შინაარსზე გადასვლა

სოხუმის ხოცვა-ჟლეტა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სოხუმის ხოცვა-ჟლეტა მოხდა 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის შემდეგ. იგი განხორციელდა სოხუმის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ძირითადად აფხაზი სეპარატისტებისა და მათი ჩრდილოეთ კავკასიელი მოკავშირეების შეიარაღებული ძალების მიერ.[1] ის გახდა სეპარატისტების მიერ ქართველების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობრივი ეთნიკური წმენდის კამპანიის ნაწილი.

მომხდარი მოვლენები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1993 წლის 16 სექტემბერს, აფხაზეთის ომის მეორე წელს, სეპარატისტულმა ძალებმა დაარღვიეს გაეროს მიერ ინიცირებული და რუსეთის ფედერაციის მიერ გარანტირებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომლითაც ორივე მხარეს ეკრძალებოდა სამხედრო ოპერაციების წარმოება. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა სოხუმიდან მძიმე არტილერია და ტანკები გაიყვანეს. აფხაზებმა, კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციამ და კაზაკმა მებრძოლებმა სოხუმი 27 სექტემბერს დილით შტურმით აიღეს. მოწინააღმდეგეების დიდი რაოდენობის გამო, ქალაქში მყოფმა ქართული არმიის ნაწილებმა ვერ შეძლეს სეპარატისტების შეტევის მოგერიება. შუადღისთვის სეპარატისტმა მებრძოლებმა და მათმა მოკავშირეებმა ტელევიზიის შენობები და ხიდები დაიკავეს. ქართულმა ძალებმა უკან დაიხიეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობაში, სადაც ისინი აპირებდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. გვიან შუადღისთვის ქალაქი სრულად აიღეს სეპარატისტებმა და მათმა მოკავშირეებმა.

ბრძოლის დროს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების იმედით ქალაქში დარჩენილმა მშვიდობიანმა მოქალაქეებმა დაიწყეს ქალაქის დიდი რაოდენობით დატოვება. სეპარატისტებმა და მათმა მოკავშირეებმა სოხუმის ქუჩებში ეთნიკური წმენდა დაიწყეს. ისინი აკავებდნენ ყველა მშვიდობიან მოქალაქეს, ვისაც იპოვიდნენ. მამაკაცები, ქალები და ბავშვები ამოხოცეს ქუჩებში, გზებზე, საკუთარ ბინებში, სახლებსა და ეზოებში. თვითმხილველების თქმით, ბევრი ადამიანი წამების მსხვერპლი გახდა და ზოგიერთი იძულებული გახდა ენახა, როგორ კლავდნენ მის ოჯახის წევრებს - ბავშვებს მშობლების თვალწინ და მშობლებს - შვილების თვალწინ.[2] ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით:

ვიკიციტატა
„როდესაც აფხაზები ჩემს სახლში შემოვიდნენ, მე და ჩემი შვიდი წლის შვილი გარეთ გამოგვიყვანეს. მათ გვაიძულეს დაჩოქება, რის შემდეგაც ჩემი შვილი წაიყვანეს და ჩემს თვალწინ ესროლეს. შემდეგ თმებში მომკიდეს ხელი და ახლომდებარე ჭასთან მიმიყვანეს. ერთმა აფხაზმა ჯარისკაცმა მაიძულა, ჭაში ჩამეხედა; იქ სამი ახალგაზრდა მამაკაცი და ორი ხანდაზმული ქალი დავინახე, რომლებიც შიშვლები წყალში იწვნენ. ისინი ყვიროდნენ და ტიროდნენ, სანამ აფხაზები მათზე გვამებს ყრიდნენ. ამის შემდეგ, იქ ყუმბარა ისროლეს და კიდევ ბევრი ადამიანი ჩასვეს შიგნით. შემდეგ მათ კვლავ მაიძულეს, გვამების წინ დავჩოქილიყავი. ერთ-ერთმა ჯარისკაცმა დანა აიღო და ჩემს მყოფ მდგომ ერთ-ერთ გარდაცვლილს თვალი ამოგლიჯა. შემდეგ მან ეს ამობურცული თვალი ტუჩებთან და სახესთან მიმიტანა. ვეღარ გავუძელი და გონება დავკარგე. იქ გვამების გროვაში დამტოვეს.[3]

მასობრივი ხოცვა-ჟლეტა ქალაქის პარკში, მთავრობის შენობის წინ, სკოლებსა და საავადმყოფოებში მოხდა. აფხაზეთის მთავრობის თითქმის ყველა წევრი (ისინი, ვინც უარი თქვა ქალაქის დატოვებაზე) - ჟიული შარტავა, გურამ გაბესკირია, ალექსანდრე ბერულავა, მამია ალასანია და რაულ ეშბა - ტყვედ ჩავარდნენ და ამოხოცეს.[4]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 1994 წლის ქვეყნების ანგარიშებში ასევე აღწერილია ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის სცენები:

