შინაარსზე გადასვლა

სოციალური მეწარმეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სოციალური მეწარმეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოციალური მეწარმეობის ცნებამ, სფეროს აღიარებული მკვლევარის, გრეგორი დის შეხედულებით, ფართო საზოგადოებრივი აღიარება ჰპოვა, რადგან პასუხობს თანამედროვეობის საჭიროებებს. კონცეფცია სოციალურ მისიას აერთიანებს პრაქტიკულ, იგივე ბიზნეს საქმიანობასთან, ინოვაციასა და მიზანსწრაფულობასთან. სოციალური მეწარმეობის განვითარება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 1970-ანი წლებიდან იწყება. შესაბამისად, სოციალური მეწარმეობის ტერმინოლოგია ახალია, რასაც ვერ ვიტყვით თავად ფენომენზე. სოციალური მეწარმეები ყოველთვის არსებობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამ ტერმინით არ მოიხსენიებოდნენ[1].

ზოგადად, სოციალური მეწარმეობა სოციალური ეკონომიკის ნაწილია, რომელსაც საერთაშორისო შრომითი ორგანიზაცია (WTO) განმარტავს, როგორც „კონცეფციას, რომელიც უკავშირდება საწარმოებს და ორგანიზაციებს, კერძოდ, კოოპერატივებს, არაკომერციულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ასოციაციებს, ფონდებს და სოციალურ საწარმოებს, რომლებიც სოლიდარობის პრინციპებზე დაყრდნობით აწარმოებენ სპეციფიკურ პროდუქტს ან სერვისს ეკონომიკური და სოციალური მიზნების მისაღწევად“[2] , აქედან გამომდინარე, მისი დანერგვა ქვეყნის ეკონომიკაში ამცირებს უმუშევრობის დონეს, ზრდის ეკონომიკური აქტიურობის მაჩვენებელს, ხელს უწყობს ეკონომიკის მწარმოებლურობის ამაღლებას და განვითარების ხელშეწყობას დასახული მიზნების შესრულებასთან თანხვედრით.

სოციალური მეწარმეობა აერთიანებს:

  • სამეწარმეო განზომილებას - რაც გულისხმობს განგრძობად ეკონომიკურ საქმიანობას. ეს განასხვავებს მათ არასამეწარმეო-არაკომერციული იურიდიული პირებისგან;
  • სოციალური განზომილებას - გამოკვეთილი სოციალური მისია, რითაც განსხვავდება სოციაური საწარმო ტრადიციული ბიზნეს ოპერატორისგან;
  • მონაწილეობითი მმართველობას - გულისხმობს საწარმოს მუდმივ კონცენტრირებას სოციალურ მისიაზე დამფუძნებელთა მთელი ჯგუფის ჩართულობით. ანუ გადაწყვეტილებები მიიღება დემოკრატიული პრინციპით და არ ხდება უკვე მიღებული გადაწყვეტილებებით ხელმძღვანელობა, რაც ახასიათებს ტრადიციულ ბიზნეს ოპერატორებს[3].

სოციალური საწარმო არის ორგანიზაცია, რომელიც იყენებს ბიზნესის მიდგომებს საზოგადოებრივი პრობლემების მოსაგვარებლად. გამომდინარე იქიდან, რომ სოციალური საწარმო სხვადასხვა თემში (იქნება ეს გეოგრაფიული თემი თუ ადამიანების ჯგუფი) არსებულ გამოწვევებს ბიზნეს მიდგომებით პასუხობენ, სოციალური საწარმოს გაგება სხვადასხვა კონტექსტში შესაძლოა სხვადასხვა იყოს.

დიდი ბრიტანეთში სოციალურ საწარმოს განმარტავენ, როგორც "ბიზნესს, რომლის უპირველესი მიზანიც სოციალური ხასიათისაა და რომელიც  ახდენს მოგების რეინვესტირებას თემში ან ბიზნესში ამ სოციალური მიზნების მისაღწევად. მისი მამოძრავებელი არ არის მოგების ზრდა მეწილეებისა და მფლობელებისათვის"[4].

რაც შეეხება აშშ-ში დამკვიდრებულ განმარტებას, სოციალური მეწარმეების ალიანსი (აშშ) სოციალურ საწარმოს განმარტავს, როგორც "ორგანიზაციას ან საწარმოს, რომელიც ახორციელებს სოციალურ მისიას სამეწარმეო, შემოსავლის მომტანი სტრატეგიებით"[5].

