სიღნაღის მიწერილი სანადირო მეურნეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სიღნაღის მიწერილი სანადირო მეურნეობამიწერილი სანადირო მეურნეობა საქართველოს სსრ სიღნაღის რაიონში. რაიონის მონადირეთა საზოგადოებაზე მიწერილი იყო 27 000 ჰექტარი სანადირო სავარგული, რომელიც რაიონის სხვადასხვა ადგილებზე იყო განლაგებული შემდეგ საზღვრებში: აღმოსავლეთით — აზერბაიჯანის სსრ და წითელწყაროს რაიონი, დასავლეთით — საგარეჯოსა და გურჯაანის რაიონები, ჩრდილოეთით — აზერბაიჯანის სსრ და ლაგოდეხის რაიონი, სამხრეთით — აზერბაიჯანის სსრ. რაიონის უმეტესი ნაწილი მკვეთრად ეშვებოდა გომბორის ქედის სამხრეთი კალთიდან ალაზნისაკენ და სადგურ წნორისწყლიდან გადადის ალაზნის ველებზე.

ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ჭალის ტყეები აქა-იქ კორომებად იდგა, ხოლო მარცხენა მხარეზე ტყე დიდი სიგანით მისდევდა ალაზანს. აქ იყო საჩვენებელი სანადირო მეურნეობა „ჭიაური“, რომელიც თავისი ბუნებრივი პირობებით, სანადირო ცხოველების სახეობათა და რაოდენობის მიხედვით ყველაზე უფრო სრულყოფილი იყპ მონადირეთა კავშირის სისტემაში არსებულ ყველა მეურნეობაში. იგი 1962 წელს შეიქმნა.

კარგმა დაცვამ, საკვები ბაზის შექმნამ, ზამთრობით დამატებითი საკვების მიცემამ, საბუდარი ადგილების ხელუხლებლობამ თავისი შედეგი გამოიღო და აქ მალე გაიზარდა ხოხბის რაოდენობა, რის შემდეგ უკვე შესაძლებელი გახდა ერთდროული ნებართვით ნადირობაც კი. ნადირ-ფრინვლის აღრიცხვებმა შემდეგ წლებში, რა თქმა უნდა, უკეთესი შედეგები მოიტანა. იმატა ხოხბისა და გარეული ღორის რაოდენობამ, მომრავლდა კურდღელი; მცირე რაოდენობით იყო ირემი და შველი.

აქ აშენებული იყო ორსართულიანი მონადირის სახლი, აგრეთვე სტანდარტული სახლი მეურნეობის მომსახურე პერსონალისათვის. ყოველწლიურად ითესებოდა სხვადასხვა კულტურა საკვები ბაზის გასამტკიცებლად და ნადირ-ფრინვლის თავშესაფარად.

გარდა აღნიშნულისა, მიწერილი მეურნეობის დანარჩენ ტერიტორიაზე მოიპოვებოდა დათვი, კვერნა, ციყვი, მაჩვი, მგელი, ტურა, მელა, გარეული კატა, ხოხობი, დურაჯი, კაკაბი და სხვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]