სოლოღაშვილები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სოლოღაშვილები, სოლაღაშვილები, ფეოდალური საგვარეულო XV-XIX საუკუნეების საქართველოში.

ვახუშტის მიხედვით სოლოღაშვილები არ არიან ბარათაშვილები და მათ - თავისი მამული და სასაფლაონი აქვთო. იოანე ბატონიშვილის მიხედვით სოლოღაშვილები „არიან ძველადვე ახალციხელნი კალმახის ადგილის ერისთავის გვარისანი. ამათი წინა-პარი ვინმე გათათრდა და უწოდეს სულაღად, ხოლო ამის შთამამავლობისანი, რომელითაც მიიღეს მამადიანობა, მოვიდნენ საქართველოსა შინა მეფობასა ბაგრატისასა წელსა 1375-სა და მეფემან მიიღო თავადობისა ხარისხითა და უბოძა გვარადცა სოლოღას შვილობა და არიან მუნიდგან მცხოვრებნი სომხითსა, რომელნიმე გარდმოვიდნენ რუსეთს და დაშთნენ, ხოლო სხვანი ამათნი დაშთნენ ქართლსავე შინა და აწ არიან: 1) იესეს შვილები, 2) ზაზას შვილები და სხვანი ძმანნი ამათნი, ხოლო სხვანი სოლოღას შვილები, რომელნიცა არიან თათრად, ჰსცხოვრებენ ახალციხის ნაწილსა შინა ჩირდილის კერძო ადგილსა.“

გვარის ფუძემდებელი როგორც ჩანს სოლაღა/სოლოღა იყო, რომლის შთამომავლები XV საუკუნიდან ჩნდებიან ქართლის სამეფოში. სოლოღაშვილების სამფლობელო სასოლოღაშვილო XV საუკუნეში ყალიბდება და ძირითადად - ალგეთის, ვერის ხევში, ქალაქის პირის სოფლებში და ნაწილობრივ სომხითში ჰქონდათ.ასევე ყმები ჰყავდათ და მამულები ჰქონდათ თბილისშიც. საგვარეულოს მთავარი ციხესიმაგრეები იყო კოჯრის და ჭაპალას ციხეები, მოგვიანებით ციხე ააშენეს ბორბალოშიც. საგვარეულო მონასტრი და სასაფლაო იყო კაბენი.

სოლოღაშვილებს ქართლის სამეფო კარზე ეკავათ მეფის სახლთუხუცესის, დედოფლის სახლთუხუცესის, ბოქაულის, ყეენის მუღარიბის და მუსაიბის და სხვ. თანამდებობები, სოლაღაანთ სამემკვიდრეო სახელო დედოფლის სახლთუხუცესის თანამდებობა ყოფილა.


ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვახუშტი ბაგრატიონი აღწერა სამეფოსა საქართველოსა,ქართლის ცხოვრება ტ.IV,ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიხედვით, თბ., 1973.
  • იოანე ბაგრატიონი შემოკლებით აღწერა საქართველოს შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა, თბ., 1997;