სისინა გედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სისინა გედი
Mute swan Vrhnika.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ბატისნაირნი
ოჯახი:  იხვისებრნი
გვარი:  გედი
სახეობა:  სისინა გედი
ლათინური სახელი
Cygnus olor (Gmelin, 1789)
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22679839
გავრცელება
CygnusOlorIUCN2019 2.png
  გამრავლება
  მთელი წლის განმავლობაში
  გამოზამთრება
  ინტროდუცირებული

სისინა გედი,[1][2] წითელნისკარტა გედი[1][2] (ლათ. Cygnus olor) — დიდი ზომის ფრინველი იხვისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 145–160 სმ, ფრთების შლილი 208–238 სმ,[3] მასა 7–14 კგ.[4] შეფერილია თეთრად, გამოირჩევა წითელი ნისკარტითა და შუბლზე არსებული შავი გამონაზარდით. შორი მანძილიდან მისი ცნობა შესაძლებელია გრძელი, შედარებით მოხრილი კისრით,[5] რომელსაც ცურვის დროს S-ის ფორმა აქვს,[6] და ძირს დახრილი ნისკარტით. აქვს ძირითადად ზემოთ აღმართული გრძელი კუდი.[5] ახალგაზრდა მოყავისფროა, ნისკარტი მოვარდისფრო-ნაცრისფერი, შავი ძირით.[3] ზრდასრულს შავი ფეხები აქვს, მოზარდს — წითელი.[7] ფრენის დროს ფრთები დამახასიათებელ ხმას გამოსცემს,[5] სხვა გედებისაგან განსხვავებით, გაშლილი ფრთები ნაკლებადაა წამახვილებული (პირველი ორი პირველხარისხოვანი მომქნევი ბუმბული თითქმის ერთი ზომისაა).[7] ბინადრობს დიდ ტბებსა და მდორე მდინარეებზე, ჭაობებსა და ზღვაზე[3] — ტყე-ველისა და ველის ზონებში, ისეთ წყალსატევებზე, რომელთა ნაპირებზე ლერწმის ხშირი ბარდებია.[8] ცხოვრობს წყვილებად ან გუნდებად. გვხვდება წყალზე ან ფრენის დროს.[6] ხმა — წყნარი და ხრინწიანი.[7] გავრცელებულია დასავლეთ ეროპაში (კალინინგრადის ოლქიდან, ესტონეთიდან და დუნაის დელტიდან აღმოსავლეთით), მცირე აზიაში, იმიერბაიკალეთიდან მდინარე უსურამდე, ირანში, მონღოლეთსა და ჩინეთში.[8] საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას, აგრეთვე მცირე რაოდენობით ზამთრობს აფხაზეთის სანაპირო ზოლში,[6][8] ისეთ ადგილებში, სადაც ნაკლებად აწუხებენ.[5] მცირერიცხოვანია. რაოდენობას ამცირებს ბრაკონიერობა ბუმბულისა და ხორცისათვის. მავნებლებიდან რეგისტრირებულია ერთი სახეობის აკანთოცეფალა. დეკორატიული ფრინველია, ხშირად ჰყავთ პარკებსა და ზოოპარკებში. სქესობრივ სიმწიფეს 3–4 წლის ასაკში აღწევს. მონოგამურია, ბუდობს განუყრელ წყვილებად. ბუდეს მიწაზე იკეთებს ლერწმის ღეროებისაგან დებს 7–9 მოცისფრო კვერცხს (ახალბედა ხშირად მხოლოდ 1 ცალს დებს). ინკუბაცია 35 დღე-ღამე გრძელდება. კრუხობს დედალი, მამალი ამ დროს შორიახლოს იმყოფება და იცავს მას. პირველი ბუდობის მოშლის შემთხვევაში ბუდობს მეორეჯერაც (2 კვერცხით). საბუდარი ადგილები ძლიერ დაშორებულია. გადაფრენის დროს უეცარი აცივების გამო მართვეების ნაწილი ზოგჯერ იღუპება.[8] იკვებება წყლის მცენარეებით, რომლებსაც თავთხელ ადგილებში ფსკერიდან იღებს.[5] შეტანილი იყო საქართველოს სსრ წითელ წიგნში,[8] თუმცა საქართველოს წითელ ნუსხაში არ არის შესული.[9]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 32-33, თბ., 1978 წელი.
  2. 2.0 2.1 კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 51, 108, 217, თბ.: გამომც. „მეცნიერება“, 1973.
  3. 3.0 3.1 3.2 გავაშელიშვილი ლ., ჯავახიშვილი ზ., დარჩიაშვილი გ., კოლხეთის ჭარბტენიან ტერიტორიათა ფრინველები, გვ. 32, თბ., 2006, ISBN 99940-857-7-8
  4. Mute Swan (Cygnus olor). BirdID's Bird Guide. BirdID. ციტირების თარიღი: 29 მაისი, 2020.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 დარჩიაშვილი გ., საქართველოს არიდული და სემიარიდული ეკოსისტემების ფრინველთა სარკვევი, გვ. 16, თბ., 2002.
  6. 6.0 6.1 6.2 Бёме Р. Л., Жордания Р. Г., Кузнецов А. А. Птицы Грузии, — Тбилиси: «Сабчота Сакартвело», 1987. — стр. 6.
  7. 7.0 7.1 7.2 Бёме Р. Л., Динец В. Л., Флинт В. Е., Черенков А. Е. Птицы. Энциклопедия природы России / Под общ. ред. В. Е. Флинта. — М.: ABF, 1996. С. 72–73. 432 с.
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 საქართველოს სსრ წითელი წიგნი, მთ. რედ. ვ. კაჭარავა, გვ. 52–53, თბ.: გამომც. „საბჭოთა საქართველო“, 1982.
  9. საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცების შესახებ. საკანონმდებლო მაცნე. matsne.gov.ge (2 მაისი, 2006). ციტირების თარიღი: 29 მაისი, 2020.