სპარტანული აღზრდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ედგარ დეგა: „ახალგაზრდა სპარტელები“ (1861)

სპარტანული აღზრდა — აღზრდისა და სწავლების სახელმწიფო სისტემა სპარტაში ძვ. წ. VIII-IV საუკუნეებში. აღზრდის მოცემული სისტემა დაამკვიდრა ლიკურგემ, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ზოგადად სპარტის კანონმდებლობისა და საზოგადოებრივი სტრუქტურის ჩამოყალიბებაში. 7-8 წლიდან 20 წლამდე ასაკის ვაჟები სამხედრო ტიპის ინტერნატებში სწავლობდნენ. სპარტანული აღზრდა ითვალისწინებდა ფიზიკურ წრთობას, სამხედრო ხელოვნების დაუფლებას, აგრეთვე წერა-კითხვის, ლაკონიური მეტყველების, საგუნდო სიმღერისა და სამუსიკო ინსტურმენტებზე დაკვრის სწავლებას. გათვალისწინებული იყო აგრეთვე ქალიშვილთა ყოველმხრივი ფიზიკური აღზრდა ოჯახში. რაც შეეხება სპარტანული აღზრდის მისანსა და მნიშვნელობას, ეს იყო, ერთ-ერთი საუკეთესო გზა მორჩილი და პროდუქტიული საზოგადოების ჩამოყალიბებისა, რისი საჭიროებაც ანტიკურ ხანაში ნამდვილად არსებობდა. პლუტარქე დასძენდა:

ვიკიციტატა
„მნიშვნელოვანსა და ფასდაუდებელს, სახელმწიფოს კეთილდღეობისა და ღირსებისთვის ფესვები მტკიცედ უნდა ჰქონდეს გადგმული მოქალაქეთა ხასიათსა და ქცევაში. ნებისყოფა, ლიკურგეს მიხედვით, იძულებაზე უფრო ძლიერი ბორკილია. ასეთ ნებისყოფას ადამიანში ქმნის აღზრდა, რომელსაც ამ შემთხვევაში ნამდვილი კანონმდებლის ძალა ენიჭება.“

გადატანითი მნიშვნელობით სპარტანული აღზრდა ეწოდება მკაცრი აღზრდის სისტემას, რომელიც აყალიბებს ფიზიკურ ამტანობას, ხასიათის სიმტკიცეს, ყოველგვარი სიძნელის დაძლევის უნარს და სხვა.

ქალთა აღზრდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სპარტანულ საზოგადოებაში აღზრდას იმდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, რომ ეს პროცესი იმაზე ადრე იწყებოდა, ვიდრე აღზრდის ობიექტი ანუ აღსაზრდელი დაიბადებოდა. იმისათვის, რომ მომავალი აღსაზრდელი ძლიერი და ჯანმრთელი დაბადებულიყო, სპარტელი ქალებიც იძულებულნი იყვნენ გარკვეულ წესებს დამორჩილებოდნენ, სწორედაც ამ მიზეზით, არსებობდა ქალთა აღზრდის სპეციფიკური სისტემაც, რომელშიც რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტია გამოსაყოფი. პირველ ყოვლისა, ქალი ფიზიკურად ძლიერი უნდა ყოფილიყო. ამისთვის მათ წრთვნიდნენ ჭიდაობასა და სირბილში, ისინი ასევე ვარჯიშობდნენ შუბისა და დისკოს ტყორცნაში. ამის პროდუქტი იყო ათლეტი ქალი, ხოლო საბოლოო შედეგი კი ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი ნაყოფის ჩასახვა. გარდა ამისა, სპარტელთა რწმენით, ამ სპეციფიკური შემზადების შემდეგ, ღონიერი ქალი მშობიარობასა და ტკივილს ადვილად გადაიტანდა. ქალებისათვის, მსგავსად მამაკაცებისა, აკრძალული იყო სახლში ჩაკეტვა და ფუფუნებაში ცხოვრება. მორიგი მნიშვნელოვანი თავისებურება ისაა, რომ ქალები იძულებულნი იყვნენ ზოგიერთ დღესასწაულზე (მაგალითად, გიმნოპედიაზე) შიშვლებს ეცეკვათ, რაც მათთვის სირცხვილს არ წარმოადგენდა. ამასთან დაკავშირებით პლუტარქე წერს:

