სოფი შოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფი შოლი
დაბადების თარიღი 9 მაისი, 1921
ფორხტემბერგი, ვაიმარის რესპუბლიკა
გარდაცვალების თარიღი 22 თებერვალი, 1943 (21 წლის)
ეროვნება გერმანელი
განათლება მიუნხენის უნივერსიტეტი
საქმიანობა წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი, სტუდენტი

სოფი შოლი, გერმ. Sophia Magdalena Scholl (დ. 9 მაისი, 1921, ფორხტემბერგი, ვაიმარის რესპუბლიკა — გ. 22 თებერვალი, 1943, მიუნხენი, მესამე რაიხი) — გერმანელი სტუდენტი, არაძალადობრივი ანტინაცისტური ორგანიზაციის თეთრი ვარდის წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფი შოლი დაიბადა სამხრეთ გერმანიის ბადენ-ვიურტემბერგის რეგიონის ქალაქ ფორხტენბერგში, სადაც მის მამას რობერტ შოლს მერის თანამდებობა ეკავა. ექვს და-ძმას შორის სოფი მეოთხე ბავშვი იყო. 1932 წელს ოჯახი გადავიდა ლუდვიგსბურგში, ორი წლის შემდეგ კი — ულმში, სადაც რობერტმა საბუღალტრო და საგადასახადო კომპანია შექმნა.[1]

წიგნის მოყვარული სოფი განსაკუთრებით თეოლოგიით და ფილოსოფიით იყო გატაცებული. მამის, მისი მეგობრების და ზოგი მასწავლებლის მსოფლმხედველობა ძირეულად განსხვავდებოდა გერმანიაში 1933 წელს დამყარებული ნაცისტური იდეოლოგიისგან. მათი გავლენით გოგონა კრიტიკულად განიმსჭვალა ხელისუფლების მიმართ. რამდენიმე წლის შემდეგ გესტაპომ დააკავა მისი და ორ ძმასთან ერთად აკრძალულ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში საქმიანობის გამო.[2]

სოფიმ 1940 წელს დაამთავრა სკოლა და საბავშვო ბაღის აღმზრდელად დაიწყო ულმში მუშაობა. ომის მოთხოვნილებების გამო მალე ის ექთნის კურსებზე გაიგზავნა. შრომის ეროვნულ სამსახურში გამალებულმა ინდოქტრინაციამ და დესპოტურმა დისციპლინამ დამატებითი შინაგანი პროტესტი წარმოშვა სოფის გონებაში. 1942 წლის მაისში მან მიუნხენის უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც მისი 25 წლის ძმა ჰანსი სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა.[3]

„თეთრი ვარდი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფის ორი ძმა მეორე მსოფლიო ომის ფრონტზე იბრძოდა, დედა ავადმყოფობდა, მამა კი გასამართლების მოლოდინში საპატიმროში იმყოფებოდა იმის გამო, რომ თანამშრომელთან საუბრისას ჰიტლერს „ღვთის წყევლა“ უწოდა. კონსპირაციულ ჯგუფში თავიდან ჰანს შოლი და მისი ოთხი მეგობარი იყვნენ, რომელთაც სოფი ენთუზიაზმით შეუერთდა. იატაკქვეშა სტუდენტური ორგანიზაცია „თეთრი ვარდი“ სხვადასხვა მისამართებზე ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი პროკლამაციების და გრაფიტის მეშვეობით მოუწოდებდა ხალხს გამოღვიძებისკენ.

ივლისში ჰანსი აღმოსავლეთის ფრონტზე გაიწვიეს მედიკოსად. საკუთარი თვალით ნანახმა ომის რეალობამ ის შეაძრწუნა. ნოემბერში გერმანიაში ჰანსის დაბრუნების შემდეგ სააგიტაციო ფურცლების დარიგება განახლდა.

