სიქსტო დურან ბალენი
| სიქსტო დურან ბალენი | |
| ეკვადორის პრეზიდენტი | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 10 აგვისტო, 1992 – 10 აგვისტო, 1996 | |
| ვიცე-პრეზიდენტი | ალბერტო დაჰიკი |
| წინამორბედი | როდრიგო ბორხა |
| მემკვიდრე | აბდალა ბუკარამი |
კიტოს მერი | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 1 აგვისტო, 1970 – 16 თებერვალი, 1978 | |
| დაბადებული | 14 ივლისი, 1921 ბოსტონი |
| გარდაცვლილი | 15 ნოემბერი, 2016 |
| ეროვნება | ეკვადორელი |
| მეუღლე | ხოსეფინა ვილალობოსი |
სიქსტო ალფონსო დურან ბალენ კორდოვესი (ესპ. Sixto Alfonso Durán-Ballén Cordovez; დ. 14 ივლისი, 1921, ბოსტონი — გ. 15 ნოემბერი, 2016)[1] — ეკვადორის პრეზიდენტი 1992 წლის 10 აგვისტოდან 1996 წლის 10 აგვისტომდე. მანამდე, 1970-1978 წლებში იგი კიტოს მერის თანამდებობას იკავებდა. 1951 წელს მან „ქრისტიან-სოციალური პარტია“ დააარსა.[2]
1991 წელს მან დატოვა ქრისტიან-სოციალური პარტია და ჩამოაყალიბა ახალი კონსერვატიული ჯგუფი, რომელსაც რესპუბლიკური კავშირის პარტია (PUR) უწოდა. ამის შემდეგ, 1992 წელს მესამედ იყარა კენჭი და პრეზიდენტად აირჩიეს.[3]
დურან ბალენი კონგრესმენის თანამდებობას ორჯერ, 1984 და 1998 წლებში იკავებდა. მან ხელი შეუწყო ეკვადორის ეკონომიკის მოდერნიზაციას და პრეზიდენტობის ბოლო წლებში ქვეყანას სენეპის ომში ხელმძღვანელობდა.[4]
მას დადებითი შეფასებები ჰქონდა თანამდებობაზე ყოფნის ოთხი წლის შემდეგ. მისი პრეზიდენტობა დადებითად შეფასდა საზოგადოებრივი გამოკითხვებით, თუმცა ექსპერტების მხრიდან არაერთგვაროვანი მოსაზრებები დაიმსახურა.[5]
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დურან ბალენი 1921 წლის 14 ივლისს მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ბოსტონში დაიბადა. ის მაშინ დაიბადა, როდესაც მისი მშობლები სიქსტო დურან ბალენ რომერო და მარია ევგენია კორდოვესი დიპლომატიურ მისიაში იმყოფებოდნენ შეერთებულ შტატებში.[6]
ბალენი ლა სალის გრამატიკულ სკოლებში გუაიაკილსა და კიტოში სწავლობდა. საშუალო განათლება სან-გაბრიელის იეზუიტურ სკოლაში მიიღო. დურან ბალენმა კოლუმბიის უნივერსიტეტში შეისწავლა არქიტექტურა, ეს კურსი მან 1945 წელს მთელ კურსზე საუკეთესო შეფასებით დაამთავრა.
ის 1945 წელს ნიუ-იორკში ხოსეფინა ვილალობოსზე დაქორწინდა.[7]
პოლიტიკური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დურან ბალენი 1955 წელს კამილო პონსე ენრიკესთან ერთად ქრისტიან-სოციალური პარტი (PSC) ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა. კამილო პონსე ენრიკესის პრეზიდენტობის დროს, 1956 წლიდან 1960 წლამდე ის საზოგადოებრივი სამუშაოების მინისტრის თანამდებობას იკავებდა. შემდეგ ვაშინგტონში გადავიდა, სადაც ინტერ-ამერიკის განვითარების ბანკის პროექტების ანალიზის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.[2] 1968 წელს ის არქიტექტურის განხრით კერძო საქმიანობას დაუბრუნდა და 1970 წელს კიტოს მერის არჩევნებში იყარა კენჭი. ამ არჩევნებში ის ქალაქის მერად აირჩიეს, ხოლო 1974 წელს მორიგ არჩევნებშიც გაიმარჯვა.
