სლავკოვ-უ-ბრნა
| ქალაქი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
სლავკოვ-უ-ბრნა ჩეხ. Slavkov u Brna | |||||
|
| |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| მხარე | სამხრეთ მორავიის მხარე | ||||
| კოორდინატები | 49°09′11″ ჩ. გ. 16°52′34″ ა. გ. / 49.15306° ჩ. გ. 16.87611° ა. გ. | ||||
| მმართველი | Michal Boudný[1] | ||||
| პირველი ხსენება | 1237 | ||||
| ფართობი | 14.946447 კმ² | ||||
| ცენტრის სიმაღლე | 211 მეტრი | ||||
| მოსახლეობა | 7 258 (1 იანვარი, 2025)[2] | ||||
| საფოსტო ინდექსი | 684 01[3] | ||||
| საავტომობილო კოდი | B | ||||
| ოფიციალური საიტი | http://www.slavkov.cz/ | ||||
სლავკოვ-უ-ბრნა (ჩეხ. Slavkov u Brna) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის სამხრეთ მორავიის მხარეში. სლავკოვ-უ-ბრნა ვიშკოვის რაიონში შემავალი ქალაქია. ქალაქში 1805 წელს მოხდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრძოლა XIX საუკუნის ევროპაში, აუსტერლიცის ბრძოლა ნაპოლეონის ომების გამორჩეული მოვლენაა.
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის სახელწოდებას ხანგრძლივი განვითარების ისტორია აქვს, თავდაპირველად მისი სახელწოდება ლათინური ენიდან მომდინარეობდა და ჩეხურად „ნოვოსელდიცე“ ერქვა („Nova sedes“ - ახალი დასახლება ლათინურად). ეს სახელწოდება შემდეგ გერმანულ ვერსიაზე გადავიდა და 1237 წელს ნოვოსედელიცი ეწოდა. სახელის მორიგი ცვლილება 1322 წელს მოხდა და ქალაქს ნაუსედლიცი ეწოდა, 1343 წელს კი ნოისერლიცად არის მოხსენიებული. 1460 წლით დათარიღებულ წყაროში აქაურობას ნაუსტერლიცი ჰქვია, ხოლო 1611 წელს უკვე აუსტერლიცი.
დღევანდელი ჩეხური სახელწოდება სლავკოვი მამაკაცის სახელ „ბოჰუსლავიდან“ მომდინარეობს, სავარაუდოდ აქაური მამულების ერთ-ერთ მფლობელს ეს სახელი ერქვა. ეს სახელწოდება ისტორიულ წყაროებში პირველად 1237 წელს გამოჩნდა. 1918 წელს სლავკოვს სახელი გადაერქვა და სლავკოვ-უ-ბრნა ეწოდა, რაც ქართულად სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც: „სლავკოვი ბრნოსთან ახლოს“.[4]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სლავკოვ-უ-ბრნა ქალაქ ბრნოდან აღმოსავლეთით დაახლოებით 16 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქი სამი გეომორფოლოგიური რეგიონის საზღვარზეა გაშენებული: მუნიციპალიტეტის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი ლიტენჩიცის ბორცვებზეა, ჩრილო-დასავლეთ ნაწილი დიე–სვრატკის ხეობაში, სამხრეთი ნაწილი ჟადნიცის ტყის ტერიტორიაზე იჭრება. ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე ყველაზე მაღალი წერტილია ურბანის გორა, მისი სიმაღლე 361 მეტრია ზღვის დონიდან. სლავკოვ-უ-ბრნაში მიედინება მდინარე ლიტავა.
