სპექტრი (კოლეჯი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სპექტრი — თბილისის პროფესიული კოლეჯი, მრავალპროფილიანი პროფესიული სასწავლებელი, რომელიც ახორციელებს საგანმანათლებლო პროფესიულ პროგრამებს. კოლეჯში ფუნქციონირებს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროფესიული განათლების პროექტი „განათლება დემოკრატიისათვის“.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისის პოლიტექნიკური ტექნიკუმი (ამჟამად კოლეჯი) თავის საწყისს 1922 წლიდან იღებს [1] , როდესაც რეალური სასწავლებლის ბაზაზე (რეალური სასწავლებელი დაარსდა 1870 წელს) გაიხსნა ქიმიური ტექნიკუმი. მას პეტრე მელიქიშვილის სახელი ეწოდა. აღნიშნულ ტექნიკუმში განათლება მიიღეს, შემდგომში მეცნიერებმა და საზოგადო მოღვაწეებმა: აკად. რ. აგლაძემ, კ. ბარამიძემ, ა. ზურაბაშვილმა, რ. დვალმა, პროფ. ი. ბუჩუკურმა, თ. ჩოფიკაშვილმა და სხვებმა.[2]

1958 წელს ოთხი ტექნიკუმის - თბილისის მეტალურგიული, ნავთობის, კავშირგაბმულობის და სასოფლო მშენებლობის ტექნიკუმების გაერთიანების საფუძველზე შეიქმნა თბილისის პოლიტექნიკური ტექნიკუმი (შემდგომში კოლეჯი) რომელმაც თავისი არსებობის მანძილზე 16 ათასზე მეტი სპეციალისტი გამოუშვა; გამოშვებულ სპეციალისტთა შორის იყვნენ: მშენებლები, არქიტექტორები, კერამიკოსები, ქიმიკოს ტექნოლოგები, გამოთვლითი ტექნიკის პროგრამისტები, ქსელებისა და სისტემების რემონტისა და ექსპლუატაციის, გაზის მეურნეობისა და სხვა დარგის სპეციალისტები.

დროის მოთხოვნის შესაბამისად დღის წესრიგში დადგა ტექნიკუმის კოლეჯად გადაკეთების საკითხი. კოლეჯის კურსდამთავრებულთა პირველი გამოშვება შედგა 1996 წელს. ამ დროისთვის (1996 წლისთვის) კოლეჯში მოღვაწეობდა 80 ძირითადი შტატის მაღალი კვალიფიკაციის მასწავლებელი, რომელთაც შეადგინეს ასორმოცდაათამდე საგნის პროგრამა. კოლეჯს მჭიდრო შემოქმედებითი ურთიერთობა ჰქონდა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტებთან.

კოლეჯში 1998 წელს 700-მდე სტუდენტი სწავლობდა, მათ შორის 50 პროცენტზე მეტი რაიონებიდან იყვნენ. 90-იანი წლების დასაწყისში კოლეჯს ესტუმრა კანადის მონრეალისა და კვებეკის კოლეჯების დელეგაცია პროფესორების ჯორჯ მარშალისა და ლენა ატლასის შემადგენლობით.[3] დაისახა შემოქმედებითი თანამშრომლობის პროგრამა, რომელიც ქვეყანაში არსებული ნეგატიური მოვლენების განვითარების გამო ვერ განხორციელდა. [4]

ყურადღება ექცეოდა ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარებას. სპორტკლუბ „მშენებლის“ მიერ აღიზარდა 120-ზე მეტი ოსტატი. 2005 წლის 10 თებერვლის ბრძანების თანახმად გაერთიანდა სამშენებლო და ავტომექანიზაციის #54 (მიერთებული #63 ლილოს ფილიალით) ტექნიკური მომსახურების #74 (საყოფაცხოვრებო) და #107 (სამკერვალო) სასწავლებლები და შეიქმნა სასწავლო ცენტრი "სერვისი".

ს.ს.ი.პ. თბილისის ა. ბენაშვილის სახელობის თბილისის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის კოლეჯი მიუერთდა ქ. თბილისის ტექნიკურ კოლეჯს 2006 წლის 3 ივლისს, რომლის უფლება მონაცვლე არის თბილისის პოლიტექნიკური კოლეჯი.

2007 წელს შემოუერთდა სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის სამკერვალო მიმართულების პროფესიული სასწავლებელი, რომლის ლიკვიდაციაც 2008 წელს მოხდა.

2007 წლის 3 დეკემბერს თბილისის პოლიტექნიკური კოლეჯისა და თბილისის საფინანსო-ეკონომიკური პრეფესიული ლიცეუმის რეორგანიზაციის საფუძველზე დაფუძნდა ს.ს.ი.პ. თბილისის პოლიტექნიკური პროფესიული სწავლების ცენტრი, რომელსაც (2008 წლის 22 ოქტომბრის ბრძანების საფუძველზე მიუერთდა ს.ს.ი.პ. სოხუმის პეტრე ჯაფარიძის სამედიცინო კოლეჯი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 23 ივლისის ბრძანების საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „თბილისის პოლიტექნიკური პროფესიული სწავლების ცენტრი“ მიუერთდა თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრს „სპექტრი“ და დაფუძნდა ს.ს.ი.პ. თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრი „სპექტრი“.

2007 წლიდან უცხოელი პარტნიორების, კერძოდ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) თანამონაწილეობით, პროფესიულმა სასწავლებელმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ინფრასტრუქტურა და მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, დაინერგა ახალი სასწავლო პროგრამა.

სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლეჯის შემადგენლობაში შედის 40 კაბინეტ-ლაბორატორია, 21 სასწავლო სახელოსნო, გამოთვლითი ცენტრი, ქართული ენის კაბინეტ-მუზეუმი, ბიბლიოთეკა 127 776 წიგნით, სპორტდარბაზი, ღია სპორტული მოედანი, სააქტო დარბაზი და სხვა.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„სპექტრის“ საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს შრომითი ბაზრის მოთხოვნებს. პროფესიათა უმრავლესობა ძირითადად ემსახურება სამშენებლო მიმართულების კვალიფიკაციების აღორძინებას და სრულყოფას, სწავლების ახალი მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე კვალიფიციური მუშახელის მომზადებას.[5]

სასწავლებლის პრიორიტეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წლიდან პროფესიული კოლეჯის განვითარების სტრატეგიამ ახალი მიმართულება მიიღო. „სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე“ გახდა სასწავლებლის პრიორიტეტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს ცნობა - განათლების სამინისტროს თბილისის პოლიტექნიკური კოლეჯის შესახებ #0/5
  2. საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს ცნობა - განათლების სამინისტროს თბილისის პოლიტექნიკური კოლეჯის შესახებ #0/5
  3. საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს ცნობა - განათლების სამინისტროს თბილისის პოლიტექნიკური კოლეჯის შესახებ #0/5
  4. საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს ცნობა - განათლების სამინისტროს თბილისის პოლიტექნიკური კოლეჯის შესახებ #0/5
  5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება, 2005 წელი.