სორღაქტან ბექი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სორღაქტან ბექი
Sorkhagtani bekhi.jpg
მონღოლთა ბექი
მმართ. დასაწყისი: 1204
მმართ. დასასრული: 1252
წინამორბედი: ბორტე
მემკვიდრე: ჩაბი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1190
დაბ. ადგილი: მონღოლეთი
გარდ. თარიღი: 1252 (დაახლ. 62 წლის)
გარდ. ადგილი: მონღოლეთი
დაკრძ. ადგილი: განსუ, ჩინეთი
მეუღლე: ტოლუი
შვილები: მუნქე, მონღოლთა ყაენი
ყუბილაი, მონღოლთა ყაენი
ჰულაგუ, ჰულაგუიანთა ილხანი
არიქი, მონღოლთა ყაენი
დინასტია: კერაიტები
მამა: ჯაქა გამბჰუ
დედა: ვესაი
რელიგია: ქრისტიანობა

სორღაქტან ბექი (მონღ. Сорхагтани Бэхи; დ. 1190 — გ. 1252) — კერაიტების ტომის პრინცესა და მონღოლთა ყაენ ჩინგიზ-ხანის რძალი. ჩინგიზის უმცროსი ვაჟის, ყაენ ტოლუის მეუღლე და მისი კონსორტი 1204-1252 წლებში. მონღოლთა იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე ქალი. იგი აქტიურად ერეოდა პოლიტიკაში და თავისი გავლენების წყალობით შეძლო თავად აერჩია რელიგია, რის გამოც ქრისტიანად მოინათლა. იგი იყო მონღოლეთის სამი ყაენის: მუნქეს, არიქისა და ყუბილაის, აგრეთვე ჰულაგუიანთა სახელმწიფოს დამაარსებელ ჰულაგუს დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სორღაქტანი დაიბადა 1190 წელს მონღოლეთში. იგი იყო კერაიტების ტომის ყაენ თოღრულის უმცროსი ძმის, ჯაქა გამბჰუსა და მისი ერთ-ერთი ცოლის, ვესაის ქალიშვილი. „მონღოლების საიდუმლო ისტორიის“ თანახმად, 1203 წლისთვის, როდესაც თოღრული უფრო ძლიერი მმართველი იყო ვიდრე ჩინგიზ-ყაენი, იგეგმებოდა ჩინგიზის რომელიმე ვაჟის დაქორწინება თოღრულის რომელიმე ძმისწულზე, რადგან თავად უშვილო კაცი იყო. მოგვიანებით თოღრულმა მოლაპარაკებები ჩაშალა და ჩინგიზის მოკვლა სცადა, თუმცა მისი გეგმა გამჟღავნდა, რის გამოც მათ გაქცევა მოუწიათ. საბოლოოდ კერაიტებს მონღოლები დაეწივნენ და თოღრული ბრძოლაში მოკლეს.

ძმისგან განსხვავებით ჯაქა გამბჰუ ყოველთვის ჩინგიზის მომხრე იყო, რის გამოც, მარცხის შემდეგ მან ჩინგიზს მისი უფროსი ვაჟის, ჯოჩის დაქორწინება შესთავაზა თავის რომელიმე ქალიშვილზე. ჩინგიზმა თავისი უფროსი ვაჟის მათთან დამოყვრება არ იკადრა და გადაწყვიტა კერაიტების პრინცესაზე უმცროსი ვაჟი დაექორწინებინა. სწორედ ამის შემდეგ, 1204 წელს ჩინგიზმა თავის უმცროსი ვაჟი, ტოლუი დააქორწინდა სორღაქტანზე, რომელიც ამ დროს დაახლოებით 13-14 წლის იყო. მათ ქორწინებას კერაიტების აჯანყება მოჰყვა, რომლებმაც იმავე საღამოს მოკლეს სორღაქტანის მამა.

