სოგომონ ტეილერიანი
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
| სოგომონ ტეილერიანი | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი |
2 აპრილი, 1896 Nerkin Pakarich (Բագառիճ), Erzurum Vilayet, ოსმალეთის იმპერია (ამჟამინდელი Çadırkaya, Tercan, თურქეთი)[1] |
| გარდაცვალების თარიღი |
23 მაისი, 1960 (64 წლის) სან-ფრანცისკო, კალიფორნია, აშშ. |
| დაკრძალულია | სან-ფრანცისკო, კალიფორნია, აშშ. |
| ეროვნება | სომხები[2] [3] [4] |
| მოქალაქეობა |
აშშ |
| საქმიანობა | vigilante |
სოგომონ ტეილერიანი (სომხ. Սողոմոն Թեհլիրեան დ. 2 აპრილი, 1896 – გ. 23 მაისი, 1960) იყო სომეხი რევოლუციონერი და ჯარისკაცი, რომელმაც მე-20 საუკუნის დასაწყისში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სომხურ ეროვნულ მოძრაობაში. იგი ფართოდ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც 1921 წლის 15 მარტს ბერლინში ოსმალეთის იმპერიის ყოფილი დიდი ვეზირი, თალაათ ფაშა მოკლა.
ტეილერიანს ეს მისია ოპერაცია „ნემესისის“ ფარგლებში დაევალა. ეს იყო სომხეთის რევოლუციური ფედერაციის მიერ ორგანიზებული ფარული გეგმა, რომლის მიზანიც იყო შურისძიება იმ გენოციდისთვის, რომელიც ოსმალეთის იმპერიამ 1915-1918 წლებში სომხების წინააღმდეგ მოაწყო.
პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, მოკავშირე ძალების ზეწოლით, ოსმალეთის მთავრობამ დაიწყო სასამართლო პროცესების სერია. მიზანი ოსმალეთის ოფიციალური პირების პასუხისგებაში მიცემა იყო მათ მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებებისა და, მათ შორის, სომხების გენოციდისთვის. ეს სასამართლო პროცესები სტამბოლში ჩატარდა, რომელიც იმ დროს მოკავშირეთა ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა.
ოსმალეთის რამდენიმე მაღალჩინოსანი, მათ შორის თალაათ ფაშა, ენვერ ფაშა და სხვა პირები, დაუსწრებლად გაასამართლეს. თალაათ ფაშას სიკვდილი მიუსაჯეს, თუმცა ის უკვე გაქცეული იყო ქვეყნიდან. მიუხედავად ამისა, სომხეთის რევოლუციურმა ფედერაციამ მიზნად დაისახა, არ მიეცა დამნაშავეებისთვის სამართლისგან თავის დაღწევის საშუალება. სწორედ ამ მიზნით დაევალა სოგომონ ტეილერიანს თალაათ ფაშას ლიკვიდაცია.
ორდღიანი პროცესის შემდეგ გერმანიის სასამართლომ ტეილერიანი უდანაშაულოდ ცნო და გაათავისუფლა. მოგვიანებით, იგი საცხოვრებლად გადავიდა შეერთებულ შტატებში, სან-ფრანცისკოში, სადაც 1960 წლის 23 მაისს ცერებრალური სისხლდენით გარდაიცვალა.
