სომხეთი საქართველოს სამეფოში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სომხეთი საქართველოს შემადგენლობაში)

სომხეთი საქართველოს სამეფოში — პერიოდი სომხეთის ისტორიაში, რომლის განმავლობაშიც ისტორიული სომხეთი, ან მისი ნაწილი შედიოდა საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში.

ერთიანი საქართველოს მესვეურებს მუდამ ამოძრავებდათ სურვილი განევრცოთ ქვეყნის სიუზერენობა საქართველოს სამხრეთით მდებარე მიწებზე. შუა საუკუნეების კავკასიაში, ეს პირველად განხორციელდა ბაგრატ IV-ის მიერ, ისიც მხოლოდ ნაწილობრივ და დროებით — 1045 წელს ანისის თავკაცებმა, ქალაქი, ბაგრატ IV-ს გადმოსცეს. ბაგრატ IV-მ ანისის გამგებლად არტანუჯის ერისთავი აბუსერ აბუსერისძე დანიშნა.[1]

ანისის საამიროში შემავალი მდ. არაქსის აღმოსავლეთით მდებარე სომხეთის ტერიტორია, საქართველოს საზღვრებში მოაქცია დავით აღმაშენებელმა. მას, დავითის ისტორიკოსის ცნობით, 1124 წლის 20 აგვისტოს ეწვივნენ ანისის დიდებულთა ელჩები და გადასცეს ქალაქი.[2] დავითმა ამ მხარეში გამგებლად მესხი აზნაურები დატოვა, შემდეგ კი დაიპყრო ვანანდისა (კარის მხარე) და არარატის პროვინციებში მდებარე ოლქები, აგრეთვე არწახი და ხუბანდის ტერიტორია კასპიის ზღვამდე.[3]

საქართველო თამარის მეფობის დასასრულს

მიუხედავად ამ წარმატებისა, სომხური მიწებისათვის ბრძოლა გრძელდება დავითის მემკვიდრეების დროსაც. მისი გარდაცვალების შემდგომ, დემეტრე I ყმადნაფიცობის პირობით უთმობს ანისს თურქებს.[4] 1161 წელს ანისზე გაილაშრა და აიღო იგი გიორგი მესამემ. 1162 წელს მანვე გაათავისუფლა დვინი.[5] შემდგომში, ქალაქის მუსლიმმა მმართველებმა მოახერხეს ამ მხარეების დაბრუნება, ოღონდ კი მათ საქართველოს ყმადნაფიცობა იკისრეს. 1173 წელს გიორგი III-ის მცდელობის შედეგად, ანისი, დვინი და მათი მიმდგომი მხარეები საქართველოს სამეფოს შეუერთდა.[5] მისი გარდაცვალების შემდგომ, ქალაქის უწინდელმა მუსლიმმა მმართველებმა, შედადიანებმა, ეს მხარეები კვლავ დაიბრუნეს.

გიორგი III-ის დროს დაწყებული გაფართოება სამხრეთისკენ გვირგვინდება თამარის ეპოქაში. 1196 წელს, ივანე მხარგრძელის წყალობით, გელაქუნთან ერთად საქართველოს ამბერდიც უერთდება. 1199 წელს მხარგრძელებმა ანისი დაიკავეს. 1201 წელს, ივანე ბიჯნისსაც აქცევს საქართველოს საზღვრებში. მხარგრძელებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს სომხეთის საბოლოო შემოერთებაში. სწორედ ამ დამსახურების გამო, ახლადშემოერთებული თემების ძირითადი ნაწილი შევიდა თმოგვის საერისთავოში, რომლის ერისთავობაც მემკვიდრეობით იყო დამკვიდრებული მხარგრძელთა საგვარეულოში.

სომხეთი საქართველოს სამეფოში, თამარ მეფის ეპოქაში, შემდეგნაირად იყო დანაწილებული მხარგრძელთა ცალკეულ შტოთა შორის[6]:

უფროს შტოს (ზაქარიას სახლს) ეკუთვნოდა — შირაკი, აირარატი, სივნიეთი, არცახი, უტიქი, გელაქუნი.

უმცროს შტოს (ივანეს სახლს) — ვასპურაკანის ნაწილი (დვინის მხარე).