ვიკიციტატა
„მორცხვობა სპარტელთა ქალიშვილებს ყოველთვის მოსდგამდათ. სიშიშვლე კი ქალიშვილებს აჩვევდა უბრალოებას და მათ საკუთარი სხეულის გაკაჟებისა და გამოწვრთობის სურვილს უღვიძებდა.“

ამგვარი მეთოდით აყალიბებდნენ ქალების ფსიქიკას ისე, რომ მათ ეფიქრათ, ისინიც მამაკაცთა თანასწორნი იყვნენ და მათაც შეეძლოთ საკუთარი სიქველითა და სიძლიერით სახელის მოხვეჭა და საზოგადოებაში თავის დამკვიდრება. საბოლოოდ, ქალები იმდენად რწმუნდებოდნენ საკუთარ ძალებში, რომ ხშირად დასცინოდნენ კიდეც კაცებს, კრახით დასრულებული საქმის გამო. სპარტის საზოგადოება კი, ქალებს ამის უფლებას აძლევდა. ქალთა აღზრდის პროდუქტი იყო, როგორც მენტალურად ისე ფიზიკურად ძლიერი ქალი. ქალი, რომელიც მამაკაცის გარეშეც იოლად გაუძღვებოდა საოჯახო საქმეებს, ამის საჭიროება კი ხშირად დგებოდა, რადგანაც კაცები ხშირად საბრძოლველად იყვნენ წასულები. პლუტარქე ერთ-ერთი სპარტელი ქალის, ლეონიდასის ცოლის — გორგოს გონებამახვილობის შესახებ წერს:

ვიკიციტატა
„ერთმა, როგორც ჩანს, უცხოელმა ქალმა გორგოს უთხრა; „თქვენ, ლაკედემონელი დედაკაცები ერთადერთი ქალები ხართ ქვეყანაზე, რომლებიც ვაჟკაცებზე მბრძანებლობთ“; გორგომ კი მიუგო: „ნამდვილ ვაჟკაცებსაც მხოლოდ ჩვენ ვშობთ.“

სელექცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სპარტელები ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ მომავალი აღსაზრდელი ჯანმრთელი და დიდი პოტენციალის მქონე დაბადებულიყო. მომავალ სპარტიატზე ზრუნვა ჯერ კიდევ მის ჩასახვამდე იწყებოდა. სპარტელთა საზოგადოებაში დასაშვები და მიზანშეწონილიც კი იყო, რომ თუ მოხუც კაცს ახალგაზრდა ცოლი ჰყავდა, მასთან სქესობრივი კავშირი არა თვითონ, არამედ სხვა, შედარებით ახალგაზრდა და ჭარმაგ მამაკაცს ჰქონოდა. ეს ყველაფერი კი მრუშობად სპარტაში სულაც არ მიიჩნეოდა, ამას ლიკურგე და სპარტის საზოგადოება იმით ამართლებდა,რომ მთავარი იყო მომავალი სპარტელი დაბადებულიყო ძლიერი. ამ ფაქტთან დაკავშირებით არსებობს ერთი მეტად საინტერესო გადმოცემა, ერთხელ სპარტელს ჰკითხეს, თუ როგორ სჯიდდნენ მრუშებს, რაზეც სპარტელმა მიუგო, რომ მათში მრუში არაა, მაგრამ უცხოელმა დაიჟინა, ვაი და აღმოჩნდესო. მაშინ იგი ჯარიმად გადაიხდის იმხელა ხარს, რომელიც ტაიგეტის მწვერვალიდან თავს გადაჰყოფს და მდინარე ევროტასში წყალს დალევს. ამის მოსმენით გაოცებულმა უცხოელმა გაიკვირვა ამხელა ხარი სად გინახავთო. სპარტელმა კი მიუგო: „მაშ ვის უნახავს სპარტაში მრუში“.