სომხეთში ტეილერიანი ეროვნულ გმირად მიიჩნევა.[5]
ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოგომონ ტეილერიანი დაიბადა 1896 წლის 2 აპრილს, ოსმალეთის იმპერიაში, ერზრუმის პროვინციის სოფელ ნერკინ ბაგარიჯში (Բագառիճ).[6] იგი ერზინჯანში გაიზარდა.[7]
მამამისი სერბეთში გაემგზავრა, რათა ოჯახისთვის ქვეყნიდან ემიგრაცია მოემზადებინა.[8] 1905 წელს, სამშობლოში დაბრუნებისას, იგი დააპატიმრეს და ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამ პერიოდში ტეილერიანის ოჯახი ნერკინიდან ერზინჯანში გადავიდა საცხოვრებლად.[8] სოგომონმა განათლება ერზინჯანის პროტესტანტულ დაწყებით სკოლაში მიიღო.[8] კონსტანტინოპოლის გეტრონაგანის (ცენტრალური) ლიცეუმის დამთავრების შემდეგ, ის ინჟინერიის შესასწავლად სერბეთში გაემგზავრა. იგი სამომავლოდ გერმანიაში სწავლის გაგრძელებასაც გეგმავდა.[8][9]
გენოციდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1914 წლის ჩათვლით იგი სერბეთში, ვალევოში ცხოვრობდა.[10] იმავე წლის შემოდგომაზე კი ნებაყოფლობით გადავიდა რუსეთში და ჯარში ჩაირიცხა, რათა კავკასიის ფრონტზე მოხალისეთა ნაწილში თურქების წინააღმდეგ ებრძოლა. [11]
„History's Great Untold Stories: Larger than Life Characters & Dramatic Events that Changed the World“-ის მიხედვით, 1915 წლის ივნისში ოსმალეთის ადგილობრივმა პოლიციამ ერზინჯანში მცხოვრები ყველა სომეხის დეპორტაციის ბრძანება გასცა. ტეილერიანის დედა, სამი და, დის ქმარი, ორი ძმა და ორი წლის დისშვილი გადაასახლეს.[12] გადმოცემის თანახმად, ტეილერიანმა სომეხთა გენოციდის შედეგად ოჯახის 85 წევრი დაკარგა.[13]
2016 წელს ტეილერიანის ვაჟმა, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა, გამოცემა The Independent-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ტეილერიანის დედა და უფროსი ძმა, ვასკენი, გენოციდის დროს დაიღუპნენ (ეს უკანასკნელი მედიცინას სწავლობდა და ბეირუთში ცხოვრობდა). თუმცა, მისივე თქმით, ტეილერიანს და არ ჰყოლია, მამამისი რუსეთში იბრძოდა, ხოლო მისი დანარჩენი ორი ძმა სერბეთში იმყოფებოდა.[14]
თალაათ ფაშას მკვლელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი მსოფლიო ომის შემდეგ სოგომონ ტეილერიანი კონსტანტინოპოლში (ამჟამინდელი სტამბოლი) გაემგზავრა, სადაც მოკლა ჰარუტიან მგრდიტიჩიანი (ოსმალეთის იმპერიის ყოფილი ოფიციალური პირი, რომელიც 1915 წლის 24 აპრილს სომეხი ინტელექტუალების სადეპორტაციო სიებს ადგენდა). მისმა ამ ქმედებამ ოპერაცია „ნემესისის“ ორგანიზატორების ყურადღება მიიპყრო. მათ მიზნად ჰქონდათ დასახული, შური ეძიათ სომხების გენოციდის იმ მთავარ შემოქმედებზე, რომლებმაც მართლმსაჯულებას თავი აარიდეს.
ოპერაცია „ნემესისის“ ძირითად სამიზნეს „ერთობისა და პროგრესის კომიტეტის“ (CUP) წევრები — ოსმალეთის იმპერიის ის მმართველი გუნდი წარმოადგენდა, რომლის დროსაც სომეხთა გენოციდი მოხდა. პირველ მსოფლიო ომში დამარცხებისა და იმპერიის ნგრევის პარალელურად, მათ თავი ევროპას შეაფარეს. მათი სიის სათავეში ოსმალეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და გენოციდის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი, თალაათ ფაშა იყო.
1920 წლის შუა რიცხვებში, „ნემესისის“ ოპერატორებმა ტეილერიანს გენოციდის ორგანიზატორთა შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს. ოპერაციის ლიდერები, მათ შორის არმენ გარო (გამოჩენილი სომეხი რევოლუციონერი და ოსმალეთის ყოფილი პარლამენტარი), სოგომონს ატყობინებდნენ, რომ დაუსწრებლად გამოტანილი სასიკვდილო განაჩენის მიუხედავად, ნასამართლევმა პირებმა სასჯელს თავი აარიდეს და გადასახლებაშიც აგრძელებდნენ სომხების წინააღმდეგ მოქმედებას.
ოპერაცია „ნემესისის“ მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა, როდესაც 1920 წლის ბოლოს თურქეთის ეროვნული მოძრაობა, მუსტაფა ათათურქის ხელმძღვანელობით, სომხეთში შეიჭრა. შეჭრის მიზეზი ომში დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება და სომეხთა წინააღმდეგობის შესუსტება იყო.
„ნემესისმა“ ტეილერიანს შვიდ საკვანძო ფიგურაზე მიაწოდა ფოტოსურათები და დეტალური ინფორმაცია, მათ შორის თალაათ ფაშაზე, რომელიც, მათი ინფორმაციით, ბერლინს აფარებდა თავს.
