სიქა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სიქა, (< სპარს. სექქე), თეგი, ტვიფრი, რომლითაც იჭრება ლითონის ფული. თითო მონეტის მოსაჭრელად საჭიროა ორი სიქა — შუბლისა და ზურგის გამოსახულებისათვის. შუბლის სიქა იჭრებოდა გრდემლზე, ზურგისა — მოძრავი ლითონის ღეროზე. სიქაზე ამოკვეთილია ნეგატიური გამოსახულება და სამონეტო ლეგენდა. უძველეს მონეტებს (ძვ. წ. VII–VI საუკუნეებში) გამოსახულება მხოლოდ შუბლის მხარეზე აქვთ. ზედა სიქის ნაცვლად იხმარებოდა ოთხწახნაგა განიკვეთიანი რკინის ერთი ან რამდენიმე ღერო, რომელიც მონეტაზე ოთხკუთხა ღრმულს (ე. წ. quadratum incusum) ტოვებდა. ზოგჯერ ამ ღეროების ქვედა პირზე რაიმე მარტივი გამოსახულება (ვარსკვლავი, ჯვარი) იკვეთებოდა. თანდათან ეს გამოსახულება გართულდა და ძვ. წ. VI–IV საუკუნეებში გაჩნდა მონეტის ზურგის გამოსახულებაც. მონეტის შუბლისა და ზურგის სიქები პირველად გამოიყენეს ათენში პისისტრატეს დროს. უძველეს სიქას ამზადებენ ბრინჯაოსა და რკინისაგან, შემდგომში — ნაწრთობი ფოლადისაგან. ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში თითოეულ მონეტას ჭრიდნენ ზედა სიქაზე ჩაქუჩის დარტყმით. XIX საუკუნეში გამოიგონეს მონეტის მოსაჭრელი მანქანა, რომელიც პრაქტიკულად დღემდე უცვლელად იხმარება. სიქა გაცვეთის შემდეგ იცვლებოდა, ამიტომ მათი პოვნის შემთხვევები იშვიათია. აღმოჩენილი სიქების უმეტესობა ყალბისმქნელებს ეკუთვნით. 1944 წელს გრემში ნაპოვნია ორი სიქა; ინახება სიმონ ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=სიქა&oldid=3570894“-დან