შინაარსზე გადასვლა

სოლარისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„სოლარისი“
Solaris

ავტორი სტანისლავ ლემი
ქვეყანა პოლონეთი
ენა პოლონური
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა
გამომცემელი MON, Walker (აშშ)[1]
გამოცემის თარიღი 1961
ქართულად გამოიცა 1979, 2014
მედია მაგარი და რბილი ყდები
გვერდი 204
oclc 10072735
ISBN 0156027607
სოლარისი, პირველი ქართული გამოცემა, 1979
ქართული გამოცემა, 2014

სოლარისი (Solaris) — პოლონელი მწერლის, სამეცნიერო-ფანტასტის და ფუტუროლოგი ესეისტის, სტანისლავ ლემის 1961 წლის რომანი, სადაც აღწერილია ადამიანური ცივილიზაციის კონტაქტის მცდელობები მაღალორგანიზებულ და გონიერ ოკეანესთან, რომელიც პლანეტა სოლარისის ერთადერთ მკვიდრს წარმოადგენს. რომანი ითვლება სამეცნიერო ფანტასტიკის კლასიკად.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

მოქმედება ხდება შორეულ მომავალში, ზუსტი წელი დაკონკრეტებული არ არის. რომანის ცენტრალურ და საკვანძო პერსონაჟს წარმოადგენს ფსიქიატრიის მკვლევარი, დოქტორი კრის კელვინი, რომელიც სამეცნიერო სადგურზე მორიგეობის მიზნით მიემგზავრება ხელოვნურ თანამგზავრზე, რომელიც პლანეტა სოლარისის გარშემო ბრუნავს. რომანში თხრობა წარმოდგენილია სწორედ დოქტორ კელვინის მოგონებების სახით-პირველ პირში. სადგურზე დამჯდარი კელვინი ამჩნევს, რომ მის გარშემო უცნაური მოვლენები ხდება და ყველაფერი ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. თავად პლანეტა კაცობრიობის ერთ-ერთი გრანდიოზული აღმოჩენაა. სიდიდით დედამიწაზე ოდნავ დიდი სოლარისის ზედაპირის აბსოლუტურ ნაწილს ფარავს ოკეანე, რომელიც ამავდროულად საოცრად მაღალგანვითარებული და გონიერი არსებაა. ეს გამოიხატება თუნდაც იმაში, რომ ოკეანე ასტაბილურებს პლანეტის ორბიტას, რომელიც განლაგებულია ორმაგი ვარსკვლავის, წითელი გიგანტის და ცისფერი ჯუჯის გარშემო და მაშასადამე, ციური მექანიკის ყველა კანონის გათვალისწინებით, ორბიტა არამდგრადი უნდა იყოს და პლანეტა მალე დაინთქას თავის ვარსკვლავთა წიაღში. თუმცა მეცნიერთა გასაოცრად, ეს ლოგიკური მოლოდინი ირღვევა, პლანეტის ორბიტა ალოგიკურად მდგრადია და ამას მისი მობინადრე ოკეანე უზრუნველჰყოფს - თუმცა გაუგებარია, როგორ. ნებისმიერი ცდა, დაუკავშირდნენ ოკეანეს, მთავრდება კრახით. თუმცა აშკარაა, რომ ოკეანეს ესმის ადამიანების, რადგან დროდადრო საკმაოდ ადეკვატურ რეაქციებს ამჟღავნებს. ამასთან, ოკეანის მხრიდან აგრესიულობის არავითარი ნიშანწყალი არ ჩანს. პირიქით, ის ნებას რთავს მკვლევარებს, დაეშვან პლანეტის მცირერიცხოვან ხმელეთზე, გაქვავებული ქაფისა და პლაზმის მასივებზე, რასაც ოკეანე დროდადრო გამოჰყოფს თავის წიაღიდან. ყველა ამ მასივის საერთო ფართობი ევროპის კონტინეტს არ აღემატება. პერიოდულად ოკეანეში წარმოიქმნება მაღალორგანიზებული სტრუქტურები-სიმეტრიადები, ასიმეტრიადები, მიმოიდები, გრძელანები, ხვეულები და სხვ. მათი ფორმების და ზომების მრავალფეროვნება შთამბეჭდავია, თუმცა ურიცხვი მცდელობის მიუხედავად დანიშნულების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. კონტაქტის წარუმატებელმა მცდელობებმა თავდაპირველი მხურვალე ინტერესი სოლარისის მიმართ დააშოშმინა და მეცნიერები მიიყვანა სასოწარკვეთილ დასკვნამდე, რომ, როგორც ჩანს, ცივილიზაციებს შორის სხვაობა იმდენად დიდია, რომ კონტაქტი შეუძლებელია. სადგური წარმოადგენს იმედების უკანასკნელ ნაშთს და მის ბინადართაც მალე ევაკუაცია ელის. სწორედ ამ დროს ჩამოდის დოქტორი კელვინი სადგურზე.

