სოლოლაკის ხეივანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოლოლაკის ხეივანი
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი
უბანი სოლოლაკი
წინა სახელები კომკავშირის ხეივანი

სოლოლაკის ხეივანი — მდებარეობს თბილისში, მთაწმინდის რაიონში (სოლოლაკი). მარო მაყაშვილის აღმართიდან თბილისის ციხემდე. გაშენდა სოლოლაკის ქედზე 1935 წელს და მას კომკავშირის ხეივანი ეწოდა. სოლოლაკის ხეივანი დაერქვა 1990 წელს.

ხეივნის 1 კმ სიგრძის მოასფალტებული გზა იმ ძველი კერამიკული წყალსადენის ტრასას მიუყვება, რომელსაც სათავე წავკის-ოქროყანის მიდამოებში ჰქონდა და რომლითაც ფეოდალურ პერიოდში სასმელი წყლით მარაგდებოდა თბილისის „დედა ციხე“ (ნარიყალა). სოლოლაკის ხეივნის შუა ნაწილში შემორჩენილია შუა საუკუნეების თბილისის ზღუდის ერთ-ერთი ბასტიონის — შაჰტახტის ნანგრევები. გადმოცემით, თბილისის ერთ-ერთ დამპყრობ შაჰს იგი თავის სადგომად აურჩევია — ტახტი დაუდგამს (აქედან მომდინარეობს სახელწოდება „შაჰტატი“). ვარაუდობენ, რომ ქართლში არაბების ბატონობის ხანაში ციხის ამ ნაწილში მოწყობილი იყო ობსერვატორია. ხეივანზე აგებულია რამდენიმე გადმოსახედი ბაქანი, საიდანაც იშლება ქალაქის შესანიშნავი ხედი. მეორე მხარეს, წავკისისწყლის ხეობის ფერდობზე, გაშენებულია ბოტანიკური ბაღი. ხეივანზე აღმართულია მონუმენტი „ქართვლის დედა“ (მოქანდაკე — ელგუჯა ამაშუკელი, არქიტექტორი — ს. მეგრელიშვილი). აქვეა ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი. XX საუკუნის 90-იან წლებში ძველ ნაფუძარზე აშენდა წმინდა ნიკოლოზის ახალი ეკლესია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]