სომხური სამოციქულო ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სომხეთის ეკლესია)
სომხური მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია
Հայաստանյայց Առաքելական Սուրբ Եկեղեցի

ივანე აივაზოვსკის სურათი ”გრიგოლ ლუსავერინჩ”
დამაარსებელი ბართლომე მოციქული და გრიგოლ განმანათლებელი
დაარსება 313 წელი
ავტოკეფალია 368 წელი
წინამძღვარი მისი უწმიდესობა გარეგინ II
რეზიდენცია ეჩმიაძინის მონასტერი
ტერიტორია სომხეთი, ევროპა, აზია, ახლო აღმოსავლეთი, ამერიკა, ავსტრალია
ენა სომხური
მრევლი 9 მილიონამდე
ოფიციალური საიტი www.armenianchurch.org

სომხური სამოციქულო ეკლესია (სომხ. Հայաստանյայց Առաքելական Սուրբ Եկեղեցի; სრული დასახელება „სომეხთა წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია“) — ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული კონფესია მსოფლიოში, რომელიც არსებითად განსხვავდება კათოლიციზმისა და მართლმადიდებლობისგან. სომხური ეკლესიის სრული სახელწოდებაა „სომეხთა წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია“. სამოციქულო ეკლესია მას ეწოდება იმიტომ, რომ სომხეთში ქრისტიანობა იქადაგეს და იქვე მოწამეობრივად აღესრულნენ მოციქულები ბართლომე და თადეოსი. სომხური და არა სომხეთის მას ეწოდება, რადგან მისი ეპარქიები ყველა კონტინენტზეა განთავსებული და არა მხოლოდ სომხეთში, ხოლო მართლმადიდებელს ის საკუთარ თავს უწოდებს, რადგან ყველა რელიგია სიმართლის მადიდებლად მიიჩნევს თავს. მისი აღმსარებლობა წარმოადგენს სომეხი ხალხის ეროვნულ სარწმუნოებას და არის მათი ეროვნული იდენტობის ნაწილი.

სომხური ეკლესია დაარსდა გრიგოლ განმანათლებლის მოღვაწეობის შედეგად IV საუკუნის დასაწყისში. დოგმატურად ეფუძნება პირველი სამი მსოფლიო საეკლესიო კრების გადაწყვეტილებებს და კირილე ალექსანდრიელის ქრისტოლოგიას. ეკლესია თავს არ მიაკუთვნებს მონოფიზიტობას. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გამოეყო 551-554 წლებში, რაც საბოლოოდ გაფორმდა 726 წელს მანასკერტის კრებაზე. სომხეთის რუსეთის იმპერიაში შესვლის შემდეგ, იმპერიის ხელისუფლებამ 1836 წლის კანონით ეკლესიას უწოდა სომხურ-გრიგორიანული, რადგან სომხეთში ქრისტიანობის გამავრცელებელი გრიგოლ განმანათლებელი იყო. ეს კანონი 1917 წელს გაუქმდა, თუმცა სიტყვა „გრიგორიანული“ დარჩა, როგორც სომხური ეკლესიის აღმნიშვნელი არაოფიციალური ტერმინი.

საეკლესიო წყობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხური ეკლესია იყოფა ოთხ საეკლესიო საყდრად:

  1. სომხეთის სამოციქულო ეკლესია ცენტრით ქალაქ ვაღარშაპატში, ეჩმიაძინის მონასტერში. მისი მეთაური ატარებს უმაღლესი პატრიარქის და სრულიად სომეხთაა კათოლიკოსის ტიტულს. ის უპირველესია ყველა სხვა სასულიერო იერარქთა შორის. მის დაქვემდებარებაში, გარდა ეპარქიებისა, შედის არარატისა (ცენტრი ერევანში) და დასავლეთ ევროპის (ცენტრი პარიზში) საპატრიარქოები.
  2. კილიკიის დიდი სახლის საკათალიკოსო ცენტრით ლიბანში, ქალაქ ანტილისიაში. მის სათავეში დგას კათოლიკოსი, რომელსაც ემორჩილებიან ეპისკოპოსები და აქვს მათი ხელდასმისა და მირონის კურთხევის უფლება.
  3. იერუსალიმის სომხეთის საპატრიარქო ავტონომიური საპატრიარქოა რომელსაც სათავეში უდგას პატრიარქი და მდებარეობს იერუსალიმში.
  4. კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ცენტრით სტამბულში. მას სათავეში უდგას პატრიარქი.