ქალაქში ოკეანური ტიპის კლიმატია, საშუალო წლიური ტემპერატურაა 9°C. ყველაზე თბილი თვეა ივლისი, ამ თვის საშუალო ტემპერატურები 20–21°C-ს შორის მერყეობს.[5] ქალაქში წლის განმავლობაში 744 მილიმეტრი ნალექი მოდის. ყველაზე მეტი ნალექი ივნისში იცის.[6]




ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XII საუკუნის ბოლოს მორავიის მარკგრაფმა ვლადისლავ III-მ ეს ტერიტორია ტევტონთა ორდენს გადასცა. სლავკოვი წერილობით წყაროებში პირველად 1237 წელს გამოცემულ მეფე ვაცლავ I-ის სიგელშია მოხსენიებული.[4]
თავდაპირველად აქ იყო პატარა სავაჭრო სოფელი, რომელსაც გალავანშემოვლებული ციხესიმაგრე და ეკლესია ჰქონდა. სლავკოვი სავაჭრო გზების გზაჯვარედინზე მდებარეობდა. სლავკოვი ტევტონთა ორდენის სარდლობის შეკრების მთავარ ცენტრად იქცა.[4]
1396 წლიდან 1407 წლამდე სლავკოვი იოშტ მორავიელს ეკუთვნოდა. 1407 წელს ის ტევტონთა ორდენმა დაიბრუნა, მაგრამ გრიუნვალდის ბრძოლაში ორდენის დამარცხების შემდეგ, 1411 წელს სლავკოვი მათ ჩამოართვეს.
XIV საუკუნეში ტევტონთა სარდლობის მახლობლად ებრაული გეტო დაარსდა. ქრისტიანული და ებრაული თემების შერწყმამ ძლიერი ეკონომიკური აგლომერაცია შექმნა, რომელსაც მეფე ვაცლავ IV-მ 1416 წელს ქალაქის სტატუსი მიანიჭა. სლავკოვს ძლიერი გალავანი ერტყა, რომელსაც ოთხი კარიბჭე ჰქონდა.[4]
ქალაქი 1509 წლამდე ხშირად იცვლიდა მფლობელებს, სანამ კოუნიცების დიდგვაროვანთა ოჯახმა არ შეიძინა. ეს ოჯახი აქაურობას 400 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ფლობდა. სლავკოვი დიდგვაროვანთა გვარის მთავარი რეზიდენცია იყო.[7]
ქალაქის მახლობლად საფრანგეთის პირველ იმპერიასა და ავსტრიულ-რუსულ ძალებს შორის გაიმართა აუსტერლიცის ბრძოლა. ბრძოლის დასრულების შემდეგ, 1805 წლის 2 დეკემბერს სლავკოვის ციხის ისტორიულ დარბაზში მხარეებს შორის ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.[8]
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძველი ციხესიმაგრის ადგილზე XVI საუკუნის ბოლოს რენესანსის სტილის სასახლე აშენდა. სლავკოვის ციხესიმაგრე იტალიელმა არქიტექტორმა დომენიკო მარტინელიმ 1680-იან წლებში ამჟამინდელი სახით, ბაროკოს სტილში აღადგინა. ის მორავიაში შემორჩენილი ერთ-ერთი უძველესი დიდგვაროვანთა სასახლეა. ციხესიმაგრეში მოწყობილია მცირე მუზეუმი და ციფრული პრეზენტაცია აუსტერლიცის ბრძოლის შესახებ. ციხესიმაგრეში გარშემო გაშენებულია ფრანგული ლანდშაფტური ბაღი, რომლის ნაწილიც ინგლისურ ბაღად გაამარტივეს.[9]
ქალაქის მთავარი მოედნის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა მერიის შენობა, რომელიც გვიანი რენესანსის სტილში 1592 წელს ააგეს. დღემდე შემორჩენილია XIV - XV საუკუნეების ქალაქის გალავნის ნაშთები, მათი სიმაღლე დაახლოებით 4 მეტრია.[10]
უფლის აღდგომის ეკლესია გვიანი ბაროკოსა და ნეოკლასიკური სტილის ნაგებობაა, რომელიც 1786–1789 წლებში აშენდა. მას სამი ამბიონი აქვს. ეკლესია დააპროექტა ავსტრიელმა არქიტექტორმა იოჰან ფერდინანდ ჰეცენდორფ ჰოენბერგელმა.[11]
წმინდა იოანე ნათლისმცემლის სამლოცველო ქალაქის სასაფლაოს სამლოცველოა, რომელიც XIII საუკუნეში აქ არსებულ საავადმყოფოს ადგილზე მდებარეობს. მისი ამჟამინდელი იერსახე 1743 წლით თარიღდება. სამლოცველოში კოუნიცების ოჯახის საგვარეულო საფლავია.[12]
ურბანის გორაზე მდებარე წმინდა ურბანის სალოცავი თავდაპირველად დომენიკო მარტინელის პროექტით 1712 წელს აშენდა. ტაძარი აუსტერლიცის ბრძოლის დროს ძლიერ დაზიანდა და 1858–1861 წლებში მისი ხელახლა აშენება გახდა საჭირო.