თალაათ ფაშა, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და დიდი ვეზირი, იყო ახალგაზრდა თურქების ტრიუმვირატის (ცნობილი როგორც „სამი ფაშა“) წევრი. ოსმალეთის იმპერიის კონტროლი იმჟამად სწორედ მათ ხელში იყო. როგორც კი სოგომონმა თალაათ ფაშას საცხოვრებელი მისამართი დაადგინა (ბერლინში, შარლოტენბურგის რაიონში, ჰარდენბერგშტრასე 4), მან იქვე ბინა იქირავა და ფაშას დღიური რუტინის შესწავლა დაიწყო.[15]
1921 წლის 15 მარტის დილას სამიზნემ რეზიდენცია დატოვა. სოგომონი მას ჯერ ტროტუარის მოპირდაპირე მხრიდან გაჰყვა, ვინაობის დასადასტურებლად. შემდეგ ქუჩა გადაჭრა, აჩქარებული ნაბიჯით ჩაუარა და კიდევ ერთხელ შეხედა. უეცრად უკან მოტრიალდა, თალაათ ფაშას Luger P08 პისტოლეტი მიუმიზნა და კისრის არეში ერთი გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა.[16][17] 9-მილიმეტრიანი ტყვიით თალაათ ფაშა ადგილზევე დაიღუპა.[18] დღის შუქზე მომხდარმა მკვლელობამ გარშემომყოფები დააფრთხო, თუმცა სოგომონი, თავისი ხელმძღვანელების დარიგებისამებრ, არ მიმალულა და გერმანიის პოლიციამაც იგი იქვე დააკავა.[19]
სასამართლო პროცესი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტეილერიანის სასამართლო პროცესი ვაიმარის რესპუბლიკის დაარსებიდან მალევე ჩატარდა და მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს სამი გერმანელი ადვოკატი წარმოადგენდა, მათ შორის იყო კილის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი თეოდორ ნიმეიერი. სოგომონი თორმეტი ნაფიცი მსაჯულის წინაშე წარდგა. სასამართლო პროცესმა მნიშვნელოვანი ყურადღება მიიპყრო. მოწმეებად გამოიძახეს რამდენიმე ცნობილი ადამიანი, მათ შორის: გრიგორ ბალაქიანი (მღვდელი და სომეხთა გენოციდს გადარჩენილი პირი), გერმანელი აქტივისტი იოჰანეს ლეპსიუსი და გენერალი ოტო ლიმან ფონ სანდერსი, რომელიც ომის დროს ოსმალეთის არმიაში ფელდმარშალად მსახურობდა.
უშუალოდ მკვლელობის აქტის მიღმა, პროცესი ძირითადად ფოკუსირებული იყო ტეილერიანის რწმენაზე, რომ თალაათ ფაშა სომეხთა გადასახლებისა და გენოციდის მთავარი ინიციატორი იყო. დაცვის მხარე არ უარყოფდა ფაქტს, რომ სოგომონმა ადამიანი მოკლა. ისინი ხაზს უსვამდნენ იმას, თუ რამხელა გავლენა იქონია სომეხთა გენოციდმა მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ტეილერიანი ამტკიცებდა, რომ 1915 წელს ერზინჯანში დეპორტირებულთა შორის თავადაც იყო და ოჯახის წევრების სიკვდილი საკუთარი თვალით იხილა. როდესაც მოსამართლემ ჰკითხა, თვლიდა თუ არა თავს დამნაშავედ, მან უპასუხა: „თავს დამნაშავედ არ ვთვლი, რადგან ჩემი სინდისი სუფთაა... კაცი მოვკალი, მაგრამ მკვლელი არ ვარ.“[20]
ტეილერიანი იხსენებდა, როგორ კიცხავდა მას სიზმარში ნანახი დედამისი გერმანიაში ყოფნის პერიოდში, რადგან, თალაათ ფაშას ნახვის მიუხედავად, მას შური ჯერ კიდევ არ ჰქონდა ნაძიები.[21] სასამართლო პროცესის დროს ეს სიზმარი ასე აღიწერებოდა: [22] [23]
ის სიმშვიდეს ინარჩუნებდა, მიუხედავად მასში არსებული ბრაზისა. ცხოვრებას ისე აგრძელებდა, როგორც აქამდე. თუმცა, ხუთი-ექვსი კვირის შემდეგ, ნათელი სიზმარი იხილა. მან მის წინ წამომდგარი დედის ცხედარი დაინახა. სოგომონმა დედას უთხრა: „თალაათი ვნახე“, რაზეც პასუხად მიიღო: „შენ თალაათი ნახე და დედაშენის, მამაშენის, ძმებისა და დების მკვლელზე შური არ იძიე? მაშინ შენ ჩემი შვილი აღარ ხარ“. ამ მომენტში ბრალდებულმა იფიქრა: „რამე უნდა ვიღონო. მსურს, კვლავ დედაჩემის შვილი ვიყო. მან ზურგი არ უნდა მაქციოს, როდესაც სამოთხეში შევალ. მსურს, კვლავ ძველებურად ჩამიკრას გულში“.
