სოფია პეროვსკაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფია პეროვსკაია
დაბადების თარიღი 1853
პეტერბურგი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1881
პეტერბურგი, რუსეთის იმპერია
ეროვნება რუსი
საქმიანობა რევოლუციური მოძრაობის მონაწილე

სოფია პეროვსკაია (რუს. Софья Львoвна Перoвская; დ. 1 (13) სექტემბერი, 1853, პეტერბურგი, რუსეთის იმპერია — გ. 3 (15) აპრილი, 1881, პეტერბურგი) — რუსი რევოლუციონერი, იატაკქვეშა ორგანიზაციის „ნაროდნაია ვოლიას“ აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, იმპერატორ ალექსანდრე მეორის მკვლელობის ორგანიზატორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფია პეროვსკაია დაიბადა 1853 წლის 13 სექტემბერს არისტოკრატიულ ოჯახში. მისი ბაბუა ყირიმის გუბერნატორად მსახურობდა ალექსანდრე I დროს, მამა ლევ პეროვსკი კი პეტერბურგის გენერალ-გუბერნატორი იყო.

1869 წ. სოფიამ ჩააბარა პეტერბურგის ქალთა კოლეჯში, სადაც ახალი მეგობრების წყალობით ეზიარა რევოლუციურ იდეებს. საიდუმლო ორგანიზაციაში შევიდნენ ადრინდელ რეპრესიებს გადარჩენილი და, აგრეთვე, ახალი თაობის რევოლუციონერები, რომლებიც გაერთიანდნენ ცარისტული რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად. მათ შეიმუშავეს სოფლად ენთუზიასტების ჩასახლების შექმნის გეგმა ადგილობრივი მოსახლეობის ასამხედრებლად სახალხო რევოლუციის მოწყობის მიზნით. აგიტაციის გარდა, პროგრამა ასევე ითვალისწინებდა ხელისუფლების გამორჩეულად ოდიოზური წარმომადგენლების ფიზიკურ განადგურებას. თითქმის ოთხი წლის მანძილზე სოფია პეტერბურგის პეტრე-პავლეს ციხეში იყო დატუსაღებული, მოგვიანებით კი გადასახლებას მან მხოლოდ გზაში ბადრაგისგან გაქცევით დააღწია თავი.

მეამბოხე სულის განმტკიცება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მან გააგრძელა აგიტაცია სტუდენტებს და მუშებს შორის, გმობდა არსებულ უსამართლობას და ამტკიცებდა ექსპლუატატორული სისტემის შეცვლის აუცილებლობას. თამამმა და ენერგიულმა პეროვსკაიამ პირადად მიიღო მონაწილეობა ციხიდან ერთ-ერთი თავისი თანამებრძოლის გათავისუფლების მცდელობაში.[1]

1879 წ. ყრილობაზე უთანხმოების გამო ხალხოსნების ჯგუფი ორად დაიყო: ერთი ნაწილი გიორგი პლეხანოვის მეთაურობით რეჟიმის ძალმომრეობისგან თავის დასაცავად და თავისუფლების მოსაპოვებლად უპირატესობას ხალხის მასებში სიტყვის გავრცელებას ანიჭებდა, მეორე ნაწილი კი იგივე მიზნის მისაღწევად ტერორის გამოყენების მომხრე იყო. ამ უკანასკნელის კონცეფცია სოფია პეროვსკაიამ გაიზიარა, ახალ დაჯგუფებას კი „ნაროდნაია ვოლია“ ეწოდა.[2]

ნადირობა იმპერატორზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმის მიუხედავად, რომ ალექსანდრე II ბატონყმობის გაუქმების ავტორი იყო, ხალხოსნები მას ფართო რეფორმების მთავარ დაბრკოლებად მიიჩნევდნენ, რის გამოც ის თავიანთ სამიზნედ შეარჩიეს. იმპერატორის მკვლელობა გადაწყდა სოფიას უშუალო მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე. პირველად თავდამსხმელებმა მონარქის მატარებლის აფეთქება სცადეს, თუმცა შეცდომით მათ სხვა მატარებელი გაანადგურეს.

