სისხლიანი ბენდერები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქეით ბენდერი

სისხლიანი ბენდერები (ინგლ. Bloody Benders) — სერიული მკვლელების ოჯახის მეტსახელი, რომლებიც ფლობდნენ პატარა მაღაზიასა და სასტუმროს 1872–1873 წლებში ლაბეთ ქაუნთიში, (კანზასი). ოჯახი შედგებოდა ოთხი წევრისგან: ჯონ ბენდერი, მისი მეუღლე ელვირა, ვაჟი ჯონ უმცროსი და ქალიშვილი ქეითი. ცნობილია, რომ ქეითი ძალიან ლამაზი იყო. იგი თავს ასაღებდა მკურნალად და მედიუმად. ქეით ბენდერი მიიჩნევა ოჯახის მამოძრავებელ ძალად, სწორედ მისი შთაგონებით სჩადიოდნენ მისი ოჯახის წევრები მკვლელობებს.

მკვლელობის მეთოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბენდერებს სახლში ჰქონდათ ერთი დიდი ოთახი, რომელიც გაყოფილი იყო ფარდით. თუ სტუმარი მდიდარი იყო, მაშინ ისინი საპატიო სავარძელში დაჯდომას შესთავაზებდნენ, რომელიც ზურგით იდგა ჩამოფარებული ფარდისკენ. ქეითი ართობდა სტუმარს, ამ დროს კი ჯონ ბენდერი და მისი ვაჟიშვილი მას უკნიდან ეპარებოდნენ და თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით კლავდნენ. გვამს სარდაფში ძარცვავდნენ და შემდეგ იქვე ბაღჩაში მარხავდნენ.

ბენდერების აღსასრული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1873 წლის გაზაფხულზე, ბენდერების სასტუმროში გაჩერდა დოქტორი უილიამ იორკი. გამომგზავრებამდე დოქტორმა იორკმა თავის ძმას დაუბარა რომ ბენდერების სასტუმროში გაჩერებას აპირებდა.

ბენდერების სახლი

1873 წლის 4 მაისს მას შემდეგ რაც დოქტორი იორკი სახლში არ დაბრუნდა, მისი ძმა პოლკოვნიკი იორკი მივიდა ბენდერების სასტუმროში და თავისი ძმა იკითხა, ბენდერებმა უპასუხეს რომ ის არ გაჩერებულა მათთან და შესაძლოა ის გზად ინდიელებს გადაყროდა. პოლკოვნიკისთვის დამაჯერებელი აღმოჩნდა ბენდერების ვერსია და მან სასტუმროში სადილად დარჩენა გადაწყვიტა.

სადილის შემდეგ პოლკოვნიკმა იორკმა ოთახში, ძირს დაგდებული ოქროს მედალიონი შენიშნა, როდესაც მან მედალიონი გახსნა იქ მისი ძმის ქალიშვილისა და მეუღლის სურათი ნახა. პოლკოვნიკი ჩუმად გაიპარა და მეორე დილას დაბრუნდა შერიფის და რამდენიმე პოლიციელის თანხლებით, მაგრამ ბენდერები იქ აღარ დახვდათ, ისინი გაიქცნენ.

ჩხრეკის შედეგად ბენდერების მიწაზე აღმოაჩინეს 12 გვამი.

დღემდე უცნობია რა ბედი ეწია ბენდერების ოჯახს, გავრცელდა ჭორები იმის შესახებ რომ სოფლის მაცხოვრებლებმა ისინი დაიჭირეს და დახვრიტეს, ქეითი ცოცხლად დამარხეს, მაგრამ ეს ცნობა არ დასტურდება.