ნაფიცმა მსაჯულებმა საათზე ოდნავ მეტი იმსჯელეს და საბოლოო ვერდიქტში სოგომონი უდანაშაულოდ ცნეს.[24]
გერმანიის რეაქცია განაჩენზე არაერთგვაროვანი, თუმცა ძირითადად დადებითი იყო. ჟურნალისტი ემილ ლუდვიგი წერდა: „მხოლოდ მაშინ, როცა ერების საზოგადოება მოეწყობა საერთაშორისო წესრიგის მფარველად, არც ერთი სომეხთა მკვლელი არ დარჩება დაუსჯელი, რადგან არცერთ თურქ ფაშას არა აქვს უფლება, ერი უდაბნოში გაგზავნოს“.[25]
შემდგომი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მკვლელობის შემდეგ ტეილერიანი ჯერ შეერთებულ შტატებში, კლივლენდში გაემგზავრა,[26] შემდეგ — მარსელში, მოგვიანებით კი იუგოსლავიაში გადავიდა, სადაც საბოლოოდ დაქორწინდა ანაჰიტ ტატიკიანზე, რომელიც ასევე ერზინჯანიდან იყო.[27] ანაჰიტი 15 წლის იყო, როდესაც ისინი პირველად, 1917 წელს, ერთმანეთს შეხვდნენ.[26]
წყვილი საცხოვრებლად ბელგრადში გადავიდა და იქ 1950 წლამდე ცხოვრობდა. ამის შემდეგ ისინი ჯერ კასაბლანკაში, შემდეგ პარიზში და ბოლოს სან-ფრანცისკოში გადავიდნენ.[28] სწორედ იქ დაიწყო ტეილერიანმა ფოსტის თანამშრომლად მუშაობა და ცხოვრება სარო მელიქიანის სახელით გააგრძელა.[29]
სოგომონი 1960 წელს ცერებრალური სისხლდენის შედეგად გარდაიცვალა. იგი კალიფორნიაში, ფრესნოს არარატის სასაფლაოზეა დაკრძალული. მის საფლავზე აღმართულია ობელისკი, რომლის თავზეც მოოქროვილი არწივი გველს კლავს.[30]
მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტეილერიანის სასამართლო პროცესმა გავლენა იქონია პოლონელ-ებრაელ ადვოკატ რაფაელ ლემკინზე, რომელმაც განაცხადა: „ტეილერიანი მოქმედებდა როგორც კაცობრიობის სინდისის თვითაღიარებული დამცველი. მაგრამ შეუძლია თუ არა ადამიანს, საკუთარი თავი მართლმსაჯულების აღსასრულებლად დანიშნოს? ნუთუ გრძნობები არ გათელავს სამართალს?“ შედეგად, ლემკინმა ფუძე დაუდო იმ კანონის კამპანიას, რომელიც გენოციდს საერთაშორისო სამართლის ნაწილად აქცევდა. მისი არგუმენტით, სახელმწიფოს სუვერენიტეტი „არ შეიძლება ჩაითვალოს მილიონობით უდანაშაულო ადამიანის მოკვლის უფლებად“.[31] ისტორიკოს ჰანს-ლუკას კიზერის აზრით, შურისძიება კონფლიქტის ციკლს აგრძელებს; მსხვერპლის ბრაზი და დამნაშავის გულუბრყვილობა განმუხტვამდე ვერ მივა, ამიტომ საჭიროა, ორივე მხარემ თვალი გაუსწოროს სამართალს.[32]
პოლიტიკური თეორეტიკოსი ჰანა არენდტი, 1963 წელს გამოცემულ თავის წიგნში „ეიხმანი იერუსალიმში“, ტეილერიანს ადარებს შოლემ შვარცბარდს, რომელმაც 1925 წელს პარიზში უკრაინელი სახელმწიფო მოღვაწე სიმონ პეტლიურა მოკლა იმის გამო, რომ მას უკრაინაში ანტისემიტური პოგრომების ორგანიზატორად თვლიდა. არენდტი ვარაუდობს, რომ როგორც ტეილერიანი, ისე შვარცბარდი „ითხოვდნენ გასამართლებას“, რათა „სასამართლო პროცედურებით ეჩვენებინათ მსოფლიოსთვის, თუ რა დანაშაულები იყო ჩადენილი მათი ხალხის წინააღმდეგ და რომ დამნაშავეები ჯერ კიდევ დაუსჯელნი რჩებოდნენ“. [33]
