სოფიის ცენტრალური მინერალური აბანო

ცენტრალური მინერალური აბანო (ბულგ. Централна минерална баня) — ღირსშესანიშნავი ადგილი ბულგარეთის დედაქალაქის, სოფიის, ქალაქში, რომელიც ცნობილია მინერალური წყლებით. ის აშენდა XX საუკუნის დასაწყისში ყოფილი თურქული აბანოს (ეს აბანო მოგვიანებით დაანგრიეს) ადგილას და 1986 წლამდე გამოიყენებოდა ქალაქის საზოგადოებრივ აბანოდ.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საჯარო აბანოები ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში სულ მცირე, XVI საუკუნიდან არსებობდა. ამის შესახებ ცნობებს სხვადასხვა წყარო ადასტურებს. ბოჰემიელი მოგზაურის, ჰანს დერნშვამის სოფიაში ვიზიტის დროს, 1553-1555 წლებში, დერნშვამმა აღნიშნა ერთი დიდი აბანოსა და ქალაქის ორივე მხარეს ორი პატარა აბანოს არსებობა. მან აბანოები შემდეგნაირად აღწერა:
„აბანოები მდებარეობს მოედანზე; წინ, შესასვლელთან, დგას დიდი ოთკუთხედი შენობა, გადახურული რომაული პანთეონის მსგავსი მრგვალი, ბერძნული სტილის გუმბათით. ის მთლიანად მოპირკეთებულია თეთრი მარმარილოთი... დიდი წყლის მილები, რომლებიც წყალს აბანოებში ატარებენ, მეთუნეების მიერ თიხისგანაა დამზადებული. თითოეული მილი დაახლოებით ერთი ვენური იდაყვის სიგრძისაა და ცალკეული მილები ერთმანეთში გადის. ისინი შელესილია, როგორც მე მინახავს ზიბენბიურგენშიც (ტრანსილვანია), და ძველ შენობებში თორენბურგში (ტურდა).[1]“
|
ამჟამინდელი ცენტრალური მინერალური აბანოს შენობა დაპროექტდა ვენის სეცესიის სტილში, მაგრამ მცირედი გადამუშავებით: მასში ასევე შერწყმული იყო ტიპური ბულგარული ბიზანტიური და აღმოსავლეთ ქრისტიანული, მართლმადიდებლური ორნამენტული ელემენტები და ამ ყველაფრის გასაოცარი ინტეგრაციით არქიტექტორებმა, პეტკო მომჩილოვმა და ფრიდრიხ გრიუნანგერმა 1904-1905 წლებში შექმნეს პროექტი, რომელიც სოფიაში დამტკიცდა 1906 წლის 30 იანვარს, რადგან ავსტრიელი (1889 წ.) და ფრანგი არქიტექტორების (1901 წ.) პროექტები ქალაქის მესვეურებმა არ მიიღეს. მშენებლობის ძირითადი ნაწილი დასრულდა 1908 წელს და ბულგარულმა კომპანიამ ააშენა კომპლექსური სახურავი და მინერალური წყლის მილსადენი. აბანოები გაიხსნა 1913 წლის 13 მაისს, მაგრამ შენობის მოპირკეთება დასრულდა ორი წლის შემდეგ და აბანოების წინ მოეწყო ბაღი. მხატვრებმა, ჰარალამპი ტაჩევმა და სტ. დიმიტროვმა შეიმუშავეს შენობის კერამიკული მაიოლიკის დეკორაცია.[2]
სოფიის ცენტრალური მინერალური აბანოს შენობის ჩრდილოეთი ფრთა დაზიანდა მეორე მსოფლიო ომის დროს, სოფიის დაბომბვისას, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ მისი აღდგენა მოხერხდა.
დახურვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აბანოები აგრძელებდა ფუნქციონირებას, როგორც საჯარო დაწესებულება (საზოგადოებრივი აბანო), 1986 წლამდე, როდესაც შენობა დაიხურა მისი ცუდი მდგომარეობისა და სახურავის შესაძლო ჩამოშლის გამო. შემდგომში ის ნაწილობრივ აღადგინეს და საფუძვლიანად გაწმინდეს, და 2015 წლის სექტემბრიდან მასში განთავსებულია სოფიის ისტორიული მუზეუმი.[3][4]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Грозданова, Елена (1986). „8. София, Златица, Берковица“, Българите през XVI век. По документи от наши и чужди архиви (bg). София: Издателство на Отечествения фронт.
- ↑ История на сградата bg. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ოქტომბერი 2016. ციტირების თარიღი: 28 July 2016
- ↑ The Sofia history museum the splendor of the past.
- ↑ Main Building. Sofia History Museum. ციტირების თარიღი: 15 September 2023.