ვიკიციტატა
„[აფხაზმა] სეპარატისტულმა ძალებმა ფართომასშტაბიანი სისასტიკეები ჩაიდინეს ქართული მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, მოკლეს მრავალი ქალი, ბავშვი და მოხუცი, ზოგი მძევლად აიყვანეს და სხვები აწამეს... მათ ასევე მოკლეს დიდი რაოდენობით ქართველი მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც აფხაზების მიერ მიტაცებულ ტერიტორიაზე დარჩნენ.[5]
ვიკიციტატა
„სეპარატისტებმა ტერორის კამპანია წამოიწყეს ქართული მოსახლეობის უმრავლესობის წინააღმდეგ, თუმცა სხვა ეროვნებებიც დაზარალდნენ. როგორც ამბობენ, ჩეჩნები და რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსული სხვა ჩრდილოეთ კავკასიელები ადგილობრივ აფხაზურ ჯარებს შეუერთდნენ სისასტიკეების ჩადენაში. ... აფხაზეთიდან გაქცეულებმა საკმაოდ დამაჯერებელი ბრალდებები გააკეთეს სისასტიკეების შესახებ, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის შესახებ, ასაკისა და სქესის მიუხედავად. აფხაზების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ამოღებულ გვამებს ინტენსიური წამების კვალი აღენიშნებოდათ. (Human Rights Watch-ისთვის ხელმისაწვდომი მტკიცებულებები ადასტურებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნებს.)[5]

ედუარდ შევარდნაძე ქალაქიდან სეპარატისტული ძალების მოსვლამდე ცოტა ხნით ადრე გაიქცა, რადგან მანამდე განაცხადა, რომ ქალაქში რაც შეიძლება დიდხანს დარჩებოდა.[6] მალე სეპარატისტულმა ძალებმა აფხაზეთის მთელი ტერიტორია დაიკავეს, კოდორის ხეობის მცირე რეგიონის გარდა (რომელიც 2006 წლის ივლისამდე ქართველი სამხედრო მეთაურის, ემზარ კვიციანის, და მოგვიანებით, 2008 წლის აგვისტომდე, საქართველოს მთავრობის კონტროლის ქვეშ იყო). საქართველოს სამთავრობო ძალების სრულ დამარცხებას ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა მოჰყვა მთელ აფხაზეთში.[7] 200,000 - 250,000 ადამიანი (ძირითადად ქართველი) იძულებული გახდა დაეტოვებინა აფხაზეთი.[8] ძალადობა 1994 წელსაც გაგრძელდა, მიუხედავად აფხაზეთში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამშვიდობო ძალების განლაგების შესახებ შეთანხმებისა.[9]

არსებობს რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება იმის შესახებ, ხოცვა-ჟლეტა აფხაზურმა მილიციამ ჩაატარა თუ მათმა ჩრდილოეთ კავკასიელ მოკავშირეთა ჯგუფმა. სავარაუდოდ, ეთნიკურ წმენდაზე ნაწილობრივ მაინც პასუხისმგებელი იყო სეპარატისტების თავდაცვის მინისტრის მოადგილე და „გმირი“ შამილ ბასაევი იყო.[10][11] თვითმხილველთა ჩვენებების მიხედვით, ეთნიკური წმენდის განმხორციელებელი ბოევიკები ჩრდილოკავკასიურ და რუსულ ენებზე საუბრობდნენ.[2] თუმცა, ხოცვა-ჟლეტას გადარჩენილმა ზოგიერთმა ლტოლვილმა განაცხადა, რომ მათ ამოიცნეს თავიანთი აფხაზი და სომეხი მეზობლები, რომლებიც სხვადასხვა უბანში ხოცვა-ჟლეტის დროს სეპარატისტ მებრძოლებთან თანამშრომლობდნენ.[12]

  1. "Siege of Sukhumi", Time, October 4, 1993.
  2. 1 2 Chervonnaia, Svetlana Mikhailovna. Conflict in the Caucasus: Georgia, Abkhazia, and the Russian Shadow. Gothic Image Publications, 1994.
  3. Chervonnaia, Svetlana Mikhailovna. Conflict in the Caucasus: Georgia, Abkhazia, and the Russian Shadow. p 87, Fall of Gagra.
  4. Chervonnaia, Svetlana Mikhailovna. Conflict in the Caucasus: Georgia, Abkhazia, and the Russian Shadow. Gothic Image Publications, 1994
  5. 1 2 .S. State Department, Country Reports on Human Rights Practices for 1993, February 1994,
  6. Ekedahl, Carolyn McGiffert; Goodman, Melvin Allan (2001) The wars of Eduard Shevardnadze. Brassey's, გვ. 142. ISBN 1-57488-404-2. „sukhumi.“ 
  7. U.S. State Department, Country Reports on Human Rights Practices for 1993, February 1994, pp. 877, 881.
  8. „Abkhazia 'on verge of war'. BBC News. British Broadcasting Corporation. 12 October 2001. ციტირების თარიღი: 4 January 2011.
  9. Europa Publications Limited (1998). Eastern Europe and the Commonwealth of Independent States. Routledge, გვ. 364. ISBN 1-85743-058-1. 
  10. Anatoly Gordienko Basaev's comrades-in-arms go to Abkhazia, Nezavisimaya Gazeta, 2004
  11. Shamil Basaev – the No 1 enemy of Russia, BBC, 2002
  12. Human Rights Watch interviews, August 1993.