ნიყვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სოკოწითელა)
ნიყვი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ამანიტასებრნი
გვარი:  ამანიტა
სახეობა:  ნიყვი
ლათინური სახელი
Amanita caesarea(Scop.) Pers. (1801)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 125433663

ნიყვი (ლათ. Amanita caesarea) — ქუდიანი სოკო ამანიტასებრთა ოჯახისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკას.

ერთ-ერთ საუკეთესო საჭმელ სოკოდ ითვლება. სითბომოყვარულია. ნიყვი ცნობილი იყო ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში. იზრდება ფოთლოვან, იშვიათად წიწვოვან ტყეებში ერთეულებად ან ჯგუფებად ზაფხულიდან შემოდგომამდე. მიკორიზას წარმოქმნის მუხასთან, წიფელთან, წაბლთან და სხვა სახეობის ხეებთან.

სოკო პირველად აღწერა იტალიელმა მიკოლოგმა ჯოვანი ანტონიო სკოპოლიმ 1772 წელს როგორც Agaricus caesareus.[1] მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიანიჭა გერმანელმა მიკოლოგმა კრისტიან ჰენდრიკ პერსონმა 1801 წელს.[2]

სამეცნიერო სინონიმები:

  • Agaricus caesareus  Scop. (1772)
  • Agaricus aurantiacus  Bull. (1783)
  • Agaricus aureus Batsch (1783)
  • Amanita aurantia Lam. (1783)
  • Fungus caesareus O.Kuntze (1898)
  • Venenarius caesareus (Scop.) Murrill (1913)

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუდის დიამეტრი — 8-20 სმ, განვითარების ადრეულ ეტაპზე სფეროსებრია და გახვეულია საერთო საბურველში, რომელიც მოგვაგონებს კვერცხს. მოგვიანებით ამოზნექილია და ბოლოს გაშლილი, ზოლიანი კიდეებით. კანი ოქროსფერ-ნარინჯისფერი ან ღია წითელი ფერის, მშრალი. ზედაპირზე საბურველის ნარჩენები იშვიათად შეინიშნება.

რბილობი — ხორცოვანი, კანქვეშ ღია ყვითელია;[3] ფეხში თეთრია, განსაკუთრებული სუნისა და გემოს გარეშე.

ფეხის სიგრძე — 8-12 ს, სისქე 2-3 სმ, ძირში ბოლქვისებურად გასქელებული, ყვითელ-ნარინჯისფერი, გლუვი, საყელოს ზემოდან ოდნავ ზოლიანი, ქვემოდან სადაა.

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები ოქროსფერ-ყვითელი, თავისუფალი, ხშირი, შუაში განიერი. კიდეები ოდნავ ფოჩისებრი.

სპორების ფხვნილი — თეთრი,[4] სპორები — კვერცხისებრ-ელიფსისებრი, 8-12×6-7 მკმ, არაამილოიდური. ბაზიდიუმი ოთხსპორიანი, 40-45×8-10 მკმ, გურზისებრი, თხელკედლიანი, უფერული.

საბურველის ნარჩენები: საყელო დაღმავალი, ფართე, დაღარული, ფეხის ფერია; ვოლვა თავისუფალი, ტომრისებრი, რომლის სიგრძე 6 სმ-მდე, ხოლო სიგანე — 4-5 მმ-მდე აღწევს, გარედან თეთრია, შიგნიდან შეიძლება იყოს მოყვითალო ან ნარინჯისფერი ელფერით.

გავრცელება და ეკოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიკორიზას წარმოქმნის მუხასთან, წიფელთან, წაბლთან და სხვა სახეობის ხეებთან. იზრდება ნიადაგზე ერთეულებად ან ჯგუფებად ფოთლოვან, იშვიათად წიწვოვან ტყეებში. უპირატესობას ანიჭებს ქვიაშიან და მშრალ ნიადაგს. სითბომოყვარული სოკოა. დადგენილია, რომ ნაყოფიერებისთვის ესაჭიროება სტაბილური თბილი ამინდი (20 °C და ზემოთ) 15-20 დღის განმავლობაში.

გავრცელების არეალი მოიცავს ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყლებს. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში გვხვდება დასავლეთ საქართველოში,[5] აზერბაიჯანსა და ჩრდილოეთ კავკასიაში. ევროპაში გვხვდება სამხრეთ ესპანეთში, იტალიაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში — სამხრეთ საფრანგეთიდან უნგრეთამდე[6] და ჩეხეთამდე, პოლონეთში სამხრეთით (იშვიათად). აზიაში გავრცელების არეალი მოიცავს ირანს,[7] ინდოეთს,[8] ჩინეთს (სიჩუანის პეოვინცია), იაპონიასა და რუსეთს (პრიმორიეს მხარე), ჩრდილოეთ აფრიკაშიალჟირსა და მაროკოს, ჩრდილოეთ ამერიკაშიმექსიკაში.

ნიყვი შესულია უკრაინისა და პოლონეთის გადაშენების პირას მყოფი სახეობების ნუსხაში.[9][10] სოკო კანონით დაცულია ხორვატიაში, სლოვაკეთში, ჩეხეთსა და გერმანიაში.