ეკლესიის უმაღლესი მმართველი ორგანოა საეკლესიო კრება საერო წარმომადგენელთა მონაწილეობით, რომელიც ფარული კენჭისყრით ირჩევს უმაღლეს პატრიარქსა და კათოლიკოსს. სომხურ ეკლესიაში სულ 8 ეპარქიაა. ის ასევე ეპარქიებითაა წარმოდგენილი სომხეთის გარეთ ქვეყნებში. ერთ-ერთი ეპარქია მოქმედებს საქართველოში, საეპისკოპოსო რეზიდენციით თბილისში. ეპისკოპოსთა ხელდასმა შეუძლიათ მხოლოდ პატრიარქს და კილიკიის კათოლიკოსს. კონსტანტინოპოლისა და იერუსალიმის საპატრიარქოებს არ გააჩნიათ ეპარქიები. სამღვდელოება იყოფა შავ (დაუქორწინებელ) და თეთრ (დაქორწინებულ) სამღვდელოებად. ეპისკოპოსებად ინიშნებიან შავი სამღვდელოების წარმომადგენლები, რომლებსაც აქვთ ვარდაპეტის ხარისხი.

მოძღვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრიგოლ განმანათლებელი

სომხური ეკლესიის წარმომადგენლები მონაწილეობას იღებდნენ პირველ სამ მსოფლიო საეკლესიო კრებაში, ესენი იყო ნიკეის (325), კონსტანტინოპოლის (381) და ეფესოს (431) კრებები. შესაბამისად, ეკლესია აღიარებს მხოლოდ ამ კრებების დადგენილ დოგმებს. სომხური ეკლესია იყენებს სამ სარწმუნოების სიმბოლოს, მოკლეს, საშუალოსა და ვრცელს. მოკლე და საშუალო ისეა შედგენილი, რომ არ ჩანს სხვაობა ქალკედონის საეკლესიო კრების მიერ დადგენილ მრწამსთან. ვრცელი კი შეიცავს ფრაზას, რომლითაც სომხური ეკლესიის მრწამსი არსებითად განსხვავდება სხვათაგან. ის ეყრდნობა კირილე ალექსანდრიელის ფორმულას „ერთი პირი და გაერთიანებული ერთი ბუნება“. სომხური თეოლოგიის თანახმად ძე ღმერთი ორი ბუნებისგან შედგებოდა, მაგრამ განკაცების შემდეგ ერთ ღვთაებრივ ბუნებად ერთიანდება. სომხური ეკლესიის მიმდევრები არ უარყოფენ ქრისტეს ორბუნებოვნებას მის განკაცებამდე, ამიტომ ისინი თავს მონოფიზიტებად არ მიიჩნევენ.

ქალკედონის კრებას სომეხი ეპისკოპოსები ვერ დაესწრნენ ავარაირის ბრძოლის გამო და მთელი მეხუთე საუკუნის II ნახევრის მანძილზე მონაწილეობა არ მიუღიათ დიოფიზიტობასა და მონოფიზიტობას შორის გამართულ პოლემიკაში. 506 წელს დვინის საეკლესიო კრებაზე ქართლისა და ალბანეთის ეკლესიებთან ერთად სომხეთის ეკლესიამ მიიღო ზენონის ჰენოტიკონი და გადაჭრით დაგმო ნესტორიანელობა. 554 წელს ჩატარდა დვინის მეორე კრება, სადაც სომხურმა ეკლესიამ ანათემას გადასცა ევტიქის ერესი, მონოფიზიტობა, სევერიანობა, პავლიკიანობა და ასევე, ქალკედონის საეკლესიო კრება. VI-X საუკუნეებში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან პოლემიკის პროცესში სომეხ თეოლოგთა პოზიციები იცვლებოდა უკიდურესად მემარცხენე მონოფიზიტობიდან უკიდურესად მემარჯვენე მონოფიზიტობამდე. სირიელ იაკობიტებთან დაახლოების შემდეგ მართლმადიდებელი, მათ შორის ქართველი თეოლოგები სომხურ ეკლესიას არ განასხვავებდნენ იაკობიტთა სწავლებისგან და სომხურ სწავლებასაც მოიხსენიებდნენ როგორც „სჯული იაკობთაჲ“. უკვე VII საუკუნიდან სომხური ეკლესიისა და სამწყსოსთვის შედგენილი იყო სპეციალური კრებულები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ივსებოდა ახალი მასალით.

726 წელს მანასკერტის კრებამ ჩამოაყალიბა და დაამტკიცა 10 ანათემატიზმი, რომელიც გახდა სომხური ეკლესიის ქრისტოლოგიის ბაზისი. ამ ანათემატიზმების მიხედვით დაგმობილ იქნა:

  • ევტიქის სწავლება ანუ მონოფიზიტობა, კერძოდ ქრისტეს ორი ბუნების შერწყმის და ღვთაებრივი ბუნების მიერ ადამიანური ბუნების სრული შთანთქმის აღიარებისთვის.
  • ნესტორიანელობა, კერძოდ ქრისტეს ორბუნებოვნების და ორჰიპოსტასობის აღიარება (ორი ბუნება=ორი ქრისტე).
  • სევეროზ ანტიოქიელის სწავლება (სევერიანობა), კერძოდ ქრისტეს სხეულის ხრწნადობის აღიარება.
  • ივლიანე ჰალიკარნასელის სწავლება (ივლიანიტობა), კერძოდ ქრისტეს სხეულის უხრწნელობისა და უვნებლობის შესახებ
  • მართლმადიდებლობა, კერძოდ განკაცების შემდეგ ქრისტეს ორი ბუნების აღიარება.