ბაზაზე დაფრენილი კელვინი მყისიერად ამჩნევს, რომ ირგვლივ ქაოსია გამეფებული. არსად ჩანან მომსახურე რობოტები-ავტომატები. არსად ჩანს სადგურის პერსონალი, დოქტორები გიბარიანი, სნაუტი და სარტორიუსი, რომლებიც მას უნდა დახვედროდენ. შემდგომ მჟღავნდება, რომ დოქტორმა გიბარიანმა კელვინის ჩამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე თავი მოიკლა, სნაუტი და სარტორიუსი კი ღრმა მანიაკალურ-დეპრესიულ მდგომარეობაში არიან ჩავარდნილი და ერთმანეთთან არ ურთიერთობენ. ნელ-ნელა მჟღავნდება, რომ ამის მიზეზია სადგურებზე არსებების გამოჩენა, რომლებიც პერსონალისთვის ძვირფასები არიან. მათ პერსონაჟებთან აკავშირებთ ღრმა, მატრავმირებელი და ხშირად უკიდურესად მტკივნეული, კოშმარული მოგონებები. შეუძლებელია მათ ფანტომები ეწოდოთ, რადგანაც აბსოლუტურად მატერიალურ ორგანიზმებს წარმოადგენენ. ამავდროულად, ისინი ადამიანები არ არიან. ერთ-ერთი ასეთ ფანტომთაგანია ჰარი, კელვინის მეუღლე, რომელმაც თავი ათი წლის წინ მოიკლა მათი განქორწინების პროცესის წინ. როგორც ირკვევა, ფანტომებს ოკეანე აგზავნის, თუმცა გაურკვეველია რატომ.

როგორც კელვინი, ასევე სნაუტი და სარტორიუსი ერთადაც და ცალ-ცალკე ცდილობენ გაარკვიონ თავიანთი მდგომარეობის არსი - სად გადის ზღვარი რეალობას და ჰალუცინაციას შორის. არის ეს ყველაფერი სინამდვილე თუ ირაციონალური სიგიჟე. ასტროფიზიკური დაკვირვებები მცირე თანამგზავრზე, რომელიც ბაზის მსგავსად მოძრაობს სოლარისულ ორბიტაზე ბაზის მონაცემთა კოორდინირების და დედამიწაზე ემისიის მიზნით, კელვინს უჩვენებს, რომ ეს არაა ვირტუალური რეალობა და ყველაფერი სინამდვილეში ხდება. იგი ასევე რწმუნდება, რომ მსგავს დაკვირვებებს ახორცილებდა დოქტორი გიბარიანიც და დარწმუნდა რა რეალობაში, სინამდვილეს ვერ გაუძლო და თავი მოიკლა.