შემდეგი ნაბიჯია სელექცია. ახალდაბადებული ბავშვი მამას მიჰყავდა ადგილთან, რომელსაც ლესქეს უწოდებნენ. აქ ისხდნენ ფილეების უხუცესი წევრები, რომლებიც სინჯავდნენ ბავშვს. თუ იგი ღონიერი და საღსალამათი აღმოჩნდებოდა, ბავშვს უშვებდნენ აღსაზრდელად და თან მიწის ნაკვეთს გამოუყოფდნენ, ხოლო თუ ბავშვი სუსტი იქნებოდა მას ტაიგეტიდან გადააგდებდნენ,[1] მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ ახალშობილს გზაზე ტოვებდნენ იმ იმედით, რომ ვინმე გამოივლიდა და წაიყვანდა. გარდა ამისა, ახალშობილს შავ ღვინოში ბანდნენ,[2] რადგან სპარტელებში ფესვგადგმული რწმენის თანახმად, სუსტი ბავშვი ამ გამოცდას ვერ გაუძლებდა, დაიკრუნჩხებოდა და მოკვდებოდა, ხოლო ძლიერი კიდევ უფრო გაკაჟდებოდა.

სპარტანული აღზრდის პრესტადია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვაჟი თავდაპირველად მამისეულ სახლში იზრდებოდა, თუმცაღა მას არა მამა, არამედ ძიძა ზრდიდა. სპარტელი ძიძები კი გამორჩეულები იყვნენ მთელ საბერძნეთში და მათ ხშირადაც ქირაობდნენ ხოლმე, სპარტელები ამას არასდროს ჩადიოდნენ. რაც შეეხება უშუალოდ აღზრდას, ძიძები ბავშვებს მაქსიმალურ თავისუფლებას აძლევდნენ. მათ აჩვევდნენ ზომიერად ჭამას, სიბნელესა და მარტოობას, რათა უცხო ყოფილიყო მათთვის სიმხდალე და ტირილი. სანთლით ხელში სიარული აკრძალული იყო სპარტელი ბავშვებისთვის. სპარტელები უნდა მიჩვეოდნენ ღამის წყვდიადში გაბედულ სიარულს. ძალიან ბევრი მსგავსება მოიძებნება ინგლისურ აღზრდის მეთოდთან. მოგეხსენებათ, ინგლისელები მიიჩნევენ, რომ ჭამა სიამოვნებას კი არ უნდა გვრიდეს ადამიანს, არამედ საარსებო წყაროს უნდა წარმოადგენდეს, ამაზე მათი სამზარეულოც მოწმობს, საქმე უფრო შორს მიდის და ზოგიერთი მეტ საერთო ნიშანს ასახელებს, მაგალითად მე-19 საუკუნეში ფრანგები ხშირად ადარებდნენ სპარტელებს და ინგლისელებს. ამონარიდი გაზეთიდან:

ვიკიციტატა
„სპარტელებს ჰქონდათ ისეთი აღზრდის სისტემა, რომელსაც ჩვენ დღეს ინგლისურს ვუწოდებთ. ისინი არ ფუთავდნენ ახლადდაბადებულ ბავშვებს, აჩვევდნენ ტემპერატურის ცვლილებას, ცივი წყლით ბანდნენ და არც ზამთარში აცმევდნენ თბილად.“

და ბოლოს, პატარა სპარტელები ხშირად დაყვებოდნენ მამებს სისიტიებში. სადაც ისინი ადრეული ასაკიდან ეცნობოდნენ თავიანთი ქვეყნის წეს-ჩვეულებებს.[1]