საბოლოო სახით სომხური ეკლესიის დოგმატური ხედვა ჩამოაყალიბა კათალიკოსმა ნერსეს მადლმოსილმა 1166 წელს თავის ეპისტოლეში ბიზანტიის იმპერატორ მანუელ I კომნენოსისადმი – „გარდამოცემა სომხური ეკლესიის სარწმუნოებისა“.

ლიტურგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხურ ეკლესიაში ღვთისმსახურება აღესრულება ძველ სომხურ ენაზე, ხოლო ქადაგება წარმოითქმის ახალ სომხურ ენაზე. უმთავრესი ლიტურგიკული წიგნებია ჭაშოცი (ლექციონარი), პატარაგატეტრი (კონდაკი), ჟამაგირქი (ჟამნი), მაშტოცი (კურთხევანი). ამ უკანასკნელმა სახელი მიიღო კათოლიკოს მაშტოც ელივარდელის პატივსაცემად, რომელმაც კურთხევანის საბოლოო ვერსია შეიმუშავა. სომხური ეკლესიის შვიდი საიდუმლოა ნათლისღება, მირონცხება, ზიარება, ქორწინება, სინანული, მღვდლობა, ზეთის კურთხევა. ზიარებისას იყენებენ უსაფუარო პურს და წყალგაურეველ ღვინოს. შობასა და ნათლისღებას აღნიშნავენ ერთად, 6 იანვარს. ამ დღეს სამწმინდა გალობას ემატება პეტრე ანტიოქელის მიერ შემოღებული „რომელი ჩვენთვის ჯვარს ეცვი“ („ხაჩეცარი“). პირჯვარს იწერენ სამი თითით მარცნიდან მარჯვნივ. დიდმარხვის წინ ინახავენ სამკვირიან მარხვას „არაჯავორქს“.

სომხური ეკლესიის კანონმდებლობა ეყრდნობა შუა საუკუნეების საეკლესიო ტრადიციებსა და სინოდის გადაწყვეტილებებს. სომხური საეკლესიო სამართალი გამომუშავებულია მოციქულთა კანონების, პირველი სამი მსოფლიო საეკლესიო კრების, ეკლესიათა ადგილობრივი კრებების (ანკვირიის 315 წ., ნეოკესარიის 315 წ., კესარიის ანტიოქიის 341 წ., სარდიკიის 344 წ.ლაოდიკიის 365 წ., განგრის 380 წ.) და სომხური ადგილობრივი საეკლესიო კრებების (შაჰაპივანის 365 წ., აშტიშატის 443 წ., დვინის 648 წ.) გადაწყვეტილებების საფუძველზე. სომხურ ენაზე არსებულ კანონიკურ ძეგლებს ერთ წიგნად თავი მოუყარა კათოლიკოსმა იოანე ოძუნელმა. XII საუკუნეში შეიქმნა მხითარ გოშის სამართლის წიგნი, რომელიც გადამუშავებული სახით შევიდა ქართლის მეფე ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნში, როგორც „სამართალი სომხური“. სომხური საეკლესიო სამართლის ჩამოყალიბება დასრულდა XVII საუკუნეში. რამდენადაც სომხეთი არ იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო, საეკლესიო სამართალი ვრცელდებოდა საერო სფეროზეც.

სომხური საეკლესიო ნაგებობებისთვის დამახასიათებელია შედარებით მაღალი საკურთხეველი და ფრესკათა არარსებობა.

კალენდარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველი სომხური კალენდრით 552 წლის 11 ივლისი არის სომხური ეროვნული და საეკლესიო წელთაღრიცხვის დასაწყისი. წელიწადში 365 დღეა, ხოლო ერთი მოქცევის ციკლი 532 წლისგან შედგება. სომხური კალენდარი პრაქტიკაში დაინერგა 584 წლიდან. პირველი 532 წლიდანი ციკლის დასრულებიდან 1084 წლიდან, იწყება „მიცრე სომხური სათვალავი“. კალენდარმა საუკუნეთა განმავლობაში რამდნეიმე ცვლილება განიცადა. 1924 წლიდან სომხური ეკლესია, გარდა რუსეთის, საქართველოსა და უკრაინის ეპარქიებისა, გადასულია ახალ საეკლესიო კალენდარზე.

