შინაარსზე გადასვლა

სოლომონ ზვანბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სოლომონ თემურყვას ძე ზვანბა (ზვანბაი, ზვანბაია; დ. 1809, სოფ. დრანდა, — გ. 25 ოქტომბერი, 1855) — აფხაზი ისტორიკოსი და ეთნოგრაფი, რუსეთის იმპერიის არმიის პოდპოლკოვნიკი (1848).

დაიბადა შარვაშიძეებთან დაახლოებული აზნაურების ოჯახში. 1826 წელს პეტერბურგში, პაჟთა კორპუსში სასწავლებლად გააყოლეს აფხაზეთის მთავრის ვაჟს, კონსტანტინეს. 1832 წლიდან სამხედრო სამსახურში იყო კავკასიაში. მონაწილეობდა ბრძოლებსა და მოლაპარაკებებში უბიხებთან. 1840-იან წლებში მსახურობდა ჯიქეთის პრისტავად (მოურავად). 1848 წელს მიიღო პოდპოლკოვნიკის წოდება. ყირიმის ომში (1853–1856) მეთაურობდა №11 შავი ზღვის სახაზო ბატალიონს. დაიღუპა ოსმალეთის ჯარებთან ბრძოლაში მდ. ენგურზე.

მრავალმხრივი განათლების მქონე ზვანბა კარგად იცნობდა აფხაზეთისა და ჯიქეთის მოსახლეობას, ბუნებას. 1852-1855 წლებში გაზეთ „კავკაზში“ გამოქვეყნდა მისი რამდენიმე ისტორიულ-ეთნოგრაფიული ხასიათის ნაშრომი, მ. შ. „უბიხთა ზამთრის ლაშქრობები აფხაზეთში“, „აფხაზური მითოლოგია, რელიგიური წარმოდგენები და წეს-ჩვეულებები“ და სხვ. დაჯილდოებულია წმ. სტანისლავის III (1836), წმ. ანას III (ბაბთით, 1839), წმ. ვლადიმერის IV (ბაბთით, 1844), წმ. გიორგის IV (1849) ხარისხის ორდენებით, ოქროს დაშნით „მამაცობისთვის“ (1845).

  • Абхазские этнографические этюды, изд. Г. Дзидзария, Сух., 1982.