1879 წლის ნოემბერში „ნაროდოვოლცების“ წევრმა დურგალმა სტეფან ხალტურინმა შესძლო ზამთრის სასახლეში სამსახურში მოწყობა ყალბი დოკუმენტით იმის მიუხედავად, რომ ის პოლიციისგან იძებნებოდა. სამი თვის შემდეგ მან იმპერატორის სასადილო ოთახის ქვეშ ბომბი ააფეთქა, რომელმაც ალექსანდრეს ნაცვლად 76 კაცი იმსხვერპლა და დაასახიჩრა.

ახლად ჩამოყალიბებულმა უშიშროების სამსახურმა (ოხრანკა) მესამე შეთქმულების განხორციელებამდე ერთი დღით ადრე ორგანიზაციის ერთ-ერთი მეთაური ანდრეი ჟელიაბოვი შეიპყრო, თუმცა მან არ გასცა თანამზრახველები. ამ დანაკარგის მიუხედავად, 1881 წლის 1 მარტს განზრახვა სისრულეში იქნა მოყვანილი: კორტეჟზე თავდასხმისას სოფია პეროვსკაიამ თეთრი ხელსახოცით ნიშანი მისცა შეთქმულებს,[3] იგნატი გრინევიცკის მიერ ნასროლმა ბომბმა კი ალექსანდრე ადგილზე მოკლა.

დაპატიმრება და გასამართლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციხიდან ჟელიაბოვის გამოხსნის მოტივით სოფიამ უარი თქვა ქალაქიდან გასვლაზე, პოლიციამ კი მისი დაკავება სხვა მებრძოლების გამოტეხვის შედეგად შესძლო.[4]

სასამართლოზე გამოძიებამ წარმოადგინა მკვლელობის დეტალები, რომელშიც გამოკვეთილი იყო სოფია პეროვსკაია საკვანძო როლი - სწორედ მისმა შემუშავებულმა ოპერაციის გეგმამ განუსაზღვრა შეთქმულების თითოეულ მონაწილეს ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობის არეალი.[5]

სამ მეგობართან ერთად სოფი სახალხოდ ჩამოახრჩვეს მოედანზე, რომელსაც 12 ათასი სამხედრო მოსამსახურე იცავდა. სიკვდილით დასჯას ხელისუფლების და ელიტის არაერთი წარმომადგენელი დაესწრო.

სოფია გაუტეხელი დარჩა, რასაც დედის მიმართ გაგზავნილი წერილის ფრაგმენტი ადასტურებს: „ვიცხოვრე ჩემი შინაგანი რწმენით, განაჩენს სუფთა სინდისით ვხვდები.“

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელისუფლების მიმართ ანტაგონისტურად განწყობილ საზოგადოების ფენებში სოფია პეროვსკაიას და მისი მეგობრების ქმედება გმირობად აღიქვეს. მკვლელობის საპასუხოდ ამოქმედებულმა რეპრესიულმა მანქანამ კიდევ უფრო ბევრი ადამიანი განაწყო რომანოვების დინასტიის წინააღმდეგ. მაღალი რანგის ჩინოსნების დახოცვის პრაქტიკა განსაკუთრებით 1905-07 წწ. რევოლუციის დროს გახშირდა. 80-იან წლებში მონარქიასთან მებრძოლი ახალი შეურიგებელი დაჯგუფები გამოჩნდნენ, რომლებმაც თანდათან პოლიტიკურ პარტიებად იწყეს ფორმირება.

სოფია რუსეთის ისტორიაში პოლიტიკური მიზეზის გამო სიკვდილით დასჯილი პირველი ქალი გახდა. ნიშანდობლივია, რომ სოციალური სამართლიანობისთვის შეუპოვრად იღვწოდა თავად არისტოკრატის წარმომადგენელი. იდეოლოგიური თვალსაზრისით ლევ ტოლსტოიმ სოფია პეროვსკაია ჟანა დარკს შეადარა.

1917 წელს ძალაუფლება მოიპოვეს ბოლშევიკებმა, რომლებმაც ნაროდნიკების იდეალიზაცია მოახდინეს. გაჩნდა ლექსები, ფილმები, მოთხრობები მათ უკვდავსაყოფად. ბევრ ქალაქში დაიდგა ძეგლები, ქუჩებს და მოედნებს ეწოდა სოფია პეროვსკაიას სახელი. გამონაკლისი არც თბილისი იყო, სადაც მისი სახელი ერქვა ამჟამინდელ ელენე ახვლედიანის ქუჩას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Долгий В. Г. Порог: Повесть о Софье Перовской. — М.: Политиздат, 1974.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]