საეკლესიო მწერლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შუა საუკუნეების სომხური მინიატურა

სომხურმა საეკლესიო მწერლობამ სათავე დაუდო სომხურ ლიტერატურას. V საუკუნიდან მოყოლებული სომხურ ენაზე ითარგმნებოდა წმინდა წერილი და წმინდა მამათა თეოლოგიური და საეკლესიო თხზულებები. სომხურ ენაზე შემონახულია მდიდარი ორიგინალური და თარგმნილი საღვთისმეტყველო და პოლემიკური ლიტერატურა. სომხური სასულიერო მწერლობის დარგია ისტორიოგრაფია. სომეხი ისტორიკოსები საეკლესიო მოღვაწეებიც იყვნენ და მათი თხზულებები ასახავს საერო და საეკლესიო ისტორიას. ასეთია აგათანგელოსის „ისტორია“, ასევე ლაზარ ფარპეცის, მალაქია აბეღას, ვარდან დიდის, სტეფანოზ ორბელიანის, თომა არწრუნის, კირაკოს განძაკეცის, იოანეს დრასხანაკერტცის თხზულებები. წმინდანად შერაცხულ სომეხთა სიმრავლის გამო სომხური მწერლობის მნიშვნელოვანი დარგია ჰაგიოგრაფია. სომხური ჰაგიოგრაფიისთვის დამახასიათებელია ქრისტიანობისთვის მოწამეობის და ღვაწლის შერწყმა ეროვნულ ბრძოლასთან და მარტიროლოგიური ჟანრის შენარჩუნება ჰაგიოგრაფიის არსებობის ბოლომდე.

IX სუაკუნიდან მოყოლებული სომხეთსა და კილიკიის სომხეთში ვითარდებოდა და XII-XIII საუკუნეებში უმაღლეს დონეს მიაღწია საეკლესიო ხელნაწერი წიგნის კალიგრაფიამ, ტექსტის და ყდის მხატვრულმა გაფორმებამ, მინიატურულმა ხელოვნებამ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თრდატ III-ის ნათლობა

სომხეთში სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა IV საუკუნეში გამოცხადდა. სომხური საეკლესიო ტრადიცია ამ აქტის თარიღად 301 წელს მიიჩნევს,[1][2] სამეცნიერო გამოკვლევების მიხედვით კი ეს 313 წლის შემდეგ უნდა მომხდარიყო. ამავე პერიოდში სომხეთში გამოჩნდნენ პირველი ქრისტიანი მოწამეები რიფსიმე და გაიანე. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება მოხდა მეფე თრდატ III-ის დროს, გრიგოლ განმანათლებლის მოღვაწეობის შედეგად. გრიგოლივე გახდა სომხეთის პირველივე ეპისკოპოსი. ის ხელდასმულ იქნა კესარია–კაბადოკიის მთავარეპისკოპოს ლეონტის მიერ, რითაც სომხეთის ეკლესია მოექცა კესარია–კაბადოკიის ეკლესიის იურისდიქციაში. გრიგოლმა დააარსა საეპისკოპოსო კათედრა ვაღარშაპატში. კათედრალს ეწოდა ეჩმიაძინი. მის დროსვე შექიმნა რამდენიმე ეპარქია არსებული სანახარაროების შესაბამისად. ეპისკოპოსის ტიტული თავდაპირველად მემკვიდრეობით გადადიოდა. 368 წლამდე სომხეთის ეკლესია რჩებოდა ესარია–კაბადოკიის ეკლესიის დაქვემდებარებაში. 387 წელს ბიზანტიის იმპერიამ და სასანიანთა იმპერიამ სომხეთი ორად გაიყვეს. 391 წელს სამეფო ხელისუფლება გაუქმდა ბიზანტიის, ხოლო 428 წელს ირანის ნაწილში. ამიერიდან ერთიანი სომხეთის სიმბოლო გახდა სომხეთის სამოციქულო ეკლესია, რომელსაც დაახლოებით ამავე ხანებში სათავეში ჩაუდგა ავტოკეფალური ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი, რომლის რეზიდენციაც ხან ვაღარშაპატში იყო, ხან დვინში. სომხური ეკლესიის წარმომადგენლები მონაწილეობას იღებდნენ პირველ სამ მსოფლიო საეკლესიო კრებაში (ნიკეის 325 წ., კონსტანტინოპოლის 381 წ. და ეფესოს 431 წ. კრებები). იზიარებდნენ მათ სარწმუნოების სიმბოლოს და განსაზღვრებებს. სომხური დამწერლობის შექმნამდე ღვთისმსახურება სავარაუდოდ ბერძნულ და სირიულ ენებზე აღესრულებოდა. V საუკუნეში მესროპ მაშტოცმა შექმნა სომხური ანბანი. სომხურ ენაზე ითარგმნა წმინდა წერილი, შეიქმნა ღვთისმსახურებისთვის აუცილებელი ლიტერატურა და სომხური ენა გახდა ლიტურგიის ენა.

