სიღნაღის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიღნაღის მუნიციპალიტეტი

სიღნაღის მუნიციპალიტეტი დროშა სიღნაღის მუნიციპალიტეტი გერბი

ადმინისტრაციული ცენტრი

სიღნაღი

რეგიონი

კახეთის მხარე

სიმჭიდროვე

34.8 [1] კაცი/კმ²

ფართობი

1251 კმ²

მოსახლეობის რაოდენობა

42.652 კაცი (2006 წელი)

ეროვნება

ქართველები 97.5%
რუსები 1%
სომხები 0.8%
აზერბაიჯანელები 0.1%
იეზიდები 0.1%[2]

სიღნაღის მუნიციპალიტეტი საქართველოს რუკაზე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში - კახეთში. სიღნაღის მუნიციპალიტეტი 1917 წლამდე სიღნაღის მაზრის სახელწოდებას ატარებდა, 1928 წლიდან მუნიციპალიტეტი კახეთის მაზრაში შედიოდა, 1929 წლიდან კი კახეთის ოლქში. 1930 წლიდან ჩამოყალიბდა ცალკე რაიონად. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთ-დასავლეთით და დასავლეთით საზღვრავს გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით კი ესაზღვრება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი და აზერბაიჯანის რესპუბლიკა. ფართობი 1251,7 კვ.კმ.

გეოგრაფია

რელიეფი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის დიდი ნაწილი უჭირავს ივრის ზეგანს, რომელიც აგებულია მესამეული და მეოთხეული ნალექი წყებებით. ტექტონიკურად ხასიათდება ეჟექტური ნაოჭებისა და გასწვრივი შეცოცებებისა დ რღვევების ურთიერთშეხამებით. ზეგნის მორფოლოგიურ სახეს ქმნის ტექტოგენური ფორმები - მონოკლინური და ანტიკლუნური მაღლობები და ვრცელი სინკლინური ქვაბულები, რომელიც ამოვსებულია მეოთხეული ფხვიერი ნაფენებით. ივრის ზეგანზე არის ეროზიული ფორმებიც - მდინარე ივრის თანამედროვე ხეობა და მთელი რიგი ხევები, ბედლენდები და სხვ.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში შემოდის გომბორის ქედის მცირე მონაკვეთი, რომელიც აგებულია ნეოგენური ქვიშაქვებით, კონგლომერატებითა და თიხებით. სამხრეთ-დასავლეთ კალთა დამრეცია, დასერილია მშრალი ხევებით. ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კალთა კი ციცაბოთ ეშვება ალაზნის ვაკისაკენ. მუნიციპალიტეტის ფარგლებში გომბორის ქედის უმაღლეს მთას ჭოპორტი (1087 მ) წარმოადგენს. მუნიციპალიტეტის ჩრდილო ნაწილი უჭირავს ალაზნის აკუმულაციურ ვაკეს, რომელიც აგებულია მეოთხეული ნალექებით. მუნიციპალიტეტის ფარგლებში ალაზნის ვაკის აბსოლუტური სიმაღლეა 219-იდან 350 მ-მდე. იგი დახრილია ჩრდილოეთ-დასავლეთისაკენ და სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. ალაზნის ვაკის რელიეფს ართულებს გამოზიდვის კონუსებში ჩაჭრილი მცირე სიღრმის ეროზიული ფორმები. ალაზნის ვაკის სიგანე მუნიციპალიტეტის ფარგლებში მდინარე ალაზნიდან გომბორის ქედამდე 35 კმ-ია, ხოლო სიგრძე 22 კმ.

შიგა წყლები

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ჰიდროგრაფიულ ქსელს მოკლებულია. აქაურ მიწაზე გვხვდება ძირითადად პერიოდული ხასიათის მდინარეები. გამოსაყოფია ორი მდინარე ალაზანი და იორი. ალაზანი მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოედინება ლაგოდეხისა და აზერბაიჯანის საზღვათან, აქ მდინარეს კლაკნილი მიმართულება აქვს. მდინარე იორი ივრის ზეგანს კვეთს სამხრეთ ნაწილში. მთელ სიგრძეზე აქვს კარგად გამოხატული მეანდრები. მუნიციპალიტეტის ფარგლებში იორის სიგრძე დაახლოებით 28 კმ-ია. მთავარი შენაკადებია : ალანდარისხევი (მარცხ), მათაგალონი (მარცხ).