ის, ვინც სპექტაკლის ცენტრშია და ვისაც ყველა თვალყურს ადევნებს, ახლა ნამდვილი გმირია, ამასთანავე, დაცულია პროცესის სამართლიანი ხასიათი, რადგან ეს არ არის „წინასწარ მომზადებული შედეგების მქონე წარმოდგენა“, არამედ შეიცავს „შეუცვლელ რისკს“, რაც... აუცილებელი ფაქტორია ყველა სისხლის სამართლის პროცესში. მსხვერპლის თვალთახედვით, ბრალდებული ბევრად დამაჯერებლად ჟღერს ადამიანის პირში, რომელიც იძულებული გახდა თავად აეღო კანონი საკუთარ ხელში, ვიდრე მთავრობის მიერ დანიშნული აგენტის ხმაში, რომელიც არაფერს რისკავს. და მაინც... ძალიან საეჭვოა, რომ ეს გამოსავალი გამართლებული იქნებოდა ეიხმანის შემთხვევაში, და აშკარაა, რომ ეს სრულიად გაუმართლებელი იქნებოდა, თუ მას სახელმწიფო აგენტები განახორციელებდნენ. შვარცბარდისა და ტეილერიანის შემთხვევებში გამართლებული იყო ის, რომ თითოეული მათგანი იყო ეთნიკური ჯგუფის წევრი, რომელსაც არ გააჩნდა საკუთარი სახელმწიფო და სამართლებრივი სისტემა; მსოფლიოს მასშტაბით არ არსებობდა ტრიბუნალი, სადაც ამ ჯგუფებს შეეძლოთ თავიანთი მსხვერპლების მიყვანა.
სომხეთში ტეილერიანის რამდენიმე ქანდაკება აღიმართა. მისი პირველი მონუმენტი სომხეთში 1990 წელს, სოფელ მასტარაში გაიხსნა.[34]
2017 წელს საფრანგეთში, მარსელში ერთ-ერთ მოედანს მისი სახელი მიენიჭა.[35]
პოპულარულ კულტურაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წელს ტეილერიანის ისტორია გრაფიკულ რომანში — „სპეციალური მისია: ნემესისი“ აისახა. [36]
მუსიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიმღერა Գինի լից, Gini lits („დაასხით ღვინო“), ცნობილი რევოლუციური სიმღერაა,[37] რომელიც ტეილერიანის მიერ თალაათის მკვლელობას ეძღვნება. იგი სხვადასხვა ვერსიითაა ჩაწერილი და მრავალმა სომეხმა ზეპირად იცის. საჰაკ საჰაკიანის ვერსიას მუსიკალური ვიდეოც აქვს. სიმღერის პირველი სტროფი ასე ჟღერს:[38]
- სომხების საშინელებამ შეძრა მსოფლიო,
- თურქეთის ტახტი მიწაზე დაეცა,
- თალაათის გარდაცვალებაზე მოგიყვებით.
- დაასხით ღვინო, ძვირფასო მეგობარო, დაასხით ღვინო,
- დალიეთ ლამაზად; დალიეთ სიამოვნებით.
ფილმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1982 წლის ამერიკული ფილმი Assignment Berlin, რომლის რეჟისორია ჰრეირ ტუხანიანი, მოგვითხრობს ბერლინში თალაათ ფაშას მკვლელობის შესახებ.
- 1986 წლის თურქული ფილმი Duvardaki Kan („სისხლი კედელზე“) ტეილერიანის სასამართლო პროცესზეა დაფუძნებული.