სპარტანული აღზრდის პირველი ეტაპი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეუსრულდებოდა თუ არა ბავშვს 7 წელი, სახლიდან მიჰყავდათ,[1] სადაც აღარასოდეს ბრუნდებოდა, რამდენადაც, ბავშვი არა მამის, არამედ სახელმწიფოს საკუთრება იყო. ვაჟს თავს აგელეში უკრავდნენ, რათა სხვა ვაჟებთან ერთად ყოფილიყო და მათთან ერთად გაზრდილიყო. აგელების უფროსად იმას აყენებდნენ, ვინც გამოირჩეოდა სიმამაცითა და გონიერებით. ეს ადამიანი დიდი პატივისცემით სარგებლობდა. მის სიტყვას ყველა აღსაზრდელი ემორჩილებოდა. მათ მორჩილებას ადრიდანვე აჩვევდნენ. მოზარდების მეთვალყურეს პედონომი ეწოდებოდა, რომელსაც კეთილშობილ ვაჟკაცთა წრიდან ირჩევდნენ. მოხუცები თვალყურს ადევნებდნენ ბავშვების თამაშს, ხშირად განზრახ ჩამოაგდებდნენ მათ შორის შფოთს და ერთმანეთს წააჩხუბებდნენ. ამ გზით ისინი სწავლობდნენ ბავშვის ხასიათს — მამაცი იყო თუ არა, ან გაიქცეოდა თუ არა ბრძოლის ველიდან. რაც უფრო იზრდებოდნენ ბავშვები, მით უფრო სასტიკი ხდებოდა მათი წრთვნა: თმის ძირამდე კრეჭდნენ და აიძულებდნენ თითქმის ყოველთვის შიშვლებს ეთამაშათ, რის გამოც ფეხის ქუსლები უმაგრდებოდათ, ეს ყველაფერი ჯანმრთელობასთან ასოცირდებოდა. მათ, ასევე, ასწავლიდნენ წერა-კითხვასაც, თუმცა იმდენდად სასხვათაშორისოდ, რამდენადაც ეს აუცილებელი შემთხვევის დროს შეიძლებოდა დასჭირვებოდათ.

სპარტანული აღზრდის მეორე ეტაპი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

