სიქანელისძეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სიქანელისძეები — XIII-XIV სს. ქართველ აზნაურთა საგვარეულო. ამ საგვარეულოს წარმომადგენელი „სიქანელისძე ჩოგაშვილი აბაში“ იხსენიება ჟამთააღმწერლის თხზულების უადრეს ვარიანტში (ქრონიკის სხვადასხვა რედაქცია ამ გვარსახელს სხვადასხვაგვარად გადმოსცემს). აბაში თან ახლდა მეფე დემეტრე II-ს მონღოლთა ლაშქრობაში სირიაში ეგვიპტის სულთნის წინააღმდეგ 1281 წელს და ბრძოლაში ცხენმოკლულ დემეტრეს თავისი ბედაური დაუთმო. ამ აბაშს იოანე ბატონიშვილი შეცდომით მიიჩნევს თავად აბაშიშვილთა (ბარათაშვილების განაყოფი) წინაპრად.

სიქანელისძეთა საგვარეულოს სავარაუდო წევრები არიან ასევე ჯავახეთში, კარნეთის ეკლესიის წარწერაში მოხსენიებული „ვარდან ...ქანლის ძე“, დიდი ხორენიის (ასევე ჯავახეთში) წარწერის „ჩოგა“ და იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ერთ-ერთ აღაპში მოხსენიებული „სიქანელის-ძის ასული აფა-ყოფილი ანნა“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თემო ჯოჯუა. „მასალები სიქანელისძეთა ფეოდალური სახლის ისტორიისათვის (XIII-XIV სს.)“. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები IV, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2011: გვ. 147-192.