451 წელს სომხური ეკლესიის წარმომადგენლებმა ავარაირის ბრძოლის გამო მონაწილეობა ვერ მიიღეს ქალკედონის საეკლესიო კრებაში და შემდგომში გაემიჯნენ მას. V საუკუნის ბოლოდან სომხეთის საკათალიკოსო კათედრა გადავიდა დვინში. V საუკუნის II ნახევრის განმავლობაში სომეხ მღვდელმთავრებს მონაწილეობა არ მიუღიათ დიოფიზიტობასა და მონოფიზიტობას შორის გამართულ პოლემიკაში. 506 წელს დვინის საეკლესიო კრებაზე ქართლისა და ალბანეთის ეკლესიებთან ერთად სომხეთის ეკლესიამ მიიღო ზენონის ჰენოტიკონი და დაგმო ნესტორიანელობა. 551-554 წლებში ჩატარდა დვინის მეორე კრება, სადაც მიღებულ იქნა „ხაჩეცარი“ და სომხური ეროვნული კალენდარი. 591 წელს სომხეთი კვლავ ორად გაიყო ბიზანტიასა და ირანს შორის და დვინის საკათალიკოსოსთან ერთად ავანში ჩამოყალიბდა დიოფიზიტური სომხური საკათალიკოსო. VI საუკუნიდან საფუძველი ეყრებოდა საეკლესიო განხეთქილებას ქართლის, სომხურ და კავკასიის ალბანურ ეკლესიებს შორის, რომელიც საბოლოოდ 609 წელს განხორციელდა. ქართლის და ალბანეთის ეკლესიებმა დიოფიზიტობა აირჩიეს. VII საუკუნის 10-იან წლებში ირანმა გაიმარჯვა ბიზანტიაზე და მოწვეულ იქნა ე.წ. სპარსული კრება. ხოსრო II-ის ბრძანებით მის ქვეშევრდომ იერარქებს ან სომხური სარწმუნეობა უნდა ეღიარებიათ, ან ქვეყანა დააეტოვებინათ. აღდგა სომხეთის ერთიანი მონოფიზიტური ეკლესია და ალბანეთმაც მიიღო მონოფიზიტობა. VII საუკუნის 20-იან წლებში ბიზანტიან გაიმარჯვა ირანზე და დაიწყო მონოფიზიტობის და დიოფიზიტობის შემარიგებელი პოლიტიკის, მონოთელიტობის, გატარება. ეზრა ფარაჟნაკერტელის მეთაურობით სომხური ეკლესია 631 წელს თეოდოსიოპოლის კრებაზე ეზიარა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ერთობას, რაც VII საუკუნის ბოლომდე გაგრძელდა. 726 წელს იოანე ოძუნელის მიერ მოწვეულ მანასკერტის საეკლესიო კრებაზე სომხური ეკლესია საბოლოოდ დაუბრუნდა მონოფიზიტურ დოგმატიკას და პრაქტიკას: აიკრძალა ზიარებისას საფუარიანი პურის და წყალგარეული ღვინის გამოყენება. ამავე ხანებში ალბანეთის ეკლესიამაც სომხური ეკლესიის მხარე დაიკავა.