12 წლის შემდეგ სპარტიატები უქიტონოდ დადიოდნენ. მათ ერთი ხელი ტანსაცმელი (ტანსაცმელში წამოსასხამი იგულისხმება) ეძლეოდათ, რაც მთელი წლის განმავლობაში უნდა ემყოფინათ. სპარტელები, სავარაუდოდ, სისუფთავესთანაც არასასიამოვნო დამოკიდებულებაში უნდა ყოფილიყვნენ, რადგანაც ისინი იშვიათად იბანდნენ სხეულს და ისიც ცივ წყალში თუ ბანაობდნენ და ტანსაც არ იზელდნენ, ცხელი წყლით და შედარებით უფრო კარგად ბანაობდნენ მხოლოდ დღესასწაულებზე. მათთვის მოსვენებას არც ძილი წარმოადგენდა, რადგანაც საკმაოდ არაკომფორტულად ეძინათ, ლერწმის საწოლებზე. ლერწამს კი თვითონვე, ყოველგვარი დანის გარეშე გლეჯდნენ. ზამთარში კი ლერწამთან ერთად მეტი სითბოსთვის ლიკოფონს იფენდნენ. სპარტიატები დღისით ვარჯიშობდნენ ცურვაში, ჯირითში, ჭიდაობაში და ა. შ. რაც შეეხება ჭამას, ისინი უფროსი სპარტელის სახლში ჭამდნენ, საჭმლის მოტანა კი აღსაზრდელებს ევალებოდათ. მოზრდილებს შეშის მოზიდვა ევალებოდათ, უმცროსებს — მწვანილის. ყველაფერი რაც მოჰქონდათ ნაქურდალი იყო. ვისაც ქურდობაში დაიჭერდნენ, მას უმოწყალოდ გაშოლტავდნენ, როგორც უხეიროსა და მოუხერხებელს. მათ არ სჯიდნენ იმ მიზეზით, რომ იქურდეს, არამედ იმ მიზეზით, რომ ისინი საკმარისად ფრთხილები და მოხერხებულნი არ იყვენ, რომ შეუმჩნევლად ექურდათ. გაშოლტვით კი სხვა დროსაც ხშირად ისჯებოდნენ და თუ ვინმე ამის გამო იტირებდა ან იკვნესებდა, მას იქამდე გაწკეპლავდნენ, სანამ არ გაჩუმდებოდა. გარდა ამისა, თუ ჩვილი შესჩივლებდა მამას, რომ სხვა კაცმა გაწკეპლა, მამაც იმავეს მოიმოქმედებდა. ბავშვები ეჩვეოდნენ თუ როგორ დასხმოდნენ თავს მძინარეს და საერთოდ ყველას, ვინც კარგად ვერ პატრონობდა თავის საქონელს. პლუტარქე მოგვითხრობს ერთი საინტერესო შემთხვევის შესახებ, რომლის თანახმადაც ერთმა ბავშვმა მოიპარა მელია და მას შემდეგ რაც, სპარტელები მიუხვდნენ დანაშაულს, დამალა ის მოსასხამის ქვეშ. ბრჭყალებით და კბილებით მელია ცდილობდა გათავისუფლებას, მაგრამ ბავშვს სახეზე არაფერი ეტყობოდა. საბოლოოდ ის გარდაიცვალა მიღებული ჭრილობებით. ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ იყო სპარტელთა რაციონი მწირი, საკვების მოპოვების წესია. სპარტელთა აზრით კი ბევრი საჭმელი სხეულს მიწისკენ ექაჩება და ზრდას უშლის ხელს.

ნავახშმევს ირენი ზოგიერთ ბავშვს უბრძანებდა ემღერა, ზოგს კი ისეთ შეკითხვებს აძლევდა, რომლებიც მოფიქრებულ და გონივრულ პასუხებს მოითხოვდა. დაყოვნებული პასუხი და ყოყმანი, სპარტელების აზრით, გონებაჩლუნგობას ამჟღავნებდა. პასუხში უნდა ყოფილიყო ჩაქსოვილი მიზეზი და მტკიცება, ყველაფერი ეს კი მოკლედ, სხარტად უნდა თქმულიყო. მას, ვინც შეცდომით გასცემდა კითხვაზე პასუხს, ირენი სასჯელის ნიშნად ცერზე უკბენდა.

სიმღერებისა და ლექსების შეთხზვის ხელოვნებას აღზრდაში ისეთივე დიდი ყურადღება ექცეოდა, როგორც სიტყვის დახვეწილობასა და სიწმინდეს. ამ სიმღერების სიტყვები იყო უბრალო, მაგრამ ძლიერი და ღრმა შინაარსის, რომელიც სულს ამხნევებდა და საგმირო საქმეებისაკენ მოუწოდებდა. ბავშვების დასჯას ხშირად ესწრებოდნენ უხუცესები და არქონტები. დასჯის დროს ისინი ირენს ხელს არ უშლიდნენ, მაგრამ როცა ბავშვები წავიდოდნენ, ირენს თავის მხრივ სასტიკ პასუხს თხოვდნენ, თუ აღმოჩნდებოდა, რომ იგი მეტისმეტ მრისხანებას ან გადაჭარბებულ ლმობიერებას იჩენდა.

