პიემონტის მთავრობის მეთაურმა კამილო ბენსო დი კავურმა საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ III-საგან მიიღო შემოთავაზება მხარი დაეჭირა ავსტრიის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1859 წლის 4 ივნისს ნაპოლეონ III-ის მეთაურობით მაჯენტის ბრძოლაში ფრანგულ-იტალიური ალიანსის მიერ ავსტრიის იმპერიის დამარცხების შემდეგ ალიანსმა დაიკავა სოლფერინოს მაღლობები და წარმატებით მოიგერიეს ავსტრიელთა კონტრშეტევა, შემდეგ კი აიძულეს უკან დაეხიათ. ავსტრიის ძალების დამარცხებამ იტალიაში გამოიწვია ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღზევება. ბრძოლის დასრულების შემდეგ ვილაფრანკა-დი-ვერონაში ერთმანეთს შეხვდნენ ნაპოლეონ III და ფრანც იოზეფ I, რათა დაედოთ შეთანხმება.
სოლფერინოს ბრძოლასთან დაკავშირებულია წითლი ჯვრის საზოგადოების დაარსება. შვეიცარიელი მეწარმე და საზოგადო მოღვაწე ანრი დიუნანი 1859 წელს საქმიანი მოგზაურობისას იტალიაში სოლფერინოს ბრძოლის შედეგების თვითმხილველი გახდა. საკუთრი მოგონებები და განცდები ამ ინციდენტის შესახებ მან „სოლფერინოს მემუარებში“ აღწერა, რაც შემდგომში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დაარსების შთამაგონებელი ფაქტორი შეიქნა. გუსტავ მუანიესთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად შექმნა ორგანიზაცია, რომელსაც შემდეგ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ეწოდა.
გამარჯვების შემდეგ პარიზში ააგეს ხიდი, რომელსაც სოლეფირნოს ბრძოლის პატივისცემის ნიშნად მისი სახელი ეწოდა. იგი ორჯერ დაინგრა და ხელახლა ააგეს. 2006 წელს კი სენეგალის პრეზიდენტის ლეოპოლდ სედარ სენგორის პატივსაცემად, მისი სახელი მიენიჭა. ამჟამად სოლფერინოს სახელს ატარებს პარიზის ერთ-ერთი ქუჩა და პარიზის მეტროპოლიტენის მე-12 ხაზის ერთ-ერთი სადგური. სოლფერინოს სახელს ატარებს საფრანგეთის რამდენიმე ქალაქის (ორლეანი, ლილი, კომპიენი, ტულუზა, რენი) ქუჩა.
Жан Пикте. Международный Комитет Красного Креста: уникальное учреждение. — Institut Henry-Dunant, Genève & Editions A. Pedone, Paris 1985. Перевод на русский язык МККК, Москва, 1997