XIII საუკუნის ხაჩქარი

886 წელს აღდგა სომხეთის სახელმწიფო აშოტ I-ით სათავეში. დაარსდა ანისის სამეფო, რომელმაც იარსება 1045 წლამდე. ამ პერიოდში სომეხ სასულიერო იერარქებს აქტიური კავშირი ჰქონდათ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან, რომელიც ცდილობდა სომხური ეკლესიის დიოფიზიტობაზე მოქცევას. სომხურმა ეკლესიამ დიოფიზიტობა არ მიიღო, მაგრამ დაახლოება მართლმადიდებლობასთან მაინც მოხდა. 893 წელს დვინის მიწისძვრამ დაანგრია ქალაქი დვინი და კათოლიკოსის რეზიდენციამ გადაინაცვლა აღთამარის მონასტერში. X საუკუნის მეორე ნახევარში კათოლიკოსის რეზიდენცია გადავიდა ქალაქ ანისის მახლობლად, არგინაში. აღთამარის ეპისკოპოსებს ამის შემდეგაც დიდხანს ჰქონდათ პრეტენზიები სომხურ ეკლესიაში განსაკუთრებულ იერარქიულ მდგომარეობაზე და 1114 წელს აღთამარის ეპისკოპოსმა თავი სომხეთის კათოლიკოსად და პატრიარქად გამოაცხადა. ეს მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ აღთამარის ეპისკოპოსებმა კათოლიკოსის ტიტული მაინც დიდხანს შეინარჩუნეს. 992 წლიდან რეზიდენცია დამკვიდრდა ანისში. 1045 წელს ანისი ბიზანტიის იმპერიამ დაიკავა და რეზიდენცია გადაიტანა სებასტიაში. XI საუკუნის 60-იანი წლებიდან სომხეთში დამკვიდრდნენ თურქ-სელჩუკები. დაიწყო სომეხთა მასობრივი გადასახლება კილიკიაში, სადაც 1198 წელს შეიქმნა კილიკიის სომეხთა სამეფო. 1149 წელს კათოლიკოსის რეზიდენციამაც კილიკიაში, ჰრომკლაში გადაინაცვლა, ხოლო 1293 წლიდან დედაქალაქ სისიში დამკვიდრდა. XII საუკუნის მეორე ნახევრიდან ცენტრალური და ჩრდილოეთ სომხეთი საქართველოს სამეფომ გაათავისუფლა თურქ-სელჩუკებისგან და შეიერთა. საქართველოს სამეფოში მოხვედრილი სომხური მოსახლეობის სასულიერო ლიდერობა იკისრა თბილისის სომეხმა არქიეპისკოპოსმა. სომხეთის ამ ტერიტორიაზე დაიწყო ეკონომიკური და კულტურული აღმავლობა, რამაც შესაძლებელი გახადა XV საუკუნეში საეპისკოპოსო კათედრის დაბრუნება ეჩმიაძინში. ბიზანტიის იმპერიის დაცემამდე კილიკიის საკათალიკოსოს აქტიური ურთიერთობა ჰქონდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ეკლესიების დაახლოების მიზნით. ამ მიზნით 1178 წელს ჰრომკლაში გაიმართა საეკლესიო კრება, მაგრამ 1204 წელს ჯვაროსნების მიერ ბიზანტიის აღებამ ეს პროცესი შეაჩერა. ამავე პერიოდში დაიწყო აქტიური კონტაქტების დამყარება ჯვაროსნებთან, რასაც მოჰყვა უნიატების მოძრაობის გაძლიერება. უნიატები ცდილობდნენ სომხების მოქცევას კათოლიკობაზე. XIV საუკუნეში კილიკიაში გამართულ რამდენიმე კრებაზე სომეხ იერარქთა ნაწილი ეზიარა კათოლიკეებთან ერთობას და მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნა შეტანილი დოგმატიკასა და ლიტურგიაში. 1361 წელს სისში გამართულ VII საეკლესიო კრებაზე ეს სიახლეები და კათოლიკეებთან ურთიერთობა აიკრძალა, ხოლო მალე, 1375 წელს, კილიკიის სამეფოც გაუქმდა.

ტათევის მონასტერი

1311 წელს შეიქმნა იერუსალიმის სომხეთის საპატრიარქო, რომელმაც ჩაიბარა პალესტინის სომხური სამწყსო და მისი კუთვნილი წმინდა ადგილები. 1441 წელს გადაწყდა სომხური საკათოლიკოსო ტახტის დაბრუნება ეჩმიაძინში. ამის საპასუხოდ კილიკიის სომხური ეკლესიის უმაღლესმა იერარქმა შეინარჩუნა კათოლიკოსის ტიტული. 1453 წელს კონსტანტინოპოლის დაცემის შედეგ სომხეთი კვლავ ორად გაყოფილი აღმოჩნდა ოსმალეთის იმპერიასა და სეფიანთა იმპერიას შორის. ეჩმიაძინი აღმოჩნდა სეფიანთა დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე. 1461 წელს კონსტანტინოპოლში შეიქმნა სომხური საპატრიარქო, რომელსაც გარდა სომხებისა, დაემორჩილა ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე არსებული ყველა არაქალკედონური ეკლესია, მარონიტები, ბოგომილები და სხვები, მათ შორის კილიკიისა და აღთამარის საკათალიკოსოები, იერუსალიმის სომხური საპატრიარქო. ეჩმიაძინის კათოლიკოსები ცდილობდნენ აღედგინათ კავშირი ოსმალეთის იმპერიაში მოქცეულ სომხურ ეკლესიებთან. ეს მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა თავდაპირველად მხოლოდ კილიკიის საკათალიკოსოს მიმართ, რომელმაც 1651 წელს აღიარა ეჩმიაძინის საყდრის უზენაესობა. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ურთიერთობა გამწვავდა მას შემდეგ, რაც ბრწყინვალე პორტამ კონსტანტინოპოლის სომეხთა პატრიარქი სომეხთა უმაღლეს იერარქად გამოაცხადა. 1680 წელს კონსტანტინოპოლის სომეხთა პატრიარქმაც აღიარა ეჩმიაძინის საყდრის უზენაესობა. XVII საუკუნიდან დაიწყო კათოლიკე მისიოონერების გააქტიურება ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე. ეჩმიაძინის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზოგიერთი სომხური თემი მთლიანად, ზოგი კი ნაწილობრივ გადავიდა კათოლიკობაზე. კონსტანტინოპოლის სომხურ საპატრიარქოს რამდენიმე ეპარქია გამოეყო. 1740 წელს ოფიციალურად გამოცხადდა სომხური კათოლიკური ეკლესია და ის წმინდა საყდარს დაექვემდებარა. სომხური კათოლიკური ცენტრები შეიქმნა ევროპაში, სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მხითარისტების მონასტერი ვენეციაში, წმინდა ლაზარეს კუნძულზე.