კელვინის მიერ ფანტომების, უპირველესად კი ჰარის შესწავლა უჩვენებს, რომ ატომების დონემდე მათი ორგანიზმი ადამიანის მსგავსია. ისინი განიცდიან ტკივილს. ამასთან, მათი სიკვდილი ან დაზიანება შეუძლებელია. ჰარის ფილტვების და კანის ზედაპირის სწრაფი აღდგენა მოხდა მას შემდეგ, რაც მან თხევადი ჟანგბადი დალია სიკვდილის მიზნით, რაც ნებისმიერი ადამიანისთვის სასიკვდილო იქნებოდა, მაგრამ არა ფანტომისთვის. ატომურ დონეზე მსგავსება ირღვევა. თუ ადამიანისთვის ატომური აგებულება ჩვეულებრივია. როგორც ჩანს ფანტომები სუბატომური ნაწილაკების - უპირატესად ნეიტრინოების კარკასით არიან აგებულნი, რაც ჩვეულებრივ მდგომარეობაში არამდგრადი იქნებოდა და მყისიერად დაშლიდა ფანტომებს, რომ არა ოკეანის მასტაბილიზებელი ზეგავლენა. გარკვეული ელექტრომაგნიტური თუ გრავიტაციული ემისიით იგი ისევე ზუსტად ასტაბილურებს მის შექმნილ ფანტომებს, როგორც თავისივე თავის ორბიტას თავისი მზეების გარშემო. ფანტომებს ფიზიკურად არ შეუძლიათ, გაძლონ თავიანთი სუბიექტის გარეშე. მათ უზღვავი ფიზიკური ძალა გააჩნიათ. კელვინმა ჰარის პირველი ფანტომი კოსმოსში მოტყუებით გაუშვა მისი მკვლელობის მიზნით, მაგრამ ფანტომმა სასტარტო მოედანზე კეთილშობილი უმტკიცესი ლითონებისგან (ირიდიუმი და სხვ.) აგებული უმტკიცესი კაფსულის რყევები გამოიწვია შიგნიდან დარტყმებით, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელია ადამიანისთვის. მათ სასიცოცხლოდ ჟანგბადიც არ სჭირდებათ, შეუძლიათ რა არსებობა როგორც ვაკუუმში, ასევე სოლარისის ადამიანისთვის შხამიან ატმოსფეროში. ჰარის მეორე ფანტომმა შიშისგან სააბაზანოს ასევე უმტკიცესი კარი დაგლიჯა, როდესაც რაღაც მომენტში კელვინისგან განცალკევებული აღმოჩნდა. ამასთან, ფანტომებს მწყობრი მეხსიერება არ გააჩნიათ. მათ ახსოვთ თავიანთი სუბიექტების მოგონებები მათი ორიგინალების შესახებ, ახსოვთ ცალკეული წყვეტილი ისტორიები, მაგრამ როგორ მოხვდნენ ბაზაზე, ამას ვერ აცნობიერებენ. მათ მეხსიერებაში ღრმა ჩავარდნებია.

კელვინი ვერ უტყდება საკუთარ თავს, მაგრამ იგი იწყებს ჰარის მეორე ფანტომის შეყვარებას - იმის ფონზე რომ იგი მწარედ აცნობიერებს მის დანაშაულს ნამდვილი ჰარის დაღუპვაში ათი წლის წინ დედამიწაზე. ამასთან, ჰარის ფანტომი ნელ-ნელა ყველანაირად ემსგავსება რეალურ ჰარის და ბოლომდე ადამიანურდება. ამ დროს იბადება კელვინის კონფლიქტი სნაუტთან და სარტორიუსთან, რომლებიც აიძულებენ მას რეალობას თვალი გაუსწოროს და აღიაროს, რომ ჰარის ფანტომი არის არა „ვინ“, არამედ „რა“ და ნებისმიერი საქციელი სცდება ადამიანური მორალის ჩარჩოებს და არ უნდა იქნეს განხილული მორალის მიხედვით. იგი არც ადამიანია და მით უმეტეს, არც ჰარი. იგი მხოლოდ და მხოლოდ ადამიანებზე ოკეანის ექსპერიმენტია, რომელიც თავის მხრივ ადამიანების იმ ნაბიჯის შედეგია, როდესაც კელვინის ჩამოსვლამდე ოკეანის ზედაპირს უმძლავრესად გენერირებული და ვიწრო კონად მოდულირებული გამა-გამოსხივება დაასხივეს სხვადასხვა უბნებზე, სადაც ოკეანეს გადასცეს ადამიანის ცივილიზაციის ყველა საკვანძო მომენტი და ცოდნა. ამ დასხივების შემდეგ ერთ-ერთმა მფრინავმა თავისი თვალით იხილა, როგორ წარმოქმნიდა ოკეანე თავის წიაღში ქალაქებს, ადამიანებს, ჩვეულებრივ ტექნიკურ გარემოს - თუმცა მისი მონაყოლი ბოდვად მიიჩნიეს და სერიოზულად არ მოჰკიდებიან. ეს კი ტრაგიკული შეცდომა აღმოჩნდა. იყო მსხვერპლიც, მიუხედავად ოკეანის არააგრესიულობისა.

