შინაარსზე გადასვლა

სმენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სმენაადამიანისა და ცხოველთა ფუნქცია, რომელიც უზრუნველყოფს ბგერითი რხევების აღქმას. სმენა ხორციელდება მექანიკური, რეცეპტორული და ნერვული სტრუქტურებით, რომლებიც სმენის ანალიზატორს წარმოქმნიან. ბგერის მოქმედებისს ადამიანში წარმოიშობა სპეციფიური სმენითი შეგრძნება, რომელიც ასახავს ბგერის პარამეტრებს — მის ინტენსივობასა და სიხშირეს.

ევოლუციურ პროცესში სმენის ჩამოყალიბებული სისტემა პირველად მწერებში განვითარდა. იგი ყველა ხერხემლიანს აქვს და ყველაზე განვითარებული სახით წარმოდგენილია ძუძუმწოვრებში. ბგერითი ინფორმაციის დამუშავება მრავალეტაპიანი გზით ხდება. ბგერითი რხევები გარეთა ყურის სასმენი მილის საშუალებით დაფის აპკამდე აღწევენ და სინქრონულად არხევენ მას. შუა ყურის სასმენი ძვლებით ეს რხევები გადაეცემა შიგნითა ყურის თხევად გარემოს (პერილიმფასა და ენდოლიმფას). აღძრული ჰიდრომექან. რხევები, თავის მხრივ, იწვევენ ლოკოკინას მემბრანის რხევას, რაც იწვევს ლოკოკინაში არსებული რეცეპტორების აგზნებას. ამასთან, დაბალი სიხშირის ბგერები იწვევენ ლოკოკინას მწვერვალში არსებული რეცეპტორების, ხოლო მაღალი სიხშირის ბგერები – ლოკოკინს ფუძეში მდებარე რეცეპტორების აგზნებას. რეცეპტორებში აღძრული აგზნება გატარდება სასმენ ნერვში. მასში აღმოცენებული ბიოელექტრული პოტენციალების გადაცემა ხდება ცენტრალური ნერვული სისტემის სმენის უბნებისაკენ. ბგერითი სიგნალების აღქმა შეიძლება აგრეთვე ქალას ძვლების გზით გატარების შედეგად.

სმენის შეფასება ხდება ან ფსიქოაკუსტიკური მეთოდებით (როდესაც ბგერის აღქმაზე მსჯელობენ სიტყვიერი ანგარიშისა და ვეგეტატიური ძვრების საფუძველზე), ან სმენის სისტემის ცალკეული უბნების ობიექტური შესწავლით (მაგალითად, სასმენი ნერვის ან სმენის სისტემის ცენტრალური უბნების ბიოელექტრული პოტენციალების შეფასებით). სმენის ფსიქოაკუსტიკური მეთოდებით შემოწმებისას შეიძლება დადგინდეს აღქმის აბსოლ. ზღურბლი ბგერის ინტენსივობისათვის (დბ-ში) ან მისი სიხშირისათვის (ჰც-ში). ადამიანს შეუძლია აღიქვას ბგერები სიხშირეთა დიაპაზონში 10-20 ჰც-იდან 20 კჰც-მდე. 10-20 ჰც-ზე დაბალი სიხშირის ბგერებს ადამიანის სმენის სისტემა უკვე ვეღარ აღიქვამს უწყვეტ ბგერად. ბგერის ინტენსივობის მხრივ აღქმის ზღურბლი დამოკიდებულია ბგერის სიხშირეზეც, მაგალითად, ყველაზე დაბალი ზღურბლი დამახასიათებელია ბგერებისათვის, რომელთა სიხშირე მოქცეულია 1-3 კჰც-ის დიაპაზონში. სხვადასხვა ცხოველს ბგერათა სიხშირის აღქმის სხვადასხვა უნარი აქვს. მაგალითად, თევზი აღიქვამს 50-იდან 100 ჰც-მდე, დელფინი — 100 ჰც-იდან 200 კჰც-მდე სიხშირის ბგერას. სმენის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა ბგერათა გარჩევა როგორც ინტენსივობის, ისე სიხშირის მიხედვით. ადამიანს შეუძლია გაარჩიოს ბგერები, რომლებიც განსხვავდებიან 0.3-0.7 დბ-ით ინტენსივობის მხრივ და 2-8 ჰც-ით — სიხშირის მხრივ. ბგერის გარჩევის უნარი შეიძლება შემცირდეს სხვა ბგერის თანხლების შემთხვევაში (ბგერის შენიღბვა). ბგერის ხანგრძლივი მოქმედების შემთხვევაში სმენის მგრძნობელობა მცირდება. სმენის საშუალებით შესაძლებელია აგრეთვე ბგერის წყაროს ადგილმდებარეობის განსაზღვრა (ბინაურული ეფექტი). ზოგიერთ ცხოველს (ღამურა, დელფინი) აქვს თავისებური სმენის ექოლოკაცია, რომელიც საშუალებას აძლევს მას ზუსტად დაადგინოს გარემოში საგნების ადგილმდებარეობა, ზომა, მასალა... ეს ეფექტი დაკავშირებულია საგნებიდან არეკლილი ბგერების გარჩევის დიდ უნარზე.

  • ძიძიშვილი ნ. რეცეპტორთა ფიზიოლოგია, თბ. 1961