სპარტანული აღზრდის მესამე ეტაპი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად, სპარტელები 18 წლის ასაკში იწყებდნენ შეძენილი უნარ-ჩვევების პრაქტიკულად გამოყენებას. ისინი წარმოადგენდნენ სასაზღვრო, სადაზვერვო და დამხმარე ჯარის წევრებს. როგორც ზოგიერთი წყარო იუწყება, არსებობდა ე. წ. კრიპტიები, რომელშიც ახალგაზრდა სპარტიატები ირიცხებოდნენ. ეს „რაზმი“ დღისით ტყეში იმალებოდა, ხოლო ღამით ჰილოტებზე „ნადირობდა“.[3]

დაახლოებით ამ ასაკის სპარტიატებს უკვე ჰყავდათ თავიანთი ფავორიტები; ბიჭებს-ბიჭები და გოგონებს-გოგონები. ყრმების სატრფოები მათი საყვარელი ყმაწვილის შერცხვენასა და სახელსაც იზიარებდნენ და ხდებოდა ისე, რომ სპარტიატის შერცხვენისთვის მისი სატრფო ისჯებოდა. აღსანიშნავია, რომ ერთ ბიჭს, ორი საყვარელი ბიჭი შეიძლებოდა ჰყოლოდა. მიუხედავად ამისა, ცოლის მოყვანა სპარტელი მამაკაცებისთვის სავალდებულო იყო. მას ცოლი 30 წლამდე უნდა შეერთო, თუ ამას უფრო ადრე მოიმოქმედებდა, 30 წლამდე ცოლთან ერთად ცხოვრება ეკრძალებოდა.[3]

სპარტანული აღზრდის მეოთხე ეტაპი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როცა სპარტელი 20 წელს მიაღწევდა, მისი აღზრდა სრულდებოდა. იგი ირიცხებოდა სპარტის ჯარში და უფლება ეძლეოდა სისიტიის წევრობისა. სისიტიის წევრად გახდომის პროცედურა კი საკმაოდ საინტერესო იყო. საჯარო სასადილოს წევრები არჩევნებს აწყობდნენ ახალი წევრის მისაღებად. ვინც თანახმა იყო მისი მიღებისა პურის სოსროლს დაამრგვალებდა და მსახურის თავზე შემოდგმულ ჭურჭელში აგდებდა, ხოლო ვინც წინააღმდეგი — პურის სოსროლს ჭყლეტდა. თუ ჭურჭელში პურის ერთი დაჭყლეტილი სოსროლი მაინც აღოჩნდებოდა, ახალ წევრს არ იღებდნენ. გარდა იმისა, რომ ამ ასაკის სპარტიატები რეგულარულ ჯარში ირიცხებოდნენ, ისინი ასევე ხდებოდნენ ირენები.

30 წლიდან კი სპარტელი სრულფასოვანი მოქალაქე ხდებოდა.

გამოყენებული ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 509.
  • Cartledge, P.Spartan Reflections. — ლონდონი, Duckworth, 2001.
  • Cartledge, P.The Spartans: The world of Warrior - Heroes of Ancient Greece. - ნიუ-იორკი, Overlook Press, 2003.
  • Forest, W.G. A History of Sparta, 950-192 B.C. - ნიუ-იორკი, W.W.Norton & Co, 1968.
  • Harley, T.Rutherford. The Public School of Sparta. - ტ. I, გვ, 129 - 139, 1934.
  • Fant, M & Lefkowitz, M. Women's Life in Greece & Rome. - ბალტიმორი, მერილენდი, Jonh Hopkins University Press, 2005.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Harley, T.Rutherford. The Public School of Sparta. - ტ. I, გვ, 129 - 139, 1934.
  2. Fant, M & Lefkowitz, M. Women's Life in Greece & Rome. - ბალტიმორი, მერილენდი, Jonh Hopkins University Press, 2005.
  3. 3.0 3.1 Forest, W.G. A History of Sparta, 950-192 B.C. - ნიუ-იორკი, W.W.Norton & Co, 1968.