სონდის ეკლესიის კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სონდის ეკლესიის კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სონდის სამხრეთით, მდინარე მთიულეთის არაგვის მარჯვენა ნაპირზე. სოფლების სონდისა და მენესოს გამყოფ ქედზე. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. კომპლექსში შედის: ეკლესია, ზურგიანი კოშკი, საცხოვრებელი ნაგებობა და გალავანი. ყველა ნაგებობა ნაშენია ნატეხი ქვითა და დუღაბით. ნაგებობათაგან უადრესია ეკლესია: მომდევნო ხანებში მისთვის დასავლეთიდან მიუდგამთ ზურგიანი კოშკი ისე, რომ კოშკის სწორი კედლის ნაწილი ეკლესიის დასავლეთ კედლის სამხრეთ ნახევარზე დაშენებული. უფრო გვიან ეკლესიისათვის სამხრეთიდან ვიწრო სადგომი მიუშენებიათ, რომლის სამხრეთ კედელი კოშკის სამხრეთ კედლის ხაზზე მდებარეობს. ამავე ხანებშია აგებული გალავანი და საცხოვრებელი ნაგებობა.

ეკლესია დარბაზულია, დგას ეზოს ჩრდილოეთ ნაწილში. ძლიერ დაზიენბულია: ჩამოშლილია კამარა და კონქი, მონგრეულია აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლების ზედა ნაწილები, ინტერიერი 0.7 მეტრის სიმაღლეზე ნანგრევებითაა ამოვსებული, ვიწრო, ზემოტკენ შევიწროებული და ორივემხრიდან ბრტყლად გადახურული შესასვლელი ეკლესიის სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია გაჭრილი. აღმოსავლეთით, გეგმით კოლოფა თაღის ფორმის აფსიდის ღერძზე, სწორკუთხა სარკმელია, რომელსაც საფეხუროვანი რაფა აქვს. აფსიდის გვერდებში თითო პატარა ზომის სწორკუთხა ნიშია. ერთი სწორკუთხა სარკმელი დასავლეთ კედლის ღეძზეა, რომლის გარეთა ღიობის სამხრეთის ნახევარი ეკლესიაზე მოგვიანებით მიშენებული ზურგიანი კოშკის სწორი კედლითაა დაფარული. შიგნით ეკლესია ცილინდრული კამარიით იყო გადახურული, რომლის სამხრეთის გვერდის წყობის ნაწილი დასავლეთ კედელს შემორჩა.

ზურგიანი კოშკი ექვს სართულიანია, ზემოთ მკვეთრად შევიწროებული და ზურგით გალავანში ჩართული. დაზიანებულია: მონგრეულია VI სართულის კედლების ზედა ნაწილები. ჩამოშლილია ხის სართულშუა გადახურვები, თითქმის მთელ სიმაღლეზეა გაბზარული სწორი კედელი. I სართული დაახლოებით 1 მეტრ სიმაღლეზე მიწითაა და კედლებიდამ ჩამონაშალი ქვებითაა ამოვსებული. შესასვლელი I სართულზეა, სწორი კდელის სამხრეთ კიდეში. კარი სწორკუთხაა. III, IV და V სართულებს თითო სწორკუთხა სარკმელი აქვს. დანარჩენი კედლები ყრუა. მსგავსი სარკმელია II სართულის სწორ კედელშიც, რომელიც მოგვიანებით ამოუშენებიათ. მინაშენი უაფსიდოა, შესასვლელი სამხრთიდან აქვს. კარო ორივე მხრიდან ბრტყლადაა გადახურული. აღმოსავლეთით ვიწრო, სწორკუთხა სარკმელია. მინაშენი გადახურული იყო მხოხავი კამარით, რომლის ნაშთი კოშკის სწორ კედელზეა შემორჩენილი.

გალავანი წრიული ფორმისაა, შემორჩენილია მთელ პერიმეტრზე. შესასვლელი დასავლეთ სწორკუთხა ნიშია. გალავნის სამხრეთ ნაწილში, ეკლესიიდან ხუთიოდე მეტრზე, ჩართულია მოზრდილი ოთკუთხა საცხოვრებელი ნაგებობა , რომლის სამხრეთ და დასავლეთ კედლები გალავნის ნაწილს წარმოადგენს. შესასვლელი შენობას ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ კიდესთან აქვს. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში თითო პატარა ზომის სწორკუთხა ნიშია. სამხრეთ კედელში - ხუთი სხვადსხვა ზომის სწორკუთხა ნიში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]