1979 წელს ის კენჭს იყრიდა PSC-ის საპრეზიდენტო კანდიდატად, თუმცა დამარცხდა პოპულისტ ხაიმე როლდოს აგილერასთან. 1984 წელს პრეზიდენტმა ლეონ ფებრეს-კორდერომ დურან ბალენი საბინაო საკითხებში მინისტრად დანიშნა. თანამდებობა მან 1988 წლამდე შეინარჩუნა, ამ წელს ქრისტიან-სოციალური პარტიამ ის პრეზიდენტობის კანდიდატად ხელახლა წარადგინა.
თუმცა ამჯერად მან საპრეზიდენტო კამპანიას გული ვერ დაუდო, რადგან მისი ცხრა შვილიდან ყველაზე პატარა ქალიშვილი ლეიკემიის გამო ძვლის ტვინის გადანერგვისა და ქიმიოთერაპიის სირთულეებს გადიოდა. დურან ბალენის ქალიშვილი 1989 წელს, 29 წლის ასაკში გარდაიცვალა.[8]
პრეზიდენტობა 1992 - 1996
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1990 წლის ბოლოს დურან ბალენმა საჯაროდ გააკრიტიკა ქრისტიან-სოციალური პარტიის ხელმძღვანელობა. 1991 წლის თებერვალში მან მონაწილეობა მიიღო პარტიის შიდა არჩევნებში, რომელშიც გუაიაკილის ფრაქციამ (ფებრეს-კორდეროს ხელმძღვანელობით) წარმატებით აირჩია ხაიმე ნებოტი პრეზიდენტობის კანდიდატად. დურან ბალენმა პარტიის დელეგატები შიდა არჩევნების დარღვევებით ჩატარებაში დაადანაშაულა, თუმცა უშედეგოდ (მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებით მას ნებოტთან შედარებით მაღალი რეიტინგი ჰქონდა).[9]
შედეგად დურან ბალენმა და მისმა მხარდამჭერებმა პარტია დატოვეს და უფრო მეტად მემარჯვენე რესპუბლიკური კავშირის პარტია ჩამოაყალიბეს. ეს გადაწყვეტილება ფართოდ მოიწონეს ეკვადორის საზოგადოებაში, რადგან ის პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან კავშირის გაწყვეტად აღიქმებოდა და მედიაში ის პერუს პრეზიდენტ ალბერტო ფუხიმორისაც კი შეადარეს.[10] დაარსებისთანავე მათ ეკვადორის კონსერვატიულ პარტიასთან ბევრისთვის საკმაოდ საკამათო კოალიცია შექმნეს. აღსანიშნავია, რომ დღეს ამ ორი პოლიტიკური პარტიიდან აღარცერთი აღარ არსებობს. საბოლოოდ დურანმა ნებოტი 1992 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დაამარცხა და ეკვადორის 37-ე პრეზიდენტი გახდა.[11]
დურან ბალენის პრეზიდენტად ინაუგურაცია 1992 წლის 10 აგვისტოს შედგა. 71 წლის ასაკში ბალენი ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტი იყო ეკვადორის ისტორიაში. პრეზიდენტობის პერიოდში ის აქტიურად ახორციელებდა სტრუქტურულ რეფორმებს ეკვადორის სახელმწიფოს მოდერნიზებისა და უსარგებლო ბიუროკრატიული ხარჯების შესამცირებლად.[12] პრეზიდენტობის დროს ბალენმა ეკვადორში ინფლაცია 67%-დან 24%-მდე შეამცირა. შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა სამთავრობო დეფიციტი და განვითარდა კერძო სექტორი. დურან ბალენმა ასევე მიიყვანა ეკვადორი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებამდე, მოლაპარაკებებს კი მისი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პატრისიო ისურიეტა მორა-ბოუენი ხელმძღვანელობდა. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქვეყნის პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და ექსპორტის კონკურენტუნარიანობაზე.[13]
ეკონომიკის ექსპერტების აზრით დურან ბალენის ეკონომიკური პოლიტიკა არაეფექტური იყო ქვეყნის საგარეო ვალებიდან გასათავისუფლებლად. ეკვადორის საგარეო ვალმა 1998 წელს 16,4 მილიარდ დოლარს მიაღწია. მან ასევე მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა, როდესაც 1995 წელს გააუქმა საგარეო საკრედიტო კომიტეტი.[14]
მის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებების საპასუხოდ, ბალენმა რეფერენდუმის ჩატარება გადაწყვიტა, თუმცა ამაში მხარდაჭერა ვერ მიიღო.