- ანრი ვერნეელის 1991 წლის ფრანგული ფილმი Mayrig ასახავს თალაათის მკვლელობასა და ტეილერიანის სასამართლო პროცესს.
- 2020 წლის მოკლემეტრაჟიანი ფილმი The Attempt („მცდელობა“), რომლის რეჟისორიც დანიელ დესპარტია, ასევე ასახავს ტეილერიანის მიერ თალაათ ფაშას მკვლელობას.[39][40]
წყარო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Nişanyan Yeradları.
- ↑ Krikorian A., Heratchian H. Le dictionnaire biographique: Arméniens d'hier et d'aujourd'hui — Maisons-Alfort: 2021. — P. 555–556. — ISBN 978-2-905686-93-0
- ↑ Հայկական սովետական հանրագիտարան / Վ. Համբարձումյան, Կ. Խուդավերդյան — Հայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 2000.
- ↑ Ով ով է. հայեր / Հ. Այվազյան — Երևան: Հայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 2005. — ტ. 1. — გვ. 426.
- ↑ Von Voss, Huberta (2007). Portraits of Hope: Armenians in the Contemporary World. New York: Berghahn Books, გვ. 6. ISBN 9781845452575.
- ↑ Derogy, Jacques (1990). Resistance and Revenge: The Armenian Assassination of the Turkish Leaders Responsible for the 1915 massacres and deportations. New Brunswick, NJ: Transaction Publishers, გვ. 65. ISBN 9780887383380.
- ↑ The Official Inauguration of Soghomon Tehlirian Square to Take Place in Marseille. Armenian Weekly (April 13, 2017). ციტირების თარიღი: August 21, 2019
- 1 2 3 4 Resistance and Revenge: The Armenian Assassination of the Turkish Leaders Responsible for the 1915 massacres and deportations.
- ↑ AGMI received rare photos of Soghomon Tehlirian. ციტირების თარიღი: December 12, 2012
- ↑ (in Armenian) Tehlirian, Soghomon.
- ↑ Tehlirian, Recollections, pp. 45–48.
- ↑ Cummins, Joseph (2006). History's Great Untold Stories: Larger than Life Characters & Dramatic Events that Changed the World. Washington D.C.: National Geographic, გვ. 301. ISBN 9781426200311.
- ↑ Tehlirian, Recollections, p. 8.
- ↑ Fisk, Robert (June 20, 2016). „My conversation with the son of Soghomon Tehlirian, the man who assassinated the organiser of the Armenian genocide“. The Independent. ციტირების თარიღი: May 21, 2019.
- ↑ Derogy, Jacques (1990). Resistance and Revenge: The Armenian Assassination of the Turkish Leaders Responsible for the 1915 massacres and deportations. New Brunswick, NJ: Transaction Publishers, გვ. 65. ISBN 9780887383380.
- ↑ Bogosian, Eric.
- ↑ Totten, Samuel (2008). Dictionary of genocide, 1. publ., Westport, CT: Greenwood Press, გვ. 418. ISBN 978-0313346446.
- ↑ Bogosian.
- ↑ Totten, Samuel (2008). Dictionary of genocide, 1. publ., Westport, CT: Greenwood Press, გვ. 418. ISBN 978-0313346446.
- ↑ Vartabedian, Sarah (2007). Commemoration of an Assassin: Representing the Armenian Genocide (PDF) (Master of Arts). University of North Carolina. p. 7. ციტირების თარიღი: April 25, 2021.
- ↑ Vartabedian, "Commemoration of an Assassin."
- ↑ Official Trial of Soghomon Tehlirian. Cilicia. German Government. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 1, 2016. ციტირების თარიღი: May 25, 2013
- ↑ The Case of Soghomon Tehlirian. Center for Armenian Remembrance.
- ↑ Vartabedian, Sarah (2007). Commemoration of an Assassin: Representing the Armenian Genocide (PDF) (Master of Arts). University of North Carolina. p. 7. ციტირების თარიღი: April 25, 2021.
- ↑ Kieser, Hans-Lukas (2018) Talaat Pasha: Father of Modern Turkey, Architect of Genocide. Princeton University Press, გვ. 408. ISBN 978-1-4008-8963-1.
- 1 2 Fisk, Robert (June 20, 2016). „My conversation with the son of Soghomon Tehlirian, the man who assassinated the organiser of the Armenian genocide“. The Independent. ციტირების თარიღი: May 21, 2019.