სეზონი — ივნისიდან სექტემბრამდე.[11][12]

მსგავსი სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოუცდელ მესოკოვეს ნიყვი შესაძლოა აერიოს მისივე გვარის შხამიან სოკოში, ცადამაყვანაში, რომელსაც, განსხვავებით ნიყვისგან, ფეხი და ფირფიტები თეთრი ფერის აქვს. გარდა ამისა, „კვერცხისებრ“ სტადიაში, ნიყვი მეტად წააგავს მისივე გვარის მომაკვდინებლად შხამიან სოკოებს, მაგალითად, როგორიცაა შხამასოკო. ნიყვის მათგან გარჩევა ადვილია: გაჭრისას ნიყვის რბილობი ყვითელია, შხამასი თეთრი, ხოლო ნიყვის საერთო საბურველი გაცილებით სქელია, ვიდრე შხამასი.

კვებითი ღირებულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთ-ერთ საუკეთესო საჭმელ სოკოდ ითვლება. ახასიათებს თხილის სასიამოვნო გემო. გამოიყენება ახალი, ცხიმში შემწვარი, მოხარშული, დამარინადებული და გამხმარი, აგრეთვე ღუმელში და გრილზე შემწვარი. იჭმევა უმადაც;[13] ხმარობენ სალათებსა[14] და სხვადასხვა წვნიან კერძებში.

ნიყვი ცნობილი იყო ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში. მას მიირთმევდნენ რომის იმპერატორები,[15] საიდანაც მოდის მისი ლათინური სახელწოდება კეისრის სოკო. ძველ რომში მას Bōlētus უწოდებდნენ. არსებობს ვარაუდი, რომ რომის იმპერატორი კლავდიუსი მოწამლა ცოლმა — აგრიპინამ (მომავალი იმპერატორის ნერონის დედამ), რომელმაც ნიყვთან ერთად მეუღლეს შხამა-სოკოც შეაპარა.[5]

ადგილობრივი სახელწოდებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს რეგიონების მიხედვით:[16]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Scopoli JA. (1772). Flora Carniolica exhibiens Plantas Carnioliae Indigenas et Distributas in Classes, Genera, Species, Varietates ordine Linnaeano. Vol. 2 (la). Vienna: Johann Paul Krauss, გვ. 419. 
  2. Persoon CH. (1801). Synopsis Methodica Fungorum (la). Gottingae, გვ. 252.
  3. Лессо Т. Грибы, определитель / пер. с англ. Л. В. Гарибовой, С. Н. Лекомцевой. — М.: «Астрель», «АСТ», 2003. — С. 145. — ISBN 5-17-020333-0.
  4. Breitenbach J, Kränzlin F (1995). Fungi of Switzerland 4: Agarics, 2nd Part. p. 146. ISBN 3-85604-240-7.
  5. 5.0 5.1 ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 139, ISBN 99940-856-1-1.
  6. Zoltan K. (1986). "Mushrooms Of The Vali Forest Central Hungary". Botanikai Kozlemenyek (in Hungarian). 73 (1–2): 49–72. ISSN 0006-8144.
  7. Asef M.R. (2020). Field guide of Mushrooms of Iran. Tehran: Iran-Shanasi Press. p. 360. ISBN 9786008351429.
  8. Rishikesh M. (2003). "Some wild edible mushrooms of Siang valley: Arunachal Pradesh". Plant Archives. 3 (1): 81–84. ISSN 0972-5210.
  9. Sarkina IS, Prydiuk MP, Heluta VP (2003). "Macromycetes of Crimea, listed in the red data book of Ukraine". Ukrayins'kyi Botanichnyi Zhurnal. 60 (4): 438–46. ISSN 0372-4123.
  10. Zbigniew Mirek: Red list of plants and fungi in Poland = Czerwona lista roślin i grzybów Polski. Kraków: W. Szafer Institute of Botany. Polish Academy of Sciences, 2006. ISBN 83-89648-38-5.
  11. Bruno Cetto: „Der große Pilzführer”, vol. 1, Editura BLV Verlagsgesellschaft, München, Berna, Viena 1976, p. 94-95, ISBN 3-405-11774-7
  12. Linus Zeitlmayr: „Knaurs Pilzbuch”, Editura Droemer Knaur, München-Zürich 1976, p. 116, ISBN 3-426-00312-0
  13. Grünert, H.; Grünert, R.; VV.AA. (1984). Guías de Naturaleza Blume: Setas (t. original:"Pilze"). Barcelona: Blume. p. 20. ISBN 84-87535-11-9.
  14. Antonio Carluccio. Complete mushroom book : the quiet hunt. — London: Quadrille, 2003. — 224 pages с. — ISBN 1-84400-040-0, 978-1-84400-040-1.
  15. Volk, Tom. Tom Volk's Fungus of the Month for March 2002. ციტირების თარიღი: 17 ნოემბერი, 2012.
  16. Amanita caesarea (Scop.) Pers.. საქართველოს სოკოებისა და ლიქენების ეთნობიოლოგოა. ციტირების თარიღი: 30 ოქტომბერი, 2022.