ევროკავშირმა 2011 წელს მიიღო სოციალური მეწარმეობის გლობალური ინიციატივის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც „სოციალური საწარმოების მეშვეობით ხდება სოციალური მიზნების შერწყმა სამეწარმეო მიდგომებთან. ეს ორგანიზაციები ფოკუსირდებიან სოციალური შედეგების მაქსიმიზაციაზე, გარემოსდაცვითი და სათემო მიზნების მიღწევაზე“[6].

რაც შეეხება საქართველოში სოციალური საწარმოს გაგებას, ამ ეტაპზე კანონი სოციალური მეწარმეობის შესახებ, რომელიც დაარეგულირებს კონცეფციის განმარტებას არ არის შემოღებული, თუმცა, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) სოციალურ საწარმოს განმარტავს, როგორც "ორგანიზებულ სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც ემსახურება სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფას, მოწყვლადი ჯგუფების დასაქმებას, აგრეთვე სოციალური მიზნების მიღწევას განათლების, კულტურის, ჯანმრთელობის დაცვის, სპორტის და გარემოს დაცვის სფეროებში"[7].

სოციალური საწარმოს მიზანი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განსხვავებით ჩვეულებრივი, მხოლოდ მოგებაზე ორიენტირენბული საწარმოსაგან სოციალურ საწარმოს აქვს ორმაგი მიზანი: ეკონომიკური და სოციალური, რომელთაგანაც სოციალური არის უმთავრესი. სოციალური საწარმოს შემთხვევაში ეკონომიკური და კომერციული საქმიანობა წარმოადგენს საშუალებას, უფრო ღირებული, სოციალური მიზნის მიღწევის პროცესში. აქედან გამომდინარე, მსგავი ტიპის ორგანიზაციების მოგება არ იზომება მხოლოდ ფინანსური მაჩვენებლებით და გაცილებით მნიშვნელოვანია მიღწეული სოციალური შედეგები[8].

სოციალური საწარმოებს აქვთ კონკრეტული როლები საზოგადოებაში, რაც გულისხმობს იმას, რომ ისინი ორიენტირებულნი არიან სოციუმში არსებული გამოწვევების გადაწყვეტაზე. აღნიშნული გამოწვევები განზოგადებული სახით არის:

  • დასაქმების ხელშეწყობა - სამუშაო უნარების ასამაღლებელი საგანმანათლებლო მიზნები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობა;
  • სოციალური სერვისების მიწოდება - ჯანმრთელობა, ზრუნვა და სამედიცინო სერვისები, ხანდაზმულთა მოვლა-პატრონობა, შშმ მოზარდთა განვითარების შეფერხების აღმოჩენა და დროული ინტერვენცია, სამედიცინო მხარდაჭერა მოწყვლადი ჯგუფის წევრებს;
  • ეკონომიკური განვითარების და სამართლიანი ვაჭრობის ხელშეწყობა - შიდამიგრაციული პროცესების შეჩერება, თემის (სოფლის) განვითარების ხელშეწყობა, ქალაქებიდან მოშორებით მდებარე დასახლებების განვითარების და გაძლიერების უზრუნველყოფა, ნედლეულის მწარმოებლებისათვის სამართლიანი ვაჭრობის პრინციპით ანაზღაურება და ა.შ.;
  • საზოგადოებრივი ორგანიზაციების დამოუკიდებლობის ზრდის უზრუნველყოფა;
  • გარემოსდაცვა;
  • კულტურულ მიზნებზე ორიენტირება და სხვა.[9]

სოციალური საწარმოები განსხვავდებიან იმისდა მიხედვით, თუ რამდენად ინოვაციურ პროდუქტს ან სერვისს ქმნიან. არსებობენ ინოვაციური სოციალური საწარმოები და ტრადიციული სოციალური საწარმოები, რომლებიც არ ქმნიან ინოვაციურ პროდუქტს. მათ აერთიანებთ ის, რომ ისინი იქმნებიან კონკრეტული, საზოგადოებრივი, პრობლემების მოსაგვარებლად.