მშრალი ღელეები არის გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზეც, მაგრამ ისინი მდინარე იორამდე ვერ აღწევენ. მუნიციპალიტეტის მდინარეები დიდდება გაზაფხულსა და ზაფხულის დასაწყისში, წელიწადის სხვა დროს კი წყალმცირობაა. აღსანიშნავია ასევე გომბორის კალთაზე არსებული მშრალი ხევები, რომლებშიც ძლიერი წვიმების დროს წყალი მიედინება.

ჰავა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოიყოფა ჰავის რამდენიმე ტიპი. ივრის ზეგანზე განვითარებულია ზომიერად ნოტიო სტეპების ჰავა, აქ ზაფხული ცხელია, ზამთარი კი ცივი. ალაზნის ვაკეზე ჩამოყალიბებულია ზომიერად ნოტიო ჰავა, ზამთარი ზომიერად ცივია, ხოლო ზაფხული ცხელი.

გომბორის ქედზე ზომიერად ნოტიო და ზომიერად თბილი ჰავაა, ზამთარი აქ ცივია ხოლო ზაფხული ხანგრძლივად თბილი. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 11.1°-იდან 12.6° მ-მდე. აბსოლუტურ მინიმუმი - 24°, მაქსიმუმი 37-40°.

ნალექების მინიმუმით ხასიათდება ივრის ზეგანი, სადაც წლიურად 400-500 მმ ნალექი მოდის. შედარებით მეტი ნალექი მოდის გომბორის ქედზე - 810 მმ წელიწადში.

ნიადაგები

ივრის ზეგანზე განვითარებულია მცირე და საშუალო სისქის შავმიწები, აგრეთვე წაბლა ნიადაგები დამლაშებული და ბიცობიანი ნიადაგების კომპლექსით. გომბორის ქედის კალთებსა და მთისწინეთში გაბატონებულია ტყის ყავისფერი ნიადაგები. ალაზნის ვაკეზე გვხვდება ტყე სტეპის გარდამავალი ზოლის შავმიწისებრი, ალუვიურ-კარბონატული და მდელოს კარბონატული ნიადაგები.

ლანდშაფტები

მუნიციპალიტეტის ტრიტორიაზე გამოიყოფა ლანდშაფტის შემდეგი სახეები :

  1. ჯაგეკლიანი სტეპური ვაკე ჰალოფილური მცენარეულობით შავმიწისებურ ალუვიურ და დამლაშებულ ნიადაგებზე;
  2. ტყის ყავისფერი ნიადაგები გამოზიდვის კონუსებით ჯაგ-რცხილნარითა და ჯაგეკლიანი სტეპებით;
  3. ვაკე ტაფობები სტეპის მცენარეულობით შავმიწა და წაბლა ნიადაგებით,
  4. რუხ ყავისფერი ნიადაგები არიდული მცენარეულობით;
  5. ტაფობები ჰალოფილური მცენარეულობით,
  6. ტყის ყავისფერი და ყომრალი ნიადაგები მუხნარ რცხილნარით;
  7. ტუგაის ტყის ლანდშაფტი.

ფლორა და ფაუნა

ფაუნა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით გვხვდება ტურა, მგელი, მელა, მაჩვი, კვერნა, დედოფალა, კურდღელი, ლელიანის კატა; მდინარე ივრის პირას ჭალის ტყეში ბინადრობს გარეული ღორი. მცირე რაოდენობით არის ზოლებიანი აფთარი. მღრღნელებიდან აღსანიშნავია ზაზუნა, ტყის თაგვი, ბუჩქნარის მემინდვრია, მექვიშია და სხვ.