- ↑ Along Armenian Footsteps in Serbia. Armenian Weekly (July 8, 2009). ციტირების თარიღი: May 25, 2013
- ↑ AGMI received rare photos of Soghomon Tehlirian. The Armenian Genocide Museum-institute. ციტირების თარიღი: December 12, 2012
- ↑ „Milestones“. Time. June 6, 1960. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 18, 2008. ციტირების თარიღი: June 15, 2019.
- ↑ Vartabedian, Sarah (2007). Commemoration of an Assassin: Representing the Armenian Genocide (PDF) (Master of Arts). University of North Carolina. p. 7. ციტირების თარიღი: April 25, 2021.
- ↑ Ihrig, Stefan (2016) Justifying Genocide: Germany and the Armenians from Bismarck to Hitler (en). Harvard University Press, გვ. 371. ISBN 978-0-674-50479-0.
- ↑ Kieser, Hans-Lukas (2018) Talaat Pasha: Father of Modern Turkey, Architect of Genocide. Princeton University Press, გვ. 408. ISBN 978-1-4008-8963-1.
- ↑ Arendt, Hannah (1963).
- ↑ „დაარქივებული ასლი“ Սողոմոն Թեհլերյանի արձանն ուխտատեղի էր ռազմաճակատ մեկնող տղաների համար (სომხური). Yerkir Media. March 17, 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 9, 2020. ციტირების თარიღი: აგვისტო 11, 2024.
- ↑ The Official Inauguration of Soghomon Tehlirian Square to Take Place in Marseille. Armenian Weekly (April 13, 2017). ციტირების თარიღი: August 21, 2019
- ↑ Jan Varoujan Sirapian (2014). Special Mission: Nemesis (Hadoog Kordz). Sigest sarl. ISBN 978-2-917329-71-9.
- ↑ „Սողոմոն Թեհլիրեան (1896–1960). Հայկական Իրաւունքի եւ Արդարութեան անմահ մարմնաւորումը“. Azat Or (სომხური). Armenian Revolutionary Federation. May 23, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 10, 2016. ციტატა: „Պատահական չէ, հետեւաբար, որ «Թեհլիրեանի բախտը բացուեց» նշումը կը կատարուի Թալէաթի ահաբեկման նուիրուած ու «Գինի լից» յանկերգով յատկանշուող յեղափոխական ծանօթ երգին մէջ։“
- ↑ Sonorous Borders: National Cosmology & the Mediation of Collective Memory in Armenian Ethnopop Music (June 6, 2011).
- ↑ SMC Student Film "The Attempt" Wins Best Student Film at the 2020 Vienna Independent Film Festival. Santa Monica College (October 6, 2020). ციტირების თარიღი: May 29, 2022
- ↑ Casuso, Jorge. (September 16, 2020) "The Attempt" Becomes Fifth SMC Film to Screen at Cannes. Santa Monica LOOKOUT. ციტირების თარიღი: May 29, 2022
Further reading
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Bass, Gary Jonathan. Stay the Hand of Vengeance: The Politics of War Crimes Tribunals. Princeton University Press, 2001.
- Bogosian, Eric. Operation Nemesis: The Assassination Plot that Avenged the Armenian Genocide. New York: Little, Brown & Company, 2015.
- Ihrig, Stefan. "Genocide Denied, Accepted, and Justified: The Assassination of Talât Pasha and the Subsequent Trial as a Media Event in the Early Weimar Republic," Journal of the Society for Armenian Studies 22 (2013), pp. 153–77.
- (in Armenian) Tehlirian, Soghomon. Վերհիշումներ ["Recollections" or "Memories"], Cairo: Husaper, 1953.Recorded in writing by Vahan Minakhorian* Yeghiayan, Vartkes. The Case of Soghomon Tehlirian. Glendale, CA: Center for Armenian Remembrance; 2nd edition, 2006.
- Jacobs, Stephen Leonard (2019). „The Complicated Cases of Soghomon Tehlirian and Sholem Schwartzbard and Their Influences on Raphaël Lemkin's Thinking About Genocide“. Genocide Studies and Prevention. 13 (1): 33–41. doi:10.5038/1911-9933.13.1.1594. - Profile page
- Tehlirian, Soghomon, Vahan Minakhorian. “Remembrances:The Assassination of Talaat Pasha”. Demirdjian, Bedros (translator). London: Gomidas Institute, 2022. ISBN 978-1909382541
External links
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]