მოწოდებებში აღნიშნული იყო, რომ ომს თან სდევდა საზოგადოების ეკონომიური და სულიერი დამონება, მორალური და რელიგიური ფასეულობების განადგურება, ამიტომ აუცილებელი იყო ომის შეჩერება, საბოტაჟი სამხედრო საწარმოებში, ოფიციალურ ცერემონიალებზე თუ საზოგადოებრივ ადგილებში. უკანასკნელ პროკლამაციაში ეწერა:

ვიკიციტატა
„გერმანელი ერის თავისუფლების და ღირსების სახელით ევროპაში გაჩაღებულმა ამ სისხლიანმა ომმა ყველაზე გონებადაბინდულ გერმანელსაც კი გაუხსნა თვალები. გერმანელის სახელის სამუდამოდ შებღალული დარჩება, თუ გერმანელი ახალგაზრდობა არ მოსპობს მოძალადეებს და არ დააფუძნებს ახალ ინტელექტუალურ ევროპას. სტუდენტებო, შემოგვხედეთ! პასუხისმგებლობა ჩვენს ხელშია. სულის სიმტკიცე ისევე მოაშთობს ნაციონალ-სოციალისტთა ტერორს, როგორც მან დაამსხვრია ნაპოლეონის ტერორი 1813 წელს.“

როდესაც მესამე რაიხმა აღიარა სამხედრო კატასტროფა სტალინგრადთან, მიუნხენში კედლებზე გაჩნდა წარწერები „ძირს ჰიტლერი“, „თავისუფლება“, „ჰიტლერი — მკვლელი“.[4]

დაპატიმრება და სიკვდილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბავარია ნაციონალ-სოციალისტური იდეოლოგიის აკვნად მიიჩნეოდა, საომარი მდგომარეობის პირობებში ხელისუფლების პოზიციების გაზიარებაზე უარის თქმა კი უკვე დანაშაულად განიხილებოდა. 1943 წლის 18 თებერვალს სტუდენტები უნივერსიტეტში ღიად შეუდგნენ სააგიტაციო მასალის დარიგებას. ადმინისტრაციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა შენიშნა, რომ სოფიმ უნივერსიტეტის აივნიდან პროკლამაციები ხალხის მასაში ისროლა, და გესტაპოს ჯგუფი გამოიძახა. 17 საათიან დაკითხვას თან ახლდა წამება და სადისტური მოპყრობა, რომლის შედეგად 22 თებერვალს სასამართლო სხდომაზე სოფი მოტეხილი ფეხით წარსდგა. ამის მიუხედავად, მას ამაყად ეჭირა თავი, უარი თქვა მონანიებაზე და იმედი გამოთქვა, რომ მათი მაგალითი ათასობით ადამიანს გამოაღვიძებდა და მოქმედებისკენ უბიძგებდა. სისასტიკით ცნობილმა მოსამართლემ როლანდ ფრაისლერმა და-ძმა და მათი მეგობარი დამნაშავედ სცნო ღალატში და მათ სიკვდილი მიუსაჯა.[5] ყველას გილიოტინაზე მოჰკვეთეს თავი.

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომის დასრულების შემდეგ, განსაკუთრებით 1970-იანი წლებიდან, დესპოტიის წინააღმდეგ მებრძოლი შეუპოვარი გოგონა ლეგენდად გადაიქცა. მან გამოჩენილ გერმანელ პოლიტიკურ, საზოგადო თუ კულტურულ მოღვაწეთა შორის დაიმკვიდრა სახელი. სოფი და ჰანს შოლის სახელი დაერქვა მიუნხენის უნივერსიტეტს, სადაც ისინი სწავლობდნენ. მათ სახელებს ატარებენ, აგრეთვე, სკოლები, სკვერები და ქუჩები სხვადასხვა ქალაქებში. თეატრში, ლიტერატურაში, კინოში, მუსიკაში შეიქმნა ნაწარმოებები მათი სახელების უკვდავსაყოფად.

ფილმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Sophie Scholl: The Final Days (2005)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • McDonough, Frank: Sophie Scholl: The Real Story of the Woman who Defied Hitler. The History Press, 2009.
  • Hanser R. A Noble Treason: The Revolt of the Munich Students against Hitler. Ignatius Press, 2012

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sophia Scholl thewhiteroselegends.weebly.com
  2. Nazis slaughtered my brother and sister with a guillotine: German woman, 93, tells how her siblings defied Hitler and were put to death for treason in 1943 dailymail.co.uk, 18 January 2014
  3. sophie-scholl-and-white-rose nationalww2museum.org
  4. Beheaded by the Nazis at age 21, Sophie Scholl died fighting against white supremacy დაარქივებული 2018-05-05 საიტზე Wayback Machine. timeline.comreuters.com
  5. William L.Shirer, The rise and fall of the Third Reich, Fawcett Crest, New York, 1992, გვ. 1328.