მიუხედავად ეკონომიკური სირთულეებისა, 1995 წელს პერუსთან წარმოებული სენეპის ომის დროს, ბალენი ერთ-ერთ წარმატებულ ლიდერად იქცა და ორად გაყოფილი ეკვადორელების გაერთიანება შეძლო. მან საზოგადოება ერთი დევიზის გარშემო გააერთიანა: „Ni un paso atras“, რაც ნიშნავს „არც ერთი ნაბიჯით უკან“.[15]
1996 წლის 10 აგვისტოს ბალენი აბდალა ბუკარამმა შეცვალა. თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მისი მოღვაწეობა მთლიანობაში დადებითად შეფასდა ეკვადორელებში.[16]
გვიანი წლები და გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პრეზიდენტობის შემდეგ ბალენი პიჩინჩის პროვინციის დეპუტატად აირჩიეს 1998 წელს.[17] 2005 წელს მან დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი სახელწოდებით „ჩემი გზა...კარონდელეტის წლები“.[18]
ბალენი 2016 წლის 15 ნოემბერს 95 წლის ასაკში ძილში გარდაიცვალა საკუთარ სახლში, ჩრდილოეთ კიტოში. მას დარჩა მეუღლე ხოსეფინა და რვა შვილი. მისი საჯარო პანაშვიდი დედაქალაქ კიტოს მერიის შენობაში გაიმართა, ის 16 ნოემბერს დაკრძალეს. მის დაკრძალვას პრეზიდენტი რაფაელ კორეა არ დასწრებია, თუმცა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. დაკრძალვას ესწრებოდნენ ყოფილი პრეზიდენტი გუსტავო ნობოა და ბალენის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ალბერტო დაჰიკი. სიქსტო დურან ბალენი კიტოს სანტა ტერეზიტას ეკლესიაში დაკრძალეს.[19]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Former President of Ecuador Sixto Durán Ballén Dies at 95“. Washington Post. 16 November 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 November 2016. ციტირების თარიღი: 16 November 2016.
- 1 2 Tormenta en el partido social cristiano es. Explored.com.ec. ციტირების თარიღი: 20 September 2015
- ↑ Sixto Durán Ballén, Ecuador President in Border Clash With Peru, Dies at 95. The New York Times.com (18 November 2016). ციტირების თარიღი: 18 November 2016
- ↑ Hace 20 años fue el conflicto del Alto Cenepa es. El Universo.com (26 January 2015). ციტირების თარიღი: 26 January 2015
- ↑ El libro que resume la bitácora arquitectónica de Sixto Durán-Ballén. El Comercio.com (21 November 2014). ციტირების თარიღი: 20 September 2015
- ↑ Former Ecuador President Duran-Ballen Dies at Age 95. The New York Times (16 November 2016). ციტირების თარიღი: 16 November 2016
- ↑ Catherine M. Conaghan (15 January 1995). Unsettling Statecraft: Democracy and Neoliberalism in the Central Andes. University of Pittsburgh Pre. ISBN 9780822974659.
- ↑ Morrisson, Christian, რედ. (1994), The Political Feasibility of Adjustment in Ecuador and Venezuela, OECD Publications Centre, p. 44
- ↑ (1995) Building Democratic Institutions: Party Systems in Latin America (en). Stanford University Press, გვ. 443–444. ISBN 978-0-8047-6537-4.
- ↑ Ideario y estructura de Union Republicana. Explored.com. ციტირების თარიღი: 20 September 2015
- ↑ Sixto Durán Ballén. Buscabiografias.com. ციტირების თარიღი: 20 September 2015
- ↑ Diana Jean Schemo. (7 November 1995) Political and Energy Crises Foil Ecuador's Hopes. The New York Times.com. ციტირების თარიღი: 16 November 2016
- ↑ President Sixto Duran Ballen. CIDOB.org (10 August 1992). ციტირების თარიღი: 17 November 2016
- ↑ Ecuador and the IMF – Address by Stanley Fischer. IMF.org (22 May 2000). ციტირების თარიღი: 15 November 2016
- ↑ Sixto Durán no se arrepiente del 'Ni un paso atrás'. La Republica.ec (31 January 2015). ციტირების თარიღი: 20 September 2015
- ↑ Alto Cenepa War, 1995. Teachwar.com (4 March 2012). ციტირების თარიღი: 19 November 2016
- ↑ El Parlamento Andino no tiene facultad legislativa es. La Hora (6 October 2006). ციტირების თარიღი: 4 October 2016
- ↑ Sánchez preside el Parlamento Andino es. El Universo (7 October 2007). ციტირების თარიღი: 21 September 2016
- ↑ Políticos de varias tendencias reconocen valía de Sixto Durán Ballén es. Ecuavisa.com (16 November 2016). ციტირების თარიღი: 16 November 2016