სლავიანსკი ბაზარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სლავიანსკი ბაზარი
ბელარ. Славянскі Базар у Віцебску.
შეიქმნა 1992
ტიპი music festival
მდებარეობა ვიტებსკი
ქვეყანა ბელარუსი
http://fest-sbv.by

სლავიანსკი ბაზარი ვიტებსკში (ასევე ცნობილი, როგორც „სლავური ბაზარი“ ბელარ. Міжнародны фестываль мастацтваў „Славянскі базар у Віцебску“) — ხელოვნების საერთაშორისო ყოველწლიური ფესტივალი, რომელიც იმართება ვიტებსკში ბელორუსიის მთავრობის ეგიდით 1992 წლიდან.[1] მისი მთავარი პროგრამა ეძღვნება სლავურ მუსიკას და მთავარი მონაწილეები არიან რუსეთის, უკრაინის, ბელარუსის, ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნების, პოლონეთის და ბულგარეთის ხელოვნების წარმომადგენლები. სტუმრები არიან როგორც სლავური, ასევე არასლავური ქვეყნებიდან.

ფესტივალი ჩაფიქრებული იყო, როგორც სამი ქვეყნის (რუსეთის, უკრაინის და ბელორუსიის) საერთო კულტურული ღონისძიება. ფესტივალზე იმართება საესტრადო სიმღერების შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი და (2003 წლიდან) საერთაშორისო საბავშვო მუსიკალური კონკურსი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფესტივალის მთავარი მოედანი — საზაფხულო ამფითეატრი

„სლავიანსკი ბაზარის“ წინამორბედი იყო „პოლონური სიმღერის ფესტივალი ვიტებსკში“. იმ დროისთვის ვიტებსკის დაძმობილებული ქალაქი იყო პოლონეთის ქალაქი ზელიონა-გურა, სადაც 1965 წლიდან იმართებოდა „საბჭოთა სიმღერის ფესტივალი“. ქალაქის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა საზაფხულო ამფითეატრის აშენება, რადგან ვიტებსკში არ იყო ისეთი შენობა, სადაც ფართო მასშტაბის ფესტივალის ჩატარება მოხერხდებოდა. მშენებლობა 1987 წელს დაიწყო და სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა. ადგილი სპეციალურად შეირჩა ბუნებრივი ჩაღრმავებით. სცენის გარდა ამფითეატრში მოეწყო ტენისის კორტები, კაფე-ბარი, მაღაზია, რესტორანი, ცეკვისა და იმ დროისთვის პოპულარული რიტმული ტანვარჯიშის — აერობიკის დარბაზი. 1988 წლის ზაფხულში გაიმართა პირველი კონცერტი. ვიტებსკში ჩამოვიდნენ სტუმრები პოლონეთიდან. მონაწილეებს მისალოცი სიტყვებით მიმართეს მაშინდელმა პოლონეთისა და სსრკ-ს პირველმა პირებმა ვოიცეხ იარუზელსკიმ და მიხეილ გორბაჩოვმა[2]. პოლონური სიმღერის მეორე ფესტივალი ჩატარდა 1990 წელს. ამ წელს შეწყვიტა თავისი ფუნქციონირება „საბჭოთა სიმღერების ფესტივალმა“ ზელიონა-გურაში, რამაც ავტომატურად პოლონური სიმღერის მეორე ფესტივალიც უკანასკნელი გახადა. ვიტებსკს მნემკვიდრეობით დარჩა მსხვილი საფესტივალო კომპლექსი და საერთაშორისო ფესტივალების ორგანიზების გამოცდილება. სწორედ პოლონური სიმღერის ფესტივალის დირექტორის და კულტურის ცენტრ „ვიტებსკის“ გენერალური დირექტორის, როდიონ ბასის იდეა იყო ახალი ფესტივალის — „სლავიანსკი ბაზარის“ შექმნა. ღონისძიების კონცეფციაც გაფართოვდა. ფესტივალს უნდა შეეკრიბა წარმომადგენლები სლავური ქვეყნებიდან და ასევე იმ არასლავური ქვეყნებიდან, სადაც სლავური კულტურა მეტ-ნაკლებად იყო განვითარებული.

1993 წლიდან „სლავიანსკი ბაზარი“ გახდა (FIDOF)-ის წევრი.[3] ფესტივალზე მუსიკალური კულტურის გარდა ფართოდაა წარმოდგენილი ხელოვნების სხვა სახეებიც: თეატრალური, კინო, ხალხური ხელოვნება.

1995 წლიდან „სლავიანსკი ბაზარს“ დაერქვა „ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი“. პირველად, ფესტივალის ფარგლებში გაიმართა სლავური ფილმების ჩვენება. ასევე პირველად ჩამოვიდნენ წარმომადგენლები კვიპროსიდან, ნიდერლანდებიდან, საბერძნეთიდან, უზბეკეთიდან და შვეიცარიიდან.

ფესტივალის გაფართოვება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1998 წელს ფესტივალი გახდა საერთაშორისო კულტურული პროექტი. მისი ფარგლები დიდი ხანია გასცდა სლავურ სამყაროს. „საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალში“ მონაწილეობას იღებენ წარმომადგენლები ხუთი კონტინენტიდან. მის სწრაფვას ხალხთა სულიერი გაერთიანებისკენ ხაზს უსვამს ფესტივალის დევიზიც: „ხელოვნებით — მშვიდობისა და ურთიერთგაგებისკენ.“ თავისი არსებობის პერიოდში ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელმა. იგი არის ხანგრძლივი, ფართომასშტაბიანი, კულტურული პროექტი რომელიც ხელს უწყობს ჰუმანიტარული თანამშრომლობის რეალიზებას, აგრეთვე მხატვრული კულტურისა და ხელოვნების განვითარებას.

