სოხუმის არქეოლოგიური ძეგლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სოხუმის არქეოლოგიური ძეგლები — სხვადასხვა დროის არქეოლოგიური ძეგლები სოხუმის ტერიტორიაზე და მის მიდამოებში. 1886 წელს შეკრიბა ვ. სიზოვმა, 1922 — ა. ბაშკიროვმა, 1939-1940 — მ. ივაშცენკომ, ლ. სოლოვიოვმა და ი. აძინბამ. სისტემატური არქეოლოგიური შესწავლა დაიწყო 1950 წლიდან (აფხაზური ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტი, მ. თრაფში). უდიდესი ძეგლია აშელის ხანის ნამოსახლარი ქ. სოხუმში. ენეოლითური ხანის ნამოსახლარები შესწავლილია გუად-იხუს მთაზე 1952-1954 წლებში, „კრასნი მაიაკის“ რაიონში — 1956 წელს. სოხუმის მთაზე შემთხვევით აღმოჩნდა ბრინჯაოს კოლხური ცულები, სეგმენტისებური იარაღი, სპილენძის ზოდები და სხვა (ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრული — I ათასწლეულის დასაწყისი), აგრეთვე სამარხები კომპლექსის ნივთები:ბრინჯაოს ცულები, კრინის სხვადასხვა იარაღი, კერამიკური ჭურჭელი, სამკაული და სხვა (ძვ. წ. IX — VII საუკუნეები).

1951 წელს ა. კალანდაძემ და მ თრაფშმა შეისწავლეს სოხუმის მთის არქეოლოგიური მასალა. აღსანიშნავია რკინის წალდები, ქვევრის ფრაგმენტები, ანტიკური ხანის იმპორტული კერამიკა და ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევრის მეტალურგიის წარმოების ნაშთები. კოლხური კერამიკასთან ერთად გვხვდება აღმოსავლეთის ქართული ტიპის ცალკეული ელემენტებიც. კრემაციული სამარხების მასალა (ბრინჯაოს სამაჯურები, ვერცხლის ფიბულები, კერამიდა და სხვა) ძვ. წ. VII—ჩI საუკუნეებით თარიღდება.

1952-1954 წლებში გუად-იხუს მთაზე გათხარეს (მ თრაფში) ძვ. წ VII—II საუკუნეების სამაროვანი (კრემაციული და ნაწილობრივკრემაციული ორმოსამარხები), გვიანდელი კოლხური ტიპის რამდენიმე სამარხი და ძვ. წ. IV—IIსაუკუნეების ანტიკური ნამოსახლარის ნაშთები. სამაროვნის ადრეულ (ძვ. წ. VII—VII საუკუნეები) კომპლექსში გამოვლინდა რკინის მრავალრიცხოვანი ცულები, შუბისპირები, სატევრები, დანები, ბრინჯაოსა და სხვა მასალის სამკაული, ადგილობრივი კერამიკული ნაწარმი. სამარხთა გვიანდელ ჯგუფში (ძვ. V—II საუკუნეები) აღმოჩნდა რკინის იარაღი, ბერძნული კერამიკა, ბრინჯაოს ფარაკიანი ბეჭდები, ფაიანსის ფიგურული საკიდები, პასტის მძივები და სხვა.

1956-1959 წლებში „კრასნი მაიაკის“ რაიონში შეისწავლეს ძვ. წ. VIII—II საუკუნეების სამაროვანი და ადრინდელი ანტიკური ხანის ნამოსახლარი. სამაროვნის ადრინდელი ჯგუფი ძვ. წ. VIII—VI საუკუნეებს განეკუთვნება, გვიანდელი — ძვ. წ. V—II საუკუნეების ადრინდელი ჯგუფისასათვის დამახასიათებელია კოლხური ტიპის ბრინჯაოს ცულები, შუბისპირები, სატევრები, სამკაული, ტანსაცმლის ნივთები და ა. შ., რკინის იარაღი, საჭურველი და მცირე ზომის თიხის ჭურჭელი.

სოხუმის ყურის ნაპირას და მიმდებარე მაღლობზე გათხარეს ძვ. წ. II—I ათასწლეულეულის მიჯნაზე მჭიდრო დასახლება, რომელსაც ქალაქური ტიპის დასახლებად მიიჩნევდნენ (მ. თრაფში).

1952 წელს დაიწყო არქეოლოგიური კვლევა სოხუმის ციხესიმაგრის მიდამოებში. 1958-1959 წლებში გათხრებში მონაწილეობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი (ა. აფაქიძე,ლ. შერვშიძე, მ. თრაფში). ჩატარდა წყალქვეშა არქეოლოგიური დაზვერვები და გამოკვლევები. დადგინდა, რომ ადრინდელი და ბიზანტიური ხანის სებასტოპოლისი ნაწილობრივ ახლანდელი სოხუმის ყურის სანაპიროზე მდებარეობდა. მისი მნიშვნელოვან ნაწილი ზღვის ფსკერზეა მოქცეული. შესწავლილია ქ. სებასტოპოლისის თავდაცვითი ნაგებობანი, საცხოვრებელი შენობები და კულტურული ფენები. გამოირკვა, რომ სებასტოპოლისს რამდენიმე ციტადელი ჰქონდა. შესწავლილია აგრეთვე სებასტოპოლისის 3 კულტურული ჰორიზონტი (I—IV საუკუნეები). 1953 წელს სოხუმის ყურეში, ზღვის ფსკერზე, იპოვეს მარმარილოს საფლავის სტელა (ძვ. წ. V საუკუნე), რომელზედაც ბარელიეფური სცენაა გამოსახული. იქვე აღმოჩნდა ქალის ბიუსტი და საფლავის ძეგლი (I—II საუკუნეები). 1954-1955 წლებში ბაგრატის ტაძრის ტერიტორიაზე შეისწავლეს ანტიკური და ფეოდალური ხანის კულტურული ფენები. I—IV საუკუნეების მონეები (8 ცალი) აღმოჩნდა ოდინეცის კარმიდამოზე და სოხუმის ციხესიმაგრის რაიონში (34 ცალი). ანტიკურ ქალაქში ბერძენი და რომაელი კოლონისტების გვერდით ცხოვრობდა ადგილობრივი მოსახლეობა, რაზეც მიუთითებს ადგილობრივი კერამიკა და სხვა ნაწარმის მასობრივად აღმოჩენა. II—IV საუკუნეებში სებასტოპოლისი ვაჭრობისა და ხელოსნობის მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გოგაძე ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 503.
  • „საქართველოს არქეოლოგია“ / რედ: აფაქიძე ა., თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1959. — გვ. 241-242.