შინაარსზე გადასვლა

სოფია ჰოლშტაინ-გოტორპელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფია ჰოლშტაინ-გოტორპელი
სრული სახელი
სოფია შლეზვიგ-ჰოლშტაინ-გოტორპელი
წოდებები
მეკლენბურგის ჰერცოგინია
დაიბადა 1 ივნისი, 1569
შლეზვიგი, დანია
გარდაიცვალა 14 ნოემბერი, 1634, (65 წლის)
შვერინი, მეკლენბურგი
საგვარეულო ოლდენბურგები
მეუღლე(ები) იოჰან VII, მეკლენბურგის ჰერცოგი
შვილ(ებ)ი ადოლფ ფრიდრიხ I, მეკლენბურგ-შვერინის ჰერცოგი
იოჰან ალბრეხტ II, მეკლენბურგ-გიუსტროვის ჰერცოგი
ანა სოფია
მამა ადოლფი, ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი
დედა კრისტინა ჰესენელი
რელიგია ლუთერანიზმი

სოფია ჰოლშტაინ-გოტორპელი (დან. Sophie af Holsten-Gottorp, გერმ. Sophia von Holstein-Gottrof; დ. 1 ივნისი, 1569 — გ. 14 ნოემბერი, 1634) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგეენელი. ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგ ადოლფისა და მისი ცოლის, კრისტინა ჰესენელის ასული. მეკლენბურგის ჰერცოგინია 1588-92 წლებში. თავისი ვაჟის, მეკლენბურგ-შვერინის ჰერცოგ ადოლფ ფრიდრიხ I-ის რეგენტი 1603-08 წლებში.

სოფია დაიბადა 1569 წლის 1 ივნისს შლეზვიგში. იგი იყო ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგ ადოლფისა და მისი მეუღლის, კრისტინა ჰესენელის უფროსი ქალიშვილი. იგი 1588 წლის 17 თებერვალს ცოლად მეკლენბურგის ჰერცოგ იოჰან VII-ს შერთეს. იოჰანი მეტად სუსტი მონარქი იყო, რომელსაც არ შეეძლო თავისი პატარა, გაკოტრებული და კორუფციული სახელმწიფოს მართვა. ამის გამო, დარჩენილი ცხოვრება სოფია სიღარიბის პირას ცხოვრობდა.

1592 წელს, იოჰანი ნადირობისას დაიჭრა. ამავე წელს, იგი ამ დაჩირქებული ჭრილობისგან გარდაიცვალა. ამ დროს ტახტზე მათი მცირეწლოვანი ვაჟი — ადოლფ ფრიდრიხ I ავიდა, რომლის რეგენტობაც იოჰანის ძმამ, ულრიხ მეკლენბურგელმა მოიპოვა და სოფია ლიუბცში გადაასახლა. მის მმართველობას ხალხში უკმაყოფილების მეტი არაფერი მოჰქონდა.

ამავდროულად, გადასახლებული სოფია ვიტუმის, რენასა და ვიტენბურგის დე-ფაქტო მმართველი გახდა. 1603 წელს, ულრიხის გარდაცვალების შემდეგ, დიდებულებმა რეგენტად სოფია აირჩიეს. აღსანიშნავია, რომ მეტად ენერგიული სოფიას მმართველობის პერიოდში, მეკლენბურგის ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.

1608 წელს, მისი მეორე მაზლის, კარლ მეკლენბურგელის ინტრიგების წყალობით, საღვთო რომის იმპერატორმა სოფიას რეგენტობის სტატუსი მოუხსნა და ვაჟებს დააშორა. ამის შემდეგ, მეკლენბურგის ეკონომიკამ კვლავ ვარდნა დაიწყო. სოფია ლუბსში დასახლდა და შეძლო 1628 წელს თავისი ვაჟების შერიგება, რასაც მეკლენბურგში მშვიდობის აღდგენა მოჰყვა.

სოფია გარდაიცვალა 1634 წლის 14 ნოემბერს, 65 წლის ასაკში. მისი გარდაცვალებისთანავე, მეკლენბურგის ისედაც პატარა საჰერცოგო სამად დაიშალა — მეკლენბურგ-შვერინი, მეკლენბურგ-გიუსტროვი და მეკლენბურგ-შტრელიცი.

  • Karl Ernst Hermann Krause: Sophia, Regentin von Mecklenburg-Schwerin. In: Allgemeine Deutsche Biographie (ADB). Band 34, Duncker & Humblot, Leipzig 1892, S. 674–676.
  • Georg Dehio: Handbuch der Deutschen Kunstdenkmäler. Bd. Mecklenburg-Vorpommern. Deutscher Kunstverlag, München/Berlin 2000. S. 327.