სპარსული ზუთხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სპარსული ზუთხი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანნი
რიგი:  ზუთხისნაირნი
ოჯახი:  ზუთხისებრნი
გვარი:  ზუთხი
სახეობა:  სპარსული ზუთხი
ლათინური სახელი
Acipenser persicus (Borodin, 1897)
დაცვის სტატუსი
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Critically Endangered : 235

სპარსული ზუთხი[1] (ლათ. Acipenser persicus) — თევზი ზუთხისებრთა ოჯახისა.

ტაქსონომია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველად როგორც დამოუკიდებელი სახეობა 1897 წელს აღწერა ნიკოლოზ ბოროდინმა მდინარე ურალში. თუმცა ლევ ბერგმა იგი რუსული ზუთხის ქვესახეობად (A. gueldenstaedtii persicus) ჩათვალა, გავრცელების ძირითადი არეალით მტკვარი და სეფიდრუდი. სპარსული ზუთხი ვოლგასა და ურალში დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა რუსული ზუთხის შიდაწყლოვან ფორმად. უკანასკნელი მორფოლოგიური და ფიზიოლოგიურ-ბიოქიმიური სამუშაოების შემდეგ იგი ცალკეულ სახეობად გამოჰყვეს. შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მობინადრე კოლხური ზუთხი (A. gueldenstaedtii var. colchica), რომელიც რუსული ზუთხის ქვესახეობად მიიჩნეოდა, ჩათვალეს, რომ უფრო ახლოს იდგა სპარსულთან და, შესაბამისად, მასთან გააერთიანეს. დღეისათვის, უცხოური წყაროების მიხედვით, სპარსული ზუთხის ორი ქვესახეობაა ცნობილი: A. persicus persicus (კასპიის ზღვა) და A. persicus colchicus (შავი ზღვის აღმოსავლეთი ნაწილი). თუმცა, ქართული წყაროები კოლხურ ზუთხს, იგივე თართს, დამოუკიდებელ ქვესახეობად გამოყოფენ.[2]

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარეგნულად რუსულ ზუთხს წააგავს. მისგან განირჩევა წაგრძელებული, მასიური და ქვევითკენ მოღუნული დინგით, აგრეთვე უფრო ღია ფერით. ზურგი ნაცრისფერ-რუხი ან ნაცრისფერ-მოცისფროა, გვერდებზე ლურჯი ან ფოლადისფერი ელფერი დასდევს, მუცელი მოყვითალო-თეთრია. ზურგის ფარფლში 27–51 სხივია, ანალურში — 16–35. აქვს ზურგის 8–15 ფარეკალი, გვერდებისა — 23–50, მუცლისა — 7–13; 15–31 სალაყუჩე ღრუ. ქვედა პირი. ულვაშები დინგის წვერისკენაა განლაგებული.

მტკვრის ზუთხის უდიდესი ასაკი, რაც დაფიქსირებულა, 48 წელია. წარსულში მაქსიმალური სიგრძე 231–242 სმ იყო, დღეისათვის 205–230 სმ-ს არ აღემატებიან. ვოლგაში ნაპოვნია 38 წლამდე ასაკის ეგზემპლარები.

გამსვლელი ზუთხია. რუსულისაგან განსხვავებით, ტოფობისათვის მთის ჩქარ მდინარეებში შედის და არც ისე მაღლა ადის. ქვირითს ძირითადად ყრის მტკვარში, სეფიდრუდსა (კასპიის ზღვის აუზი) და რიონში (შავი ზღვის აუზი). ვოლგასა და ურალში მნიშვნელოვნად მცირე რაოდენობით შედის. რუსულ ზუთხზე დიდია; ვოლგის ზუთხის უდიდესი მასაა 19 კგ (მამალი) და 27,8 კგ (დედალი), სიგრძე 170 (დედალი) და 152 (მამალი). ახასიათებს სიგრძივი და წონითი ზრდის სწრაფი ტემპები: 15 წლის დედალი სიგრძეში 132 სმ-ია, მამალი — 122 სმ; 18 წლის ვოლგის მკვიდრი ზუთხი 19 კგ-ს იწონის, მამალი — 14,5 კგ-ს. სქესობრივ სიმწიფეს მტკვრის ინდივიდები 8 (დედალი) და 12 (მამალი) წლის ასაკში აღწევენ; ვოლგასა და ურალში უფრო გვიან: მამალი — 15-ში, დედალი — 18-ში. ნაყოფიერება დედლის ზომაზეა დამოკიდებული და მერყეობს 85-დან 840 ათას ქვირითამდე. მომწიფებული კვერცხის დიამეტრი 3,2–3,8 მმ-ია. ქვირითს ისეთივე ადგილებში ყრის, როგორშიც დანარჩენი ზუთხები, მაგრამ შედარებით მაღალი ტემპერატურის წყლებში. ვოლგაში ვოლგოგრადის ჰესის ქვემოთ ივნის-აგვისტოში ყრის 16-დან 22°С-მდე ტემპერატურის წყალში, უფრო ხშირად 20-22°С-მდეში. სამხრეთ კასპიის ზღვაში მრავლდება 15–25°С ტემპერატურაზე. რიონში ტოფობა 17-დან 23,6°C-მდე ტემპერატურაზე მიმდინარეობს. როგორც ჩანს, ახასიათებთ მწარმოებელთა (მამლების) დაჯგუფებები, რომლებსაც მდინარეში შესვლის სხვადასხვა ვადები გააჩნიათ (საშემოდგომო და საგაზაფხულო). ტოფობის შემდეგ ზღვას უბრუნდებიან, სადაც ინტენსიურად სუქდებიან. კასპიის ზღვაში გამოკვების ძირითადი ადგილებია სამხრეთი ნაწილები. მოზრდილები იკვებებიან მოლუსკებით, კიბორჩხალებით; ახალგაზრდები — მცირეჯაგრიანი ჭიებით, თევზით (ღორჯო, ჭიჭყინა) და სხვ.

გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კასპიის ზღვაში ძირითადად მის სამხრეთ და შუა ნაწილებს ეტანება (მტკვარი, სეფიდრუდი, თერგი, სამური, სულაკი). ჩრდილოეთ კასპიის ზღვის მდინარეებში (ვოლგა, ურალი) მცირე რაოდენობით შედის. შავ ზღვაში გავრცელებულია მის აღმოსავლეთ ნაწილში და ადის საქართველოს მდინარეებში (რიონი, ენგური, სუფსა, ხობისწყალი),[3] შესაძლოა თურქეთის მდინარეებშიც იყოს.

მნიშვნელობა და დაცვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძვირფასი სარეწაო თევზია. ურალში მთელი ზუთხის 5-7%-ს სპარსული შეადგენს; დაახლოებით ამავე რაოდენობის მწარმოებელი შედის ტოფობისას ვოლგაში, სხვა მონაცემებით კი — 4,3% ამ მდინარეში მიგრირებადი ყველა ზუთხისა. 1974–1978 წლებში მტკვარში დაჭერილი სპარსული ზუთხის საერთო წლიური მასა მერყეობდა 90-დან 220 ტონამდე. მცირე რაოდენობის გამო წარმოადგენს ხელოვნური კვლავწარმოების ობიიქტს. შეტანილია საქართველოსა და IUCN-ის წითელ ნუსხაში.

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მობინადრე სპარსული ზუთხის კოლხური ქვესახეობა (თუმცა, ქართული წყაროები მას ცალკე გამოჰყოფენ), ე. წ. კოლხური ზუთხი (A. persicus colchicus) შეტანილია იშვიათი და გამქრალი თევზების III კატეგორიაში. წარსულში მისი რაოდენობა 17 ათასად შეფასდა; 1967 წლიდან მისი რეწვა აკრძალულია, თუმცა მარაგები ვერ აღდგა. რაოდენობის შემცირების მიზეზებია ბუნებრივი კვლავწარმოების დაბალი დონე და გადაჭარბებული რეწვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Аннотированный каталог круглоротых и рыб континентальных вод России / Под ред. Ю.С.Решетникова. М.: Наука, 1998. 218 с.
  • Атлас пресноводных рыб России: В 2 т. Т.1. / Под ред. Ю.С.Решетникова. М.: Наука, 2002. 379 с.
  • Артюхин Е.Н. 1979. Персидский осетр в реках Северного Каспия и перспективы его использования в осетровом хозяйстве. //Сб. Биологич. основы развития осетрового хозяйства в водоемах СССР. М.:Наука. С. 105-115.
  • Артюхин Е.Н. 1983. Дифференциация популяций персидского осетра и перспективы его заводского разведения на Волге. // Сб. Биологич. основы осетроводства М.:Наука. С. 54-61.
  • Артюхин Е.Н., Заркуа З.Г. 1986. К вопросу о таксономическом ранге осетра р.Риони (бассейн Черного моря). //Вопр. ихтиологии. Т. 26. Вып. 1. С. 61-67.
  • Баранникова И.А. 1957. Биологическая дифференциация стада волго-каспийского осетра в связи с задачами промышленного осетроводства в дельте Волги. // Уч. зап. Ленингр. Ун-та. Сер. биол. наук. № 228. Вып. 4. С. 54-71.
  • Лукьяненко В.И., Умеров Ж.Г., Каратаева Б.Б. 1974. Южно-каспийский осетр - самос- тоятельный вид рода Acipenser. //Изв. АН СССР. Сер. Биол. № 5. С. 736-739.
  • Марти В.Ю. 1940. Систематика и биология русского осетра кавказского побережья Черного моря // Зоол. журнал Т. 19. № 6. С. 865-872.
  • The Freshwater Fishes of Europe. 1989. AULA-Verlag Wiesbaden, Vol. 1, Part II, 469 p.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 542.
  2. დემეტრაშვილი მ., ნინუა ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.
  3. ზუთხი საქართველოში. აგროკავკასია (10 ივნისი, 2019). ციტირების თარიღი: 3 ნოემბერი, 2019.