ბოლოსდაბოლოს ჰარის ფანტომი აცნობიერებს თავის რამდენადმე დანაშაულებრივ როლს და სთხოვს სარტორიუსს და სნაუტს ანტინივთიერების ანიჰილაციის გზით გაანადგურონ იგი, რაც ერთადერთი გზაა ფანტომის გასანადგურებლად. ფანტომი კვდება, მიუხედავად კელვინის გაშმაგებული პროტესტისა. გონდაკარგული კელვინი გაშმაგებით მოითხოვს ანიჰილატორის მიმართვას თავად სოლარისისკენ და ოკეანის განადგურებას, თუმცა სნაუტი და სარტორიუსი მას ამის უფლებას არ აძლევენ. ბოლოს კელვინი თანხმდება, რომ მისი ტვინის ენცეფალოგრამა გადაეცეს ოკეანეს. საპასუხოდ ოკეანე მოულოდნელად წყვეტს ფანტომების გამოგზავნას. დედამიწაზე გასაგზავნად გამზადებული ევაკუაციის სასწრაფო განწირული სიგნალი უქმდება და ოკეანესთან კონტაქტის ახალი იმედი ჩნდება. ეკიპაჟი სადგურზე რჩება. კელვინი ოკეანის ზედაპირთან ეშვება და ოკეანეს ფიზიკურად ეკონტაქტება. იბადება ფრთხილი ოპტიმიზმის მოლოდინი დასასრულის სახით:

ვიკიციტატა
„ამ ცოცხალწარმონაქმნის ყოველ მოძრაობაში, დაკვირტვაში, ზრდაში, გავრცელებაში რაღაცნაირი; თუ შეიძლება ასე ითქვას ფრთხილი, მაგრამ არა შიშნეული გულუბრყვილობა ვლინდებოდა; როდესაც იგი ცდილობდა თავდავიწყებით, აჩქარებით შეეცნო, აეთვისებინა ახალი, მოულოდნელად შეხვედრილი ფორმა და შუაგზაზე იძულებული ხდებოდა დაეხია; რადგან ამას შეიძლებოდა მოჰყოლოდა იდუმალი კანონით დადგენილი საზღვრების დარღვევა.

რა წარმოუდგენელ კონტრასტს ჰქმნიდა მისი შემპარავი ცნობისმოყვარეობა ჰორიზონტიდან ჰორიზონტამდე გადაჭიმულ მოლაპლაპე უკიდეგანობასთან! ტალღათა თანაბარ სუნთქვაში ასე სრულად პირველად შევიგრძენი გოლიათის სიახლოვე. მისი მძლავრი, მკაცრი დუმილი. გაქვავებული, ღრმა ფიქრებში წასული ვეშვებოდი მიუწვდომელ სიღრმეებამდე და თავგზააბნეული ვერწყმოდი ამ თხევად, ბრმა გოლიათს. ვუნდობდი ყველაფერს ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. უსიტყვოდ, უაზროდ.