გაგელ-მხარგრძელები ფლობდნენ გაგის საერისთავოსა და შამქორის მიმდებარე სომხურ მიწებს.

დანაწევრებული საქართველო მონღოლთა ბატონობის ქვეშ და სომხეთი აღმოსავლეთ საქართველოს შემადგენლობაში

1208 წელს ქართულმა მხედრობამ დალაშქრა სომხეთის დასავლეთი ნაწილი - ხლათის სასულთნო.[7] დაახ. 1210 წლიდან, მას შემდეგ რაც სასულთნოს მმართველი შაჰ-არმენები მხარგრძელებს დაუზავდნენ, სომხეთის ეს ნაწილიც საქართველოს დაექვემდებარა, თუმცაღა მხოლოდ ვასალური დამოკიდებულებით და ადგილობრივი დინასტიის მმართველობა შენარჩუნდა.[8]

საქართველო თემურ ლენგის ლაშქრობებისას და მის მიერ დაკარგული სომხეთი (ნარინჯისფრად)

საქართველოს დასუსტების შემდეგ დასავლეთ სომხეთი უკვე აღარ წარმოადგენს ქართველების გავლენის სფეროს. 1240-იან წლებში ხლათს მონღოლები ეპატრონებიან.[7]

ხვარაზმელთა შემოსევების დროს და საქართველოს მონღოლთა მიერ დაპყრობის შემდეგაც ჩრდილო-აღმოსავლეთი სომხეთი კვლავაც დარჩა საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში, ოღონდ კი ეს უკანასკნელი უკვე თავად სცნობდა მონღოლეთა ყაენის სიუზერენობას. 1245-დან (რუსუდანის გარდაცვალება) 1247 წლამდე, საქართველოში გაუქმებული იყო მეფობა და ქვეყანა 8 დუმნად იყო დაყოფილი. ერთ-ერთი მათგანი მოიცავდა საქართველოს შემადგენლობაში მყოფ სომხეთს, მისი გამგებელი კი შანშე მხარგრძელი იყო.[9] 1247 წელს საქართველოს სამეფო აღდგა. აქედან 1249 წლამდე საქართველოში ორმეფობაა. 1249 წლიდან დასავლეთ საქართველოში მეფობს დავით ნარინი, აღმოსავლეთში კი დავით ულუ. 1329 წელს გიორგი V ბრწყინვალე აერთიანებს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს (სომხეთითურთ). სომხური თემების ძირითადი ნაწილის გამგებლობას კვლავაც აგრძელებდნენ მხარგრძელები, 1360 წლამდე. შემდეგ მათ, ამ ტერიტორიაზე პირველობა ორბელებმა ჩამოართვეს. საქართველოს კვლავაც ემორჩილებოდა ხაჩენი, რომელსაც ამჯერად სამთავროს სტატუსით სარგებლობდა. მის სათავეში ჯალალიანები იდგნენ. XIV საუკუნის ბოლოს, თემურ ლენგის ლაშქრობების შედეგად, საქართველოს სამეფო კარმა დაკარგა კონტროლი აღმოსავლეთ სომხეთის მანამდე ჯერ კიდევ კონტროლირებად მიწებზეც.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ვ. გეჩუა, სტ. „ბაგრატ IV“, ქსე, ტ. 2, გვ. 128-129
  2. რ. მეტრეველი, წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი, თბ, 2011, გვ. 112-113
  3. რ. მეტრეველი, წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი, თბ, 2011, გვ. 114
  4. რ. მეტრეველი, სტ. „დემეტრე I“, ქსე, ტ. 3, გვ. 458
  5. 5.0 5.1 რ. მეტრეველი, სტ. „გიორგი III“, ქსე, ტ. 3, გვ. 159
  6. ნ. შოშიაშვილი, სტ. „მხარგრძელები“, ქსე, ტ. 7, გვ. 270
  7. 7.0 7.1 რ. კიკნაძე, სტ. „ხლათის სასულთნო“, ქსე, ტ. 11, გვ. 487
  8. ლოვარდ ტუხაშვილი - 17-წლიანი ომის უკანასკნელი აკორდები
  9. რ. კიკნაძე, სტ. „დუმანი“, ქსე, ტ. 3, გვ. 651