სოციალური საწარმოს დაფუძნებისას დაშვებულია ქვეყანაში არსებული ნებისმიერი ორგანიზაციულ-იურიდიული ფორმის გამოყენება, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ტიპის საწარმოს  კონცეფცია უფრო წარმოადგენს მსოფლმხედველობისა და ხედვის საგანს, მისი შეზღუდვა რომელიმე კონკრეტული იურიდიული ფორმით არ ხდება. აქვე უნდა აღინიშნოს რომ რიგ ქვეყნებში მათ გააჩნიათ კონკრეტული სამართლებრივი ფორმა: სათემო ინტერესის კომპანია (Community Interest Company) გაერთიანმებულ სამეფოში, სოციალური კოოპერატივები პოლონეთში, A და B ტიპის სოციალური კოოპერატივები იტალიაში. ამ დროისათვის, საქართველოში სოციალური საწარმოსთვის კონკრეტული სამართლებრივი ფორმა არის განსაზღვრული. იქიდან გამომდინარე, რომ  საქართველოს კანონმდებლობით, "სოციალური მეწარმეობა", როგორც ტერმინი და კონცეფია არ არის განმარტებული, იურიდიული საკითხების განხილვისას უნდა გამოვიყენოთ ზოგადი ტერმინი “მეწარმეობა”[10]..

საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარება 2009 წელს, სამი ორგანიზაციის კონსორციუმის მიერ ერთიანი პროექტის ფარგლებში დაიწყო, ეს ორგანიზაციებია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ბრიტანეთის საბჭო (British Council) და ევროპის ფონდი (ყოფილი "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი").

ამჟამად ქვეყანაში 150-ზე მეტი აქტიური სოციალური საწარმოა. CSRDG-ისა და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "სოციალური მეწარმეობა - ინოვაციური მიდგომა სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტისთვის" ფარგლებში 2016 წელს დაფუძნდა სოციალურ საწარმოთა ალიანსი (SEA Georgia). სწორედ ალიანსი აკეთებს მოქმედი სოციალური საწარმოების მოკვლევას ქვეყანაში.

საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოების (ნაწილი) სია, ხელმისაწვდომია სოციალურ საწარმოთა ალიანსის ვებ-გვერდზე. საქმიანობის ტიპის მიხედვით, სოციალურ საწარმოთა 57% ქმნის გარკვეულ პროდუქციას, ხოლო 43% სერვისის მიმწოდებელია[11].

მასალები სოციალურ მეწარმეობაზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • გამოცემები - სოციალური მეწარმეობის შესახებ საქართველოში არსებული კვლევები, სახელმძღვანელოები, პუბლიკაციები და სხვა ტიპის გამოცემები ხელმისაწვდომია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ვებ-გვერდზე www.segeorgia.org
  • შესაძლებლობები ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირებისთვის - ხელმისაწვდომია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ვებ-გვერდზე www.segeorgia.org, ასევე, სოციალურ საწარმოთა ალიანსის (SEA Georgia) ვებ-გვერდზე www.seageorgia.ge
  1. J. Gregory Dees (31). სოციალური მეწარმეობის არსი (Georgian). 
  2. Organisation for Economic Co-operation and Development (OECD (2013). [https://www.oecd.org/cfe/leed/130228_Job%20Creation%20throught%20the%20Social%20Economy%20and%20Social%20Entrepreneurship_RC_FINALBIS.pdf Job Creation throught the Social Economy and Social Entrepreneurship] (English), გვ. 1-166. 
  3. ეკა დათუაშვილი, გიგა ჩიტიშვილი, ქრისტინე კანდელაკი, სალომე კუსიანი, ალექსი ჩიქოვანი, შოთა მურღულია, ალექსანდრე რაიბული, სალომე ხუციშვილი. (2019). სოციალური მეწარმეობის სახელმძღვანელო, მე-3 გამოცემა (Georgian), თბილისი, საქართველო: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), გვ. 1-164. 
  4. Social Enterprise English. British Council.
  5. Social Enterprise Alliance.
  6. European Union. (2011)Internal Market, Industry, Entrepreneurship and SMEs English.
  7. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG). (2018)საქართველოს კანონპროექტი სოციალური მეწარმეობის შესახებ Georgian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-12-06. ციტირების თარიღი: 2022-12-06.
  8. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG). (2022)კონცეფციის არსი.
  9. გიგა ჩიტიშვილი (2019). „შესავალი“, სოციალური მეწარმეობის განვითარების ტენდენციები საქართველოში და მისი გავლენა ინოვაციური ბიზნესის გადაწყვეტილებებზე (Georgian), გვ. 1-97. 
  10. კონცეფციის არსი Georgian. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) (2022).
  11. ეკა დათუაშვილი (2020). სოციალური მეწარმეობა საქართველოში (Georgian). სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, გვ. 1-19.