იმდროინდელი მონღოლი ქალების მსგავსად, სორღაქტანსაც დიდი ავტორიტეტი ჰქონდა სამეფო კარზე. აღსანიშნავია, რომ ბევრი უფრო განვითარებული კულტურისგან განსხვავებით მონღოლეთში ქალებს ბევრი უფლება ჰქონდათ. ეს იმითაც იყო გამოწვეული, რომ მამაკაცები ძირითადად შორეულ ლაშქრობაში იმყოფებოდნენ და ოჯახის მართვის პასუხისმგებლობა ქალზე გადადიოდა. მიუხედავად იმისა, რომ თავად გაუნათლებელი იყო, იგი აღიარებდა, რომ იმპერიის მართვისათვის კარგი განათლება აუცილებელი იყო. სწორედ ამიტომ, იგი თავის ვაჟებს ბავშვობიდანვე ასწავლიდა არა მხოლოდ მონღოლურ წერა-კითხვას, არამედ რამდენიმე უცხო ენას, არითმეტიკასა და დიპლომატიურ ხრიკებს. ვაჟების გაჩენის შემდეგ სორღაქტანის ძალაუფლება კიდევ უფრო გაიზარდა, რის გამოც მან შეისწავლა უცხო რელიგიები და საბოლოოდ კათოლიკე მისიონერების გავლენით იგი ქრისტიანად მოინათლა, თუმცა სხვა რელიგიებს ყოველთვის პატივს სცემდა. ამის გამო, მისი ოთხივე ვაჟი რელიგიურ საკითხში ტოლერანტული შეხედულებით გამოირჩეოდა. შემდგომში, ამას მოჰყვა მონღოლთა იმპერიაში რელიგიური თავისუფლების გამოცხადება. სორღაქტანმა დააფინანსა ბუხარაში მადრასის მშენებლობა. აღსანიშნავია, რომ იგი ყოველთვის ერთნაირად სწყალობდა ქრისტიანებსა და მუსულმანებს.

სორღაქტანის მეუღლე, რომელიც ირანსა და ჩრდილოეთ ჩინეთში ლაშქრობებისას დასნეულდა 1232 წელს, 41 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისმა მაზლმა, ყაენმა უგედეიმ სორღაქტანს ტოლუის უზარმაზარი მამულების მართვის უფლება მიანიჭა. როგორც ცნობილია, ყაენმა თავის რძალს მართვა-გამგეობის საკითხებში კონსულტაციაც გაუწია. ტოლუის მამულები იმპერიის მეოთხედს მოიცავდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მონღოლეთის მეოთხედს სორღაქტანი მართავდა, რაც ყაენის მხრიდან მისდამი დიდ ნდობაზე მეტყველებს.

რამდენადაც ცნობილია, მოგვიანებით უგედეიმ სორღაქტანს ცოლობაც კი სთხოვა, თუმცა მისგან უარი მიიღო. ამის შემდეგ ყაენმა მას თავის ვაჟზე, გეიაკზე დაქორწინება შესთავაზა (ხშირად მონღოლთა ქვრივები ქმრის ნათესავებზე ქორწინდებოდნენ, ამიტომაც ეს შეთავაზება შეურაცხმყოფელი არ ყოფილა), თუმცა ამაზეც მტკიცე უარი მიიღო, რადგან განაცხადა, რომ მის ვაჟებს ყურადღება სჭირდებოდა.

1236 წელს სორღაქტანმა ყაენს ჰებეის პროვინციის გადაცემა მოსთხოვა, რაც ხანმა მცირე დაყოვნების შემდეგ შეასრულა. მოთხოვნისას მან განაცხადა, რომ ეს პროვინცია მისმა ქმარმა დაიპყრო, რის გამოც მისი მემკვიდრეობა იყო. აღსანიშნავია, რომ ამ განცხადებამ სორღაქტანსა და უგედეის შორის უთანხმოება ჩამოაგდო, რის გამოც ყაენმა მას ტერიტორიებისა და ჯარის ნაწილი ჩამოართვა.

1241 წელს უგედეის გარდაცვალების შემდეგ ტახტი მისმა მცირეწლოვანმა ვაჟმა დაიკავა, რის გამოც 1246 წლამდე ქვეყანას მისი ქვრივი, თურეგენე ხათუნი მართავდა, როგორც რეგენტი. მან მოახერხა ყურულტაიში თავისი ვაჟი გაემარჯვებინა და ყაენად დაესვა. დედის რეგენტობის დასრულების შემდეგ ხანი შორეულ ლაშქრობაში წავიდა, სადაც 1248 წელს ბრძოლაში მოკლეს.