მთელი ბოლო კვირა ისე სამაგალითოდ ვიქცეოდი, რომ ბოლოსდაბოლოს სნაუტი დამშვიდდა და უნდობლად აღარ მიყურებდა. გარეგნულად დამშვიდებული შინაგანად მაინც რაღაცას ველოდი. რას? მის დაბრუნებას? როგორ შემეძლო ამის იმედი მქონოდა? ყოველმა ჩვენგანმა იცის, რას წარმოადგენს მატერიალური არსება, რომელიც ფიზიოლოგიის და ფიზიკის კანონებს ექვემდებარება და რომ ჩვენი ყველა გრძნობის ძალაც კი ერთად აღებული წინ ვერ აღუდგება ამ კანონებს. შეუძლია მხოლოდ სძულდეს ისინი - შეყვარებულების და პოეტების საუკუნოვანი რწმენა სიყვარულის ყოვლისშემძლეობისა, სიკვდილს რომ ამარცხებს. სიტყვები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში თან გვდევს - „სიყვარული სიკვდილზე ძლიერია“ - სიცრუეა. თუმცა ეს სიცრუე სასაცილო კი არა, უაზროა. მაგრამ თუ იცი, რომ დროის აღმრიცხველი საათი ხარ, რომლის დაშლა და აწყობა შეიძლება. რომლის მექანიზმში, შეეხება თუ არა მქნევარას კონსტრუქტორი, იწყება სასოწარკვეთა და სიყვარული; თუ იცი რომ შენ ხარ მხოლოდ ტანჯვის რეპეტირი, მით უფრო ძლიერი ტანჯვისა, რაც უფრო სასაცილო ხდება იგი თავისი მრავალჯერადობის გამო? ადამიანური არსებობის გამეორება კარგია. მაგრამ განა ისე, როგორც ლოთი იმეორებს გაცვეთილ მელოდიას მუსიკალურ ყუთში ახალ-ახალი შავი ფულის ჩაყრით! ერთი წუთითაც კი არ მჯეროდა, რომ თხევად გოლიათს, რომელმაც ასობით ადამიანს განუმზადა სიკვდილი თავის წიაღში, რომელთანაც თუნდაც სულ მცირე ურთიერთგაგების ძაფის გაბმას ამაოდ ცდილობდა მთელი ჩემი რასა ათეული წლების განმავლობაში, რომ მას, ვინც მტვრის ნაწილაკივით დამაქანებდა აქეთ-იქით, გულს აუჩუყებდა ორი ადამიანის ტრაგედია. მის მოქმედებას ჰქონდა რაღაც მიზანი, თუმცა ამაში მე მთლად დარწმუნებული არ ვიყავი. მაგრამ წასვლა იმას ნიშნავდა, რომ მომესპო ის თუნდაც უმცირესი, თუნდაც მხოლოდ წარმოსახვაში არსებული შესაძლებლობა, რომელიც მომავალს მოჰქონდა. მაშასადამე, ისევ წლები იმ ავეჯსა და ნივთებს შორის, რომელთაც ჩვენ ერთად ვეხებოდით ჰაერში, რომელიც ისევ ინახავდა მის სუნთქვას? რის გამო? მისი დაბრუნების იმედით? იმედი არ მქონდა. მაგრამ ჩემში ცოცხლობდა მოლოდინი, ეს იყო უკანასკნელი, რაც გამაჩნდა. რის აღსრულება, რა დაცინვა, ტანჯვა მელოდა კიდევ? არაფერი არ ვიცოდი, მაგრამ წინანდებურად მჯეროდა, რომ მკაცრი საოცრებების დრო ჯერ არ გარდასულიყო.“

რომანის შექმნის იდეა ლემს 1950-იანი წლების ჯერ კიდევ შუახანებში გაუჩნდა. თავად რომანი დაიწერა 1959 წელს პატარა პროვინციულ პოლონურ ქალაქ ზაკოპანეში 6 კვირის განმავლობაში ძირითადად ივნისის თვეში. თუმცა ბოლო თავი ერთი წლის შემდეგ დასრულდა.

თავად ლემი ასე ახასიათებდა „სოლარისს“:

ვიკიციტატა
„იმ წლებში მე განსაკუთრებით კარგად ვიყავი ინფორმირებული ახალი სამეცნიერო მიმდინარეობების შესახებ. საქმე ის არის, რომ კრაკოვის წრე სამეცნიერო ლიტერატურის თავისებური კოლექტორი იყო, რომელიც ამერიკიდან და კანადიდან ყველა პოლონურ უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნას ისრუტავდა. ვხსნიდი რა წიგნის ყუთებს, „ვსესხულობდი“ ჩემთვის საინტერესო სხვადასხვა ნაშრომებს. კერძოდ ნორბერტ ვინერის „კიბერნეტიკას და საზოგადოებას“. ყველაფერ ამას მე ღამ-ღამობით „ვყლაპავდი“, რათა წიგნები რაც შეიძლება სწრაფად მისულიყვნენ თავიანთ ჭეშმარიტ ადრესატებთან. მოვაგროვე რა ასეთი გზით ცოდნა, დავწერე რომანები, რომელთა დღესაც არ მრცხვენია: „სოლარისი“, „ედემი“, „დაუმარცხებელი“.

...

ვფიქრობ, რომ ჩემი სამწერლობო გზის დასაწყისში მეორეხარისხოვან ლიტერატურას ვქმნიდი. მეორე ეტაპზე კი („სოლარისი“, „ედემი“) მივაღწიე სივრცის საზღვარს, რომელიც კი ოდესმე გამოკვლეულა.