ფესტივალის ორგანიზატორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფესტივალს ორგანიზებას უწევს საორგანიზაციო კომიტეტი, რომელშიც შედიან პოლიტიკოსები, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეები რესეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან. ის სახელმწიფო მნიშვნელობის მოვლენად გადაიქცა და ქვეყნის ხელმძღვანელობიდან მხარდაჭერა აქვს. ბელარუსის პრეზიდენტი ყოველწლიურად, პირადად აცხადებს ფესტივალის სადღესასწაულო გახნის შესახებ. „ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის“ განვითარებაში შეტანილი პირადი მნიშვნელოვანი წვლილისათვის ალექსანდრე ლუკაშენკო დაჯილდოვდა ფესტივალის საპატიო ნიშნით.

2001 წელს „სლავიანსკი ბაზარი ვიტებსკში“ გახდა სამი ქვეყნის (რუსეთის, ბელარუსის და უკრაინის) პრეზიდენტების შეხვედრის ადგილი.[4]

ფესტივალის პროგრამა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფესტივალის გახსნის ცერემონია
  • საესტრადო სიმღერების შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი „სლავიანსკი ბაზარი“
  • საერთაშორისო საბავშვო მუსიკალური კონკურსი „ვიტებსკი“
  • რესეთის, ბელარუსისა და უკრაინის ხელოვნების ოსტატთა გალა-კონცერტი.
  • საესტრადო შემსრულებლების სოლო კონცერტები
  • ფესტივალის დახურვის ცერემონია
  • გამოფენები
  • ფესტივალის კინოპროგრამა
  • თეატრალური შეხვედრები
  • პროგრამა „ფესტივალი საზღვრებს გარეშე“
  • „ჯაზ-კლუბი“
  • „მოდა და ახალი თაობის მუსიკა“
  • „მუსიკალური შეხვედრები“

ფესტივალის სიმბოლიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფესტივალს აქვს თავისი ლოგოტიპი, დევიზი, დროშა, პრიზები და დიპლომები. ფესტივალის ემბლემა თავიდან მოფიქრებული იყო მოსკოველი მხატვრის, ალექსანდრე გრიმის მიერ. მასზე გამოსახული ღიღილოსა და ნოტის გამოსახულება ისეა ერთმანეთთან გაერთიანებული, რომ იქმნება მიკროფონის გამოსახულება. მის გვარდით ბელარუსულ ენაზე არის წარწერა: „სლავიანსკი ბაზარი ვიტებსკში“, ხოლო წარწერა „ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი“ ორ ენაზე: ბელარუსულზე და ინგლისურზე ირგვლივ, წრიულად არის განთავსებული.

ფესტივალის დროშა წარმოადგენს თეთრი ფერის ქსოვილს, მრავალფეროვანი საფესტივალო ნიშნით ცენტრში. 2016 წელს შეიცვალა ლოგოტიპის, აფიშის და მთლიანად საფესტივალო სუვენირების დიზაინი. უცვლელი დარჩა მხოლოდ ფესტივალის მთავარი სიმბოლო — ღიღილო.

ფესტივალის ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საესტრადო სიმღერების შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „გრან-პრი“ — 20.000 აშშ დოლარი, სპეციალური პრიზი „ოქროს ლირა“ და საერთაშორისო კონკურსის „გრან-პრის“ მფლობელის დიპლომი
  • „1-ლი პრემია“ — 15.000 აშშ დოლარი, სპეციალური პრიზი „ლირა“ და საერთაშორისო კონკურსის ლაურეატის დიპლომი („1-ლი პრემიის“ მფლობელი)
  • „მე-2 პრემია“ — 10.000 აშშ დოლარი, სპეციალური პრიზი „ლირა“ და საერთაშორისო კონკურსის ლაურეატის დიპლომი („მე-2 პრემიის“ მფლობელი)
  • „მე-3 პრემია“ — 5.000 აშშ დოლარი, სპეციალური პრიზი „ლირა“ და საერთაშორისო კონკურსის ლაურეატის დიპლომი („მე-3 პრემიის“ მფლობელი)

საერთაშორისო საბავშვო კონკურსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „გრან-პრი“ — 5.000 აშშ დოლარი, სპეციალური პრიზი „ოქროს ლირა“ და საერთაშორისო საბავშვო კონკურსის „გრან-პრის“ მფლობელის დიპლომი
  • „1-ლი პრემია“ — 3.000 აშშ დოლარი, სპეციალური პრიზი და საერთაშორისო საბავშვო კონკურსის ლაურეატის დიპლომი („1-ლი პრემიის“ მფლობელი)
  • „მე-2 პრემია“ — 2.000 აშშ დოლარი, სპეციალური პრიზი და საერთაშორისო საბავშვო კონკურსის ლაურეატის დიპლომი („მე-2 პრემიის“ მფლობელი)
  • „მე-3 პრემია“ — 1.000 აშშ დოლარი, სპეციალური პრიზი და საერთაშორისო საბავშვო კონკურსის ლაურეატის დიპლომი („მე-3 პრემიის“ მფლობელი)

2015 წელს ალექსანდრე ლუკაშენკომ დააწესა ახალი პრემია „სლავური იმედი“ — სპეციალური პრიზი სახელმწიფოს მეთაურისგან სლავური თემის ვოკალური ხელოვნების საუკეთესოდ განხორციელებისთვის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-05-31. ციტირების თარიღი: 2022-05-20.
  2. Славянский базар»: как все начиналось
  3. Информация о FIDOF на сайте фестиваля «Славянский базар»
  4. О фестивале. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-05-31. ციტირების თარიღი: 2022-05-20.