1828 წლიდან თურქმენჩაის ზავით აღმოსავლეთ სომხეთი მოექცა რუსეთის იმპერიაში. 1836 წლიდან ის ნიკოლოზ I-ის მიერ დამტკიცებული კანონებთ იმართებოდა. ამ კანონების თანახმად სომხური ეკლესიის შემადგენლობაში შევიდა კავკასიის ალბანეთის ეკლესია. სომხურმა ეკლესიამ შეინარჩუნა ავტოკეფალია, თუმცა კათოლიკოსის ხელდასმა ხდებოდა მხოლოდ რუსეთს იმპერატორის თანხმობით. 1828-1829 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ ოსმალეთის იმპერიამ გაზარდა კონსტანტინოპოლის სომხური საპატრიარქოს სტატუსი და მხოლოდ მას აღიარებდა სომეხთა ინტერესების წარმომადგენლად, თუმცა ის მაინც სახელმწიფოს მკაცრი კონტროლის ქვეშ რჩებოდა და პატრიარქის არჩევას სულთნის მიერ დამტკიცება სჭირდებოდა. ამან ეჩმიაძინის კათოლიკოსის სტატუსი სომეხთა თვალში ვერ შეარყია და კონსტანტინოპოლის სომეხი პატრიარქები აღიარებდნენ ეჩმიაძინის საყდრის უზენაესობას. 1915 წელს სომხების გენოციდის შემდეგ კონსტანტინოპოლის სომეხთა საპატრიარქომ დიდი დანაკლისი განიცადა, დაიღუპა მრევლის დიდი ნაწილი, გაუქმდა ეპარქიები და აღთამარის საკათალიკოსო, მოიშალა კილიკიის საკათალიკოსო სისში და ის მოგვიანებით აღდგა ბეირუთის ახლოს ანტილისიაში.

ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ II

სომხეთის სსრ-ის არსებობის პერიოდში სომხური ეკლესიის გავლენა ძლიერ შემცირდა. 491-დან 38-მდე შემცირდა მოქმედი ეკლესიების რაოდენობა, გაუქმდა ბევრი ეპარქია. 1939 წელს ეჩმიაძინს ჩამოერთვა ხელნაწერთა დიდი საცავი, რომელიც ჯერ საჯარო ბიბლიოთეკას, შემდეგ კი ხელნაწერთა ინსტიტუტს გადაეცა. XX საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო სომხური ეკლესიის აღმავლობა, რაც გაძლიერდა სომხეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. აღდგა ძველი და გაიხსნა ახალი ეპარქიები, სომხური ეკლესია ჩაერთო სომხეთის განათლების სისტემაში, გაიხსნა ახალი სემინარიები, სატელევიზიო არხი, საეკლესიო გამომცემლობა, საღვთისმეტყველო ცენტრი, მოწესრიგდა ურთიერთობები კილიკიის საკათალიკოსოსთან.

სომხური ეკლესია საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნორაშენი, თბილისი. ეკლესიის გარშემო მიმდინარეობს დავა ქართულ და სომხურ მხარეებს შორის

საქართველოში მოქმედებს სომხური ეკლესიის ეპარქია. არქიეპისკოპოსის რეზიდენცია მდებარეობს თბილისში. მისი კათედრალური ტაძარია სურფგევორქი.

მძიმე ისტორიული ვითარების გამო სომხები ხშირად ისწრაფოდნენ საქართველოსკენ. 451 წელს ირანის წინააღმდეგ აჯანყების დამარცხების შემდეგ მამიკონიანების საგვარეულოს წარმომადგენლები შეიფარა ქართლის პიტიახშმა არშუშამ. ზოგი მათგანი დაბრუნდა სომხეთში, მაგრამ ბევრი საქართველოში დარჩა. გოგარენე სომხეთის და ქართლის მოსაზღვრე რეგიონი იყო და იქ კომპაქტურად დასახლებული სომხური თემი არსებობდა. გოგარენეს სომხური თემი შედიოდა ცურტავის საეპისკოპოსოში. მას სათავეში ედგა ეთნიკურად ქართველი ან სომეხი ეპისკოპოსი, რომელსაც ღვთისმსახურების აღსრულება შეეძლო ქართულ და სომხურ ენებზე. გოგარენეს სომხური თემი გაძლიერდა მამიკონიანთა და მათი ამალის აქ დასახლების შემდეგ. წმინდა შუშანიკის საფლავზე აგებული სამარტვილე იქცა მრევლის გამაერთიანებელ ცენტრად. კირონ I-მა ცურტავის საეპისკოპოსოში ღვთისმსახურების ერთადერთ ენად ქართული გამოაცხადა.