...

„სოლარისის“ მსგავსი ყველა რომანი დაიწერა ერთი და იგივე მეთოდით, რომლის ახსნა თავადაც არ შემიძლია. ახლაც კი შემიძლია გაჩვენოთ ის ადგილები „სოლარისში“ და „დაბრუნება ვარსკვლავეთიდან“, სადაც წერის დროს არსებითად მკითხველის როლში გამოვდიოდი. როდესაც კელვინი ეშვება სოლარისის ბაზაზე და მას არავინ ხვდება, როდესაც იგი მიეშურება ვინმეს მოსაძებნად და სნაუტს წააწყდება, ხოლო [სნაუტს] აშკარად ეშინია მისი; წარმოდგენაც კი არ მქონდა, თუ რატომ არავინ შეხვდა დედამიწიდან წარმოგზავნილს და რისი ეშინია სნაუტს. დიახ, არანაირად არაფერი არ ვიცოდი რაღაც პლანეტის გარემომცველ „ცოცხალ ოკეანეზე“, ყველაფერი ეს ჩემთვის მოგვიანებით გაიხსნა, როგორც მკითხველისთვის კითხვის პროცესში, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მხოლოდ მე შემეძლო მომეყვანა ყველაფერი წესრიგში.

...

„სოლარისს“ მე წარმატებულ რომანად ვთვლი.“
(სტანისლავ ლემი, „ჩემი ცხოვრება“)

დაბეჭვდისთანავე რომანმა წარმატება მოიპოვა და დღესაც კი, თითქმის 55 წლის შემდეგ, იგივე გრძელდება. იგი დღემდე რჩება სამეცნიერო ფანტასტიკის შედევრად და ჟანრის კანონიკურ კლასიკად. თარგმნილია მსოფლიოს ორმოცდაათზე მეტ ენაზე, მათ შორის ქართულზეც ნორა ქართველიშვილის მიერ და გამოცემული 1979 წელს გამომცემლობა „ნაკადულის“ მიერ. იგივე თარგმანი 2014 წელს ხელახლა გამოსცა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ.[2]

„სოლარისმა“ გავლენა მოახდინა მომდევნო პერიოდის ბევრ ფანტასტზე და აიზეკ აზიმოვის „მე რობოტის“ და რეი ბრედბერის „მარსის ქრონიკების“ გვერდით ჟანრის ერთგვარ ბიბლიად იქცა. შეიქმნა რომანის სამი ეკრანიზაცია. პირველი ორი 1968 და 1972 წლებში ბორის ნირენბურგის და ანდრეი ტარკოვსკის რეჟისორობით, შესაბამისად, ხოლო მესამე 2002 წელს ჰოლივუდში სტივენ სოდერბერგის რეჟისორობით. სამივე ეკრანიზაციას თავად ლემი დიდი სიხარულით არ შეხვედრია. პირიქით, მისი რეაქცია საკმაოდ ნეგატიური იყო, რადგან თვლიდა, რომ ფილმებში ძირითადი ყურადღება ან კოსმოსური სიყვარულის, ან კოსმოსისადმი შიშზე იქნა გადატანილი, რაც გარდა იმისა რომ რომანის შინაარსს არ შეესაბამებოდა, საკითხის მეტისმეტად ტრივიალური წარმოჩენა იყო და ამასთან, შიშის შემთხვევაში, არასწორიც. ეკრანიზაციების გარდა არსებობს მრავალი თეატრალური, საოპერო სპექტაკლები. მისი სახელწოდება ეწოდა მრავალ მუსიკალურ ჯგუფს თუ კომპოზიციას და თავად ოპერაციულ სისტემასაც კი (Oracle Corporation-ის Solaris).

ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო (ნასა) საერთაშორისო ასტრონომიულ კავშირთან თანამშრომლობით აცხადებს მზადყოფნას, რომ რეალურად დადასტურებულ პლანეტას, რომელიც დაფარული იქნება თხევადი ოკეანით, აღმოჩენის შემთხვევაში, სოლარისი ეწოდოს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Solaris. Solaris. ციტირების თარიღი: November 17, 2010.
  2. http://sulakauri.ge/books/single/1136