ებრაული გეტოდან მხოლოდ 1858 წელს აშენებული სინაგოგაა შემორჩენილი. ქალაქში ასევე არის ებრაული სასაფლაო.[13]
თანამედროვე მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისევე როგორც ლონდონში ინგლისელებმა ვატერლოოს რკინიგზის სადგურს ვატერლოოს ბრძოლაში გამარჯვების აღსანიშნავად უწოდეს სახელი, ფრანგებმაც აუსტერლიცის სახელი მიანიჭეს პარიზის ერთ-ერთ მთავარ რკინიგზის სადგურს და ახლოს მდებარე სანაპირო ზოლს. ნაპოლეონის არმიის ამ ბრძოლაში გამარჯვების აღსანიშნავად ნიდერლანდებში 1806 წელს დაარსდა სოფელი აუსტერლიცი. იგივე სახელწოდების ქალაქი დაარსდა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატშიც.[14]
ცნობილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აბრაამ აბერლე (1811–1841) — პოეტი და მთარგმნელი
- ფრანტიშეკ კოლაჩეკი (1851–1913) — ფიზიკოსი
- პერეგრინ ობდრჟალეკი (1825–1891) — კათოლიკე მღვდელი, მწერალი და იუმორისტი
- ლუბომირ ტესაჩეკი (1957–2011) — სპორტსმენი
აუსტერლიცი არის ებრაული გვარი, რომელთა მიერ წარმოებული მატარებლები დღეს მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. გვარი ამ ჩეხური ქალაქიდანაა წარმოშობით. ცნობილი ამერიკელი მოცეკვავის ფრედ ასტერის დაბადების სახელი და გვარია „ფრედ აუსტერლიცი“, ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მისი წინაპრებიც ამ ქალაქში ცხოვრობდნენ.
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Český statistický úřad Počet obyvatel v obcích – k 1. 1. 2025 — Praha: ČSÚ, 2025.
- ↑ Register of territorial identification, addresses and real estates
- 1 2 3 4 Historie města cs. Město Slavkov u Brna. ციტირების თარიღი: 2021-12-01
- ↑ Slavkov u Brna, Czech Republic – Climate & Weather Averages. ციტირების თარიღი: 2025-09-02
- ↑ Monthly climate in Slavkov u Brna, Czech Republic. ციტირების თარიღი: 2025-09-02
- ↑ History. Slavkov Castle. ციტირების თარიღი: 2021-12-01
- ↑ Zámek Slavkov – Austerlitz – panské sídlo rodu Kouniců cs. CzechTourism. ციტირების თარიღი: 2025-03-05
- ↑ Architektura cs. Slavkov Castle. ციტირების თარიღი: 2021-12-01
- ↑ Městské opevnění cs. Město Slavkov u Brna. ციტირების თარიღი: 2021-12-01
- ↑ Kostel Vzkříšení Páně cs. Město Slavkov u Brna. ციტირების თარიღი: 2021-12-01
- ↑ Kaple sv. Jana Křtitele "na Špitálce" cs. Město Slavkov u Brna. ციტირების თარიღი: 2021-12-01
- ↑ Kaple sv. Urbana cs. Město Slavkov u Brna. ციტირების თარიღი: 2021-12-01
- ↑ History of Austerlitz. ციტირების თარიღი: 2025-09-02[მკვდარი ბმული]
- ↑ Partnerská města cs. Město Slavkov u Brna. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-05. ციტირების თარიღი: 2022-03-23