კომპაქტური სომხური თემი არსებობდა თბილისში, სადაც X საუკუნის II ნახევარში მოღვაწეობდა სომეხი მღვდელი კირაკოზი. 1178 წელს ჰრომკლას საეკლესიო კრების მონაწილეთა შორის მოხსენიებულია თბილისის არქიეპისკოპოსი ბარსეღი. XII საუკუნის მეორე ნახევრიდან ცენტრალური და ჩრდილოეთ სომხეთი საქართველოს სამეფომ გაათავისუფლა თურქ-სელჩუკებისგან და შეიერთა. დავით აღმაშენებელმა სომხური მოსახლეობა დაასახლა გორში და ხელს უწყობდა მათ ვაჭრობა-ხელოსნობის განვითარებაში. საქართველოს სამეფოში მოხვედრილი სომხური მოსახლეობის სასულიერო ლიდერობა იკისრა თბილისის სომეხმა არქიეპისკოპოსმა. XI-XIII საუკუნეებში სომეხ-ქართველთა რამდენიმე ერთობლივი საეკლესიო კრება შედგა: 1046 წელს ღრტილის კრება, 1197 და 1204 წლებში თბილისში გამართული კრებები. ერთიან სახელმწიფოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ცდილობდა შეეერთებინა სომხური ეკლესია, თუ არადა დოგმატური დაახლოებსთვის მაინც მიეღწია. ამ მიზნით ზაქარია მხარგრძელმა 1205 წელს ლორეში და 1207 წელს ანისში მოიწვია საეკლესიო კრებები. საქართველოს სამეფოში შემავალი ბაგრევანდის მხარეში შეიქმნა ვალაშკერტის საეპისკოპოსო და აშენდა ქართული ტაძრები.

1655 წელს თბილისში აშენდა ხოჯავანქის ეკლესია და სასაფლაო. 1780 და 1787 წლებში ერეკლე II-მ 7 ათასი სული სომეხი გადაასახლა ერევნის სახანოდან თბილისში. მათი უდიდესი ნაწილი შემდეგ განჯაში გადასახლდა. ივანე პასკევიჩის მეცადინეობით1826-1828 წლებში რუსეთ-სპარსეთის ომის დროს 35 ათასი სული სომეხი გადაასახლეს ქვემო ქართლში, ხოლო 1828-1829 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს 90 ათასი სული სომეხი დაასახლეს ოსმალეთიდან ჯავახეთში. ასეთი დიდი რაოდენობით დასახლებულ სომხურ მოსახლეობას სჭირდებოდა ეკლესიები და აშენებდა კიდეც. XIX საუკუნის შუა წლებიდან დაიწყო სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვა ხოჯივანქის სასაფლაოზე და ასე გაჩნდა თბილისის სომხური პანთეონი. საქართველოს სომეხთა სამწყსოს იერარქები ხშირად სომხური ეკლესიისა და კულტურის გამოჩენილი მოღვაწეები იყვნენ. რამდენიმე მათგანი შემდგომში სრულიად სომხეთის კათოლიკოსი გახდა. მათ შორის იყო ნერსეს აშტარაკელი. საბჭოთა პერიოდში მრავალი სომხური ეკლესია მოიშალა და განადგურდა.

XX საუკუნის 90-იანი წლებიდან სომხური სამოციქულო ეკლესია საქართველოსგან ითხოვს სადავო ეკლესიების საკითხს გადაჭრას. ასეთი სადავო ეკლესიებია ნორაშენი, სურბ ასტვაწაწინი, სურბ მინასი, სურფნიშანი, მოღნისის წმინდა გიორგის ეკლესია, ახალციხის სურფნიშანი. 2004 წლიდან სომხური ეკლესიის თბილისის ეპარქიას ხელმძღვანელობს ვაზგენ მირზახანიანი. ამჟამად საქართველოში მოქმედია თბილისში სურფგევორქისა და ეჩმიაძინის ტაძრები, ახალქალაქში სურბ ხაჩის, ნინოწმინდაში სურბ სარგისის, ახალციხეში გრიგოლ განმანათლებლის, ბათუმში მაცხოვრის და მარნეულში ღვთისმშობლის ეკლესიები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Journal of Ecclesiastical History – Page 268 by Cambridge University Press, Gale Group, C.W. Dugmore
  2. The Armenian Massacres, 1894–1896: 1894–1896 : U.S. media testimony – Page 131 by A. Dzh. (Arman Dzhonovich) Kirakosian