპი
1963 Please Please Me სტუდიური ალბომი
1963 With the Beatles სტუდიური ალბომი
1964 A Hard Day's Night სტუდიური ალბომი; ფილმის საუნდტრეკი
1964 Beatles for Sale სტუდიური ალბომი
1965 Help! სტუდიური ალბომი; ფილმის საუნდტრეკი
1965 Rubber Soul სტუდიური ალბომი
1966 Revolver სტუდიური ალბომი
1967 Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band სტუდიური ალბომი
1967 Magical Mystery Tour სტუდიური მინი ალბომი
1968 The Beatles სტუდიური ალბომი
1969 Yellow Submarine სტუდიური ალბომი, ფილმის საუნდტრეკი
1969 Abbey Road სტუდიური ალბომი
1970 Let it be სტუდიური ალბომი, ფილმის საუნდტრეკი

ფილმოგრაფია

წელი ქართული სახელი ინგლისური სახელი ტიპი
1964 მძიმე დღის საღამო A Hard Day’s Night მხატვრული ფილმი
1965 მიშველე! Help! მხატვრული ფილმი
1967 ჯადოსნური იდუმალი მოგზაურობა Magical Mystery Tour მხატვრული ფილმი
1968 ყვითელი წყალქვეშა ნავი Yellow Submarine მულტიპლიკაციური ფილმი
1970 დაე ასე იყოს Let It Be დოკუმენტური ფილმი
1996 ანთოლოგია Anthology დოკუმენტურ-ბიოგრაფიული ფილმი

სხვა პროექტები

ანთოლოგია

The Beatles Anthology არის პოლ მაკარტნის, ჯორჯ ჰარისონის, რინგო სტარისა და იოკო ონოს პროექტი, რომელიც შედგება რვა ფილმისგან (დოკუმენტური ფილმი), სამი ალბომისგან (თითოეული მათგანი ორდისკიანია) და ამავე სახელწოდების წიგნისგან.

Let It Be... Naked

Let it Be... Naked, რომელიც გამოიცა 2003 წელს, არის ორიგინალური ალბომის Let It Be განსხვავებული მიქსი.

Love

Love არის დასის Cirque du Soleil და ბითლზის მიერ ჩამოყალიბებული ეპლ კორპსის ერთობლივი პროექტი. იგი წარმოდგენილი იქნა ლას ვეგასში, 2006 წლის 30 ივნისს. შოუს თან ახლავს ჯორჯ მარტინისა და მისი შვილის, ჯაილს მარტინის მიერ ბითლზის სიმღერებისგან შედგენილი მუსიკალური მასალა.

ინსტრუმენტები

სქოლიო

  1. AMG ბიოგრაფია
  2. რეი ო’ბრაიენი, არის ადგილები, რომლებიც მემახსოვრება: ტომი 1, 2001
  3. რეი კოულმენი (1984). ლენონი: საბოლოო ბიოგრაფია. Pan Books. p212.
  4. რეი კოულმენი (1984). ლენონი: საბოლოო ბიოგრაფია. Pan Books. p212
  5. სინტია ლენონი “ჯონი” 2006. p97
  6. გარეთ ლ. პალოვსკი როგორ იქცნენ ისინი ბითლზად. Plume. ISBN 978-0-452-26506-6
  7. სინტია ლენონი “ჯონი” 2006. p109
  8. ჰანტერ დევისი. ბითლზი (1981 წლის გამოცემა). გვ. 178
  9. ლუ უოლტერსის ხმისჩამწერი სესია
  10. [1]
  11. Love Me Do
  12. ბილ ჰარი ბითლზის დიდი ენციკლოპედია p516
  13. JPGR
  14. JPGR I Want to Hold Your Hand
  15. I Want to Hold Your Hand
  16. ბითლზი ახალ ზელანდიაში
  17. "ჯონ ლენონი, რომელსაც მე ვიცნობდი"
  18. მორინ კლიფი (1966). "როგორ ცხოვრობს ბითლზი? ჯონ ლენონი ასე ცხოვრობს"
  19. ბითლზის ისტორია, ლივერპული. აგრეთვე იხილეთ http://www.eskimo.com/~bpentium/whobutch.html
  20. პიტერ გურალნიკი, უდარდელი სიყვარული: ელვის პრესლის დაშლა, p420.
  21. CNN.com ელვისი კვლავ ყველგან არის 16 აგვისტო, 2002. [2]
  22. ტონი ბეროუ. ჯონი, პოლი, ჯორჯი, რინგო და მე. ISBN 1-86200-238-X
  23. ბითლზის პარტნიორობა ოფიციალურად დაიშალა 1975 წელს

ბმულები

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:


ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „The Beatles“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. The Beatles ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე.

თარგი:Link FA თარგი:Link FA

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=The_Beatles&oldid=1321161“-დან