ფრინველებიდან გვხვდება მწყერი, შაშვი, ხოხობი, კაკაბი, კაჭკაჭი, ყვავი, გნოლი და სხვ. მდინარეებში არის თაღლითა, ფრიტა, გველანა, ქაშაპი და სხვა.

ფლორა

ივრის ზეგანზე გავრცელებულია ვაციწვერიანი და უროიანი სტეპები, გვხვდება ასევე ჯაგეკლიანი ბუჩქნარებიც. ივრის ზეგნის სამხრეთ ნაწილში გვხვდება ნაცარქათამასებრთა ოჯახში შემავალი ბუჩქი ჩარანი, რომლისგანაც იღებენ სოდას. ნახევარუდაბნოს მცენარეულობიდან არის ასევე აბზინდა, ხურხუმო და ყარღანი.

ნათელ ტყეს ქმნის ქართული ნეკერჩხალი, ღვია, საღსაღაჯი და სხვ. აქვე არის კლდის ქსეროფიტული მცენარეულობა. მდინარე ივრის ნაპირებთან არის ჭალის ტყეები : წნორი, ჭალის ვერხვი, იალღუნი და სხვ. ალაზნის ვაკეზე გავრცელებულია ჯაგეკლიანი სტეპი ტყის ელემენტებით.

გომბორის ქედის ტყეებზე აღსანიშნავია მუხა და რცხილა. ტყესტეპებს ქმნის ჯაგრცხილა, ძეძვი და სხვა სახეობის მცენარე.

მოსახლეობა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის განსახლების ზონა ვრცელდება ზღვის დონიდან 300-800 მ ფარგლებში. უმეტესად ქართველები ცხოვრებენ, მცირე რაოდენობით არიან სომხები, რუსები და სხვ.

მმართველობა

მუნიციპალიტეტის გამგეობა: გამგებელი:რამაზ პოპიაშვილი[1] გამგებლის პირველი მოადგილე: ბერდო ასანიშვილი გამგებლის მოადგილე: ლუიზა ბერიაშვილი

სიღნაღის რაიონში არის 2 ქალაქი:სიღნაღი, წნორი და 23 სოფელი :ანაგა, ასანური, ბოდბისხევი, ვაქირი, ზემო ბოდბე, ზემო მაღარო, კვენაკელი, მაშნაარი, ნუკრიანი, პრასიანი, საქობო, ტიბაანი, ულიანოვკა, ფანიანი, ქედელი, ქვემო ბოდბე, ქვემო მაღარო, ქვემო მაჩხაანი, ყარაღაჯი, ძველი ანაგა, ჭოტორი, ხირსა, ჯუგაანი.

ეკონომიკა

მოსახლეობის ძირითადი ნაწილი დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში. მუნიციპალიტეტში განვითარებულია მევენახეობა, მეცხოველეობა, მეფრინველეობა და სხვ. არის რამდენიმე ღვინის ქარხანა. სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 90 ათასი ჰა., რომელთაგან სახნავ-სათესია 40 ათასი ჰა. ხოლო 50 ათასი ჰა საძოვრებია.

კულტურა

ღირსშესანიშნაობანი

ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია ბოდბის მონასტერი, წმინდა ნინოს სახელობის სამონასტრო კომპლექსი და საეპისკოპოსო. სოფელ ვაქირში შემონახულია სამეკლესიიანი ბაზილიკა, რომელიც ნაგებია აგურითა და რიყის ქვით. აქვეა „კვირაცხოველის“ ეკლესია. სოფელ ტიბაანში დგას ხირსის მონასტერი.

ლიტერატურა

  • უკლება დ., უკლება მ., ქსე, ტ. 9, გვ. 407-408, თბ., 1985;
  • მარუაშვილი ლ., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბ., 1964;
  • საბაშვილი მ., საქართველოს სსრ ნიადაგები, თბ., 1965;
  • უკლება დ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი მხარეების ლანდშაფტები და ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონები, თბ., 1974.

რესურსები ინტერნეტში

კახეთის რეგიონის ოფიციალური საიტი

სქოლიო

  1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის თვითმართველობა - გამგებელი