სიე ძიუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სიუ ძუნი)
სიე ძიუნი

სიე ძიუნი, კურიტიბა 1993
ქვეყანა (სპორტი) ჩინეთის დროშა ჩინეთი
ეროვნება ჩინელი
დაბადების თარიღი 30 ოქტომბერი, 1970 (1970-10-30) (53 წლის)
დაბადების ადგილი პაოტინგი, ჩინეთი
წოდება დიდოსტატი (1993)
ფიდე რეიტინგი 2574 (აპრილი, 2018)
მაქსიმალური რეიტინგი 2574 (იანვარი, 2008)

სიე ძიუნი (დ. 30 ოქტომბერი, 1970, პაოტინგი, ჩინეთი) — ჩინელი მოჭადრაკე, დიდოსტატი, მსოფლიოს მეშვიდე ჩემპიონი. ძიუნი ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი ორჯერ, 1991–1996 და 1999–2001 წლებში გახდა. დიდოსტატის წოდება 1991 წელს მიიღო, ხოლო 2004 წელს ფიდეს დამსახურებული არბიტრი და მწვრთნელი გახდა. დაქორწინებულია მწვრთნელ ვუ შაობინზე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიე ძიუნმა ჭადრაკის თამაში 6 წლისამ დაიწყო, 10-სა კი გოგონებს შორის ჩინეთის ჩემპიონიც გახდა. მთავრობის გადაწყვეტილებით მას საერთაშორისო სარბიელზე ასპარეზობის უფლება დართეს. 1984 წელს ჩინეთის გოგონებში იპირველა, ხოლო 1988 წელს ქალთა ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 24-ე ადგილი დაიკავა. 20 წლისა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ბრძოლაში ჩაება. 1990 წელს ზონალურ ტურნირზე 18 მონაწილეს შორის 12,5 ქულით მეორე ადგილს დასჯერდა. 11 მოიგო, სამ-სამი კი წააგო და გააყაიმა. ამით იგი მომდევნო ეტაპზე, ანუ პრეტენდენტთა IX ტურნირზე გავიდა, რომელსაც 1990 წლის 6-16 ოქტომბერს ბორჯომმა უმასპინძლა. თავიდან ქართველი მოჭადრაკეები დაწინაურდნენ, თუმც ბოლო ტურში ძიუნმა ლიდერ ნანა იოსელიანს სძლია და სერბ ალისა მარიჩთან ერთად პირველზე გავიდა. ჩინელმა 7 პარტიიდან 4 მოიგო, ორი წააგო და ერთი ყაიმით დაასრულა. იმავე წელს პრეტენდენტთა გამარჯვებულის გამოსავლენ ფლეი-ოფში მარიჩს დაუპირისპირდა, შეხვედრას ბელგრადმა და პეკინმა უმასპინძლა. ჩინელმა პირველივე პარტია მოიგო, მესამე წააგო, თუმც მეოთხეში კვლავ იმარჯვა და უპირატესობა აღადგინა. მერვე პარტიაში კიდევ ერთი ქულა დაუმატა მონაგარს, რის გამოც ბოლო მერვე პარტიის გამართვა აღარ გახდა საჭირო და საბოლოო ანგარიში 4,5:2,5 დაფიქსირდა. ამ გამარჯვებით ძიუნმა მსოფლიოს ჩემპიონ ქართველ მაია ჩიბურდანიძესთან შეხვედრის უფლება მიიღო.

მსოფლიო ჩემპიონატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეხვედრა მანილაში 1991 წელს 26 სექტემბრიდან 29 ოქტომბრამდე გაიმართა. რეგლამენტით 16 პარტია იყო განსაზღვრული. ამ დროისთვის საბჭოთა კავშირი ახალი დაშლილი იყო, ხოლო საქართველო არეულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაბამისად, ჩემპიონიც ხეირიანად ვერ მოემზადა, რაც თამაშისას გამოჩნდა კიდეც. ძიუნი მესამე პარტიაში თეთრებით დაწინაურდა, თუმც მომდევო ორი წააგო და ჩამორჩა. პირველი წრის ბოლოს სიემ გაათანაბრა ანგარიში, მე-11 და მე-13 პარტიებში თეთრი ფიგურებით მოიგო და ორქულიანი უპირატესობა მოიპოვა. მე-15 პარტიის ყაიმით დასრულების შემდეგ, მაია ტიტულის გადარჩენას ვეღარ შესძლებდა და მატჩიც ჩინელის სასარგებლოდ შეწყდა.

# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
1 სიე ძიუნი დროშა: ჩინეთი ჩინეთი = = 1 0 0 = = 1 = = 1 = 1 = = * 8,5
2 მაია ჩიბურდანიძე დროშა: საქართველო საქართველო = = 0 1 1 = = 0 = = 0 = 0 = = * 6,5

ტიტულის დაცვა ორ წელიწადში ასევე ქართველ ნანა იოსელიანთან მოუწია. შეხვედრა 25 ოქტომბრიდან 16 ნოემბრის ჩათვლით მონტე-კარლოში გაიმართა. ამ დროისთვის საქართველოში კვლავ არეული მდგომარეობა იყო, რის გამოც მეტოქეს სათანადო მომზადება არ ჰქონდა. ჩინელმა 11 პარტიაში გადაწყვიტა ბედი, აქედან I, II, IV, V, VII, IX, XI მოიგო, VI წააგო, დანარჩენები კი ყაიმით დაასრულა და 8,5:2,5-ით ტიტული შეინარჩუნა.

# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
1 სიე ძიუნი დროშა: ჩინეთი ჩინეთი 1 1 = 1 1 0 1 = 1 = 1 * * * * * 8,5
2 ნანა იოსელიანი დროშა: საქართველო საქართველო 0 0 = 0 0 1 0 = 0 = 0 * * * * * 2,5

სამწუხაროდ ჩემპიონობა 1996 წელს ესპანურ ხაენში ამერიკის სახელით მოასპარეზე უნგრელ ჟუჟა პოლგართან დასთმო. შეხვედრა ჩინელის უპირატესობით დაიწყო და პირველივე შავებით მოიგო, მაგრამ შემდეგ მოეშვა და თამაშიც მეტოქის კარნახით წავიდა. პოლგარმა IV, V, VII, VIII, XI პარტიებში იმარჯვა, ჟუნმა XII მოგება შესძლო, თუმც XIII წააგო და შეხვედრაც ნაადრევად მეტოქის სასარგებლოდ შეწყდა. 8,5:4,5

# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
1 ჟუჟა პოლგარი დროშა: უნგრეთი უნგრეთი 0 = = 1 1 = 1 1 = = 1 0 1 * * * 8,5
2 სიე ძიუნი დროშა: ჩინეთი ჩინეთი 1 = = 0 0 = 0 0 = = 0 1 0 * * * 2,5

მომდევნო წლებში ჩემპიონ პოლგარს ფიდესთან უთანხმოება მოუვიდა, რის გამოც წოდება ჩამოართვეს და 1998 წლის მატჩი აღარ შესდგა. ფიდემ ჩემპიონის გამოსავლენი მატჩი 1999 წელს დანიშნა და 1997 წელს გრონინგენში პრეტენდენტთა ორწრიანი ტურნირის პირველ-მეორე ადგილოსნები შეახვედრა. შეჯიბრში ძიუნმა 10 მონაწილეს შორის 9 მოიგო, 7 ყაიმით დაასრულა, ორი კი წააგო და მეორე ადგილს დასჯერდა. პირველზე კი 13,5 ქულით რუსი ალისა გალიამოვა გავიდა.

საჩემპიონო მატჩს 1999 წელს ყაზანმა და შენიანმა უმასპინძლა. თავიდან მასპინძლობა მარტო შენიანს სურდა, თუმც გალიამოვამ იუარა, არ მსურს მეტოქის სახლში ვითამაშოო. მატჩი დაძაბულად, ქულა-ქულაში წარიმართა. მეორეში დაწინაურებულ ძუანს გალიამოვამ მომდევნო ტურშივე გაუთანაბრა, ასე მოხდა მეხუთე-მეექვსეშიც. მძიმე გამოდგა მეცხრე პარტია, ძიუნი შავებით გამოვიდა, დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა და დაწინაურდა. თითო-თითო მოგება-წაგება XI-XII პარტიებში გაცვალა, თუმც მე-14 მოიგო და ორ ქულამდე გაზარდა უპირატესობა. მეთხუთმეტე შეხვედრა ყაიმით დასრულდა, რის გამოც ბოლო ტურის გამართვა არ გახდა საჭირო და ჩემპიონად კვლავ ჩინელი გამოცხადდა. საბოლოო ანგარიში კი 8,5:6,5 დაფიქსირდა.

# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
1 სიე ძიუნი დროშა: ჩინეთი ჩინეთი = 1 0 = 1 0 = = 1 = 1 0 = 1 = * 8,5
2 ალისა გალიამოვა დროშა: რუსეთი რუსეთი = 0 1 = 0 1 = = 0 = 0 1 = 0 = * 6,5

მომდევნო წელს ფიდემ წესები შეცვალა და ჩემპიონები ნოკაუტ-სისტემით ჩაატარა. ჩემპიონატი 61 მონაწილეს შორის 2000 წელს დელიში, 27 ნოემბრიდან 16 დეკემბრამდე გაიმართა. პირველ ეტაპზე ჩემპიონმა დაისვენა, შემდეგ კი თანამიმდევრობით გამოთიშა ასპარეზობიდან რუსები სვეტლანა მატვეევა (2,5:1,5) და ელენა ზიაიცი (1,5:0,5), უკრაინელი ნატალია ჟუკოვა (1,5:0,5), რუსი ეკატერინა კოვალენსკაია (2,5:1,5) და ფინალშიც გავიდა, სადაც თანამემამულე ცინ კანინი დახვდა. ჩემპიონმა პირველივე თეთრებით მოიგო, დარჩენილი სამი კი ყაიმით დაასრულა და ტიტული შეინარჩუნა. ამის შემდეგ იგი იშვიათად ჩნდებოდა დაფასთან და პროფესინალური თამაშსაც ფაქტობრივად დაანება თავი.

ჩემპიონობის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000 წლის აპრილში გუნაჯოუში ძიუნი მსოფლიოს ექს-ჩემპიონ ანატოლი კარპოვს დაუპირისპირდა. შეხვედრას „ჭადრაკში ქალი მამაკაცის წინააღმდეგ“ ერქვა. მათ ოთხი კლასკური და ორიც სწრაფი მატჩი ჩაატარეს. კლასიკურ დროში ძიუნმა 1 წააგო და 3 დაასრულა ყაიმით, ხოლო სწრაფში წაგება და ყაიმი გაიფორმა.

ღვაწლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძიუნი დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩინეთში და მისმა წარმატებამ დიდი გავლენა იქონია ახალგაზრდებზე, შედეგად ამ ქვეყანას მოევლინენ: ჭუ ჩენი, სიუ იუხუა, ხოუ იფანი, ვანგ ლეი. მათი დამსახურებით ჩინეთის ნაკრებმა 1998 წლის ოლიმპიადაზე ელისტაში ოქროს მედლები დაისაკუთრეს. ძიუნი პირველ დაფაზე გამოვიდა, სულ კი 10 პარტია ითამაშა, საიდანაც 5 მოიგო, 4 ყაიმით დაასრულა და 1 წააგო.

პირადი საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990-იანი წლის ბოლოს პეკინის პედაგოგიურ უნივერსიტეტში ფსიქოლოგიას კითხულობდა. ამჟამად პეკინის სპორტულ კომისიაში მოღვაწეობს, ზრუნავს მოჭადრაკეებზე და სპორტის სხვა წარმომადგენლებზეც. 2004 წლის ივლისში საერთაშორისო არბიტრი და ფიდეს უფროსი მწვრთნელი გახდა. ბოლო 4 პარტია 2008 წლის დასაწყისში ითამაშა, რათა რეიტინგი შეენახა. კარიერის პიკზე კი რეიტინგში მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
წინამორბედი:
მაია ჩიბურდანიძე
ქალთა მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში
1991–1996
შემდეგი:
ჟუჟა პოლგარი
წინამორბედი:
ჟუჟა პოლგარი
ქალთა მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში
1999–2001
შემდეგი:
ჭუ ჩენი