ამით ისარგებლა ამბიციურმა სორღაქტანმა და თავისი უფროსი ვაჟი, მუნქე ტახტის პრეტენდენტად გამოაცხადა. ვინაიდან ტახტს სხვა კანდიდატებიც ჰყავდა, საჭირო გახდა ყურულტაის ჩატარება, სადაც 1251 წელს მუნქემ გაიმარჯვა და ოფიციალურად გახდა მონღოლეთის დიდი ყაენი. იგედეისა და გეიაკის ოჯახები ცდილობდნენ მის დამხობას, თუმცა მუნქემ ისინი დაატყვევა და უსასტიკესი მეთოდებით ამოხოცა.

ამ ამბიდან მალევე, 1252 წლის თებერვალში, ან მარტში გარდაიცვალა სორღაქტანი, დაახლოებით 62 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს განსუს პროვინციაში, დღევანდელი ჩინეთის ტერიტორიაზე, ქრისტიანულ ეკლესიაში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტრეტი სახელი დაიბადა გარდაიცვალა ზოგადი ცნობები
Mongke.jpg მუნქე 11 იანვარი, 1209,

მონღოლეთი

11 აგვისტო, 1259,

ჩინეთი

(50 წლის)

მონღოლთა მეოთხე დიდი ყაენი 1251-1259 წლებში. გარდაიცვალა დაუქორწინებელი

და უშვილო. მის დროს მოეწყო ლაშქრობები ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილო

ინდოეთში, ვიეტნამში, ტიბეტსა და სამხრეთ ჩინეთში.

YuanEmperorAlbumKhubilaiPortrait.jpg ყუბილაი 23 სექტემბერი, 1215,

მონღოლეთი

18 თებერვალი, 1294,

ჩინეთი

(78 წლის)

მონღოლთა მეექვსე დიდი ყაენი 1260-1294 წლებში და იუანის დინასტიის პირველი

იმპერატორი 1271-1294 წლებში. იქორწინა რვაჯერ, მისი ცოლებიდან აღსანიშნავია

დედოფალი ჩაბი და დედოფალი ნამბუი. მის დროს დალაშქრეს იაპონია, ვიეტნამი,

სამხრეთ აზია, აღმოსავლეთ ევროპა და მოიერთეს ჩინეთი, ასევე გადაიტანეს

დედაქალაქი. მის დროს განხორციელდა მარკო პოლოს მოგზაურობა აზიაში.

Hulagu Khan.jpg ჰულაგუ 15 ოქტომბერი, 1218,

მონღოლეთი

8 თებერვალი, 1265,

სპარსეთი

(46 წლის)

ჰულაგუიანთა ილხანატის დამაარსებელი და მისი პირველი ილხანი 1256-1265 წლებში.

იქორწინა თოთხმეტჯერ, პირველად დედამისის ძმისწულ დოქუზ ხათუნზე. სულ

ჰყავდა 22 შვილი. მან დაიპყრო ბაღდადი და სირია, მოლაპარაკებებს აწარმოებდა პაპთან

და ფრანგებთან.

Ariq Böke.jpg არიქი 1219 1266

(46-47 წლის)

მონღოლთა მეხუთე დიდი ყაენი 1259-1260 წლებში და ტახტის მოსარჩელე 1260-1264

წლებში. იქორწინა ხუთჯერ და შეეძინა სამი შვილი. მან დაარბია სირია, პალესტინა,

ბაღდადი და სამხრეთ ჩინეთი, თუმცა უშედეგოდ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Davis-Kimball, Jeannine. (2002) Warrior Women, An Archaeologist's Search for History's Hidden Heroines. Warner Books, Inc. pp. 223–226. ISBN 0-446-52546-4
  • Peter Jackson, Mongols and the West (Longman, 2005).
  • Igor de Rachewiltz, Papal Envoys to the Great Khans (Stanford University Press, 1971).
  • Jack Weatherford, Genghis Khan and the Making of the Modern World
  • Jack Weatherford The Secret History of the Mongol Queens: How the Daughters of Genghis Khan Rescued His Empire's Crown 2010
  • Li, Tang (2006). "Sorkaktani Beki: A prominent Nestorian woman at the Mongol Court". In Malek, Roman; Hofrichter, Peter (editors) (eds.). Jingjiao: the Church of the East in China and Central Asia. Steyler Verlagsbuchhandlung GmbH. ISBN 978-3-8050-0534-0.